დავით კოპერფილდი


ჩარლზ დიკენსი

თავი პირველი

დაბადება

მე ვიქნები გმირი ჩემივე საკუთარი თავგადასავლისა თუ სხვა, ამას მკითხველი შემდეგი ფურცლებიდან დაინახავს.
თუ ჩემი ცხოვრების ამბავს სიცოცხლის დასაბამიდან დავიწყებ, უნდა მოგახსენოთ, რომ დავიბადე პარასკევს, სწორედ ღამის თორმეტ საათზე. ამ ღირშესანიშნავი შემთხვევის დამსწრეებმა შენიშნეს და ცნობად მიიღეს ის გარემოება, რომ საათის შუაღამის რეკვა და ახალდაბადებულის პირველი ტირილი ერთსა და იმავე წუთში მოხდა.
ამ დამსწრეთა შორის იყვნენ: გადია, ბებიაქალი და ზოგიერთი სხვა გონიერი დედაკაცი, რომელნიც დიდ მონაწილეობას იღებდნენ ჩემს ბედში ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, სანამ მათი პირადი გაცნობის ფიზიკური საშუალება მომეცა.
ყველა ამ პირმა, მიიღო რა მხედველობაში დღე და საათი ჩემი დაბადებისა, ერთსულავნად და ერთხმად გამოაცხადა, რომ, ჯერ ერთი, _ მე უბედური ვიქნები ჩემს სიცოცხლეში, და მეორეც _ ისა, რომ მოჩვენებათა და სულების ნახვა მიწერია. იმათი შეხედულებით, ბედი აუცილებლად ორივე ამ უპირატესობით იმ ბავშვებს აჯილდოებს, რომელნიც კვირის მეხუთე დღის შუაღამეს იბადებიან.
ამ წინასწარმეტყველების პირველი დებულების შესახებ აქ არა ღირს ბევრი ლაპარაკი: ჩემი ცხოვრების ამბიდან თავისთავად გამოირკვევა, რამდენად უბედური ან ბედნიერი ვიყავი. წინასწარმეტყველების მეორე დებულება სულებისა და მოჩვენებათა ნახვის შესახებ, რამდენადაც მახსოვს, აქამდის ჯერ არ გამართლებულა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სიყრმის პირველ დღეებს, რომელნიც სრულებით წარიშალნენ ჩემს მეხსიერებაში. მაგრამ მე არ ვემდური ბედს, თუ მან სრულებით მომისპო ეს უპირატესობა. არ ვემდური იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე ძალით წამართმევს მას.
მე დავიბადე `პერანგიანი~, რომლის შესახებ რამდენიმე ხნის შემდეგ გაზეთში იყო გამოცხადებული, რომ იგი სულ იაფად, თხუთმედ გინეად იყიდება. მაგრამ, როგორცა ჩანს, იმ დროს მეზღვაურები ან უფულოდ იყვნენ, ან კორპის ტანისამოსი ამჯობინეს; ასე იყო თუ ისე, არც ერთი მეზღვაური არ გამოეხმაურა ამ განცხადებას არც სიტყვით, არც საქმით. ათი წლის შემდეგ ჩვენს უბანში გადაწყდა ამ `პერანგის~ ბედი. იგი გაათამაშეს ლატარეაში, ორმოცდაათ წევრს შორის, ნახევარ კრონად თითო სულზე, ხოლო მომგებს უნდა დაემატებინა ხუთი შილინგი ნაღდი. მე თვითონ დავესწარი ამ ცერემონიას და ძალიან კარგად მახსოვს უხერხულობა, რომელსაც ვგრძნობდი იმ ლედისა და ჯენტლმენების შემყურე, რომელთაც, ასე ვთქვათ, ჩემი სხეულის ნაწილი გაათამაშეს. მომგებიანი ბილეთი ერგო ერთ მოხუც ლედის, რომელსაც ხელში ეჭირა პატარა ჩანთა, საიდანაც იძულებული იყო, მეტისმეტად უხალისოდ ამოეღო დათქმული ხუთი შილინგი _ სულ ხურდა ფული. დიდხანს თვალა მოხუცმა თავისი ნახევარპენსიანები _ საჭირო თანხის შესადგენად, და მაინც დააკლო ორი პენსი, თუმცა ყველა დამსწრენი ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ მისთვის მათემატიკური გამოანგარიშებით, რომ იგი ცდებოდა. ჩვენი პროვინციის ყველა ძველ მცხოვრებს ძალიან კარგად ახსოვს, და უეჭველია, კიდევ დიდხანს ეხსომება, რომ ჩემი `პერანგის~ ბედნიერი მფლობელი მართლაც არ დამხრჩვალა წყალში, იგი მშვიდად და წყნარად გარდაიცვალა დაბადებიდან ოთხმოცდათოთხმეტი წლისა, საკუთარ საწოლში, ბუმბულის ლოგინზე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოხუცს ჭირივით სძულდა წყალი და თავი მოჰქონდა, რომ მთელი სიცოცლის განმავლობაში თვალითაც არ ენახა.
მე დავიბადე დაბა ბლონდერსტონში, სუფოლკის საგრაფოში. მამაჩემის თვალები დაიხუჭა ამ ქვეყნისათვის ექვსი თვით ადრე, ვიდრე მე პირველად ვიხილე იგი. ახლაც მაოცებს, როცა გამახსენდება, რომ მამას არასოდეს ვუნახივარ. უფრო მეტად კი ის მაკვირვებს, რომ იგი წევს მარტოდმარტო ცივ სამარეში, ღამის გაუვალ წყვდიადში მაშინ, როდესაც ჩვენს პატარა სასტუმროში სითბო, სინათლე და მყუდროება სუფევს.
მამაჩემის მამიდა და, მაშასადამე, ჩემი პაპიდა, რომლის შესახებ შემდეგ ძალიან დაწვრილებით მომიხდება ლაპარაკი, ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ჩვენს ოჯახში. მას ერქვა მის ტროტვუდი, ანუ მის ბეტსი, როგორც ყოველთვის ეძახდა მას საბრალო დედაჩემი იმ შემთხვევაში, როცა დასძლევდა ხოლმე შიშს და ამ ნათესავზე ჩამოაგდებდა ლაპარაკს. მის ტროტვუდი ოდესღაც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ამართლებდა ძველებურ ინგლისურ ანდაზას, რომ `მშვენიერია მხოლოდ ის, ვისი მოქმედებაც მშვენიერია~. ჩუმ-ჩუმად ლაპარაკობდნენ, თითქოს ქმარი სცემდა მის ბეტსის. ერთხელ ხმა გავრცელდა, ოჯახური ალიაქოთის დროს, რაც ფულის საკითხს ეხებოდა, ეს ჯენტლმენი ისე გააავდა, რომ თავისი მეუღლე მეორე სართულის ფანჯრიდან უნდა გადეგდოო. ყოველივე ეს ალბათ სისულელეა, მაგრამ უეჭველია, რომ მეუღლეთა შორის არავითარი ხასიათის მსგავსება არ არსებობდა. ამიტომ იყო, რომ ისინი გაშორდნენ ერთმანეთს. მის ბეტსიმ გადაიხადა გარკვეული თანხა და მოახერხა გაყრა, რომელიც ორივე მხარის ურთიერთსურვილზე იყო დამყარებული. ქმარმა წაიღო მთელი თანხა და წავიდა ინდოეთში მხეცებზე სანადიროდ. ათი წლის შემდეგ მოვიდა ცნობა მისი სიკვდილის შესახებ. იგი წყნარად და უშფოთველად გარდაიცვალა. უკანასკნელი ამოოხვრის წინ დასტიროდა თავის სიყმაწვილის შეცდომებს. როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ამბავმა პაპიდაჩემზე, არავინ იცოდა და ვერც აქამდე შეიტყო. ის კია, რომ გაყრის შემდეგ თავისი ქალიშვილობის სახელი დაიბრუნა, იყიდა სახლი ერთ სოფელში ზღვის პირას, დასახლდა და როგორც გაუთხოვარი, ხანში შესული ქალი, ერთი მოახლის ანაბარა, და ყველამ შეიტყო, რომ მან უარყო ყველა ამქვეყნიური სიამოვნება და განდეგილად ცხოვრობს.
მამაჩემი პაპიდას, მგონი, ოდესრაც ძალიან უყვარდა, მაგრამ შემდეგში იგი დიდად შეურაცხყოფილი დარჩენილა მისი ცოლის შერთვით, რადგან დედაჩემი, პაპიდას სიტყვით, `სანთლის დედოფალა~ იყო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პაპიდას არასოდეს ენახა დედაჩემი და მხოლოდ ის იცოდა, რომ მისი ძმისწულის ცოლი ოც წელზე მეტისა არ იყო. ამ ქორწინების შემდეგ მამიდა და ძმისწული აღარ შეხვედრიან ერთმანეთს. მამაჩემი მეტად სუსტი აგებულებისა იყო, დედაჩემზე ოცი წლით უფროსი. იგი ქორწინების ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, როგორც ვთქვი, ექვსი თვით ადრე ჩემს დაბადებამდე.
აი რა მდგომარეობაში იყო საქმე პარასკევს დღისით: დედაჩემი, ავადმყოფი და სევდიანი, ბუხართან იჯდა და თვალცრემლიანი ცეცხლს შეჰყურებდა. მარტი იდგა, ქარიანი და ნოტიო. იგი ფიქრობდა განსვენებულ ქმარზე, თავის მარტოობაზე და იმ ახალ, უსახლკარო, ქვეყნისთვის ჯერ კიდევ უცნობ მგზავრზე, რომლისთვისაც უჯრაში კიდეც ელაგა ათასგვარი ქინძისთავები. `გადავიტან თუ არა იმ საშინელ ტანჯვას, რომელიც მომელის?~ _ შეეკითხა თავისთავს საბრალო ქალი. მერე ცრემლები მოიწმინდა, შეხედა პირდაპირ ფანჯარას და დაინახა ბაღში მომავალი უცნობი ლედი.
მეორე შეხვედრის დროს სევდიანმა წინათრგრძნობამ უბიძგა დედაჩემს, რომ ეს ლედი უსათუოდ მის ბეტსი უნდა ყოფილიყო. იგი ისეთი მტკიცე ნაბიჯით უახლოვდებოდა კარებს და მთელ მის გარეგნობაში ისეთი ღრმა შეგნება იხატებოდა საკუთარი ღირსებისა, რომ ეს მხოლოდ განსვენებული მამაჩემის მამიდა შეიძლებოდა ყოფილიყო.
მალე ამის დამამტკიცებელი მეორე საბუთიც გამოირკვა, რომ უცნაური ლედი და მის ბეტსი ერთი და იგივე პიროვნება იყო. მამაჩემი ამბობდა ხოლმე, მამიდაჩემი მეტისმეტად ექსცენტრულია, რასაც არ უნდა აკეთებდეს, და გარკვევით განსხვავდება ყველა სხვა ქალისა და კაცისაგანო. ახლაც, როცა უცნაური ლედი სახლს მოუახლოვდა, იმის მაგივრად, რომ კარებთან ზარი დაერეკა, ფანჯარაში შემოიხედა და ისე მაგრა მიადო შუშას ცხვირი, რომ ზედ მიეჭყლიტა და მთლად გაუთეთრდა.
მე მგონია, ეს გარემოება იყო უკანასკნელი მიზეზი, რომ სწორედ პარასკევს დავიბადე.
გაოცებული და აღელვებული დედაჩემი საჩქაროდ ადგა სკამიდან და გაჩერდა მის უკან, ოთახის კუთხეში. მის ბეტსიმ ნელა და დინჯად დაიწყო მთელი ოთახის თვალიერება, ბოლოს მისი თვალები დედაჩემზე შეჩერდა. უცნაურმა ლედიმ წარბები შეიკრა და ხელის ბრძანებითი მოძრაობით ანიშნა კარის გაღება. დედაჩემი დაემორჩილა.
_ მისის კოპერფილდი, თუ არა ვცდები? _ წარმოთქვა მის ბეტსიმ, როცა თვალი გადაავლო ძაძით მოსილ ორსულ ქალს.
_ დიახ, _ უპასუხა დედამ სუსტი ხმით.
_ მის ტროტვუდი, _ თქვა ახლად მოსულმა. _ თქვენ, რასაკვირველია, გაგეგონებათ ეს სახელი.
დედამ უპასუხა, რომ ჰქონდა ეს ბედნიერება.
_ იგი თქვენს წინ დგას, _ უთხრა მის ბეტსიმ.
დედამ თავი დაუკრა და სთხოვა სტუმარს, ოთახში შებრძანებულიყო.
შემდეგ ისინი ორივენი ოთახში შევიდნენ, დასხდნენ ერთიმეორის პირდაპირ და ღრმა დუმილში გაატარეს რამდენიმე ხანი. ბოლოს დედა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდა, თავი შეეკავებინა, მწარედ აქვითინდა.
_ ს-ს-ს-უ… ტა, ტა, ტა! _ მიაყარა მის ბეტსიმ. _ ასეთები არ იყოს, კმარა!
დედამ დიდხანს ვერ შეაჩერა ცრემლები, და მანამდე ქვითინებდა, სანამ გულს მოიოხებდა.
_ მოიხადეთ თავსაფარი, შვილო, _ უთხრა მის ბეტსიმ. _ დამანახვეთ თქვენი თავი.
დედა მეტად შეშინებული იყო, რომ უარი ეთქვა ამ უცნაურ თხოვნაზე. მან მთრთოლვარე ხელებით სწრაფად მოიხადა თავსაფარი და მშვენიერი შავი თმები უსწორმასწოროდ ჩამოეშალა სახეზე.
_ ღმერთო ჩემო! თქვენ სრულებით ბავშვი ყოფილხართ! _ შესძახა მის ბეტსიმ.
დედაჩემს მართლაც მეტად ყმაწვილი შეხედულება ჰქონდა. მან ნაღვლიანად ჩაჰკიდა თავი და წარმოთქვა ქვითინით, რომ მართლაც ძალიან ყმაწვილ ქვრივად გრძნობს თავს, და, რასაკვირველია, მეტად ახალგაზრდა, ბავშვურად გამოუცდელი დედა იქნება, თუ მიაღწია ამ უკვე მოახლოებულ ჟამს. შემდეგ ხანმოკლე სიჩუმე ჩამოვარდა, და დედას მოეჩვენა, თითქოს მის ბეტსი ალერსიანად შეეხო მის თმებს; მაგრამ როცა გაუბედავად შეხედა, დაინახა, რომ მის ბეტსი წარბებშეკრული იჯდა ცეცხლთან, ხელები მუხლებზე დაელაგებინა და ფეხები ბუხრის ნაპირზე დაედგა.
_ აბა, _ უთხრა მის ბეტსიმ, _ როდის მოელით?
_ მთლად მაკანკალებს, _ წაილაპარაკა დედამ, _ არ ვიცი, ღმერთმანი რა მემართება. ალბათ სიკვდილი მომიახლოვდა!
_ არა, არა, არა! _ Uუთხრა მის ბეტსიმ, _ აბა, ერთი ჩაი დალიეთ!
_ აჰ, არ ვიცი! თქვენა გგონიათ, რომ ეს ჩემთვის სასარგებლო იქნება? _ ჰკითხა დედაჩემმა საბრალო ხმით.
_ რასაკვირველია, სასარგებლო იქნება, _ უპასუხა მის ბეტსიმ. _ ყოველივე ეს მხოლოდ აღელვებისაგან მოგდით… რა ჰქვია თქვენს ქალს?
_ მე, სწორე მოგახსენოთ, არ ვიცი, ქალი იქნება თუ ვაჟი, ქალბატონო, _ გულუბრყვილოდ უპასუხა დედაჩემმა.
_ რა ბავშვი ხართ! _ შესძახა მის ბეტსიმ და ხელი ხელს შემოჰკრა. _ მე თქვენ გეკითხებით, რა ჰქვია თქვენს მოახლეს?
_ პეგოტი? _ გაიმეორა მის ბეტსიმ აღშფოთებით. _ ნუთუ თქვენა გგონიათ, უმეცარო ბავშვო, რომ ქრისტიან ხალხებს მოეპოვებათ პეგოტის მსგავსი სახელი?
_ ეს მისი გვარია, _ ჩუმად თქვა ჩემმა დედამ. _ მისტერ კოპერფილდი მას გვარით ეძახდა, რადგან მე და მაგ ქალს ერთი და იგივე სახელი გვქვია.
_ ეი, პეგოტი! _ დაუძახა მის ბეტსიმ და სასტუმროს კარი გააღო. _ ჩაი! თქვენი ქალბატონი უქეიფოდ არის! აბა, მალე!
ეს განკარგულება ისეთი ბრძანების კილოთი იყო წარმოთქმული, თითქოს იგი მუდამ მეფობდა ამ სახლში. შემდეგ მკაცრად შეხედა გაოცებულ პეგოტის, რომელიც სანთლით ხელში ტალანში მოდიოდა, და ისევ უწინდებურად დაჯდა; ფეხები ბუხრის პირას დაალაგა და ორივე ხელი ერთ მუხლზე დაუშვა.
_ თქვენ, მგონია, გეეჭვებათ, რომ ქალი გეყოლებათ? _ შენიშნა მის ბეტსიმ. _ მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლად შეუძლებელია სხვაფრივ მოხდეს. მაშასადამე, შვილო, იმ წუთიდან, როცა ეს გოგონა…
_ იქნებ ვაჟია, _ გააწყვეტინა დედაჩემმა გაუბედავი ხმით.
_ მე თქვენ გეუბნებით, ქალი იქნება-მეთქი, ნუ მეკამათებით. და, აი, იმ წუთიდან როცა ეს გოგონა გაჩნდება, მე განზრახული მაქვს, მისი მეგობარი გავხდე. მე მისი ნათლია ვიქნები, და ახლავე გთხოვთ, დაარქვათ მას ბეტსი ტროტვუდ-კოპერფილდი. ამ ბეტსი ტროტვუდის ცხოვრებაში არავითარ შეცდომებს არ უნდა ექნეს ადგილი, მე არავის მივცემ ნებას, რომ მისი გრძნობები სათამაშოდ გაიხადოს. იგი მუდამ ჩემი მფარველობის ქვეშ იქნება. საუკეთესოდ უნდა აღვზარდოთ, რომ ბეტსი ტროტვუდ-კოპერფილდმა არ გასწიროს თავისი გული და ვინმე სულელს არ მიენდოს. ყოველივე ამას მე ვკისრულობ და ჩემზე ვიღებ პასუხისმგებლობას.
თითოეული ფრაზის შემდეგ მის ბეტსი ენერგიულად აქნევდა თავს, თითქოს მის გულში საკუთარი ცხოვრების მრავალი მწარე მოგონებანი იღვიძებდნენ.
_ მითხარით, გეთაყვა, დავითს უყვარდით, შვილო? კარგად ცხოვრობდით? _ იკითხა მის ბეტსიმ რამდენიმე ხნის სიჩუმის შემდეგ, როცა ცოტათი დაწყნარდა.
_ დიახ, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით, _ წარმოთქვა დედაჩემმა. _ მისტერ კოპერფილდი ისეთი კეთილი იყო…
_ და, რასაკვირველია, განებივრებდათ. ასეა თუ არა?
_ ოჰ! დიახ! როცა მომაგონდება, რომ ისევ მარტოდმარტო დავრჩი ამქვეყნად და ყველაფერში ჩემი თავის ანაბარა უნდა ვიყო… _ უპასუხა დედამ და ისევ აქვითინდა.
_ აბა, აბა, ნუ ტირით! _ უთხრა მის ბეტსიმ. _ თქვენ არ იყავით ერთმანეთის შესაფერისი… განა სადმე კი მოიპოვება ორი ისეთი ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ კარგი წყვილი შეადგინონ? თქვენ ხომ, მგონი, ობოლი ხართ, თუ არა ვცდები?
_ დიახ.
_ თქვენ აღმზრდელად იყავით?
_ დიახ, ერთ ოჯახში, სადაც მისტერ კოპერფილდი დაიარებოდა, ბავშვების აღმზრდელად ვმუშაობდი. იგი ძალიან ალერსიანი იყო, დიდი ყურადღებითა და მზრუნველობით მეპყრობოდა და ბოლოს წინადადებით მომმართა. მე დავთანხმდი და ჯვარი დავიწერეთ.
_ ჰმ! საბრალო ბალღი! _ ჩაფიქრებით წაილაპარაკა მის ბეტსიმ. _ გაგეგებათ რამე?
_ როგორ უნდა გავიგო თქვენი სიტყვები, ქალბატონო?
_ გესმით რამე დიასახლისობისა, მაგალითად?
_ არ ვიცი, სწორე მოგახსენოთ, _ უპასუხა დედაჩემმა, _ ვფიქრობ, ძალიან ცოტა რამ ვიცი. თუმცა მისეტ კოპერფილდი მასწავლიდა…
_ თვითონ კი ბევრი რამ გაეგებოდა! _ შენიშნა მის ბეტსიმ.
_ მასწავლიდა დიდი მოთმინებით; მე ვცდილობდი, მესარგებლა მისი გაკვეთილებით; და რომ, ჩემდა საუბედუროდ, მისტერ კოპერფილდი არ გარდაცვლილიყო…
ცრემლებმა ისევ შეაწყვეტინა დედას ლაპარაკი.
_ დავითმა, მგონი, მოახერხა და თავისთავი უზრუნველჰყო შემოსავლით, _ თქვა მის ბეტსიმ, _ საინტერესოა, რა გააკეთა თქვენთვის?
_ მისტერ კოპერფილდი, _ უპასუხა დედამ და თან ცდილობდა, მღელვარება შეეკავებინა, _ ისეთი კეთილი და წინდახედული იყო, რომ წინასწარვე შეეცადა დაემტკიცებინა ჩემს სახელზე მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი შემოსავლისა.
_ მაგალითად, რამდენი?
_ ას ხუთი გირვანქა სტერლინგი წელიწადში.
_ ჰმ! შესაძლოა უფრო ცუდად ყოფილიყო საქმე, _ შენიშნა მის ბეტსიმ.
სიტყვები `უფრო ცუდად~ ეხებოდა დედაჩემს, რადგან იგი სულ უარესად და უარესად ხდებოდა, და ახლა, როცა ოთახში შემოვიდა პეგოტი ჩაის ჭურჭლითა და სანთლებით, მაშინვე შენიშნა ეს მდგომარეობა. მის ბეტსის გაცილებით უფრო ადრე შეეძლო ეს შეენიშნა, ოთახში რომ სინათლე ყოფილიყო. პეგოტიმ ხმაამოუღებლად, საჩქაროდ აიყვანა ავადმყოფი ზემო სართულში, მის საწოლ ოთახში, და მაშინვე გაგზავნა თავისი ძმისწული ექიმისა და ბებიაქალის მოსაყვანად.
ექიმსა და ბებიაქალს, რომელნიც თითქმის ერთდროულად გამოცხადდნენ, ძალიან გაუკვირდათ, როცა სასტუმროში დიდებული შეხედულების უცნობი ლედი დახვდათ. მის ბეტსი ბუხართან უწინდელ პოზაში, მედიდურად იჯდა და ყურებში ბამბას იცობდა; ქუდი კი, თავიდან რომ მოეხადა, მკლავზე უქანავებდა.
ექიმი ავიდა ზემო სართულში, გაეცნო, რამდენადაც საჭირო იყო, კრიტიკულ მდგომარეობას და კვლავ დაბრუნდა სასტუმროში. მალე დარწმუნდა, რომ იძულებული იყო, ამ უცნობ ლედისთან პირისპირ გაეტარებინა დრო რამდენიმე საათის განმავლობაში. მან გადაწყვიტა, ზრდილობიანად და თავაზიანად მოქცეულიყო. ეს იყო ძალიან უწყინარი და ჩუმი ჯენტლმენი. იგი შედიოდა ოთახში და გამოდიოდა ყოველთვის გვერდულად, ოდნავ მობუზული, და ამასთან ისე ნელა და ჩუმად აბიჯებდა, როგორც მოჩვენება შექსპირის `ჰამლეტში~. თავი ყოველთვის მხარზე ჰქონდა გადახრილი. გარშემო მყოფ პირთა უდიდესი პატივისცემის ნიშნად. ცოფიანი ძაღლიც რომ სცემოდა ყელში, მგონი, მაშინაც ალერსიანად გაუკეთებდა შენიშვნას თავაზიანი და ზრდილობიანი სიტყვებით, და არ შეურაცხყოფდა მას _ არც სიტყვით, არც საქმით.
ასეთი იყო მისტერ ჩილიპი, მედიცინის და დოსტაქარობის დოქტორი. მან შეხედა პაპიდაჩემს, გადახარა თავი ერთ მხარეზე, მდაბლად მიესალმა და ზრდილობიანად მოიკითხა მისი ძვირფასი ჯანმრთელობის ამბავი. პაპიდა დუმდა. როცა ექიმმა ჩილიპმა შენიშნა, რმ პაპიდა ყურებში ბამბას იცობდა, იგი ოდნავ შეეხო თავის მარცხენა ყურს და ჰკითხა:
_ თქვენ ადგილობრივ გაღიზიანებასა გრძნობთ, ქალბატონო?
_ რაო-ო-ო? _ ჰკითხა პაპიდამ და, როგორც ბოთლის საცობი, ისე ამოიძრო ბამბა ერთი ყურიდან.
მისტერ ჩილიპი იმ ზომამდე იყო გაოცებული ამ უკმეხი პასუხით, რომ ცოტას გაწყდა არ დაჰკარგა სულის სიმშვიდე, როგორც შემდეგ თვითონ უამბო გულახდილად დედას. ახლა კი გაიმაგრა გული და მორცხვად გაიმეორა თავისი კითხვა:
_ ადგილობრივი გაღიზიანებაა, ქალბატონო?
_ სისულელეა! _ უპასუხა პაპიდამ და ისევ შეიგდო ბამბა უყურში.
ამის შემდეგ მისტერ ჩილიპს არა დარჩენოდა-რა იმის გარდა, რომ სკამზე დამჯდარიყო და ჩუმ-ჩუმად ეცქირნა მისთვის. პაპიდა დაშტერებით შეჰყურებდა ბუხრის ალს. ასე მდუმარედ ისხდნენ ისინი, სანამ ექიმს ზემო სართულში არ დაუძახეს. თხუთმეტი წუთის შემდეგ ექიმი ისევ სასტუმროში გაჩნდა.
_ აბა, რაო? _ ჰკითხა პაპიდამ და გამოიღო ბამბა იმ ყურიდან, რომელიც ექიმისკენ ჰაონდა მიქცეული.
_ არაფერი, ქალბატონო, _ უპასუხა მისტერ ჩილიპმა, _ წინ მივიწევთ… ნელ-ნელა, ქალბატონო…
_ ეჰ! _ წარმოთქვა პაპიდამ სრული ზიზღის გამომეტყველებით.
შემდეგ თავი დაიქნია და ისევ ბამბით დაიცო ყური.
_ ეს კი, სწორე მოგახსენოთ, აღარაფერს არ ჰგავდა! _ ამბობდა შემდეგ მისტერ ჩილიპი. თუმცა ძალიან გაუძნელდა, მაგრამ მეტი რა გზა ჰქონდა, საბრალო, კიბეზე ავიდა და ორპირ ქარში იქ იჯდა სიბნელეში მანამდე, სანამ ისევ არ მიიწვიეს მეორე სართულზე.
თავისი საქმის ბედნიერად დაბოლოების შემდეგ სიამოვნებით აღსავსე ექიმი ჩილიპი მზად იყო ყოველივე შეურაცხყოფა ეპატიებინა ყველასათვის. იგი გვერდულად შეიპარა სასტუმრო ოთახში და მიმართა პაპიდას მდაბლად თავის დაკვრით:
_ დიდად ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მოგილოცით, ქალბატონო.
_ რა მომილოცოთ? _ ჰკითხა პაპიდამ მკვახედ.
მისტერ ჩილიპი ისევ შეკრთა, მაგრამ მაშინვე გაიმართა, გაიღიმა და ისევ თავი დაუკრა, რომ ცოტათი მოეგო მისი გული.
_ აჰ, ეს რა უცნაური ადამიანია! _ შესძახა მოუთმენლად პაპიდამ. _ იცით თუ არა ლაპარაკი, სერ?
_ დამშვიდდით, ქალბატონო, _ უთხრა მისტერ ჩილიპმა და თან ცდილობდა, თავისი ხმისთვის სინაზე მიეცა. _ ჩვენ უკვე ყველაფერს მოვრჩით, ასე რომ თქვენ აღარაფერი ასაღელვებელი მიზეზი აღარა გაქვთ. დაწყნარდით, მილედი.
იმ გარემოებას, რომ პაპიდა ამ წუთში არა სწვდა ექიმს ქეჩოში და არ გამოაბერტყინა პირიდან სასურველი პასუხი, ჩვენს სახლში ყველანი სასწაულად თვლიდნენ.
_ ნება მიბოძეთ, ქალბატონო, სულით და გულით მოგილოცოთ, _ დაიწყო ისევ ექიმმა ჩილიპმა, როგორც კი იგრძნო საკმარისი გაბედულება ლაპარაკის განახლებისათვის. _ ყველაფერი უკვე გათავდა, მილედი, და გათავდა ბედნიერად.
იმ სამი თუ ოთხი წამის განმავლობაში, რომელიც მან მოანდომა ამ სიტყვების წარმოთქმას, პაპიდას თვალები დაშტერებით მისჩერებოდნენ მისტერ ჩილიპს.
_ მერე? როგორაა იგი? _ ჰკითხა გულხელდაკრეფილმა პაპიდამ და მისი ლენტებით მორთული ქუდი კვლავ აქანავდა მის ხელზე.
_ ყველაფერი კარგად გახლავთ, ქალბატონო. მალე იგი სრულებით მოიკეთებს და იმედი მაქვს, ისევე ჯანმრთელად იქნება, როგორც ყოველი ახალგაზრდა დედა, რომელმაც მშვიდობიანად დააღწია თავი სიცოცხლის საბედისწერო კრიზისს. თუ გნებავთ, შეგიძლიათ ნახოთ იგი; არავითარი დაბრკოლება არ არსებობს. პირიქით, თქვენმა ნახვამ შეიძლება სარგებლობაც მოუტანოს.
_ ისა? ის როგორიღაა. გეკითხებით! _ გაიმეორა პაპიდამ მკაცრად.
მისტერ ჩილიპმა უფრო მეტად გადააგდო თავი გვერდზე და ალერსიანი თვალებით შეხედა პაპიდას.
_ რატომ არას ამბობთ? როგორია იგი, ახლად დაბადებული გოგონა?
_ უკაცრავად, ქალბატონო, მე მეგონა, რომ თქვენ უკვე იცით, _ უპასუხა მისტერ ჩილიპმა, _ ახლად დაბადებული ბავშვი ვაჟია.
პაპიდამ ხმაამოუღებლად, საჩქაროდ მოიხსნა მკლავიდან ქუდი, ჩამოიფხატა თავზე და სწრაფად გავიდა გარეთ, რომ არასოდეს აღარ დაბრუნებულიყო. იგი გაჰქრა, როგორც ავი სული, ან ერთი იმ მოჩვენებათაგანი, რომელიც მიწინასწარმეტყველეს, და მას აქეთ მისი ხსენება აღარ ყოფილა ჩვენს მხარეში.
მე ვესვენე კალათაში დედის გვერდით, რომელიც ლოგინში იწვა. ბეტსი ტროტვუდი სამუდამოდ დარჩა ჩვენებათა და აჩრდილთა სამეფოში. ჩვენი ოთახის ფანჯარაში შემოჭრილი მთვარის შუქი ანათებდა აგრეთვე იმ საფლავის ბორცვს, სადაც განისვენებდა ოდესღაც ცოცხალი არსების ნეშტი, ურომლისოდაც მე ვერასოდეს გავჩნდებოდი ამქვეყნად.

თავი მეორე

პირველი დაკვირვებანი

როდესაც ახლა გონების თვალით ვუბრუნდები ჩემი ბავშვობის პირველ წლებს, მე ჯერ ვერ ვარჩევ ვერც სახეებს, ვერც ხმებს და ვერც მოვლენებს; მაგრამ აი პირველი საგნები, რომელნიც იხატებიან ჩემს მეხსიერებაში: დედაჩემი, მისი მშვენიერი თმითა და ყმაწვილური სახით, მის პეგოტი _ ქალიშვილი შავი თვალებით, ტლანქი ხელებით და ისეთი წითელი ლოყებით რომ მიკვირდა, რატომ ჩიტები არა ჰკენწლავენ მათ, ვაშლების მაგივრად-მეთქი.
ეს ორი პიროვნება მე ახლა მაგონდება სულ მცირე მანძილით დაშორებულნი ერთმანეთისაგან; ისინი, ალბათ, ჩემ წინ იდგნენ ან მუხლებზე დაჩოქილები, ან დახრილები, და მე გაუბედავი ნაბიჯით გადავდიოდი ერთისგან მეორესთან. ჩემს მეხსიერებაში დარჩა შემდგომ მოგონებათაგან განუშორებელი შთაბეჭდილება, რომ მე ვეკარებოდი მის პეგოტის ცერს, როცა იგი ხელს მიწვდიდა; და ეს ცერი ისეთი ხორკლიანი ჰქონდა კერვისაგან, როგორც მუშკის კაკლის პატარა საფხეკი.
თუ გნებავთ, ოცნება დაარქვით ამას, მაგრამ დაბეჯითებით ვფიქრობ, რომ ბევრის ყმაწვილური მოგონებანი გაცილებით უფრო შორს მიდიან, ვიდრე საზოგადოდ ჰგონიათ. მე მგონია, აგრეთვე, რომ ძალიან ბევრი პატარა ბავშვი დაჯილდოებულია დაკვირვების საოცარი ნიჭით, და ამ დაკვირვების შედეგი ხშირად არაჩვეულებრივი სწორი და ზედმიწევნითია.
მაშასადამე, როგორც ვთქვით, უპირველეს ყოვლისა, ცხადად და გარკვეულად, სხვა მოვლენებთან შეურევლად, ჩემს მეხსიერებაში იხატება ორი საგანი: ჩემი დედა და მის პეგოტი. იქნებ შევძლო კიდევ მოვიგონო რამე? ვნახოთ.
აი, წარსულის ბუნდოვან ღრუბლებში ჩემს წინაშე ჩვენი სახლი იხატება. ქვემო სართულში მის პეგოტის სამზარეულოა, რომლის ფანჯრები უკანა ეზოში გადის; და აქ, უკანა ეზოში, შიგ მის შუაგულში სარზე გადის; და აქ, უკანა ეზოში, შიგ მის შუაგულში სარზე დამაგრებულია სამტრედე, რომელშიც არა ჩანს არც ერთი მტრედი; ცოტა მოშორებით, კუთხეში, საძაღლეა, სადაც ძაღლი არ არის. მთელ ამ არემარეში მკაცრად და მრისხანედ დასეირნობენ ქათმები. ჩემს თვალში ისინი უზარმაზარნი არიან, მეტადრე საშინელია მამალი მე შიშით ვუცქერდი მას ფანჯრიდან. ჭიშკარს იქით ბატები დადიან და ბორტად წინ იწვდიან თავიანთ გრძელ კისრებს, როცა წინ ჩამივლიან. ბატები ძილშიც მესიზმრებიან. ასეა, ადამიანს, რომელიც მხეცებით არის გარშემორტყმული, ლომები და ვეფხვები ელანდება ძილში.
აი კიდევ გრძელი, დაუსრულებელი ტალანი, თვალუწვდენელი ჩემთვის. იგი პეგოტის სამზარეულოდან სახლის მთავარ შესავალისაკენ მოდის. ტალანის მეორე ბოლოში საკუჭნაოა, საშინელი ჩემთვის ღამღამობით, რადგან არ ვიცი, რა ბუდობს ამ აუარებელ შუშებსა, ბოთლებსა და ქილებს შუა, ამ შეხუთულ ალაგას, საიდანაც გამოდის საპნის, მწნილის, წიწაკის, ყავის, ქონისა და სანთლების მძიმე სუნი.
ტალანის ერთ მხარეზე ჩვენი ორი სასტუმრო ოთახია. ერთში ყოველ საღამოს ვსხედვართ დედა, მე და პეგოტი _ ჩვენი მუდმივი მოსაუბრე; მეორეში, სადღესასწაულო დარბაზში, რომელიც უფრო დიდია, მაგრამ მყუდრებას მოკლებული, კვირა დღეებს ვატარებთ. ამ ოთახში მე ყოველთვის მძიმე და ნაღვლიანი ფიქრები მომდიოდა. პეგოტიმ მიამბო, არ მახსოვს როდის, ალბათ რამდენიმე საუკუნის წინათ, როგორ ემზადებოდნენ ამ ოთახში მამაჩემის დასაფლავებისათვის და როგორ მოდიოდნენ აქ შავწამოსასხამიანი ჯენტლმენები. აქვე ერთ კვირა საღამოს დედამ წაგვიკითხა მე და პეგოტის აღმოსავლური მოთხრობა, სადაც მთავარი მოქმედი სამარიდან ამოღებული მკვდარი იყო; ამის შემდეგ ისე ვკანკალებდი ლოგინში, რომ უფროსები იძულებულები იყვნენ ფანჯრიდან დაენახვებინათ ჩემთვის მყუდრო სასაფლაო, სადაც მთვარის შუქზე მიცვალებულნი მშვიდად განისვენებენ თავიანთ სამარეებში.
აი ჩვენი სავარძელი ეკლესიაში, _ უჰ, რა მაღალი საზურგე აქვს! ფანჯარაში, რომელიც მის გვერდითაა, ჩვენი სახლი ისე ჩანს, როგორც ხელისგულზე. პეგოტი წირვის დროს ხშირად უცქერის სახლს, რომ დარწმუნდეს, ცეცხლი ხომ არ უკიდია მას, ან ქურდები ხომ არ შესულან. თუმცა პეგოტი წამდაუწუმ იქით-აქეთ იცქირება, მაგრამ ძალიან ჯავრობს, როცა მეც, იმის მიხედვით, ყოველ მხარეს ვაცეცებ თვალებს; პეგოტი წარბებს იკრავს და ხელით მანიშნებს, რომ პასტორს ვუყურო. რადა? რისთვის? ისედაც ძალიან კარგად ვიცნობ ამ ჯენტლმენს. ჩემი დაშტერებული ცქერა რომ შეამჩნიოს და მკითხოს: რა მინდა? მერე? მართალია თვალების პარპალი არ ვარგა, სამარცხვინოა, მაგრამ მეტი რა გზა მაქვს… მე დედას ვუყურებ, მაგრამ დედა ისეთ სახეს იღებს, თითქოს არც კი მხედავს; გავცქერი ბიჭს, ეკვდერში რომ დგას, და ისე მეჩვენება, თითქოს იგი მეღრიჯებოდეს. ეკლესიის მისავალს ხომ არ შევხედო? აგერ, კარებთან ფარას ჩამორჩენილი ცხვარი დგას და, მგონია ღია კარებში აპირებს შემოსვას. აი, სადღესასწაულო ფრაკში გამოწყობილი მისტერ ჩილიპი ზის; მისტერ ჩილიპიდან ჩემი თვალები კათედრაზე და სხვა საგნებზე გადადიან… თანდათან თვალები კათედრაზე და სხვა საგნებზე გადადიან… თანდათან თვალები მეხუჭება, ნანასავით ჩამესმის მღვდლის გალობა, სულ მალე სრულიად აღარაფერი მესმის და ხმაურით ვასკდები იატაკს; პეგოტის ხელში აყვანილი მივყავარ შიშისაგან გულგახეთქილი.
თვალწინ მიდგას ჩვენი სახლის ფასადი, მისი ვენეციური ფანჯრებით, საწოლ ოთახიდან ბაღჩისკენ რომ არის გაღებული, სადაც მაღალ თელას ჯერ კიდევ შერჩენია ჭილყვავების ძველი, ნახევრად დანგრეული ბუდეები. სურნელოვანი ჰაერი შემდის ყველა ოთახის ღია ფანჯრებში; მაგრამ არ მიყვარს ოთახებში ჯდომა გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა უკანა ეზო ამწვანებულია და ბაღში ხეხილი ჰყვავის. დავრბივარ სამტრედესა და საძაღლის გვერდით, შევდივარ ბაღში. მწიფე და მშვენიერი ხილი ასხია ყველა ხეს და დედა ჰკრეფს მათ კალათაში. ამ დროს მე ჩუმად თეთრეკალასა ვჭამ და თან ვცდილობ, მიამიტი სახე მივიღო.
ჰქრის ძლიერი ქარი, ასხამს წვიმა, _ თითქოს ზაფხული არ ყოფილიყოს. ზამთარში, ბინდისას, ჩვენ ვთამაშობთ სასტუმროში, ვტრიალებთ, ვხტივართ და ვცეკვავთ. არაქათგამოლეული დედა სავარძელში ეცემა; მე ვეთამაშები მის კულულებს, და არავინ იცის ჩემზე უკეთესად, როგორ ესიამოვნება მას, რომ ლამაზია, და როგორ ამაყობს თავისი სილამაზით.
ასეთია ჩემი ადრინდელი შთაბეჭდილებანი. მრავალ მოვლენათა შორის, გარს რომ მახვევია. მალე გამოვიტანე სრულებით სამართლიანი დასკვნა, რომ მე და დედას ცოტათი გვეშინია პეგოტისა და ყოველვის მის ნებას ვემორჩილებით. ეს დასკვნა ჩემი ბავშვური აზროვნების ერთი პირველი ნაყოფთაგანი იყო.
ერთხელ საღამოს მე და პეგოტი მარტონი დავრჩით, სასტუმროში ბუხართან ვისხედით. მე ხმამაღლა ვკითხულობდი წიგნს ნიანგების შესახებ; ალბათ ძალიან გარკვევით ვკითხულობდი, ან პეგოტი ძალიან იყო დაინტერესებული, მახსოვს, რომ ამ კითხვის შემდეგ მის პეგოტის დარჩა ბუნდოვანი წარმოდგენა, თითქოს ნიანგები ბოსტნეულის ნაირსახეობა ყოფილიყვნენ. დედა სტუმრად იყო წასული. მე, კარგი ყოფაქცევის ჯილდოდ, ნება მომეცა სასტუმროში ვყოფილიყავი მის მოსვლამდე. წიგნმა მალე დამღალა, ენა თითქმის არ მემორჩლებოდა, თვალებიც მეხუჭებოდა, მაგრამ სიკვდილს უფრო შევურიგდებოდი ვიდრე საწოლ ოთახში წასვლას და ლოგინში ჩაწოლას.
_ პეგოტი, _ ვუთხარი მოულოდნელად, _ იყავით თქვენ როდისმე გათხოვილი?
_ რა დაგემართათ, მისტერ დევი? _ შესძახა პეგოტიმ. _ საიდან მოგივიდათ თავში ეს აზრი?
ეს პასუხი ისეთი არაჩვეულებრივი სირცხვილით იყო წარმოთქმული, რომ სრულებით გამოვფხიზლდი. პეგოტი გაკვირვებით მიყურებდა, პაერში გაშეშებულ ხელში ნემსი შერჩენოდა.
_ მითხარით, იყავით გათხოვილი, პეგოტი? _ გავიმეორე მე. – თქვენ ხომ ძალიან ლამაზი ხართ?
პეგოტი, რასაკვირველია, არა ჰგავდა დედას, მაგრამ მაინც თავისებური დიდ სილამაზის არსებად ვთვლიდი მას. ჩვენს სადღესასწაულო დარბაზში იყო ერთი პატარა, წითელხავერდშემოვლებული ფეხის დასადგმელი სკამი, რომელზედაც დედამ თაიგული მოქარგა; ამ სკამის ხავერდი და მის პეგოტის ლოყები, სწორი რომ ვთქვათ, ერთი და იგივე ფერისანი იყვნენ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სკამი რბილი იყო, პეგოტის კი ძალიან მაგარი ლოყები ჰქონდა.
_ მე ვარ ლამაზი, დევი? _ შეჰყვირა პეგოტიმ. _ კარგი, ჩემო საყვარელო! მაგრამ რამ მოგაგონა ასეთი კითხვა?
_ თვითონაც არ ვიცი, თქვენ ხომ მხოლოდ ერთ ქმარზე შეგიძლიათ გათხოვდეთ, პეგოტი, არა? ხომ არ შეიძლება ორი ქმრის ყოლა ერთსა და იმავე დროს?
_ რასაკვირველია, არა.
_ მერე, ვთქვათ, თქვენ ჯვარი დაიწერეთ, და თქვენი ქმარი მოკვდა, შეიძლება მაშინ სხვა ქმარს გაჰყვეთ, პეგოტი?
_ როგორ არა, მეორედაც თხოვდებიან. ეს სურვილზეა. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ რასა ფიქრობს ამ საგანზე.
_ თქვენ როგორა ფიქრობთ, პეგოტი?
ეს რომ ვკითხე, დაკვირვებით დავაცქერდი, ისიც მე მაკვირდებოდა.
ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ პეგოტი სამუშაოს მიუბრუნდა და თქვა:
_ აი რასა ვფიქრობ, მისტერ დევი: მე თვითონ გათხოვილი არა ვყოფილვარ _ და არც გავთხოვდები. აი, რას შემიძლიათ გთხრათ მაგის პასუხად.
_ ხომ არ მიჯავდებით, პეგოტი? _ ვკითხე ერთი წუთის სიჩუმის შემდეგ.
მართლაც, მეგონა, თითქოს იგი გაჯავრებული იყო, რადგან ძალიან უგულოდ მელაპარაკებოდა, მაგრამ შევცდი. პეგოტიმ დაანება მუშაობას თავი, ფართოდ გაშალა მკლავები, ჩაიკრა ჩემი ხუჭუჭა თავი გულში და დამკოცნა. ამ მოხვევნისა და კოცნის გულწრფელობაში მე ეჭვი არა მქონდა. პეგოტი ძალიან მსუქანი იყო, და როცა ვიწრო კოსტიუმში მორთული, რაიმეზე ძალას მიიტანდა, კაბის ღილები ზურგზე აწყდებოდა და იქით-აქეთ ცვიოდა. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ახლაც ორი ღილი გაგორდა სასტუმრო ოთახის მეორე კუთხეში.
_ აბა, ახლა მიამბეთ რამე მაგ ნიანგებზე, _ თქვა პეგოტიმ. _ მე, სწორი გითთხრათ, ნახევარიც არ გამიგია იმისა, რასაც თქვენ კითხულობდით.
ვერასგზით ვერ მივხვდი, რად გამოიყურებოდა პეგოტი ასე უცნაურად, და რად მაჩქარებდა ასე მოუთმენლად, რომ ნიანგებს დავბრუნებოდი. ასე იყო თუ ისე, ჩვენ მართლაც დავუბრუნდით ამ საზარელ მხეცებს, და მე ისევ დიდის ხალისით დავიწყე კითხვა. თავიდან ბოლომდე გავეცანით ამ საინტერესო ჯიშის მცხოველების ისტორიას, მათ ზნესა და ჩვეულებებს. მე დიდი გულმოდგინებით ვკითხულობდი. მაგრამ პეგოტი, როგორც ჩანდა, ვერ მისმენდა ყურადღებით და მაინცდამაინც დიდ მონაწილეობას არ იღებდა ნიანგებზე ნადირობაში. იგი ჩუმად იჯდა, დაფიქრებული სახით, და რამდენჯერმე ნემსიც კი იჩხვლიტა თითში.
როცა ნიანგებს მოვრჩით, გვინდოდა ალიგატორებზე გადავსულიყავით, მაგრამ ამ დროს ბაღჩის კარებთან ზარის რეკვა მოისმა, ჩვენ კარებისაკენ წავედით და შევხვდით დედას, რომელსაც თან ახლდა ვიღაც ჯენტლმენი, მშვენიერი შავი თმით და ბაკენბარდებით _ სწორედ ის, წარსულ კვირას ეკლესიიდან რომ გამოგვაცილა.
კარებთან დედა დაიხარა, ამიყვანა ხელში და მაკოცა; ამ დროს მისმა თანამგზავრმა შენიშნა, რომ მე მეფეზე ბედნიერი ვარ, რაღაც ამის მაგვარი.
_ ეს რას ნიშნავს? _ ვკითხე ჯენტლმენს დედაჩემის ხმარს იქიდან.
იმან თავზე ხელი გადამისვა, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ მომეწონა ეს კაცი და შემეზიზღა მისი ხმა. როცა იგი შემეხო, და ჩემთან ერთად _ დედასაც, ოდნავ ხელი ვკარი მის ხელს. მე ვეჭვიანობდი.
_ აჰ, დევი! _ მითხრა დედამ წყენით.
_ რა მშვენიერი ბავშვია! _ შესძახა ჯენტლმენმა. _ სრულებით არ მიკვირს, რომ მას ასე უყვარხართ.
არასოდეს წინათ არ შემინიშნავს ისეთი წარმტაცი ვარდისფერი დედაჩემის ლოყებზე, როგორც ამ წუთში. იგი გამიწყრა უზრდელობისათვის, მაგრამ მაშინვე გულში ჩამიხუტა და ისე გადაუხადა მადლობა ჯენტლმენს გაცილებისათვის. მადლობის სიტყვებთან, დედამ ხელი გაუწოდა, და როცა ხელი ჩამოართვა, დედამ მე შემომხედა.
_ შევრიგდეთ, გეთაყვა, _ მითხრა ჯენტლმენმა და თავი დახარა დედას ხელთათმანზე. _ ვუსურვოთ ერთმანეთს ღამე მშვიდობისა.
_ ღამე მშვიდობისა! _ ვუთხარი მე.
_ მაშ დავმეგობრდით? _ განაგრძო ჯენტლმენმა ღიმილით. _ მოიტა ხელი, ჩემო კარგო.
ჩემი მარჯვენა ხელი დედას ყელზე ეხვია; მე მარცხენა ხელი გავუწოდე.
_ ეგ არა, ეგ არა, დევი! _ სიცილით მითხრა ჯენტლმენმა.
დედამ აიღო ჩემი მარჯვენა ხელი, რომ ჯენტლმენისათვის გაეწოდებინა იგი, მაგრამ მე გავჯიუტდი და ისევ მარცხენა ხელი მივეცი. ჯენტლმენმა ალერსიანად მოუჭირა მას თავისი ხელი და თქვა, კარგი ბიჭი ხარო. მერე თავი დაგვიკრა და წავიდა.
ახლაც თითქოს თვალწინ მიდგას, როგორ შეჩერდა იგი ბაღში, გადმოგვხედა თავისი არაკეთილი თვალებით და შემდეგ ჭიშკარს მიეფარა.
პეგოტიმ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უძრავად იდგა და ერთი ხმა არ ამოუღია, საჩქაროდ გაუყარა კარებს რკინის ურდული, და ჩვენ ყველანი სასტუმროში შევედით. დედა არ დაჯდა ჩვეულებისამებრ სავარძელში ბუხართად; იგი სასტუმროს მეორე ბოლოში გადავიდა და ნელი ხმით რაღაც მელოდიას მღეროდა.
_ იმედი მაქვს, იმხიარულეთ, ქალბატონო? _ ჰკითხა პეგოტიმ, რომელიც სანთლით ხელში ოთახის შუაგულში შეჩერდა.
_ გმადლობთ, პეგოტი, _ უპასუხა დედამ მხიარული კილოთი. დიახ, ძალიან სასიამოვნო საღამო იყო.
_ ახალ ხალხთან, უეჭველია, სასიამოვნოა დროს გატარება, _ შენიშნა პეგოტიმ.
_ ძალიან სასიამოვნოა, _ დაუდასტურა დედაჩემმა.
პეგოტი განაგრძობდა ოთახის შუაგულში უძრავად დგომას. დედამ ისევ ღიღინი მორთო.
მე დამეძინა, მაგრამ არც ისე, რომ სრულებით არა გამეგო-რა. როცა თვლემისაგან გამოვფხიზლდი და თვალები გავახილე, დედაც და პეგოტიც _ ორივე თვალცრემლიანები იყვნენ და ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ.
_ არა, მაგისთანა ადამიანი არ მოეწონებოდა მისტერ კოპერფილდს, ცოცხალი რომ იყოს, _ თქვა პეგოტიმ. _ ამაში თუნდ ფიცს დავდებ, დიახ!
_ აჰ, რას ამბობთ! _ შესძახა დედამ. _ თქვენ გამაგიჟებთ, პეგოტი, როდის და სად მოუთმენიათ საბრალო ქალიშვილებს ამგვარი შეურაცხყოფა თავიანთი მოახლისაგან?.. ან რად ვეძახი ჩემს თავს ქალიშვილს? განა გათხოვილი არ ვიყავი, პეგოტი?
_ დიახაც რომ იყავით, _ უპასუხა პეგოტიმ.
_ მაშ როგორა ბედავთ, _ განაგრძო დედამ, _ ესე იგი, მე მინდოდა მეთქვა, როგორ გიძლებთ გული, პეგოტ, რომ ასეთ ცუდ სიტყვებს მეუბნებით, როცა მშვენივრად იცით, რომ ამ სახლს იქით არც ერთი გულწრფელი მეგობარი არა მყავს!
_ აი სწორედ იმიტომ ვბედავ, _ უპასუხა პეგოტიმ. _ როგორც გენებოთ, ქალბატონო, და ეგ არ ვარგა! დიახ, არ ვარგა! ნუ გამიწყრებით, და კიდევ ვიტყვი, რომ არ ვარგა!
პეგოტი ისეთი გამწარებული ლაპარაკობდა, რომ ვფიქრობდი შანდალს იატაკზე დაანარცხებს-მეთქი.
_ ო, რატომ არა გრცხვენიათ, პეგოტი, რომ ასე მაწყენინეთ! _ უთხრა დედამ და უფრო მეტად ატირდა. _ რატომ გგონიათ, რომ ჩვენს შორის ყველაფრი გადაწყვეტილი და გათავებულია? გარკვევით გელაპარაკებით, რომ გარდა სულ უბრალო თავაზიანობისა, ჯერ არაფერი არა ყოფილა-რა, და უეჭველია, არასოდეს არც იქნება. თქვენ ამბობთ, რომ ჩემთვის გიჟდებიან, _ მერე რა ვქნა? განა ეგ ჩემი ბრალია? განა შემიძლია ვაჟკაცების გრძნობათა შეკავება, თუკი ისინი ასეთი სულელები არიან? რა ვქნა ამ შემთხვევაში, გეკითხებით? ხომ არ მიბრძაბენთ, თავი მოვიარსო, შავი ფერით მოვითხუპნო სახე, ან კიდევ სხვაგვარად დავიმახინჯო თავი? თქვენგან ყველაფერი მოსალოდნელია, პეგოტი. თქვენ ძალიან გინდათ, რომ მე მახინჯი ვიყო.
ეს საყვედურები, როგორცა ჩანდა, ძალიან ეწყინა პეგოტის.
_ აი, ჩემი ბიჭუნა, ჩემი საყვარელი დევი, _ თვალცრემლიანი განაგრძობდა დედა და მიუახლოვდა სავარძელს, რომელშიც ვიჯექი. _ ნუთუ ვინმეს შეუძლია მისაყვედუროს, რომ საკმარისად არ მიყვარს ეს მშვენიერი ბავშვი?
_ ვერავინ და ვერასოდეს ვერ გაბედავს, ქალბატონო, რომ ეგ გისაყვედუროთ, _ უთხრა პეგოტიმ.
_ თქვენ მისაყვედურეთ, თქვენ, პეგოტი! _ უპასუხა დედამ. _ მაშ სხაგვარად როგორ გავიგო ყველა ეს საწყენი მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი? თქვენ ძალიან კარგად იცით, პეგოტი, რომ მხოლოდ დევის გულისათვის არ ვიყიდე ახალი ქოლგა, თუმცა ჩემი ძველი მწვანე ქოლგა სრულებით გახუნდა და ფოჩიც მთლად გაუცვდა. დიახ, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, პეგოტი, ამაზე უარს ვერ იტყვით!
მერე დედამ მაკოცა განსაკუთრებული სინაზით და ისევ განაგრძო. ახლა უკვე პირადად მე მომმართავდა.
_ მითხარი, ცუდი დედა ვარ, დევი? ბოროტი, ანჩხლი, თავმოყვარე? არა, დევი? მითხარი `ჰო~, ჩემო ანგელოზო, მითხარი, ჩემო შვილო, _ და პეგოტის ეყვარები, დევი, მისი სიყვარული უფრო ძვირფასი იქნება შენთვლის, ვიდრე ჩემი. მე შენ სრულებით არ მიყვარხარ… დიახ, სრულებით არ მიყვარხარ!..
ამ სიტყვებთან ერთად ყველანი ხმამაღლა ავტირდით გულწრფელი ცრემლებით, და შეიძლება ყველა ხმამაღლა მე ვტიროდი. მართლაც, სევდსაგან გული მისკდებოდა და, მგონი, წყენის პირველ წუთში მე პეგოტის `ბოროტი ნადირი~ ვუწოდე. კეთილი ქალი ძალიან ნაწყენი იყო და, რამდენადაც მახსოვს, ამ დროს დაჰკარგა თითქმის ყველა თავისი ღილი, იმიტომ, რომ ვერც ერთი ვეღარ შევნიშნე, როდესაც, დედასთან შერიგების შემდეგ, მან მუხლებზე დაიჩოქა სავაძლის წინ, რომ ჩემთანაც მშვიდობა დაემყარებინა.
ამის შემდეგ პეგოტი გაცილებით უფრო იშვიათად რჩებოდა საღამოობით ჩვენთან, ვიდრე უწინ. დედა დიდი ყურადღებით ექცეოდა მას, _ იქნებ მეტი ყურადღებით, ვიდრე ოდესმე, და ჩვენ, სამივენი, ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ მაინც რაღაც უცნაური ცვლილება მოხდა. ჩვენს სახლში აღარ იყო უწინდელი სილაღე და სიმხიარულე. ხანდახან მეჩვენებოდა, თითქოს პეგოტი უშლიდა დედას ფერადი კაბების ჩაცმას, ტანისამოსისი კარადაში რომ ეკიდა, და ისეც ხდებოდა, რომ იგი ეხვეწებოდა დედას _ არ წასულიყო სტუმრად; მაგრამ რით იყო გამოწვეული ყოველივე ეს, ვერ მივხვედრილიყავ.
ნელ-ნელა შევეჩვიე შავთმიანი და ბაკენბარდებიანი ჯენტლმენის შეხვედრას ჩვენს სახლში. მე არ მიყვარდა იგი ისევე, როგორც უწინ, და მოუსვენარი იჭვიანობა ყოველთვის მაწუხებდა ამ კაცის დანახვის დროს.
ერთხელ, შემოდგომა დილით, როცა მე და დედა ბაღჩაში ვსეირნობდით, მისტერ მორდსტონი, _ მე უკვე ვიცოდი მისი სახელი, _ ცხენით მოადგა ბაღჩის ღობეს. შეაჩერა ცხენი, თავი დაუკრა დედას და უთხრა, რომ ლოუსტოფტში მივდივარ მეგობრების სანახავადო; მერე მხიარულად მკითხა, მიყვარს თუ არა ცხენით სეირნობა, და შემომთავაზა მასთან ცხენზე შეჯდომა.
Eმე გამგზავნეს პეგოტისთან _ ცხენზე საჯდომი ტანისამოსის ჩასაცმელად. მისტერ მორდსტონი ჩამოხტა ცხენიდან, აღვირი მხარზე გადაიდო და სეირნობა დაიწყო სურნელოვანი ასკილის ღობის გადაღმა, დედაჩემი კი ნელ-ნელა დადიოდა ბაღჩაში იმავე ღობის აქეთ და თან ელაპარაკებოდა. მახსოვს, როგორ ვუცქეროდით მათ მე და პეგოტი ჩემი საწოლი ოთახის პატარა ფანჯრიდან, როგორ ახლოს შეჩერდნენ ისინი ერთმანეთის წინ და რაღაცას სინჯავდნენ ასკილზე. პეგოტი, რომელიც ერთი წუთის წინ მშვენიერ გუნებაზე იყო, უცებ გაიბუტა და დამიწყო თმების ვარცხნა, არც სრულებით არ იყო საჭირო.
მალე მე და მისტერ მორდსტონი მივაჭენებდით ცხენს მწვანე მინდროზე, შარაგზის გვერდით. მას ძალიან მოხერხებულად ვეჭირე ერთი ხელით, და ამხანად არ ვგრძნობდი ჩვეულებრივს შეწუხებას.
ჩვენ მივედით ზღვის სანაპიროსთან მყოფ სასტუმროში, სადაც ორი ჯენტლმენი დაგვხვდა. ისინი სიგარებს ეწეოდნენ. ორივეს განიერი, გახსნილი ქურთუკები ეცვა. თითოეული, სულ ცოტა რომ ვთქვათ, ოთხ სკამზე მაინც იწვა. ოთახის კუთხეში ერთ ბოღჩაში შეკრული ეყარა სერთუკები, ბაირაღი და მეზღვაურების წამოსასხამები.
ჩვენი შესვლისთანავე ჯენტლმენები სწრაფად წამოხტნენ ფეხზე და ერთხმად შეჰყვირეს:
_ ა! მორდსტონ! ნუთუ ეს თქვენ ხართ! ჩვენ გვეგონა, რომ უკვე მკვდარი იყავით!
_ ჯერ არა, როგორცა ჰხედავთ, _ უპასუხა მისტერ მორდსტონმა.
_ ეს ჭაბუკი ვიღაა? _ იკითხა ერთმა ჯენტლმენთაგანმა და ჩემზე მიუთითა.
_ ეს დევია.
_ ვინ დევი, ჯონსი?
_ კოპერფილდი, _ აუხსნა მისტერ მორდსტონმა.
_ როგორ! იმ მშვენიერი ქვრივის ბიჭუნაა, მომხიბლავი მისის კოპერფილდისა?
_ კვინიონ, გთხოვთ, ფრთხილად იყოთ, _ უთხრა მისტერ მორდისტონმა. _ აქ გვისმენენ.
_ აქ გვისმენს? _ იკითხა ჯენტლმენმა მხიარული სიცილით.
მე სწრაფად მივიხედ-მოვიხედე ყოველ მხარეს, მაინტერესებდა, ვისი ერიდებოდათ.
_ შეფილდელი ბრუქსი, _ უპასუხა მ-რ მორდსტონმა.
მე გულს მომეშვა, როცა ეს სახელი წარმოთქვა, რადგან პირველად ისე მეჩვენა, თითქოს ლაპარაკი ჩემზე იყო.
ალბათ რაღაც ძალიან სასაცილო იყო ამ შეფილდელი ბრუქსის პიროვნებაში, რადგან ჯენტლმენები მის ხსენებაზე სიცილით დაიხოცნენ.
_ მერე, რასა ფიქრობს ეს შეფილდელი ბრუქსი ერთ საინტერესო პროექტზე?
_ ჯერჯერობით, მგონია, მას არაფერი ესმის ამ საქმეებისა, _ უპასუხა მ-რ მორდსტონმა, _ მაგრამ, საზოგადოდ, თუ არ ვცდები, ბრუქსი არ იქნება ჩემს მხარეზე.
ისევ საერთო სიცილი ატყდა. შემდეგ მისტერ კვინიონმა უბრძანა _ ერთი ბოთლი ხერესი მოეტანათ ბრუქსის პატივსაცემად. როცა მსახურმა ღვინო მოიტანა, მ-რ კვინიონმა დამისხა ერთი ჭიქა, ნამცხვარი მომცა, მერე ადგა თავისი ადგილიდან და თქვა:
_ დაე, შეფილდმა ბრუქსმა კისერი მოიტეხოს!
ყველამ აღტაცებით მიიღო ეს სადღეგრძელო და ტაში დაუკრეს. მეც გავიცინე, და მათ კიდევ უფრო მოუმატეს ტაშისკვრას. ერთი სიტყვით, ყველანი გავმხიარულდით.
ამის შემდეგ ყველანი წავედით ზღვის ციცაბო ნაპირისაკენ სასეირნოდ და ბალახზე დავსხედით. აქედან ჯენტლმენებმა დაიწყეს დურბინდით სხვადასხვა საგნების თვალიერება. ჩვენ ავედით აგრეთვე ხომალდზე, სადაც სამივე ჯენტლმენი ჩავიდა კაიუტაში რაღაც სააქმეებისათვის. ისინი იქ დიდხანს სინჯავდნენ და კითხულობდნენ რაღაც ქაღალდებს. ამას მე კაიუტის სარკმლიდან ვხედავდი.
ჩემი დაკვირვებით, მთელი ამ დღის განმავლობაში მ-რ მორდსტონი უფრო დინჯი და სერიოზული იყო, ვიდრე დანარჩენი ორი ჯენტლმენი, ისინი მეტად მხიარულნი და უდარდელნი გამოდგნენ. ჯენტლმენები დაურიდებლად ეხუმრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათი ხუმრობა ძალიან იშვიათად იყო მიმართული მოტრდსტონისადმი. ცხადი იყო, რომ იგი ორივეზე გონიერი და ჭკუადამჯდარი იყო. მე შევნიშნე, რომ ერთხელ-ორჯერ მისტერ კვინიონმა საუბრის დროს გვერდზე გადმოჰხედა მისტერ მორდსტონს, თითქოს უნდოდა გაეგო, კმაყოფილი იყო თუ არა იგი მისი ლაპარაკით. მე ისე მახსოვს, თითქოს მისტერ მორდსტონს, არ გაუცინია იმ დღეს, გარდა ერთი შემთხვევისა, როცა ლაპარაკი უცნობ შეფილდელ ბრუქსზე ჩამოვარდა, _ და ეს მისი ერთადერთი ხუმრობა იყო.
საღამოს, ჯერ ისევ თვალნათლივ, ჩვენ შინ დავბრუნდით. მშვენიერი საღამო იყო. დედა და მისტერ მორდსტონი ისევ მოჰყვნენ სეირნობას სურნელოვან ასკილის ღობის იქითა და აქეთა მხარეს. მე პეგოტისთან გამგზავნეს ჩაის დასალევად.
მისტერ მორდსტონის წასვლის შემდეგ დედა დიდხანს მეკითხებოდა, როგორ გავატარე ეს დღე. სხვათა შორის, ვუამბე, რა ითქვა იმის შესახებ. დედამ გაიცინა და შენიშნა, რომ ყველა ისინი ქარაფშუტა ხალხია, სისულელეზე გადარეული; მაგრამ ვიცოდი, რომ ეს დედას ძალიან მოსწონდა. მე ვიცოდი ძალიან კარგად, ისე, როგორც ახლა ვიცი. ვისარგებლე შემთხვევით და ვკითხე, ვინ არის ეს შეფილდელი მისტერ ბრუქსი-მეთქი? დედამ მიპასუხა, არ ვიცი, თუცა შეიძლება მექარხნე იყოს, რომელიც დანა-ჩანგალს აკეთებსო.
დროთა სიშორის გამო, ისე მეჩვენება, თითქოს პეგოტის მეორე დღესვე მოუვიდა აზრად, მოეცა ჩემთვის ერთი მეტად უცნაური და გაბედული წინადადება, მაგრამ, უეჭველია, ეს მოხდა ერთი-ორი თვის შემდეგ.
ერთხელ, საღამოს, როცა დედა კვლავ სახლში არ იყო, ჩვენ ორნი ვისხედით სასტუმრო ოთახში ბუხართან. პეგოტი წინდასა ჰქსოვდა; მე ვაპირებდი ნიანგების შესახებ წიგნის კითხვას. რამდენჯერმე ისე მეჩვენა, თითქოს პეგოტის რაღაცის თქმა უნდოდა ჩემთვის, მაგრამ იგი მხოლოდ აღებდა პირს და ისევ ჰკუმავდა. მე ჯერ მომეჩვენა, თითქოს მხოლოდ ამთქნარებდა, მაგრამ ბოლოს პეგოტიმ მითხრა:
_ რას იტყვით, მისტერ დევი, მე რომ აზრად მომივიდეს დაგპატიჟოთ ჩემს ძმასთან იარმაუთში სტუმრად, ერთი-ორი კვირით? ჩემთვის და თქვენთვის ეს ნამდვილი დღესასწაული იქნებოდა, არა?
_ მერე, თქვენი ძმა კარგი კაცია, პეგოტი? _ ვკითხე მე.
_ ოჰ, მერე, აღარ იტყვით, რა კარგია! _ მიპასუხა მეგოტიმ. _ იქვეა ზღვაც, ნავები, გემები და მეზღვაურები. თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ზღვის პირას, ჩემს ძმისწულებთან ერთად!
_ მერე, დედა რას იტყვის? გაგვიშვებს? _ ვკითხე მე, მოხიბლულმა ამდენი სიამოვნებით.
_ ამაზე ნუ შეწუხდებით, _ მიპასუხა პეგოტიმ და თან მაკვირდებოდა, _ მე მზადა ვარ, დაგენიძლაოთ, რომ დედა ხმასაც არ ამოიღებს. გინდათ, ვკითხოთ, როგორც კი სახლში დაბრუნდება?
_ კარგი, პეგოტი. ოღონდ აი რას გეტყვით: _ ვუთხარი მე. _ მერე, ჩვენ რომ აქედან წავალთ, დედა რას იზამს? ხომ არ შეიძლია მარტოკა დარჩეს?
_ აჰ, განა თქვენ არ იცით, მისტერ დევი?
_ რა? _ დედათქვენი ამ დღეებში სტუმრად მიდის მისის გრეიპერთან და მთელი ორი კვირა დარჩება მასთან.
დიდი მოუთმენლობით ველოდი დედის დაბრუნებას. მისის გრეიპერი ჩვენი მეზობელი იყო, და დედამ, ეს რამდენიმე ხანია, მოუხშირა მასთან სიარულს. სრულებით მოულოდნელად, დედა, დაბრუნებისას, მაშინვე დაეთანხმა პეგოტის წინადადებას და ჩვენ იმ საღამოსვე შევუდექით გასამგზავრებლად მზადებს.
მალე წასვლის დღეც დადგა. თუმცა ძალიან მეშინოდა, რომ მიწისძვრას ან ბუნებრივ რაიმე მოვლენას არ ჩაეშალა ეს ექსპედიცია. ჩვენ უნდა გავმგზავრებულიყავით ეტლით, დილით, საუზმის შემდეგ. მე მზად ვიყავი უარი მეთქვა მთელ ჩემ შეგროვილ ფულზე, ოღონდ ეს ღამე სამგზავრო წამოსასხამითა და ჩექმებით გამეტარებინა.
ახლაც კი სევდა მერევა, როცა ვიგონებ, როგორი მოუთმენლობით ვნატრობდი იმ დროს ჩემი ბედნიერი სახლის დატოვებას, და სრულებით ფიქრად არ მომდიოდა, რომ სამუდამოდ ვკარგავდი მას.
თუმცა დიდი კმაყოფილებით სხვა რამეც მაგონდება: როცა ალაყაფის კარებს ეტლი მოადგა და დედამ გამოთხოვებისას კოცნა დამიწყო, სიყვარულმა მისდამი და მშობლიური კერისადმი, რომელსაც მე ჯერ არასოდეს არ მოვშორებივარ, უნებური ცრემლები მომგვარა. დედაც ტიროდა, და მე ვგრძნობდი, როგორ ძლიერად სცემდა მისი გული ჩემს მკერდთან.
როცა ჩვენ ადგილიდან დავიძარით, დედა გამოიქცა და მეეტლეს უბრძანა, შეჩერებულიყო; მას უნდოდა, ერთხელ კიდევ ეკოცნა ჩემთვის და გულში ჩავეხუტებინე. დიდი სიამოვნებით ვჩერდები ამ წვრილმანებზე, რომელნიც უსათუოდ ამტკიცებენ მის დედობრივ სიყვარულს ერთადერთი შვილისადმი.
ეტლი უკვე საბოლოოდ დაიძრა ადგილიდან, დედა კი ისევ იდგა გზაზე, იმ ადგილას, სადაც ჩვენ გაგვშორდა. მალე მასთან მივიდა მისტერ მორდსტონი, რომელიც, როგორცა ჩანდა, სტუქსავდა მას მეტისმეტი მგრძობიარობისათვის გამოთხოვების დროს. ძალიან გამიკვირდა _ რა ესაქმებოდა ამ კაცს დედაჩემის გრძნობებთან? პეგოტიც მეტად უკმაყოფილი იყო და ძალიან გაჯავრებული სახე ჰქონდა.
ვაკვირდებოდი პეგოტის სახეს და ჩავფიქრდი. უსაქმურობისაგან ჩემს თავს ასეთი ამოცანა მივეცი: პეგოტიმ რომ დამკარგოს გზაში ისე, როგორც ერთ ზღაპარში პატარა ბიჭი დაკარგეს, მივაგნებ თუ არა სახლს იმ ღილების მიხედვით, რომლებსაც იგი ახლა დააბნევს-მეთქი?

თავი მესამე

ცვლილება

მეგონა, რომ ქვეყანაზე არ იყო ცხენი, იმ ჯაგლაგზე უფრო ზანტი, რომლითაც ჩვენ იარმაუთში მივდიოდით. იგი რის ვაი-ვაგლახით მიჩანჩალებდა დაბლა თავდახრილი. ხანდახან მეჩვენებოდა, თითქოს იგი ფრუტუნით დასცინოდა ჩვენს მოუთმენლობასა და წყენას, მაგრამ მეეტლემ აგვიხსნა, რომ მისი ჩვეულებრივი ხველა იყო, რომლითაც იტანჯებოდა ეს რამდენი ხანია.
თვითონ მეეტლეც, ცხენის წაბაძვით, თავდახრილი იჯდა კოფოზე, ხელები მუხლებზე დაელაგებინა და თითქოს სანახევროდ სძინავსო, ისე `მართავდა~ ცხენს. იგი ხმას არ გვცემდა და მხოლოდ უსტვენდა.
ჩვენ კარგა ხშირად გვიხდებოდა შარაგზიდან გადახვევა: საუზმისთვის, სადილისთვის, სამხრისთვის, ვახშმისთვის, ღამის გასათევად კი სასტუმროებსა და ბარაკებში ვჩერდებოდით. ყოველივე ამან მეტად დამღალა და ძალიან გამიხარდა, როცა, ბოლოს, იარმაუთი დავინახეთ.
როცა შევუხვიეთ ქუჩაში, რომელიც პირველად უცნაური მეჩვენა, ცხვირში გვეცა თევზის, ფისის, კანაფისა და კუპრის მაგარი სუნი, დავინახეთ მეზღვაურები გასანთლული ქუდებით, ყოველ წამს ვხვდებოდით ფურგონებს, რომლებიც ქვებზე ნჯღრევით მირახუნებდნენ.
_ აგერ ქამიც! _ შეჰყვირა პეგოტიმ. _ როგორ გაზრდილა! ვერც კი იცნობ!
მის პეგოტის ძმისწული მართლაც სასტუმროს კარებთან გველოდა. ეს იყო ღონიერი, საკმაოდ მსხვილი და მხარბეჭიანი ყმაწვილი ექვსი ფუტის სიმაღლისა, მოღიმარი ბავშვური სახით და ქერა ხუჭუჭა თმით, რომელიც მას ბატკანს ამსგავსებდა. ტილოს ქურთუკი ეცვა და შარვალი ისე გახევებოდა, რომ თავისუფლად დადგებოდა მიწაზე უმისფეხებოდ. ქუდის მაგივრად თავს უფარავდა რაღაც, ძველი შენობის სახურავის მსგავსი ნივთი.
ქამს ზურგზე აკიდებული მივყავდი. ქუჩის მისახვევ-მოსახვევები ყველგან სავსე იყო აუარებელი ქვიშიტა და ღორღით. ჩვენი გზა მიდიოდა გაზისა და თოკის ქარხნების, ნავსაშენების, დიდი საწყობებისა, უზარმაზარი ეზოებისა და სხვა ამგვარი ადგილების გვერდით. ბოლოს გავედით მოსაწყენ ცარიელ მინდორზე ზღვის პირას. ქამმა მითხრა:
_ აი ჩვენი სახლიც, მასტერ დევი!
მე გავიხედე ყოველ მხარეს, _ ზღვისაკენ, მდინარისაკენ, მინდვრისაკენ, მაგრამ ჩვენს ახლოს სახლის მსგავსი არსად არა იყო რა. ნაპირზე მოჩანდა მხოლოდ დიდი შავი საბარგო ნავი თუ ძველი გემი, რომელსაც ღუმელის მილის მაგივრად მოგრძო რკინის ძაბრი ეკავა.
_ სად არის სახლი? _ ვკითხე მე. _ მე მხედავ მხოლოდ შენობას, რომელიც ხომალდსა ჰგავს.
_ აი, სწორედ ეგ არის ჩვენი სახლი, მასტერ დევი, _ მიპასუხა ქამმა.
ეს რომ ალადინის სასახლე ყოფილიყო, ან ზღაპრული ციხედარბაზი მარგალიტის კედლებითა და ბროლის ჭერით, ასეთ აღტაცებაში არ მოვიდოდი, როგორც ახლა. გევრდზე ლამაზი პატარა კარი იყო, თან პაწაწინა ფანჯრები კარის ორთავ მხარეს, მაგრამ მის უმთავრეს მშვენიერებას ის შეადგენდა, რომ ეს ნამდვილი გემი იყო, რომელსაც უეჭველია, ასჯერ მაინც მოევლო ქვეყანა. ეს რომ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი ყოფილიყო, უეჭველია, მოუხეშავი, ვიწრო და მეტად მოსაწყენი მეჩვენებოდა; მაგრამ ნამდვილი გემი, ნაპირზე საცხოვრებლად მოწყობილი, _ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე უფრო ფანტასტიკური და, მაშასადამე, უფრო მშვენიერი, ჩემი ბავშვური წარმოდგენისათვის!
შიგნით ყველაფერი სუფთა, ლამაზი და გაკრიალებული იყო. აქ იყო მაგიდა, კედლის საათი და კამოდი. კამოდზე იდგა დიდი სინი და ზედ დახატული იყო ქოლგიანი ლედი, რომელიც დასეირნობდა პატარა, ვაჟკაცური შეხედულების ბიჭთან ერთად. ეს ბიჭი რგოლს აგორავებდა. კედელზე ეკიდა მინიან ჩარჩოებში ჩასმული სურათები. ამ სურათების შინაარსი უმთავრესად `დაბადებიდან~ იყო აღებული. როცა, შემდეგში, მე შემხვედრია ქუჩაში, ხელზე მოვაჭრეებთან, მხატვრული ხელოვნების ეს ნაწარმოებნი, ყოველთვის ცოცხლად წარმომიდგებოდა ხოლმე პეგოტის ძმის სახლის მთელი მოწყობილობა. ბუხრის პატარა თაროს ზემოთ ეკიდა ერთი საკვირველი სურათი, რომელზედაც დახატული იყო პაწაწინა ხომალდი, ნამდვილი ხის ცხვირით, რომელიც ხელოვნურად იყო მიწებებული სურათზე, _ მხატვრული ნაწარმოები, სადაც შეერთებულიყო დურგლობის ხელობა და მხატვრუბის ხელოვნება. ამაზე ძვირფასი და მოხდენილი ვერაფერი წარმომედგინა ქვეყანაზე. კედელთან ჩამწკრივებული სკივრები და ყუთები მშვენივრად ასრულებდნენ სკამების დანიშნულებას და ამთავრებდნენ ამ საუცხოო ბინის მორთულობა.
ყველივე ეს დავათვალიერე იმწამსვე, როგორც კი ფეხი შევდი სახლში. მალე პეგოტიმ გააღო პატარა კარები და მიჩვენა ჩემი საწოლი ოთახი. ეს იყო ყოველმხრივ მშვენიერი საწოლი, როგორც კი შეიძლებოდა გამართულიყო გემის ცხვირზე. აქ იყო: პაწაწინა სარკმელი, გაკეთებული იმ ნახვრეტში, სადაც წინათ საჭე ყოფილიყო; პატარა სარკე, ლოკოკინების ნიჟარების ჩარჩოთი, დამაგრებული კედელზე ჩემს სიმაღლეზე; ლოგინი, რომელსაც თითქმის მთელი ოთახი ეჭირა, და მაგიდაზე, ცისფერ ფინჯანში, წყლის მცენარეთა თაიგული.
ძალიან ალერსიანად მიგვიღო თეთრწინსაფრიანმა დედაკაცმა, რომელიც კარებთან იდგა. მე დავინახე იგი ქამის ზურგს იქიდან, ალბათ კილომეტრის მეოთხედის სიშორეზე მაინც, იგი წამდაუწუმ თავს გვიკრავდა და რევერანსს გვიკეთებდა, სანამ მას ვუახლოვდებოდით. აქვე იდგა მშვენიერი გოგონა, ლურჯი მძივის ფარღულით ყელზე; როცა მისი კოცნა მოვინდომე, დაიმალა. მოვუსხედით თუ არა მაგიდას, კარებში გამოჩნდა ხშირთმიანი და კეთილი სახის ვაჟკაცი. მან პეგოტის `გოგო~ უწოდა და ერთი მაგარი კოცნა მიაკრა ლოყაზე. აქედან დავასკვენი, რომ ეს პეგოტის ძმა უნდა ყოფილიყო. ეს მართლაც ასე იყო: იგი გამაცნეს, როგორც მისტერ პეგოტი, სახლის უფროსი მასპინძელი.
_ დიდად მიხარია თქვენი ნახვა, სერ, _ მითხრა მისტერ პეგოტიმ. _ ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, მაგრამ ყოველთვის მზად ვართ გემსახუროთ.
მადლობა გადავუხადე და ვუპასუხე, რომ იმედი მაქვს, ბედნიერი ვიქნები ასეთ მშვენიერ ალაგას-მეთქი.
_ დედათქვენი როგორ ბრძანდება, სერ? _ მკიხა მისტერ პეგოტიმ.
_ სრულიად ჯანმრთელად, დიდად გმადლობთ.
_ მხიარულად იყო გამოთხოვებისას?
_ ო, დიახ, ისე მხიარულად, რომ მეტი არ შეიძლებოდა. დედა სალამს გიძღვნით, მისტერ პეგოტი, _ ვუპასუხე მე, რადგან ეს ზრდილობიანი სიცრუე აუცილებლად მივჩნიე.
_ დიდად ვმადლობ დედათქვენს, _ მითხრა მისტერ პეგოტიმ. _ მაშ თქვენ ორი კვირით გვესტუმრეთ?
_ დიახ.
_ ძალიან კარგი. ჩემი და, ქამი და პატარა ემილია ყოველნაირად ეცდებიან, რომ არ მოგეწყინოთ.
როცა ამგვარად, პირველ შეხვედრისას მისტერ პეგოტიმ შეასრულა ზრდილობიანი მასპინძლის მოვალეობა, იგი წავიდა ცხელი წყლით პირის დასაბანად და თან სრულებით საფუძვლიანად შენიშნა, რომ ცივი წყალი ვერ მოაშორებს სქელ ჭუჭყს მის ხელებსა და სახეს. მალე იგი ისეთი წითელი დაბუნდა, რომ უნებურად მომაგონდა ადუღებული წყლისგან გაწითლებული შავი კიბოები.
ჩაის შემდეგ, როცა კარები დაკეტეს და ოთახები მილაგდა (უკვე ცივი და ბურუსიანი ღემეები იდგა), ეს პატარა სახლი უფრო მშვენიერი მეჩვენა, ვიდრე დღისით.
იჯდე ბუხართან სითბოში და ამ დროს გესმოდეს ქარის ზუზუნი ზღვაზე, იცოდე, რომ ბურუსი სქელ ზეწრად ეფინება მთელ ამ თვალუწვდენ სივრცეს და თან წარმოიდგინო, რომ გარშემო არ არის სხვა თავშესაფარი, გარდა ჩვენი სახლისა, და ეს სახლი გემია, _ ეს ნამდვილი მშვენიერება იყო! პატარა ემილიამ დასძლია მორცხვობა და ჩემს გვერდით სკივრზე ჩამოჯდა. თეთრწინაფრიანი მის პეგოტი წინდასა ქსოვდა ბუხრის მეორე მხარეს. მისტერ პეგოტი ჩიბუხსა სწევდა. ვიგრძენი, რომ გულახდილი ლაპარაკის დრო დადგა.
_ მისტერ პეგოტი! _ ვუთხარი მე.
_ გისმენთ, სერ.
_ იმიტომ ხომ არ დაარქვით თქვენს ვაჟს ქამი, რომ კიდობანში ცხოვრობთ?
როგორც ჩანდა ამ კითხვაში მისტერ პეგოტიმ ღრმა აზრი იპოვა. ერთი წუთის დუმილის შემდეგ მიპასუხა:
_ არა სერ, მე მისთვის არაფერი მიწოდებია.
_ მაშ ვინ დაარქვა მას ეს სახელი?
_ მამამისმა.
_ მე კი მეგონა, რომ სწორედ თქვენ ხართ მამამისი!
_ ჩემი ძმა ჯო იყო მისი მამა.
_ მოკვდა?
_ წყალში დაიხრჩო.
ძალიან გამოკვირდა, რომ მისტერ პეგოტი არ გამოდგა ქამის მამა, და შევეჭვდი, სწორედ კი მქონდა წარმოდგენილი ამ ადამიანის ნათესაური დამოკიდებულება გარშემო მყოფთადმი? ჩემი ცნობისმოყვარეობა უაღრესად იყო გაღიზიანებული, და გადავწყვიტე _ მისტერ პეგოტისთან საუბარში გამომერკვია ეს საკითხი.
_ პატარა ემილია? _ ვკითხე და ემილიას შევხედე, _ იგი ხომ თქვენი ქალიშვილია, მისერ პეგოტი, არა?
_ არა სერ, ჩემი სიძე თომა იყო პატარა ემილიას მამა.
_ თქვენი სიძე მოკვდა, მისტერ პეგოტი?
_ წყალში დაიხრჩო.
ისევ სიჩუმე. გამიძნელდა ლაპარაკის გაგრძელება, მაგრამ ძალიან მინდოდა დაწვრილებით გამეგო დანარჩენები.
_ განა თქვენ არა გყავთ შვილები, მისტერ მეგოტი?
_ არა, სერ, მე უცოლო ვარ.
_ უცოლო ხართ?.. მაშ ვინ არის ეს ქალი, მისტერ პეგოტი? _ მივუთითე წინსაფრიან დედაკაცზე, რომელიც წინდას ქსოვდა.
_ ეს მისის გუმიჯია, სერ.
_ გუმიჯი, მისტერ პეგოტი?
_ დიახ, სერ.
მაგრამ ამ დროს პეგოტიმ, ჩემმა საკუთარმა პეგოტიმ _ დიდმნიშვნელოვნად მანიშნა ხელით, რომ შემეწყვიტა შეკითხვები. როცა დასაძინებლად წავედი ჩემს საწოლში, პეგოტიმ საიდუმლოდ მიამბო, რომ ქამი და ემილია, მისი ძმისწული და დისწული, ობლები იყვნენ და ჩემმა ძმამ ჯერ კიდევ ბავშვბაში იშვილა, როცა ისინი ღვთის ანაბარად იყვნენ დატოვებულნი და არსებობის არავითარი სახსარი არ ჰქონდათო. მისის გუმიჯი ქვრივი იყო მისტერ პეგოტის ერთი ამხანაგისა, მეთევზისა, რომელიც დიდ სიღარიბეში მომკვდარა. `ჩემი ძმა არც თვითონ არის მდიდარი ადამიანი~, _ განაგრძო პეგოტიმ, _ `მაგრამ ოქროსავით გული აქვს და კაჟივით საიმედოა!~ _ ასეთი იყო მისი შედარებანი. მხოლოდ ერთ რამეს შეეძლო გაეჯავრებინა მისი ძმა: ეს იყო მისი დიდსულოვნების ქება. როცა ერთხელ ერთმა მისგან შეხიზნულმა ობოლმა ამის შესახებ თქვა, მისტერ პეგოტიმ ისე საშინლად დაჰკრა მარჯვენა ხელი მაგიდას, რომ მაგიდა იმწამსვე დაიმსხვრა.
როგორც კი ალიონმა გაანათა ჩემი სარკის ლოკოკინების ჩარჩო, წამოვხტი საწოლიდან და ზღვის ნაპირზე გამოვედი; აქ მე და ემილიამ კენჭების მოგროვება დავიწყეთ.
_ თქვენ ნამდვილი მეზღვაური ხართ, ემილია _ ვუთხარი მე.
არა მგნია, რომ მართლა დარწმუნებული ვყოფილიყავი ამაში, მაგრამ ზრდილობა მოითხოვდა, როგორც მეგონა, რითიმე დამეწყო საუბარი. ჩვენს წინ ლამაზად იხატებოდა მიმავალი ნავის იალქანი, და სწორედ ამ სურათმა გამოიწვია ალბათ ემილიას შედარება მეზღვაურთან.
_ არა, _ მიპასუხა ემილიამ თავის ქნევით, _ მე მეშინია ზღვისა.
_ გეშინიათ! _ ვთქვი და უშიშარი თვალები მივაპყარი ოკეანეს. _ მე კი არ მეშინია.
_ აჰ, იგი სასტიკია, _ განაგრძო ემილიამ, _ ვნახე, რა საიმკაცრით მოექცა იგი ზოგიერთ ჩვენგანს. ვნახე, როგორ წვრილ ნაფოტებად აქცია ერთი გემი, ისეთივე მაღალი, როგორიც ჩვენი სახლია.
_ იმედი მაქვს, რომ ეს ის გემი არ იყო…
_ რომელზედაც ჩემი მამა დაიხრჩო? _ დააბოლოვა ემილიამ. _ არა, ის გემი არასოდეს არ მინახავს.
_ მამა კი გინახავთ?
ემილიამ თავი გაიქნია.
_ შეიძლება მინახავს კიდეც, მაგრამ არ მახსოვს, _ თქვა მან ერთხანს სიჩუმის შემდეგ, _ ჩემი მამა მეთევზე იყო, დედა მეთევზის შვილი იყო; ბიძაჩემი დანიც მეთევზეა.
_ ეს დანი მისტერ პეგოტია? _ ვკითხე მე.
_ აგერ იქ არის ბიძაჩემი დანი, _ მიპასუხა ემილიამ და გემის სახლზე მიმითითა.
_ დიახ, მეც ეგრე ვფიქრობდი. იგი ძალიან კეთილია, არა?
_ კეთილი? _ თქვა ემილიამ. _ მაღალი წოდების ლედი რომ ვიყო, ვაჩუქებდი მას ლურჯ ფრაკს, ბრილიანტის ღილებით, ნანკის შარვალს, წითელი ხავერდის ჟილეტს, სამკუთხა ქუდს, დიდ ოქროს საათს, ვერცხლის ჩიბუხს და ფულით სავსე ყუთს.
მე ვუპასუხე, რომ მისტერ პეგოტი უსათუოდ ღირსია მთელი ამ საუნჯისა, თუმცა ჩემთვის გავიფიქრე, რომ იგი მაინცდამაინც მოხერხებულად ვერ იგრძნობდა თავს ამ ტანისამოსში, რომელიც მისთვის მადლიერმა დისწულმა მოიგონა. მეტადრე ვერ წარმომედგინა, რას უზამდა მისტერ პეგოტი სამკუთხა ქუდს, მაგრამ საჭიროდ არ ჩავთვალე ჩემი ეჭვის გამოთქმა.
პატარა ემილია შეჩერდა ამ საუნჯეთა თვლაში და შეჰყურებდა ცას, თითქოს ყველა ეს მშვენიერი ნივთი აქ დაცურავდა. შემდეგ ჩვენ ისევ შევუდექით კენჭებისა და ლოკოკინის ნიჟარების მოგროვებას.
_ აბა, ახლა გეშინიათ ზღვისა? _ მკითხა ემილიამ.
ზღვა მეტად მშვიდი იყო ამ დროს და, მაშასადამე, არ შეეძლო შიშის გრძნობა გამოეწვია ჩემში, მაგრამ დიდი ტალღა რომ მოგორებილიყო, პატარა ემილიას დაღუპულ ნათესავებზე საშინელი მოგონებით შეწუხებული უეჭველად გავიქცეოდი. ასე იყო თუ ისე, ვუპასუხე: `არა~, და შემდეგ დავუმატე:
_ მგონია, არც თქვენ გეშინიათ ზღვისა, თუმცა იძახით, რომ იგი შიშსა გგვრით.
ემილია ამ წუთას მივიდა ძველი კაშხალის ნაპირთან, რომელზედაც ჩვენ დავდიოდით. მე შემეშინდა, რომ მას ფეხი აუცდებოდა და ზღვაში გადავარდებოდა.
_ ო, ასე სრულებით არ მეშინია ზღვისა! _ მიპასუხა ემიმ. მაგრამ თუ იგი ღელავს და გრგვინავს, ყოველთვის მეღვიძება და მთლად მაკანკალებს, როცა ბიძია დანზე და ქამზე ვფიქრობ; ისე მეჩვენება, თითქოს კიდეც მესმის მათი სასოწარკვეთილი ყვირილი. ასე კი სრულებით არ მეშინია ზღვისა, სრულებით. აი, მიყურეთ!
ეს თქვა თუ არა, იგი უეცრად მომშორდა და იმ კაშხალიდან, სადაც ჩვენ ვიდექით, რბენით გავიდა დირეზე, რომელიც უფსკრულზე ეკიდა უსაყდრდენოდ. ეს შემთხევა ისე ღღმად ჩამრჩა მეხსიერებაში, მხატვარი რომ ვიყო, ახლაც დავხატავდი მას ყოველი წვრილმანით, ისე როგორც იგი იმ დღეს მოხდა. პატარა ემი მიისწრაფოდა თავის დასაღუპავად (მე ასე მეჩვენებოდა) ისეთი სახით, რომელიც არასოდეს არ დამავიწყდა.
სეირნობის შემდეგ დავბრუნდით სახლში, მისტერ პეგოტის ბინაზე. რამდენიმე წამით შევჩერდით საკუჭნაოს წინ; სადაც კიბოები ელაგა, და გულუბრყვილოდ ვაკოცეთ ერთმანეთს. შემდეგ, მხიარულები და ჯანსაღები, შევედით ოთახში, სადაც გემრიელი საუზმე გველოდა.
_ შაშვის ბარტყებს არა გვანან! _ თქვა მისტერ პეგოტიმ.
რასაკვირველია, მე შემიყვარდა პატარა ემი. ჩემი გონება ფერად ოცნებას ჰქმნიდა ამ ცისფერთვალება ბავშვის გარშემო; მას არაამქვეყნიურ, ჰაეროვან არსებად ვთვლიდი. ერთ მშვენიერ დილას მას რომ გაეშალა თავისი პატარა ფრთები და ღრუბლებში აფრენილიყო ჩემს თვალწინ, ამას სრულებით უბრალო მოვლენად ჩავთვლიდი.
ჩვენ მთელი საათობით ვსეირნობდით და ადგილიდან ადგილზე გადავდიოდით იარმაუთის მთელ ამ მოსაწყენ ცარიელ მინდორზე. დღეები ისე მხიარულად მიისწრაფოდნენ, თითქოს დრო ჯერ არ გაზრდილიყო და ისეთივე ბავშვი იყო, როგორც მე და პატარა ემი. მე მას გამოვუცხადე, რომ მიყვარს და თუ არ გიყვარვარ წამსვე ლახვარით გულს გავიგმირავ შენს თვალწინ-მეთქი. ემილია გამოტყდა, რომ მასაც ვუყვარდი. მე ეჭვი არ შემიტანია მისი ნათქვამის სიმართლეში.
მისის გუმიჯი და პეგოტი ჩეულებრივ ჩვენი ცქერით ტკბებოდნენ, როცა ჩვენ ერთად ვისხედით დაბალ ყუთზე, ბუხრის წინ. `აჰ, რა მშვენიერი ბავშვები არიან~, _ ჩურჩულებდნენ ისინი. ამ დროს მისტერ პეგოტი ისე იღიმებოდა, რომ ჩბუხს პირიდან არ იღებდა; ქამი კი იღრიჭებოდა და არას ამბობდა.
მისტერ პეგოტი ხშირ-ხშრად დაიარებოდა სამიკიტნოში, რომელსაც `მხიარული თავი~ ერქვა. სხვათა შორის, იგი იქ წავიდა ჩვენი მოსვლის მეორე თუ მესამე დღეს. ეს გავიგე მისის გუმიჯის სიტყვებიდან, რომელმაც თქვა, პატრონი იმ ტიალ სამიკიტნოში წავიდაო.
მთელი ამ დღის განმავლობაში მისის გუმიჯი გულჩათხრობილი იყო. საღამოს, როცა ბუხარი გაახურეს, ცხარე ცრემლით ატირდა.
_ მე უბედური! _ ტიროდა მისის გუმიჯი. _ ყველაფერი ძირაღმა მიგვდის.
_ გაჩუმდით! _ უთხრა პეგოტიმ. _ თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მალე გაივლის და არავითარი საფრთხე არ მოსდევს. რა ვუყოთ, არავისთვის არ არის ეს სასიამოვნო.
_ ოჰ! არავინ არა გრძნობს ამას ისე, როგორც მე! _ უპასუხა მისისს გუმიჯმა.
კარგა ცივი ამინდი იყო და ხშირად ქარის ძლიერი ქროლვა ისმოდა. მისის გუმიჯის კუთხე ბუხართან ყველაზე თბილი და ყუდრო მეგონა, მაგრამ იგი, როგორცა ჩანდა, სრულებით არ იყო კმაყოფილი თავის ალაგით; სულ ერთთავად სიცივეს უჩიოდა და ჯავრობდა, რომ ქარი ზურგის ძვლებში მივლისო მან ტირილი დაიწყო და ჩიოდა, არავინა მყავს მფარველი მე, უბედურსაო.
_ მართლაც, დღეს ძალიან ცივა, _ თქვა პეგოტიმ, _ ჩვენ ყველანი ვგრძნობთ ამას.
_ ყოველ შემთხვევაში, არავინ არა გრძნობს ამას ისე, როგორც მე, _ უპასუხა მისის გუმიჯმა ღრმა ოხვრით.
სადილზედაც იგივე გამეორდა. თევზი წვრილი და ფხიანი იყო, კარტოფილი დამწვარიყო. გამოვტყდით, რომ ყველანი ვგრძნობდით ამ პატარა უხერხულობას, მაგრამ მისის გუმიჯმა გადაჭრით გამოაცხადა, რომ არავის შეეძლო ეს ეგრძნო იმ ზომამდე, როგორც მას.
ბოლოს, როცა მისტერ პეგოტი საღამოს ცხრა საათზე სახლში დაბრუნდა, მისის გუმიჯი მიჯდა კუთხეში წინდის საქსოვად და მთლად მიეცა უნუგეშო ფიქრებს. მის პეგოტი ძალიან მხიარულად შეუდგა საქმეს ქამი თავის საზღვაო ჩექმებს წმენდდა; მე პატარა ემის მივუჯექი და წიგნის კითხვა დავიწყე. მისის გუმიჯი მძიმედ ოხრავდა.
_ აბა, მეგობრებო, _ გვითხრა მისტერ პეგოტიმ, როცა თავის ადგილას დაჯდა ერთ-ერთ სკივრზე, _ როგორა ხართ?
ყოველი ჩვენგანი ეცადა, ალერსიანი რამ ეთქვა მხიარული მასპინძლისათვის; მხოლოდ მისის გუმიჯმა გააქნია თავი, იჯდა ისევე გატვრენილი, თან წინდასა ქსოვდა.
_ აბა, მეგობრებო, _ გვითხრა მისტერ პეგოტიმ, როცა თავის ადგილას დაჯდა ერთ-ერთ სკივრზე, _ როგორა ხართ?
_ რა დაგემართა? _ ჰკითხა მას მისტერ პეგოტიმ, _ გამხიარულდი!
მაგრამ, როგორცა ჩანდა, არაფერს არ შეეძლო გაემხიარულებინა მისის გუმიჯი. მან ამოიღო ძველი, შავი აბრეშუმის ცხვირსახოცი და თვალები მოიწმინდა; შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ჯიბეში ჩაედო, მუხლებზე დაიდო ცხვირსახოცი საქმეში მოსახმარებლად, რადგან ისევ ცრემლები დაღვარა.
_ მაინც რა მოგივიდა? _ ჰკითხა მისტერ პეგტიმ.
_ არაფერი, დანიელ, _ უპასუხა მისის გუმიჯმა. _ შენ, მგონი, `მხიარული თავიდან~ დაბრუნდი, არა?
_ ჰო, მართალია, მე შევედი იქ ერთი სათით, _ უპასუხა მისტერ პეგოტიმ. _ მერე რაო?
_ არაფერი; ძალიან მწყინს, რომ ჩემი გულისათვის დადიხარ იქ.
_ შენი გულისთვის? აი, ახალი ამბავი! _ უპასუხა სიცილით მისტერ პეგოტიმ. _ მე თვითონაც დიდი სიამოვნებით დავდივარ იქ.
_ მერე რა უფლება მაქვს, თავი მოგაბეზროთ? _ განაგრძობდა მისის გუმიჯი. _ არავითარი! განა არ ვიცი, რომ ამითი არ უნდა გადავუხადო სხვის პურ-მარილს. სჯობდა, ისევ თავშესაფარში წავსულიყავი და იქ მზეზე გდებით ამომხდომოდა სული. მარტოკა ვინაღვებ ამ წუთისოფელში და აღარ შევაწუხებ კეთილ ხალხს. რახან ყველაფერში უკუღმართად და ჩემ საწინააღმდეგოდ მიდის და ყველსასათვის აუტანელი გავხდი, ლაპარაკიც მეტია, ხვალვე მივდივარ თავშესაფარში.
ამ სიტყვებთან ერთად მისის გუმიჯი ადგა და დასაძინებლად წავიდა. მისტერ პეგოტიმ თავი დაგვიქნია და წაიჩურჩულა:
_ სსუ! მას თავისი ბებრუცუნა გაახსენდა.
ვერ მივხვდი, რომელ ბებრუცუნაზე ლაპარაკობდა იგი, მაგრამ პეგოტიმ ამიხსნა შემდეგ, რომ `ბებრუცუნა~ _ ეს განსვენებული მისტერ გუმიჯი იყო, რომ მისი ძმა ყოველთვის ამითი ხსნის მისის გუმიჯის მიზეზიანობას, და ეს ყოველთვის აღელვებს მისტერ პეგოტის.
მართლაც, იმ საღამოსვე გავიგონე, როგორ უჩურჩულა მისტერ პეგოტი ქამს:
_ საბრალო! მას ისევ თავისი ბებრუცუნა მოაგონდა!
ორმა კვირამ ძალიან სწრაფად, თუმცა ერთფეროვნად გაირბინა. ერთადერთი ცვლილება ჩვენს საერთო ცხოვრებაში იყო ზღვის მიქცევა და მოქცევა, რასთანაც დაკავშირებული იყო მისტერ პეგოტის ზღვაში გასვლა და დაბრუნება. ქამის სამუშაოც იცვლებოდა ბუნების ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ, როცა მას არავითარი საქმე არა ჰქონდა, დასეირნობდა ჩვენთან ერთად ზღვის ნაპირზე, გვაჩვენებდა ნავებს, ხომალდებს, გემებს და ერთხელ თუ ორჯერ ნავითაც გაგვასეირნა.
ბოლოს, ჩვენი შინ დაბრუნების დღეც დადგა. ჩემთვის ადვილი იყო მისტერ პეგოტისა და მისის გუმიჯის მოშორება, მაგრამ ძალიან ვიტანჯებოდი, როცა პატარა ემილიას ვეთხოვებოდი. ჩვენ ხელიხელ ჩაკიდებულნი მივედით სასტუმრომდის, სადაც მეეტლე გველოდა, და დავპირდი, რომ გზიდან წერილს მოვწერდი. (ეს დაპირება მართლაც შევასრულე: მე მივწერე მას რამდენიმე წერილი ისეთი უშველებელი ასოებით, როგორითაც ჩვეულებრივად, ოთახის გაქირავებას აცხადებენ).
უნდა გამოვტყდე აგრეთვე, რომ მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში, მე უმადურს, თითქმის არც კი მომოგონებია სახლი, მაგრამ დაბრუნებისას ჩემმა ბავშვურმა სინდისმა საყვედურით გამახსენა ეს მშობლიური კერა და ცოცხლად ვიგრძენი, რომ დედაჩემი ერთადერთი მეგობარი და ნუგეშისმცემელი მიმელოდა იქ.
ეს აზრი აღარ მომშორებია მთელი მგზავრობის დროს. რაც უფრო ვუახლოვდებოდით სახლს და რაც უფრო ნაცნობი იყო საგნები ჩემთვის, მით უფრო მეტად ვღელავდი და უფრო მეტად მეჩქარებოდა ჩავხუტებოდი დედას. მაგრამ პეგოტი სრულებით არ იზიარებდა ამ აღტაცებას; პირიქით, იგი ცდილობდა ჩემი გრძნობების შეკავებას, და შევნიშნე, რომ რაღაც უცნაურ გუნებაზე იყო.
თუმცა ცხენი ზანტად და ნელა მიჩაქჩაქებდა, მაგრამ მაინც ხომ უნდა მივსულიყავი როდისმე `ბლონდრსტონის ჭილყვავებამდე~ (ასე ერქვა ჩვენს სახლს), და მივედით კიდეც გაცრეცილ ცივ საღამოს, როცა ცა მოღრუბლული იყო და კოკისპირულ წვიმას აპირებდა. ო! რა კარგად მახსოვს ეს დღე!
კარი გაიღო. აღელვებული, ხან მტირალი, ხან მოცინარი თვალებით ვეძებდი ჩემს დედას. იგი არ ჩანდა. ჩვენ ნაცნობი მოახლე დაგვხვდა.
_ როგორ, პეგოტი! _ შევძახე მე. _ განა დედა სახლში არ არის? ჯერ არ დაბრუნებულა?
_ არა, არა, მასტერ დევი, _ მიპასუხა პეგოტიმ, _ დედა სახლშია; მოითმინეთ ერთი წუთით, მასტერ დევი, უნდა გითხრათ რაღაც. _ მან სამზარეულოში გამიყვანა.
_ პეგოტი! _ შევყვირე მე, მთლად შეშინებულმა. _ რა მოხდა?
_ არაფერი, მასტერ დევი, დამშვიდდით! _ მიპასუხა მან, და თან ცდილობდა, მხიარული სახე მიეღო.
_ თქვენ მატყუებთ, პეგოტი! რა მოხდა? სად არის დედა?
_ თქვენ გინდათ გაიგოთ სად არის დედა? _ გაიმეორა პეგოტიმ.
_ დიახ, რატომ არ გამოვიდა დედა? რამ მოგაფიქრათ ჩემი სამზარეულოში შემოყვანა, პეგოტი?
_ ა, რაშია საქმე, ჩემო გვრიტო! _ დაიწყო პეგოტიმ. _ სადაც სამართალია, მე ყველაფერი ეს წინათვე უნდა მეთქვა თქვენთვის, მაგრამ შემთხვევა არ მომეცა. შემთხვევა იქნებ კიდეც იყო, მაგრამ სიმართლე გითხრა, გაბედულება არ მეყო. მადროვეთ, ერთი სული მოვითქვა.
_ განაგრძეთ, პეგოტი! _ უთხარი მე, უნებური თრთოლვით გასმჭვალული.
_ მასტერ დევი, _ მითხრა პეგოტიმ და თან აკანკალებული ხელით იხსნიდა თავსაფრის ბოლოებს, _ რას იფიქრებთ, მე რომ გითხრათ, რომ თქვენ მამა გყავთ?
მე ამაკანკალა და გავფითრდი, რაღაც მოჩვენება, დაკავშირებული სამარესთან და მიცვალებულის მკვდრეთით აღდგომასთან, უეცრად გამომეხატა თვალწინ.
_ სხვა მამა, _ მითხრა პეგოტიმ.
_ სხვა?
პეგოტიმ ფართოდ გააღო პირი, თითქოს ყელზე ძვალი დაადგაო, გამომიწოდა ხელი და მითხრა:
_ წადით მასთან, მასტერ დევი.
_ მე არ მინდა მისი ნახვა.
_ დედასი?
თავი დავანებე ჯიუტობას. წავედით სადღესასწაულო დარბაზში და აქ, კარებში, პეგოტიმ მიმატოვა. ბუხრის ერთ მხარეს დედა იჯდა, მეორე მხარეს _ მისტერ მორდსტონი. დედამ თავი დაანება ხელსაქმეს და საჩქაროდ ადგა თავის ადგილიდან, მაგრამ მე მის მოძრაობაში რაღაცნაირი გაუბედაობა შევნიშნე.
_ კლარა, ჩემო მეგობარო! _ უთხრა მისტერ მორსდტონმა. _ გახსოვდეთ, რაც გითხარი. შეეჩვიე თავის შეკავებას. გამარჯობა დევი, როგორ ხარ?
მე ხელი ჩამოვართვი. მერე, ერთი წუთის ყოყმანის შემდეგ, მივედი დედასთან და ვაკოცე მას. დედამ ოდნავ ხელი გადამისვა მხარზე და ისევ თავის ხელსაქმეს ჩაუჯდა. ვერ ვბედავდი ვერც დედისა და ვერც მისტერ მორდსტონის შეხედვას: მესმოდა, რომ იგი გვზვერავდა ჩვენ ორთავეს.
პირველი შემთხვევით ვისარგებლე, რომ მეორე სართულში ავსულიყავი. ჩემი ძველი საყვარელი საწოლი ოთახი სრულებით გამოცვლილიყო. ჩემი საბავშო ლოგინი სხვა ადგილას გადაეტანათ. ჩავედი დაბლა, იქაც ყველაფერი სხვანაირად მეჩვენა. გავიქეცი ეზოში, მაგრამ მალე დავბრუნდი; საძაღლეში, აქამდის ცარიელი რომ იდგა, ახლა პირდაღრენილი უზარმაზარი ქოფაკი იწვა, მას მორდსტონის თმებივით შავი ბალანი ჰქონდა; მე რომ დამინახა, გაბრაზდა. წამოხტა და საკბენად გამოექანა.

თავი მეოთხე

წყრომა

გრძნობა და ფიქრი რომ შესძლებოდა იმ ოთახს, რომელშიც გადაეტანათ ჩემი საწოლი, მას მოვიყვანდი იმ მწარე ნაღველის მოწმედ, რომლითაც შიგ შევედი სტუმრობიდან დაბრუნების პირველ ღამეს.
ჯაჭვით დაბმული ძაღლის ხმამაღალი ყეფის ხმა ყურებში მედგა, როცა კიბეზე მივცოცავდი ჩემს საწოლ ოთახში ასასვლელად. შესვლისას მეჩვენა, თითქოს ოთახმა ისეთივე დაღვრემილი, გაჯავრებული და ეჭვიანი თვალით შემომხედა, რა თვალითაც მას ვუყურებდი. ჩამოვჯექი საწოლზე, დავიკრიფე გულზე პატარა ხელები და ფიქრებს მივეცი თავი.
ვფიქრობდი მრავალ უცნაურ საგანზე: ამ ოთახის ფორმაზე და გაბზარულ ჭერზე, კედლის იაფფასიან შპალერზე და ფანჯრის უსწორმასწორო შუშებზე, რომლებშიც საგნები დამტვრეულ და მრუდე სახეს ღებულობდნენ. ვფიქრობდი ძველ, პირსაბანის სამფეხა მაგიდაზე…
ვფიქრობდი და ვტიროდი… თვითნაც არ ვიცი, რატომ. თავში მიტრიალებდა ბუნდოვანი აზრი, რომ მცივა ამ მშობლიურ თავშესაფარში, საცა ყველა და ყველაფერი, როგორცა ჩანს, უარს ამბობდა ჩემზე. ამ მძიმე აზრებით დაღლილი გავეხვიე საბანში და დამეძინა.
დიდხანს მეძინა თუ არა, არ ვიცი, ოღონდ გამომაღვიძა ვიღაცის ხმამ, რომელმაც წარმოთქვა:
_ აი, დევი!
ჩემს წინ დედა და პეგოტი იდგნენ.
_ დედი! _ მითხრა დედამ. _ რა დაგემართა?
ძალიან გამიკვირდა, რომ დედა ამას მეკითხებოდა.
_ არაფერი! _ ვუპასუხე მე.
მერე ჩავმალე თავი ბალიშში, რომ დამეფარა ჩემი მთრთოლვარე ტუჩები, რომლებზედაც სიამართლე ეწერა.
_ დევი! _ მითხრა დედამ. _ დევი, ჩემო შვილო!
არავითარ მისგან ნათქვამ სხვა სიტყვას არ შეეძლო ისეთი გულსაკლავი შთაბეჭდლება მოეხდინა ჩემზე, როგორც ამ ჩვეულებრივმა მომართვამ მოახდინა. ჩავმალე ბალისში თავი, რომ ცრემლები დამემალა და ხელი ვკარი იმ ხელს, რომელსაც ჩემი წამოყენება უნდოდა.
_ ეს ყველაფერი თქვენი ბრალია, პეგოტი, შეუბრალებელო არსებავ! _ უთხრა დედამ. _ არავითარი ეჭვი არა მაქვს ამაში. როგორ არ გრცხვენიათ, რომ ჩემს შვილს ამხედრებთ ჩემსა და იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ახლა ძვირფასია ჩემთვის?
საბრალო პეგოტიმ ხელები და თვალები აღმართა ზეცისაკენ და დიდმნიშვნელოვნად თქვა:
_ მისის კოპერფილდ! ღმერთმა გაპატიოთ ეგ სიტყვები! ვისურვებდი, არასოდეს არ გენანოთ ეს თქვენი გამონათქვამი.
_ ესღა მაკლდა! _ შესძახა დედამ. _ და ყველაფერი ეს ჩემი ბედნიერების თვეში ხდება, როცა მტრებსაც კი არ შეშურდებოდათ ჩემი სულის სიმშვიდე და ჩემი ბედნიერება! აჰ! დევი! შენ ცუდი ბიჭი ხარ! უსინდისო პეგოტი! აჰ! _ იძახდა ცრემლმორეული დედა და ხან მე და ხან პეგოტის მოგვმართავდა. _ რა სიცოცხლეა, თუკი ბედნიერებას სწორედ მაშინ გიკლავენ, როცა უფლება გაქვს ყოველნაირ სიამოვნებას მოელოდე!
ამ წუთს ვიგრძენი ხელის მოკარება, რომელიც არც დედისა და არც პეგოტის ხელს არა ჰგავდა. ამ ხელის შეხებამ მაშინვე წამომაყენა ლოგინში. ეს მისტერ მორდსტონი იყო, მას ჩემი მხარი ეჭირა.
_ ეს რა ამბავია? _ იკითხა მისტერ მორდსტონმა. _ კლარა, ჩემო კარგო, განა დაგავიწყდა? სულის სიმტკიცე, უპირველეს ყოვლისა.
_ ძალიან ვწუხვარ, ედუარდ, _ უპასუხა დედამ. _ თავს ძალას ვატანდი მტკიცედ ვყოფილიყავი, მაგრამ ისეთი უბედური ვარ…
_ მართლა? ეს, სწორე გითხრა, ვერაფერი სასიამოვნო მოსასმენია ქორწინების შემდეგ პირველსავე დღეებში.
_ მაშ უღმერთობა არ არის, ედუარდ, ჩემი ამ ზომამდე მიყვანა? _ უპასუხა დედამ საბრალოდ. _ ეს ხომ ძალიან დიდი სისასტიკეა, არა?
მისტერ მორდსტონმა თავისკენ მიიზიდა დედა, რაღაც წასჩურჩულა ყურში და აკოცა. დედამ მიაყრდნო თავი მის მხარს და ხელი ყელზე მოჰხვია. მე მივხვდი მაშინაც და შემდეგაც გავიგე, რომ ეს ადამიანი სრული უფალი იყო დედაჩემის ყოველი მოძრაობისა.
_ ჩადი ძირს, გენაცვალე, _ უთხრა მისტერ მორდსტონმა დედა, _ მე და დავითი ახლავე ჩამოვალთ შენთან.
_ ყური მიგდეთ, ჩემო კეთილო, _ მიმართა მისტერ მორდსტონმა პეგოტის, _ იცით თუ არა თქვენი დიასალისის სახელი?
_ მე დიდი ხანია ვემსახურები მას, უნდა ვიცოდე, სერ, _ უპასუხა პეგოტიმ.
_ ეს მართალია, _ თქვა მისტერ მორდსტონმა, _ მაგრამ ისე მეჩვენა აქ შემოსვლისას, თითქოს თქვენ უწოდეთ სახელი, რომელიც მას არ ეკუთვნის. როგორც იცით, მან ჩემი გვარი მიიღო, გთხოვთ, არ დაივიწყოთ ეს.
პეგოტიმ აღელვებულმა გადმომხედა, თავი დაუკრა და ხმაამოუღებლად გავიდა ოთახიდან. როცა ჩვენ ორნი დავრჩით, მისტერ მორდსტნმა მიხურა კარები, დაჯდა სკამზე, ორივე ხელით გამაჩერა თავის წინ და ჩამაშტერდა თავისი შავი, ბოროტი თვალებით. უნებურად მეც ასევე დაკვირვებით მივაჩერდი.
_ დავით, _ მითხრა მისტერ მორდსტონმა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, _ მე რომ ჯიუტი ცხენი ან ძაღლი მყავდეს, რას ვუზამ, შენი აზრით?
_ არ ვიცი, სერ.
_ ვცემ, იცოდე ეს. მე დეზებს ვუჭერ ჯიუტ ცხენს და ვწვრთნი მას; ჯიუტი პირუტყვის მთელი სისხლის გამოშვებაც რომ დამჭირდეს, მაინც ჩემსას გავიყვან. ეგ რა გაქვს სახეზე?
_ ჭუჭყი, _ ვუპასუხე მე.
მან ისევე კარგად იცოდა, როგორც მე, რომ ეს ცრემლების ნაკვალევი იყო, მაგრამ ოცჯერ რომ მოეცა ერთი და იგივე კითხვა და ყოველ კითხვაზე ოცჯერ რომ დაერტყა ჩემთვის, მჯერა, რომ ბავშვური გული გასკდებოდა _ და მაინც არ გამოვამჟღავნებდი, რომ ეს ცრემლის ნაკვალევი იყო.
_ ვხედავ, რომ შენს ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანი ყოფილხარ, _ მითხრა მისტერ მორდსტონმა პირქუში ღიმილით, _ და ვხედავ, რომ ძალიან კარგად გესმის ჩემი. დაიბანე ხელ-პირი და წამომყევი. _ მან მიმითითა პირაბანზე. ეჭვიც არ შემპარვია იმაში, რომ თუ დავაყოვნებდი, დამარტყამდა.
როცა პირი დავიბანე, ჩვენ დაბლა ჩავედით და სასტუმრო ოთახში შევედით. მისტერ მორდსტონს ისევ ჩემს მხარზე ევლო ხელი…
_ კლარა, ჩემო მეგობარო, _ უთხრა მან დედას, _ ახლა იმედი მაქვს, რომ აღარავინ შეგაწუხებს; მალე ჩვენ სავსებით თავს დავანებებთ ჩვენს ბავშვურ მიზეზიანობას.
მგონია, სამუდამოდ მხიარული და გულწრფელი დავრჩებდი და, უეჭველია, სულ სხვა ადამიანი გამოვიდოდი, რომ მისტერ მორდსტონი ამ პირველ შეხვედრისას სხვანაირად მომპყრობოდა. ერთი ალერსიანი სიტყვა ახლად შექმნილი გარემოების ასახსნელად, სიბრალული ჩემი ბავშვური უმეცრებისადმი, გულწრფელი შეხვედრა _ ყოველივე ეს, დარწმუნებული ვარ, ჩემგან მორჩილ და გამგონე ბავშვს დააყენებდა, და ღრმა პატივისცემას ვიგრძნობდი მისდამი, იმ სიძულვილისა და თვალთმაქცობის მაგივრად, რომელიც იმწამსვე ჩაითესლა ჩემს ბავშვურ გულში.
მაგრამ ალერსიანი სიტყვა არ იყო ნათქვამი, ჩვენ სამნი დავსხედით სადილად. მისტერ მორდსტონს, როგორც ჩანდა, ძალიან უყვარდა დედაჩემი, _ თუმცა მე რა? _ დადედასაც ძალიან უყვარდა მისტერ მორდსტონი. მათი ლაპარაკიდან გავიგე, რომ ისინი მოელოდნენ მისტერ მორდსტონის დას, რომელიც იმ საღამოსვე უნდა ჩამოსულიყო.
ნასადილევს, როცა ჩვენ ბუხართან ვისხედით და მე ოთახიდან გასასხლტომად მიზეზს ვეძებდი პეგოტის სანახავად, უეცრად ბაღის კარებს ეტლი მოადგა. სახლის პატრონი გავიდა სტუმრის შესახვედრად. დედა გაჰყვა მას. მე მოკრძალებით ავედევნე დედას. სასტუმროს კარებთან რომ მივიდა, დედა უცბად მომიბრუნდა, ძველებურად ჩამიხუტა გულში და ჩურჩულით მთხოვა მყვარებოდა ჩემი ახალი მამა და ყველაფერში მორჩილიც ვყოფილიყავი.
ახლადმოსული პიროვნება იყო მის მორდსტონი, მეტად მკაცრი და მოღუშული ლედი. მისი ხშირი და სქელი წარბები თითქმის შეერთებულიყვნენ უშველებელ ცხვირის თავზე, ადამიანს შეიძლებოდა ეფიქრა, ბუნებამ იმიტომ დააჯილდოვა ამ მორთულობით, რომ აენაზღაურებინა ულვაშების უქონლობა, რომელთა ტარება უხერხული იქნებოდა მისთვის, როგორც ნაზი სქესის წარმომადგენლისათვის. როცა მეეტლეს უსწორდებოდა, მან ფული ამოიღო ფოლადის საფულიდან. _ ეს საფულე მას ედო ჩანთაში, რომელიც მძიმე ჯაჭვით მიმაგრებული ჰქონდა მკლავზე. არასოდეს არ მენახა იმ დრომდე ისეთი ფოლადის ლედი, როგორც მის მორდსტონი იყო. მისი საფულის პირი გარეული ნადირის ხახად მეჩვენა.
მას დიდი ამბით შეხვდნენ, შეიყვანეს სასტუმროში და აქ ფორმალურად წარუდგინეს დედაჩემი, როგორც ახალი ახლობელი ნათესავი. ამ დროს მის მორდსტონმა შემომხედა და იკითხა:
_ ეს თქვენი ვაჟია, ჩემო რძალო?
დედამ თავი დაუკრა.
_ საზოგადოდ მე არ მიყვარს ბიჭები, _ განაცხადა მის მორდსტონმა. _ როგორ ხარ, ბიჭო?
ამგვარი სალმით გამხნევებულმა, ვუპასუხე, რომ კარგადა ვარ, და იმედი გამოვთქვი, რომ ისიც სრულებით ჯანსარად არის. მაგრამ, ეტყობა, ჩემს პასუხში არ იყო ის თავაზიანობა, რომელსაც მის მორდსტონი მოელოდა. მას ორი სიტყვით დამახასიათა:
_ ცუდადაა აღზრდილი.
შემდეგ მის მორდსტონმა მოითხოვა ეჩვენებინათ მისი ოთახი. ამ წუთიდან ეს ოთახი ჩემთვის საშიშარ და საზარელ საგნად გადაიქცა. იქ იდგა ორი უზარმაზარი შავი სკივრი, რომელიც არასოდეს, არასოდეს არ იხდებოდა და რომელთა შესახებ ყველამ იცოდა, რომ ისინი მუდამ კლიტით იყო დაკეტილი. ამ ოთახში აგრეთვე (მე ერთხელ Yთუ ორჯერ შემთხვევა მქონდა შიგ შემეხედა), ზედ სარკის თავზე, სასტიკი წესრიგით ეკიდა ფოლადის ძეწკვები, შესაკრავები და ქინძისთავები, რომითაც მის მორდსტონი ირთვებოდა ხოლმე.
რამდენადაც გავიგე, მის მორდსტონი სადიასახლისოდ მოვიდა ჩვენთან და სრულებთაც არ აპირებდა უკან დაბრუნებას. მეორე დღესვე მან დაიწყო დედაჩემის `შველა~ და დილიდან საღამომდე იტრიალა საკუჭნაოში, სადაც თავის გუნებაზე დაალაგა ყველა შინაურობაში მოსახმარი საგანი და სრულებით დაარღვია ძველად შემოღებული წესები.
როცა სახლში ყველანი ჯერ კიდევ ღრმა ძილში იყვნენ, მის მორდსტონი უკვე ფეხზე იდგა. პეგოტი მარწმუნებდა, რომ ძილის დროსაც კი ცალი თვალი გახელილი აქვსო, მაგრამ მე არ ვეთანხმებოდი ამ აზრს, რადგან ჩემს თავზე ვცადე და დავრწმუნდი, რომ ადამიანს არ შეუძლია ღია თვალით ძილი.
თავისი მოსვლის პირველსავე დილას მამლის ყივილს აჰყვა და დაიწყო ზარის რეკვა. როცა დედა გამოვიდა საუზმისათვის და უნდოდა ჩაი მოემზადებინა, მის მორდსტონმა, მისასალმებელი კოცნის მაგივრად, ლოყაზე ხელი მოუცაცუნა, როგორც პატარა გოგონას და უთხრა:
_ კლარა ჩემო მეგობარო! როგორც იცით, მე იმისათვის მოვედი აქ, რომ თავიდან მოგაშოროთ შინაური საქმეების ტვირთი. მომეცით, ჩემო რძალო, თქვენი გასაღებები და სახლს მე გავუძღვები.
ამას იქით ყველა გასაღები მის მორდსტონის შენახული ჰქონდა თავის ფოლადის ტომარაში, ღამით კი ბალიშის ქვეშ ინახავდა.
მაგრამ ეს მტკიცე ავტორიტეტი საოჯახო საქმეებში მან მოიპოვა ერთგვარი, _ მართალია, სუსტი, მაგრამ მაინც წინააღმდეგობის შემდეგ დედაჩემის მხრივ. ერთხელ, როცა მის მორდსტონმა ძმის წინაშე დაიწყო საოჯახო მეურნების გეგმების დალაგება, დედა უეცრად ატირდა და თქვა, რომ ურიგო არ იქნებოდა ამგვარ შემთხვევებში მისთვის ეკითხათ რჩევა.
_ კლარა! _ უთხრა დედას მისტერ მორდსტონმა მკაცრი კილოთი. _ კლარა! შენ მე მაკვირვებ.
_ ო! დიახ, ეს ადვილი სათმელია თქვენთვის, ედუარდ! _ შესძახა დედამ. _ თქვენ შეგიძლიათ გაიკვირვოთ რამდენიც გნებავთ. თქვენ არაფრად გიღირთ ჩემთან სულის სიმტკიცეზე ლაპარაკი, მაგრამ ვიცი, რომ თქვენ ვერ იტანთ ამ სიმტკიცეს სხვებში.
უნდა შევნიშნო, რომ სულის სიმტკიცე იყო ერთგვარი სიგიჟის საგანი ღირსეულ ძმისა და უღირსეულესი დისა. მისტერ მორდსტონი მტკიცე იყო, _ ჩვენ ყველამ ვიცოდით ეს, და არვინ იყო ოჯახურ წრეში ისეთი მტკიცე, როგორც მ-რ მორდსტონი; მაგრამ არავს არეძლეოდა უფლება, გამოეჩინა ეს თვისება მასთან, რადგან ყველას თავი უნდა მოეხარა მისი სულის შეუდრეკელი სიმტკიცის წინაშე.
_ მაშ სისასტიკე არ არის, ედუარდ, _ თქვა დედამ _ რომ ჩემს საკუთარ სახლში…
_ ჩემს საკუთარ სახლში?.. _ გაიმეორა მ-რ მორდსტონმა, _ კლარა!
_ მე მინდოდა მეთქვა, ჩვენს საკუთარ სახლში, _ წაილაპარაკა შეშინებულმა დედამ. _ იმედი მაქვს, ედუარდ, რომ თქვენ გესმით ჩემი.
_ განაგრძე.
_ დიახ, ჩემო კარგო, ეს დიდი უსამართლობა და სისასტიკეა, რომ საკუთარ სახლში მე ხმა ვერ ამომიღია შინაურ საქმეებზე. რას ჰგავს ეს? ხომ ვუძღვებოდი ოჯახს, როცა ჯერ ცოლ-ქმარი არ ვიყავით, და კარგადაც ვუძღვებოდი… ამის შესახებ შეგიძლია პეგოტის ჰკითხო, _ განაგრძობდა ცრემლმორეული დედა, _ მე სხვისი დახმარება არა მჭირდებოდა.
_ ედუარდ, _ თქვა მის მორდსტონმა, _ გავათაოთ ეს ლაპარაკი. ხვალვე შინ მივდივარ.
_ ჯენი მორდსტონ, _ უთხრა მას ძმამ, _ გაჩუმდით! ისე იქცევით, თითქოს არ იცოდეთ ჩემი ხასიათი.
_ მე სრულებითაც არ მინდა, _ განაგრძო დედამ ცხარე ცრემლებით, _ რომ ვინმე წავიდეს შენი სახლიდან, ედუარდ. რათა? დიდი უბედური ვიქნები, თუ ვინმე ჩემი გულისათვს წავა აქდან. მითუმეტეს, რომ ასეთ მცირედ რამეს ვთხოულობ. ღმერთმანი! მე მინდა მხოლოდ, რომ დროგამოშებით რჩევა მკითხონ ხოლმე. რასაკვირველია, დიდად დავალებული ვარ, რომ სახლის მოვლას მშველიან, ოღონდ მინდა ხანდახან… ისე… ფორმისთვის მაინც მკითხონ ხოლმე ჩემი აზრიც.
_ ედუარდ, _ თქვა მის მორდსტონმა, _ ბოლო მოეღოს ამას. ხვალვე მივდივარ!
_ ჯენი მორდსტონ! _ დაიგრგვინა მისტერ მორდსტონმა. _ გაჩუმდებით თუUარა? როგორ ბედავთ?
მის მორდსტონმა ამოღო ჯიბიდან ცხვირსახოცი და თვალებთან მიიტანა.
_ კლარა! _ უთხრა მისტერ მორდსტონმა და მიაპყრო შავი თვალები დედაჩემი შემკრთალ სახეს. _ თქვენ მაოცებთ! როცა ჯენი მორდსტონმა თავის გულკეთილობით ჩვენი საერთო სარგებლობისთვის დაიჭირა ჩვენს სახლში დიასახლისის ალაგი, იგი სრულებით მოულოდნელად ხვდება ასეთ უმადურობას.
_ ო, ედუარდ! _ შესძახა აღელვებულმა დედამ. _ გთხოვ, ნუ დამწამებ უმადურობას!
_ მაშასადამე, ვამბობ მე, როცა ჯენი მორდსტონი სრულებით მულოდნელად ხვდება აქ ასეთ უმადურობას მხოლოდ იმიტომ, რომ ნათესაური გრძნობა ამოქმედებს, _ განაგრძობდა შეუპოვარი მისტერ მორდსტონი, _ მეც გუნება მეცვლება და შეიძლება სიყვარულიც ჩაქრეს.
_ ო, ნუ მეუბნები მაგას, ჩემო კარგო! _ ემუდარებოდა დედა საბრალო ხმით. _ ნუ მეუბნები მაგას, ედუარდ! ჩემი გული სავსეა სიყვარულითა და გულწრფელობით შენდამი. მე შიმიძლია სიყვარული და უნდა მიყვარდე. ამას არ ვიტყოდი, დარწმუნებული რომ არ ვიყო ამაში. ჰკითხე პეგოტის; ის გეტყვის, როგორი სიყვარული ვიცი.
_ კლარა! _ უპასუხა მისტერ მორდსტონმა. _ დამშვიდდი: მეტისმეტი სისუსტის გამომჟღავნებით, რა სახითაც არ უნდა იყოს იგი, არ შეიძლება ჩემი გულის მოგება. შენ ტყუილად ხარჯავ ცრემლებს.
_ აჰ, შევრიგდეთ, ჩემო კარგო! _ განაგრძობდა დედა. _ მაპატიე, ედუარდ. მე ვიცი, რომ ბევრი ნაკლი მაქვს, და ძალიან კარგია, ედუარდ, რომ ცდილობ ჩემს გამოსწორებას შენი ნების სიმტკიცით. ჯენი, აღარ გაგიწევთ წინააღმდეგობას. რაცა გნებავდეთ, ისა ჰქენით, ოღონდ თავს ნუ დამანებებთ.
_ ჯენი მორდსტონ, _ მიმართა დას მისტერ მორდსტონმა, _ იმედი მაქვს, ამგვარი უსიამოვნება აღარ განმეორდება. ჩემი ბრალი არ არის, თუ დღეს ამგვარი შემთხვევა მოხდა ჩემს სახლში. სხვებმა მაიძულეს ეს უსიამოვნო ლაპარაკი. არც თქვენი ბრალია, ჯენ მორდსტონ, სხვებმა გაიძულეს ეს უსიამოვნო განმარტება. ვეცადოთ დავივიწყოთ იგი. სრულებით საჭირო არ არის, რომ ბავშვი ყურს უდგებდეს ამგვარ სცენებს. დავით! წადი შენს საწოლში!
სევდიანმა, თვალცრემლიანმა, ძლივს ვიპოვე სასტუმრო ოთახის კარები, ისეთი თავზარი დამცა საბრალო დედაჩემის ნაღველმა. ხელის ფათურით სიბნელეში ავედი ჩემს ოთახში.
მეორე დღეს ჩვეულებრივზე ადრე ავდექი და დაბლა ჩავედი. სასტუმრო ოთახს რომ ჩავუარე, დედაჩემის ხმა მომესმა. იგი პატიებას სთხოვდა მის მორდსტონს მოკრძალებული და მორიდებული ხმით, და ამ ლედიმაც, რამდენიმე შენიშვნის შემდეგ, მიანიჭა ეს პატიება. შერიგება მოხდა. იმ დღიდან დედას არასოდეს აღარ გაუბედია საკუთარი აზრის გამოთქმა, სანამ წინასწარ მის მორდსტონს არ დაეკითხებოდა.
ერთხელ როგორღაც ჩამოვარდა ლაპარაკი ჩემი მიბარების შესახებ, რომელიმე პანსიონში. ეს აზრი პირველად მის და მისტერ მორდსტონების თავში დაიბადა. დედა, რასაკვირველია, ხმაამოუღებლად დაეთანხმა, მაგრამ საქმე ჯერ სისრულეში არ იყო მოყვანილი; ამ დრომდის სახლში ვსწავლობდი.
ნუთუ ოდესმე დამავიწყდება ეს შინაური გაკვეთილები? მეცადინეობის ხელმძღვანელი დედა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნამდვილად მე მის და მისტერ მორდსტონების პირდაპირი მეთვალყურეობის საგანი ვიყავი. ისინი ყოველთვის ესწრებოდნენ ამ გაკვეთლებს და საუცხოო შემთხვევას პოულობდნენ, რათა დარიგება მიეცათ დედაჩემისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ მიზნით დამტოვეს სახლში. საკმარისად გონიერი და ბეჯითი ბავშვი ვიყავი, სანამ მე და დედა ორნი ვცხოვრობდით, მაგრამ ამ საზეიმო ლექციებს ვიგონებ, როგორც ჩემი სულიერი სიმშვიდის სასიკვდილო ჭრილობებს, როგორც ყოველდღიური შრომისა და ვაების განუწყვეტელ ბორკილს. სიმწრისაგან თავბრუ მეხვეოდა; დარწმუნებული ვარ, საბრალო ჩემი დედა ჩემზე ნაკლებად არ იტანჯებოდა. ო, რა ძნელი, დამქანცველი, აბდაუბდა იყო ეს დაუსრულებელი გაკვეთილები!
ვეცდები მოვიგონო, როგორ ვსწავლობდი. დაე წარსულიდან ერთი დილა აღდგეს.
შევდივარ დარბაზში საუზმის შემდეგ. იღლიაში წიგნები, რვეულები და ასპიდის შავი დაფა ამომიჩრია. დედა უკვე ელის თავის მოწაფეს საწერ მაგიდასთან მაგრამ უფრო მეტად მიმელიან მისტერ მორდსტონი და მისი და.
ვაწვდი დედას წიგნს. შესაძლებელია, ეს გრამატიკაა, ან იქნებ ისტორია, ან გეოგრაფია, უკანასკნელად სასოწარკვეთილებით თვალს ვაყოლებ გადაშლილ გვერდზე და საჩქაროდ ვიწყებ გაკვეთილის ჩაბარებას, სანამ იგი ჯერ კიდეც ცოცხლადაა აღბეჭდილი ჩემს მეხსიერებაში. მაგრამ აი, წავბორძიკდი ერთ სიტყვაზე, _ მისტერ მორდსტონი მაღლა იხედება; მეორე სიტყვაზე წავბორძიკდი, _ მის მორდსტონი იღებს თავს მაღლა. ვწითლდები, ვტოკავ ერთ ადგილას, და, ბოლოს, გარკვეულად ჩიხში ვემწყვდევი. დედას უნდა, როგორმე მომეხმარს, ან წიგნი მომაწოდოს, მაგრამ ვერ ბედავს. იგი ოხრავს და იძახის:
_ აჰ, დევი, დევი!
_ ახლა, კლარა, მთელი შენი სულის სიმტკიცე უნდა გამოიჩინო ამ ბავშვთან მოპყრობაში, _ ეუბნება მისტერ მორდსტონი. _ სასაჭიროა ეს სიტყვები: `აჰ, დევი, დევი!~ ეს ბავშვობაა. ორში ერთია: მან ან იცის, ან არ იცის გაკვეთილი.
_ მან არ იცის გაკვეთილი, _ იძახის მის მორდსტონი საშინელი ხმით.
_ დიახ, მეც ასე მგონია, რომ არ იცის, _ ამბობს დედაჩემი.
_ მაშასადამე, კლარა, _ აგრძელებს მის მორდსტონი, _ დაუბრუნეთ წიგნი და ისწავლოს.
_ დიახ, დიახ, მეც ასე ვფიქრობ, გეთაყვა, ჯენი, _ უპასუხებს დედა. _ აბა, დევი, ცოტა კიდევ ისწავლე, ჩემო კარგო, და ნუ იქნები ასეთი სულელი.
პირველ ბრძანებას სიტყვა-სიტყვით ვასრულებ, მაგრამ მეორის შესრულება არ შემიძლია. მე ძალიან სულელი ვარ! რა ვქნა? ჩემი ცოდნის მეორე რევიზიის დროს უფრო ადრე ვბრკოლდები და იქ, სადაც უწინ შეუჩერებლად მივისწრაფოდი, ახლა ვჩერდები და ვფიქრობ. _ რაზე? არა გაკვეთილზე. მე ვფიქრობ, მაგალითად, რამდენი ადლი არშია მოუნდება მის მორდსტონის თავსაფარს, ან _ რა ღირს მისტერ მორდსტონის დილის ხალათი. მისტერ მორდსტონი მოუთმენლობას იჩენს, რასაც დიდი ხანია, ველოდი; მის მორდსტონი იმეორებს ძმის მოძრაობას. დედა მოკრძალებით უცქერის მათ, ჰკეცავს წიგნს და გვერდზე დებს.
მალე მთელი ხროვა გროვდება ჩემი ვალებისა, და იგი თოვლის გუნდასავით სწრაფად იზრდება; რაც უფრო მეტი ვალები მედება, მით უფრო ვსულელდები. ბოლოს, სასოწარკვეთილებამდე მისული და უაზრობით უფსკრულში ჩავარდნიული, ხელს ვიქნევ ყველაფერზე და ბედისწრებას ვანდობ ჩემს თავს.
დედას თავისი გულუბრყვილობით ჰგონია, რომ არავინ უყურებს; იგი ცდილობს, გონებაში ჩამაგდოს ტუჩების მოძრაობით. ყველა ამგვარ შემთხვევაში მის მორდსტონი უძახის ბოხი, გამაფრთხილებელი ხმით:
_ კლარა!
დედა კრთება და წითლდება. მისტერ მორდსტონი დგება სავარძლიდან, იღებს წიგნს, თავში მახლის და მხარში წაკვრით ოთახიდან მაგდებს.
ასეთი იყო საერთო მსვლელობა ჩემი უბედური მეცადინეობისა. უეჭველია, მორდსტონები რომ არ ყოფილიყვნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა; მაგრამ მათ წინაშე მე პატარა ნიბლიას ვგავდი, მოჯადოებულს ორი ვქემძრომის თვალებით. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ბედნიერად დავაღწევდი ხოლმე თავს ამ დილის მახეს, მაგრამ ერთადერთი ჯილდო ჩემი ბეჯითობისა ის იყო, რომ ნება მეძლეოდა მონაწილეობა მიმეღო საერთო სადილში; ამის მეტს არაფერს ვიგებდი. მის მორდსტონი დაუღალავად ადევნებდა თვალყურს, რომ მუდამ გაკვეთილები მეზეპირებინა, თუ როდისმე ხელში არ მეჭირა წიგნი ან კალმისტარი, იმწამსვე თავისი ძმისა და რძლის ყურადღებას აქცევდა ამ გარემოებას და ამბობდა:
_ აჰ, ძვირფაოსი კლარა! შრომა უპირველესად ყოვლისა! მიეცით ბავშვს გაკვეთილი.
მაშინვე ახალ გაკვეთილს მაძლევდნენ, დილა იქნებოდა, შუა დღე თუ საღამო. დასვენებისა და გართობის ხსენებაც არ იყო. მორდსტონების მკაცრი ფილოსოფიით ყველა ბავშვები წარმოადგენდნენ რაღაც მხეცებს, რომელნიც ერთმანეთს სწამლავდნენ.
ბუნებრივი შედეგი ამგვარი მოპყრობისა, რომელიც ექვს თვეს გაგრძელდა, ის იყო, რომ გადავიქეცი მოწყენილ, ზანტ, დაღვრემილ და მეტად მოუხეშავ ბავშვად. ამას კიდევ ხელს უწყობდა ის მწარე ფიქრი, რომ დღითიდღე მაშორებდნენ დედას. უნდა ვიფიქროთ, რომ სავსებით გამოვსულელდებოდი, თუ არა ერთი გარემოება.
საქმე იმაშია, რომ მამაჩემის შემდეგ დაგვრჩა მცირე ბიბლიოთეკა პატარა ოთახში, ჩემი საწოლის გვერდით. იქ შესვლა ყოველთვის შემეძლო. ჩემს გარდა ეს წიგნები არავის აინტერესებდა. სევდის მომგვრელ მარტოობის დროს ამ დალოცვილი ოთახიდან დროგამოშვებით გამოდიოდნენ ჩემთან საბაასოდ: როდერიკ რენდომი, პერეგრინ პიკლი, ჰომფრი კლინკერი, ტომ ჯონსი, ვიკფილდის მოძღვარი, დონ-კიხოტი, ჟილბლაზი და რობინზონ კრუზო. შემოქმედებითი ფანტაზიის ეს შედევრები, `ათას ერთი ღამის~ და `ჯადოსნური ზღაპრების~ გმირებთან ერთად, და კიდევ რამდენიმე წიგნი მოგზაურობის შესახებ უფრო აღვივებდა ჩემს ბავშვურ ოცნებას და მომავლის იმედებს მიცხოველებდა. ამ ნაწარმოებთა ცუდი მხარე არ არსებობდა ჩემთვის, რადგან მე იგი არ მესმოდა. ყველა საყვარელი პიროვნება განხორციელებული იყო ჩემთვის ამ მოქმედ პირებში, რომელთაც ავტორის ოცნება სხვადასხვა როლს აკუთვნებდა, და, რასაკვირველია, ყველა ფანტასტიკურ ბოროტ პიროვნებაში მე ვხედავდი მისტერ და მის მორდსტონების საზარელ სახეს.
ეს იყო ჩემი ერთადერთი და მუდმივი ნუგეში. როცა ახლა ვიგონებ ყოველივე ამას, ცოცხლად წარმომიდგება ხომე თვალწინ ზაფხულის საღამო, როცა ბიჭები სასაფლაოზე თამაშობენ, მე კი ვზივარ ჩემს ლოგინზე წიგნით ხელში და თითქოს მინდა გავძღე კითხვით. ყოველი მეზობელი შენობა, ეკლესიის ყოველი ქვა, სასაფლაოს ყოველი ლოდი, აღვიძებდა ჩემს იდეებს, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამ წიგნებთან, და მაგონებდა მათში აღწერილ რაიმე ადგილს.
ერთხელ, დილით, იღლიაში ამოჩრილი წიგნებით შევედი სასტუმრო ოთახში. დედა, ეტყობოდა, ძალიან აღელვებული და შემკრთალი იყო; სამაგიეროდ მის მორდსტონი მეტად მტიცედ გამოიყურებოდა. მისტერ მორდსტონი რაღაცას ამაგრებდა წვრილ და მოქნილ წკეპლაზე. როცა ოთახში შევედი, მან აწონა ეს წკეპლა ხელში, შემდეგ ალბათ საცდელად, ჰაერში გაიქნია. წკეპლამ გაიზუზუნა.
_ გეუბნები, კლარა, _ თქვა მისტერ მორდსტონმა, _ მე თვითონ მცემდნენ ხოლმე უწინ.
_ რასაკვირველია, ეს ჩვეულებრივი საქმეა, _ დაადასტურა მის მორდსტონმა.
_ უსათუოდ ეს ასეა, თქვენ მართალს ამბობთ, _ წაილაპარაკა დედამ სუსტი ხმით, _ მაგრამ თქვენ გგონიათ, ამან საგებლობა მუტანა ედუარდს?
_ მაშ ნუთუ შენ გგონია, კლარა, რომ ედუარდს ავნო ამან? _ დიდმნიშვნელოვნად იკითხა მისტერ მორდსტონმა.
_ სწორედ რომ მიზანში მოხვდა, _ მხარი დაუჭირა მის მორდსტონმა.
_ თქვენ მართალი ხართ, ჩემო ჯენი, _ თქვა დედამ და გაჩუმდა.
_ აბა, დევი, _ მითხრა მისტერ მორდსტონმა, _ დღეს ფხიზლად უნდა იყო.
მან ისევ აწონა შოლტი ხელისგულზე და ისევ გაატყლაშუნა ჰაერში.
გაკვეთილის დასაწყისშივე ვიგრძენი, რომ სიტყვები ხტებოდნენ ჩემი თავიდან სტრიქონებით და წინადადებებით კი არა, არამედ მთელი გვერდებით. ტყუილად ვცდილობდი მათ დაჭერას და სათანადო წესრიგში და საზღვრებში ჩაყენებას; ისინი მიჰქროდნენ რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, ვინ იცის საით; ყოვლად შეუძლებელი იყო მათი შეჩერება.
ცუდად დავიწყეთ და უფრო უარესად განვაგრძეთ. მის მორდსტონი თვალს არ გვაშორებდა. ბოლოს დედა მწარედ და ხმამაღლა ატირა.
_ კლარა! _ შესძახა მის მორდსტონმა გამაფრთხილებელი კილოთი.
_ რაღაც უქეიფოდ ვარ ძვირფასო ჯენი, _ უპასუხა დედამ.
მისტერ მორდსტონმა დიდმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი თავის დას, წამოდგა ადგილიდან, აიღო შოლტი და თქვა:
_ აბა, ჯენი, ჩვენ, რასაკვირველია, უფლება არ გვაქვს მოვთხოვოთ კლარას, რომ შესაფერისი სიმტკიცით აიტანოს ის ზნეობრივი ტანჯვა, რომელიც მას დღეს დავითმა მოუმზადა. ამისათვის სტიკის ხასიათია საჭირო. კლარა, რასაკვირველია, თვალსაჩინოდ მტკიცე გახდა სულიერად, მაგრამ ჯერ არ შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი, რომ საკმარის ნებისყოფას გამოიჩენს. დავით, ერთი ზევით წამომყე.
მან ხელი ჩამჭიდა და კარებისაკენ წამიყვანა. დედა გამოგვედევნა, მაგრამ მის მორდსტონმა შეაჩერა და უთხრა:
_ კლარა! გაგიჟდით?
მაშინ დედამ ყურები დაიცვა და გავიგე, როგორ აქვითინდა იგი.
მისტერ მორდსტონს მივყავდი ზევით დინჯი და წყნარი ნაბიჯით; ცხადი იყო, რომ ამგვარი დასჯა დიდად სასიამოვნო იყო მისთვის. როცა საწოლ ოთახში შევედით, მან უცბად ჩემი თავი იღლიაში ამოიდო.
_ მისტერ მორდსტონ! სერ! _ დავიყვირე მე. ნუ მცემთ! მე ვცდილობ, ბეჯითად ვისწავლო, მაგრამ არ შემიძლია გაკვეთილის ჩაბარება, როცა თქვენ და მის მორდსტონი თვალს მადევნებთ. მე არ შემიძლია სწავლა თქვენი თანდასწრებით.
_ მართლა? არ შეგიძლია? მაგასაც ვნახავთ.
ჩემი თავი მას ისე ეჭირა, როგორც მუხრუჭებში მოქცეული, მაგრამ ერთი საშინლად გავიბრძოლე და წუთით დავეღწიე. ტყუილად ვეცადე ერთხელ კიდევ პატიების თხოვნა; მისტერ მორდსტონმა ისევ ჩამიგდო და მომიჭირა თავზე. ამ დროს მე ვწვდი მის ხელს, რომლითაც პირი მომიკუმა, ჩავასვი კბილები და ვუკბინე.
მაშინ კი ისეთი საშინელი ცემა დამიწყო, თითქოს მისტერ მორდსტონს სასიკვდილოდ ვყავდი გამეტებული. მიუხედავად იმ ხმაურობისა, რომელიც ჩვენ ავტეხეთ, მე მესმოდა სირბილი კიბეებზე და ქალების კივილი. დედასა და პეგოტის მწარე ტრილის ხმა.
ბოლოს მისტერ მორდსტონი გავიდა და კარები გაიკეტა. დავრჩი იატაკზე მარტოკა, დატანჯული, აღშფოთებული, გაწარებული.
რა კარგად მახსოვს არაჩვეულებრივი სიჩუმე მთელ სახლში! რა კარგად მახსოვს მწარე ტკივილი მთელს ნაცემ სხეულზე! მაგრამ ყველა ეს ტანჯვა უმნიშვნელო იყო დანაშაულის მწარე გრძნობასთან შედარებით. მე თავს ავაზაკად ვთვლიდი. რას მიზამენ? ციხეში ჩამსვამენ? იქნებ ჩამომახრჩონ?
უკვე დაბინდდა, როცა გასაღები გადატრიალდა, დარი გაიღო და ოთახში შემოვიდა მის მორდსტონი პურით, ერთი ნაჭერი ძროხის ხორცით და რძით. ყველაფერი ეს მაგიდაზე დადგა და ხმაამოურებლად, შემომხედა მტკიცედ და გავიდა. კარი ისევ დაიკეტა.
არასოდეს არ დამავიწდება მეორე დილა. მშვენიერ ხასიათზე გამეღვიძა, განწყობილებაც ხალისიანი მქონდა, მაგრამ უეცრად თავზარი დამცა წინადღით ჩემს თავზე მომხდარი ამბის მწარე მოგონებამ. ვიდრე ლოგინიდან ავდგებოდი, მის მორდსტონი შემოვიდა ჩემ საწოლ ოთახში და მითხრა, რომ ნება მეძლევა ვისეირნო ბაღში არა უმეტეს ნახევარი საათისა. გასვლისას კარი ნახევრად ღია დატოვა, რასაკვირველია, იმ მიზნით, რომ მესარგებლა ამ ნებართვით.
მეც ვსარგებლობდი ამ ნებართვით ჩემი ტუსაღობის ყოველ დილას, რამაც ხუთი დღე გასტანა. მე რომ საშუალება მქონოდა მარტოკა მენახა დედა, მუხლისჩოქით მივფოფხდებოდი მასთან, პატიებას ვთხოვდი, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში არავინ მინახავს, გარდა მის მორდსტონისა. მხოლოდ საღამოობით, როცა სასტუმრო ოთახში საერთო ლოცვისთვის იკრიბებოდნენ, მეც შემიყვანდნენ ხოლმე ოთახში, მაგრამ იქვე კარებთან გამაჩერებდნენ. როგორც კი ლოცვა დამთავრდებოდა, ვიდრე რომელიმე დაჩოქილი მოასწრებდა ფეხზე წამოდგომას, ჩემი სულთამხუთავი მწვდებოდა მხარში და მიმარბენინებდა ჩემს დილეგში. ვხედავდი, რომ დედა, რომელიც შორ კუთხეში იდგა, მარიდებდა პირს. ისიც დავინახე, რომ მისტერ მორდსტონს შეხვეული ხელი ჩამკიდებული ჰქონდა.
ვერ აგიწერთ, როგორ დიდხანს გაგრძელდა ჩემთვის ეს ხუთი დღე. ყურს ვუგდებდი ყოველ მოძრაობას სახლში, ვცდილობდი, ამეხსნა თითოეული ფაჩუნის მნიშვნელობა კიბეზე და ტალანში. კარები იღებოდა და იხურებოდა, ზარები რეკდნენ, ისმოდა ჩურჩულის ხმები, ვირაცები ერთმანეთს გასზახოდნენ. სიცილი, ჩოჩქოლი, სტვენა და სიმღერები სახლს გარეთ სევდას მატებდა ცემს ტყვეობას. დიდი უცნაურობა იყო, რომ ჩემი ხმა არ მესმოდა. წუთიერად იფეთქებდა ხოლმე სიხარულისმაფვარი გრძნობა, ყოველი სადილისა და ვახშმის დროს, და კვლავ სწრაფად ქრებოდა.
ტყვეობის უკანასკნელ ღამეს გამაღვიძა ჩურჩულით წარმოთქმულმა ჩემმა სახელმა.
_ პეგოტი, ეს თქვენა ხართ? _ წავიჩურჩულე მე.
პასუხი არ იყო. ფეხის თითებზე მივიპარე კარებთან, მივად ტუჩები გასაღები ჭუჭრუტანას და ისევ წავიჩურჩულე:
_ პეგოტი, გენაცვალე, ეს თქვენა ხართ?
_ დიახ, მე მე ვარ, ჩემო თვალისჩინო დევი, _ მიპასუხა მან. _ ფრთხილად იყავი, თაგვივით, თორემ კატა გაგვიგებს.
_ როგორ არის დედა, პეგოტი? ძალიან მიწყრება?
მე ტირილი დავიწყე, და ისე მომესმა, თითქოს პეგოტიც ტიროდა ჭუჭრუტანას მეორე მხარეს. მან მიპასუხა ნამტირალევი ხმით:
_ არა, გენაცვალე, ძალიან არა.
_ რას მიზამენ, პეგოტი? არ იცით?
_ სკოლაში მიგაბარებენ, ლონდონის ახლოს, _ მიპასუხა პეგოტიმ.
_ მერე როდის, პეგოტი?
_ ხვალ.
_ იმისათვის ხომ არ ამოალაგა დღეს მის მორდსტონმა კამოდიდან ჩემი ტანისამოსი?
_ დიახ, ჩემოდანში ჩააწყო.
_ მე ვერა ვნახავ დედას?
_ ნახავ, ხვალ დილით.
აქ პეგოტიმ უფრო მოუახლოვა ჭუჭრუტანას თავისი პირი და რამდენიმე ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზა წარმოთქვა ისეთი გრძნობით, როგორც, არც ერთ კარის ჭუჭრუტანას ქვეყანაზე არ გადაუცია მეორე ყურისათვის.
_ დევი, ჩემო საყვარელო შვილო! თუ მე… არ გიალერსებდი ამ დღეებში ისე, როგორც უწინ… ეს იმიტომ კი არა, ჩემო თვალის სინათლევ, რომ არ მიყვარდე… ოჰ, დიახ… მე მიყვარხარ, ჩემო სანატრელო ჩიტუნავ… უფრო მეტად, ვიდრე უწინ; ოღონდ ეს მოხდა იმისთვის, რომ შენთვისვე უკეთესი ყოფილიყო… და კიდევ სხვისთვისაც. დევი, ჩემო კარგო, გესმის, რასაც გეუბნები? შეგიძლია, მომისმინო?
_ მეს-ს-მის-ს, პეგოტი! _ ამოვიკვნესე მე.
_ შენ გენაცვალე! _ თქვა პეგოტიმ წარმოუდგენელი თანაგრძნობით. _ აი, რა მინდა გითხრა: არ დამივიწყო არასოდეს, შენი გადია… და მეც არასოდეს არ დაგივიწყებ… დედაშენს მოვუვლი, დევი, ისე, როგორც შენ გივლიდი. არასოდეს თავს არ დავანებებ, არასოდეს. მოვა დრო… იქნება… მისთვის სასიამოვნო იყოს, რომ მიაყრდნოს თავისი საბრალო თავი… ბებერი, სულელი პეგოტის მხარს. მე შენ წერილებს მოგწერ, ჩემო თვალისჩინო. თუმცა უსწავლელი ვარ… და მე… და მე…
აქ პეგოტიმ აკოცა გასაღების ჭუჭრუტანას. ისე, თითქოს ჩემს ტუჩებს ჰკოცნიდა.
_ გმადლობთ, გმადლობთ, საყვარელო პეგოტი! _ ვუთხარი მე. _ გმადლობთ!
ჩვენ ერთხელ კიდევ ვაკოცეთ განუსაზღვრელი სინაზით გასაღების ჭუჭრუტანას ორთავ მხრივ და შემდეგ გავშირდით ერთმანეთს.
ამ ღამის შემდეგ ჩემს გულში შეიპარა პეგოტისადმი ისეთი გრძნობა, რომლის ნამდვილი სახელი მე არ ვიცი. მან, რასაკვირველია, არ დაიჭირა დედის ადგილი, _ ეს შეუძლებელი იყო; მაგრამ შეავსო რაღაც სიცარიელე ჩემს გულში. მე მისდამი ისეთი დიდი სიყვარული ვიგრძენი, როგორიც სხვა ადამიანების მიმართ არასოდეს არ მიგვრძნია.
დილაადრიან ჩემს საწოლ ოთახში ჩვეულებისამებრ შემოვიდა მის მორდსტონი და მითხრა, რომ პანსიანში მგზავნიან. მას, რასაკვირვეია, ფიქრადაც არ მოსვლია, რომ უკვე ვიცოდი ეს ახალი ამბავი. მიბრძანა, ტანთ ჩამეცვა, შემდეგ გამომიცხადა, საუზმისათვის სასადილოში ჩავსულიყავი. აქ უკვე მელოდა დედა, ფერმკრთალი და ნამტირალევი. მოვეხვიე დედას და პატიების თხოვნა დავუწყე.
_ აჰ, დევი, დევი! _ მითხრა მან. _ როგორ გაბედე შეურაცხყოფა მიგეყენებინა იმ ადამიანისათვის, რომელიც მე მიყვარს? გამოსწორდი, ჩემო კარგო! გაპატიებ, მაგრამ ძალიან მწყინს, რომ ასეთი ცუდი თვისებები დაგეტყო.
იგი დაერწმუნებინათ, რომ მე წყალწაღებული არამზადა ვარ, და ეს გარემოება მას უფრო მეტად სწყინდა, ვიდრე ჩემი მოშორება. მწარედ და მტკივნეულად ვიგრძენი ეს.
_ გაიტანეთ მისტერ კოპერფილდის ჩემოდანი, _ უბრძანა მის მორდსტონმა, როდესაც ალაყაფის კარებთან გაისმა ეტლის ხმა.
ოთახის კარებში ჩემი ძველი ნაცნობი მეეტლე იდგა. მან ზურგზე მოიდგო ჩემოდანი და ეტლისაკენ წაიღო.
_ კლარა! _ უთხრა დედას მის მორდსტონმა გამაფრთხილებელი კილოთი.
_ ახლავე, ჩემო ჯენი, _ უპასუხა დედამ. _ მშვიდობით, დევი! შენ მიდიხარ შენივე სიკეთისათვის. მშვიდობით, ჩემო შვილო. არდადეგებზე სახლში მოხვალ. იმედი მაქვს, რომ გამოსწორდები.
_ კლარა! _ გაიმეორა მის მორდსტონმა.
ახლავე, ახლავე, ძვირფას ჯენი, _ ეუბნებოდა დედა და თან მეხვეოდა. _ მიპატიებია შენთვის, ჩემო საყვარელო ბიჭუნავ, იყავი ყოჩაღად და მხიარულად.
_ კლარა! _ ერთხელ კიდევ უთხრა მის მორდსტონმა.
მის მოდრსტონმა იკისრა ჩემი მიცილება ეტლამდე და გამოთხოვებისას მითხრა: _ გამოსწორდი, თორემ ცუდი ბოლო მოგელისო.
ჩავჯექი ეტლში. ზანტი ჯაგლაგი ადგილიდან დაიძრა.

თავი მეხუთე

მომაცილეს მშობლიურ სახლს

თითქმის ნახევარი მილი გვექნებოდა გავლილი. ცხვირსახოცი მთლად დამისველდა ცრემლებისაგან. უეცრად მეეტლე შეცერდა.
გავიხედა და ძალიან გამიკვირდა, როცა პეგოტი დავინახე. იგი ღობის შესახვევიდან გამოვიდა და ეტლში ჩამიჯდა. ისეთი ძალით ჩამიკრა გულში, რომ ჩემო ცხვირი კორსეტს მიეჭირა და ცოტა ხნის შემდეგ საკმარისად ძლიერი ტკივილიც ვიგრძენი. პეგოტიმ გაითავისუფლა ერთი ხელი, ჯიბეში ჩაიყო, ამოიღო იქიდან ქაღალდებში შეხვეული კუპატები და ნამცხვრები, დამიტვირთა ამით ჯიბეები, ხელში ჩანთა მომაჩეჩა, მაგრამ ერთი ხმაც არ ამოუღია. მერე ერთხელ კიდევ ჩამიხუტა თავისი მძლავრი მკლავებით, გადახტა ეტლიდან და სწრაფად გაიქცა სახლისაკენ. ამ დროს მთელი თავისი კაბის ღილები დაჰკარგა. ავიღე ერთი მათგანი და დიდხანს ვინახავდი, როგორც საყვარელ სახსოვარს.
ამის შემდეგ გავსინჯე პეგოტის საჩუქარი. ეს იყო სქელი ტყავის საფულე კლიტით, შიგ სამი კრიალა შილინგი იდო. მაგრამ ყველაზე ძვირფასი ჩემთვის იყო ორი კრონა, ქაღალდის ნაჭერში შეხვეული; ამ ქაღალდზე დედაჩემის ხელით ეწერა: `დევის, ჩემი სიყვარულის ნიშნად~.
როცა ჩვენ, როგორც იყო, დაახლოებით ორი მილი გავიარეთ ჩანჩალით, ვკითხე მეეტლეს, მას უნდა ვეტარებინე მთელი გზა, თუ არა.
_ მერე სადამდე?
_ იქამდე.
_ სად იქამდე?
_ ლონდონამდე, _ ვუპასუხე მე.
_ რას ბრძანებთ! _ გაიკვირვა მეეტლემ. მერე მიაგდო აღვირი ჯაგლაგზე და მითხრა:
_ ეს ცხენი ტახივით გაფშიკავს ფეხებს, ვიდრე შუა გზამდე მიაღწევს.
_ მაშ თქვენ მხოლოდ იარმაუთამდე მიმიყვანთ? _ ვკითხე მე.
_ ასე გამოდის.
მეეტლე (მისი სახელია მისტერ ბარკისი) ფლეგმატური ტემპერამენტისა და ჩუმი ადამიანი იყო. ჩემთან ლაპარაკმა, როგორც ჩანდა, დაღალა იგი. მე პატივისცემის ნიშნად ტკბილი ნამცხვარი მივართვი; მისტერ ბარკისმა გადაყლაპა და ტლანქ სახეზე სრულიად არაფერი გამოეხატა.
_ ამისთანებს ის აცხობს?
_ თქვენ პეგოტიზე ლაპარაკობთ?
_ ჰო, რასაკვირველია.
_ დიახ, პეგოტი აცხობს ჩვენს სახლში ყველა ნამცხვარს და ამზადებს ყველა საჭმელს.
_ შეხედე ერთი, _ წაიბურტყუნა მისტერ ბარკისმა.
მან მიაპყრო თვალები თავისი ცხენის ყურებს, თითქოს მათში შესანიშნავი რაღაც დაინახაო, და დიდხანს დაჰყო ამ დგომარეობაში.
_ მაშ თქვენ ამბობთ, რომ ამ ნამცხვარს ის აცხობს _ იკითხა მისტერ ბარკისმა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ.
_ დიახ, ის ამზადებს ჩვენთან ყველაფერს.
_ წერილის მიწერას ხომ არ აპირებთ, სერ?
_ აუცილებლად მივწერ.
_ მართლა? _ თქვა მისტერ ბარეკისმა მძიმედ. _ ხომ არ იკისრებთ, ჩემს მაგივრად მისწეროთ, რომ ბარკისი წინადადებას აძლევს? არ დაგავიწდებათ?
_ `ბარკისი წინადადებას აძლევს~, _ გავიმეორე მე, _ და სხვა არაფერი?
_ სხვა არა-ფე-რი. ბარკისი აძლევს წინადადებას. მორჩა და გათავდა.
იმ საღამოსვე, როცა იარმაუთის სასტუმროში დილიჟანსის გასტუმრებას ველოდი, ვიშოვე ქარალდი, სამელნე, კალამი და მივწერე პეგოტის შემდეგი წერილი:

`ძვირფაო პეგოტი!
მე მშვიდობით მოვედი იარმაუთში. ბარკისი წინადადებას გაძლევთ. უთხარით დედას, რომ ძალიან მიყვარს.
თქვენი ერთგული დავით კოპერფილდი.

P.შ. მან მთხოვა, უსათუოდ მომეწერა თქვენთვის, რომ ბარკისი წინადადებას გაძლევთ~.

დილიჟანსი ეზოში იდგა, მაგრამ მის ახლოს არც ერთი ცხენი არა ჩანდა და არავითარი ნიშანი არ იყო იმისი, რომ იგი მალე დაიძვრებოდა ადგილიდან. იქით-აქეთ ვიყურებოდი და დიდად მაეჭვებდა ჩემი ჩემოდნის ბედი, რომელიც სრულიად უყურადღებოდ იდო დილიჟანსის ახლოს.
_ ეს ხომ არ არის ბლონდერსტონელი პატარა ჯენტლმენი? _ იკითხა ფანჯრიდან დედაკაცმა.
_ დიახ, ქალბატნო, _ ვუპასუხე მე.
_ რა გვარი ხართ?
_ კოპერფილდი, ქალბატონო.
_ მაშ ეს თქვენ არ ყოფილხართ, _ თქვა მან. _ კოპერფილდის სახელზე აქ სადილი არ შეუკვეთიათ.
_ იქნებ თქვენ მორდსტონს კითხულობთ?
_ თუ მორდსტონი ხართ, მაშ რად ირქმევთ სხვის სახელს?
მე ავუხსენი საქმის ვითარება უცნობ ლედის. მან დააწკარუნა ზარი და უთხრა მსახურს:
_ ვილიამ! უჩვენეთ საერთო დარბაზი.
სასტუმროს მოსამსახურეს, რომელიც ამ ძაიხილზე მოვიდა, ძალიან გაუკვირდა, როგორცა ჩანდა, როცა ასეთი პატარა ჯენტლმენი დაინახა.
მან შემიყვანა დიდ, გრძელ ოთახში, მოიტანა კატლეტები, ბოსტნეული და ისეთი ხმაურობა ატეხა ხუფების ახდის დროს, რომ შემეშინდა, რაიმე შეურაცხყოფა ხომ არ მივაყენე-მეთქი. მაგრამ გულზე მომეშვა, როცა სკამი დამიდგა მაგიდასთან და ალერსიანად მითხრა:
_ აბა, გოლიათო, შეუდექი!
მადლობა გადავუხადე და ჩემს ადგილზე დავჯექი; მაგრამ ძალიან გამიძნელდა დანა-ჩანგლის ხმარება და კინაღამ წვენი არ გადავაქციე სუფრაზე. აყლაყუდა მსახური ამ დროს ჩემი სკამის პირდაპირ იდგა და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა თავისი დაჟინებული ცქერით.
_ ეს რა არის? _ ბოლოს იკითხა მან და ატაკა ჩანგალი ჩემს თეფშს. _ კატლეტი ხომ არ არის?
_ დიახ, კატლეტია.
_ რასა ბრძანებთ! მე კი არ ვიცოდი, რომ კატლეტები იყო.
მან აიღო კატლეტი ერთ ხელში, კარტოფილი მეორეში, უნებურად თვალი დამრჩა მასზე, ისე გემრიელად ჭამდა ერთსაც და მეორესაც. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ აიღო კატლეტი და კარტოფილი, მერე კიდევ და კიდევ. საკვირველი მადითა და სისწრაფით შეექცეოდა. როცა, ბოლოს, გავათავეთ ეს საჭმელი, მან მოიტანა პუდინგი და ჩემს წინ მაგიდაზე დადგა. რამდენიმე წუთის განმავლობაში იგი თითქოს რაღაც ღრმა ფიქრებში იყო გართული.
_ როგორია კუპატი? _ იკითხა ბოლოს, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო.
_ ეს პუდინგია, _ ვუპასუხე მე.
_ პუდინგი? _ შეჰყვრა მან. _ ნუთუ? დარწმუნებული კი ხართ ნამდვილად, რომ ეს პუდინგია?
და იგი დაიხარა, რომ ჩემს სიტყვებში დარწმუნებულიყო.
_ დიახ, სწორია, თქვენ მართალსა ბრძანებთ. მერე, მგონია, პუდინგი კარაქით არის გაკეთებული.
_ ეს პლუმ-პუდინგია, _ ვუპასუხე მე.
_ ნუთუ!.. ვინ იფიქრებდა, რომ ეს ჩემი საყვარელი პუდინგია! _ შესძახა მან და სუფრის კოვზი აიღო. _ რა ბედნიერებაა! აბა, პაწიავ, დაიწყე! ვნახოთ, ვინ უფრო მეტს შეჭამს.
რასაკვირველია, მსახურმა გაცილებით უფრო მეტი შეჭამა, ვიდრე მე. იგი ძალიან ზრდილობიანად მთხოვდა არ ჩამოვრჩენილიყავ და, თუ შევძლებდი, მეჯობნა მისთვის ამ ღორმუცელობის ასპარეზზე; მაგრამ შეჯიბრება მეტად უსწორო იყო: რას გავაწყობდი მე ჩემი ჩაის კოვზით მის სუფრის კოვზთან, და ჩემი მადით _ მის მადასთან? რასაკვირველია, ჩამოვრჩი პირველსავე ლუკმაზე და ყოველივე იმედი დავკარგე, რომ ოდესმე დავეწეოდი. მგონია, არასოდეს არ მინახავს, რომ ვინმე ასეთი ნეტარება ეგრძნოს პუდინგის ჭამაში.
მსახურის მეგობრული დახმარებით ჩემი სადილი დიდი წარმატებით დასრულდა.
მაგრამ როდესაც დილიჟანსში ჩასაჯდომად გამოვედი, გამაოცა ერთმა, არც ისე სასიამოვნო გარემოებამ: როგორცა ჩანდა, ყველას ეგონა, რომ მე, მარტოკამ, სხვის დაუხმარებლად, შევჭამე ჩემი სადილი. სასტუმროს დიასახლისმა ფანჯრიდან დაუძახა კონდუქტორს:
_ ჯორჯ! გაუფრთხილდით ამ პაწიას, არ გასკდეს გზაში!
ამ სიტყვებს საერთო სიცილი მოჰყვა. სასტუმროს მოახლე ქალები გარს შემოეხვივნენ დილიჟანსს და მსინჯავდნენ, როგორც უცნაურ ზღვის ცხოველს.
ჩემი მდგომარეობა დილიჟანსში ძალიან საძნელო იყო, რადგან მეეტლე და კონდუქტორი დამცინოდნენ; მათ აღვირახსნილ ოხუნჯობას საზვარი არ ჰქონდა, და არწმუნებდნენ დანარჩენ მგზავრებს, რომ მხოლოდ მე ვაძნელებ ჩემი სიმძიმით ეტლის წინსვლას. რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველამ დაწვრილებით გაიგო ჩემი მადის ამბავი და მეკითხებოდნენ: როგორი ხელშეკრულება დადეს სასწავლებელში ჩემი კვების შესახებ? მხოლოდ ჩემთვის გადაიხდიან ფასს, თუ ორი ან სამის მაგივრად? _ და სხვა ამგვარი კითხვები.
იარმაუთიდან გამოვედით ნაშუადღევის სამ საათზე. უნდა ჩავსულიყავით ლონდონში მეორე დღეს, დილის რვა საათისთვის.
ღამე ძალიან აცივდა. იმის შიშით, რომ არ გადმოვვარდნილიყავი დილიჟანსის იმპერიალიდან, ორ ჯენტლმენს შუა ჩამსვეს. როცა ისინი იძინებდნენ, ისე მჭყლეტდნენ ორივე მხრიდან, რომ მათ შუა, როგორც მუხრუჭებში, ისე ვიყავი მომწყვდეული. მე ვიხრჩობოდი და ვყვიროდი: `ო, ღვთის გულისათვის, ნუ გამჭყლიტეთ!~ ეს ძალიან არ მოსწონდათ ჯენტლმენებს, რადგან ჩემი ყვირილი მათ ძილს უფრთხობდა.
ბოლოს ამოვიდა მზე და ჩემი თანამგზავრებიც დამშვიდნენ ნელ-ნელა. როგორცა ჩანდა, მთელი ღამის განმავლობაში ისინი წარმოუდგენელ სიძნელეებსა და დაბრკოლებებს ებრძოდნენ. ეს ბრძოლა გამოიხატებოდა შეთანხმებულ ხვრინვასა და ფშვინვაში. მაგრამ ჰორიზონტზე მზემ მაღლა აიწია, და მათი ძილიც უფრო მსუბუქი გახდა. ბოლოს მათ გამოიღვიძეს. ძალიან გამიკვირდა, როცა ერთმანეთს რწმუნება დაუწყეს, თითქოს მთელი ღამე არ სძინებიათ.
როგორი საკვირველი მეჩვენა ლონდონი, როცა პირველად დავინახე იგი შორიდან იმპერიალის სიმაღლიდან! ცოცხლად წარმოვიდგინე ყველა ჩემი საყვარელი გმირი, რომელმაც აქ შეასრულა თავისი შესანიშნავი საქმეები.
თავის დროზე ჩვენ გავჩერდით უაიტჩეპლში. სასტუმროს, რომლის წინაც გაჩერდა დილიჟანსი, ერქვა `ლურჯი ხარი~ თუ `ლურჯი ტახი~, კარგად არ მახსოვს; მახსოვს ოღონდ, რომ რაღაც ლურჯი საგანი ჩვენი დილიჟანსის კარზედაც ეხატა.
კონდუქტორი ჩამოვიდა კოფოდან, მივიდა დილიჟანსების კანტორის კარებთან და იკითხა:
_ ხომ არავინ ელის აქ ბიჭუნას, რომელიც დავთარში ჩაწერილი გვყავს, როგორც ბლონდერსტონელი მორდსტონი. აქ უნდა მოსულიყვნენ მის წასაყვანად.
პასუხი არ იყო.
_ აბა, კოპერფილდის სახელზე ეცადეთ იკითხოთ, სერ, _ ვთხივე მე, თავჩაღუნულმა.
_ ხომ არავინ ელის აქ ბიჭუნას, რომელიც ჩაწერილი გვყავს ბლონდერსტონელი მორდსტონის სახელით და რომელიც თავისთავს კოპერფილდს უწოდებს? აქ უნდა მოსულიყვნენ მის წასაყვანად. ეი! ვის უნდა მორდსტონი ან კოპერფილდი?
არავის არ ვუნდივარ! შეწუხებულმა მივიხედ-მოვიხედე ყოველ მხარეს, მაგრამ ამან არავისზე არავითარი შთაბეჭდილება არ მოახდინა, გარდა ცალფეხა ჯენტლმენისა, რომელმაც შენიშნა, რომ ურიგო არ იქნებოდა, გაეკეთებინათ ჩემთვის რკინის საყელო და თავლაში დავები.
მიტოვებული, მარტოდმარტო, როგორც რობინზონ კრუზო უდაბურ კუნძულზე, შევედი კანტორაში და, მორიგე მწერლის მიწვევით, დავჯექი დიდ სასწორზე, დახლს იქით. საშინელი ფიქრები ერთიმეორეს ცვლიდნენ, _ ვაითუU არავინ მოვიდეს აქ, დილიჟანსების კანტორაში! რამდენ ხანს დამტოვებენ ამ ალაგას? ნუთუ ამ ხის ყუთებზე უნდა დავიძინო და დილაობით პირი ეზოში, ჭასთან დავიბანო? ვაითუ მისტერ მორდსტონმა განგებ მოიგონა ეს საშუალება ჩემი თავიდან მოსაშორებლად? მაშინ რაღა ვქნა! რასაკვირველია, შიმშილით უნდა მოვკვდე, როცა ჩემ შვიდ შილინგს დავხარჯავ; მაგრამ სად უნდა მოვკვდე? კანტორაში ნებას არ მომცემენ, რადგან ამან შეიძლება უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოს მგზავრებზე და ამასთანავე _ `ლურჯი ტახი~ ან `ხარი~ ამ შემთხვევაში იძულებული იქნება თავის საკუთარი ხარჯით დამმარხოს. ხომ არ გავიქცე უკან, მშობლიურ სახლში? ეს ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ როგორ ვიპოვო გზა მარტოკამ, უთანამგზავროდ? შვიდ შილინგად კი არავინ წამიყვანს. თუმცა ისიც საფიქრებელია, როგორ მიმიღებენ სახლში, რომ მივაღწიო კიდეც ბლონდერსტონამდე? პეგოტის გარდა, ვიცი, არავის არ გაუხარდება ჩემი დაბრუნება. ხომ არ მივმართო ადგილობრივ მთავრობას, რომ ჯარისკაცად ან მეზღვაურად ჩამწერონ? არა, მე ისეთი პატარა ვარ, მთავრობა უსათუოდ უარჰყოფს ჩემს წინადადებას.
ყველა ამ და სხვა ამგვარ ფიქრებისაგან ხან მაციებდა, ხან მაცხელებდა, ისე რომ, ბოლოს სრულებით თავბრუ დამეხვა. როცა ჩემმა მღელვარებამ უკიდურესობამდე მიაღწია, დიიჟანსების კანტორაში შემოვიდა ვიღაც მამაკაცი და მორიგე მწერალს ყურში რაღაც წასჩურჩულა. მწერალმა ხელი მკრა, სასწორიდან გადმომაგდო და ხელიდან ხელში გადამცერს უცნობს ისე, თითქოს ამწონეს, მიყიდეს და როგორც სავაჭრო საქონელს, ისე მომექცნენ.
ამ მყიდველთან ხელიხელჩაკიდებული გამოვედი ქუჩაში და ჩუმად შევხედე მას. უცნობს ეცვა შავი, საკმარისად დაძველებული ფრაკი. ამ ტანსაცმელს ვიწრო და მოკლე სახელოები სრულებით გახეხოდა. შარვალი არაფრით არ იყო ფრაკზე უკეთესი. კისერზე ეკეთა გაუხამებელი და მთლად დაჭმუჭნული თეთრი საყელო. ისე მეჩვენა მაშინ, _ და, მგონია, არც ვცდებოდი, _ თითქოს ეს საყელო უცნობის ერთადერთ თეთრეულს შეადგენდა.
_ თქვენ `ახალი~ ხართ? _ მკითხა მან.
_ დიახ, სერ.
მე ალალბედზე ვუპასუხე. მაგრამ ვივარაუდე, რომ სახელწოდება `ახალი~, ყოველ შემთხვევაში, შეიძლებოდა მე მკუთვნებოდა.
_ მე კი სალემ-ჰაუზის ერთი მასწვლებელთაგანი ვარ.
თავი დავუკარი და მაშინვე პატივისცემა ვიგრძენი სალემ-ჰაუზის მასწავლებლისადმი. მრცხვენოდა, ხმა ამომეღო ნასწავლი ჯანტლმენის წინაშე ისეთი უმნიშვნელო საგნის შესახებ, როგორიც ჩემი სამგზავრო ჩემოდანი იყო, მაგრამ, როცა რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით, გავბედე და ვუთხარი, რომ ჩემი ნივთები დიიჟანსების კანტორაში დარჩა. ჩვენ უკან მივბრუნდით, სალემის მასწავლებელმა მიმართა მწერალს და უთხრა, ამ ნივთების წასაღებად დღესვე, ნასადილევს მოვლენო.
_ ნება მიბოძეთ გკითხოთ, სერ _ ვუთხარი მე, როცა ჩვენ ისევ გამოვედით კანტოდიდან, _ შორი გზა გვაქვს გასავლელი?
_ არც ისე პატარა, _ დაახლოებით ექვსი მილი. ჩვენ დილიჟანსით წავალთ.
საშინლად დაღლილი ვიყავი, და იმ აზრმა, რომ კიდევ ექვსი მილი მქონდა გასავლელი, სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. მოვიკრიბე ძალ-ღონე და ვუთხარი, რომ მშია, რადგან თითქმის მთეი დღე-ღამის განმავლობაში არაფერი მიჭამია, და იგი დიდად დამავალებდა, თუ მომცემდა ნებას _ მეყიდნა რამე. გაკვირვებული მასწავლებელი შეცერდა და ყურადღებით შემომხედა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მითხრა, უნდა შევიარო ერთ მოხუც ქალთან, რომელიც აქ ახლო ცხოვრობს, მის სახლში შეიძლება ვიშოვნოთ რძე საუზმისათვის, პური კი აქვე, გზაზე ვიყიდოთო.
ჩვენ ვიყიდეთ სანოვაგე და გავაგრძელეთ გზა ხალხის ბუბუნსა და ქუჩის ხმაურში. ჩვენ გადავიარეთ რომელიღაც ხიდი, მას ჩემმა თანამგზავრმა, როგორც მაგონდება, ლონდონის ხიდი უწოდა. თავბრუ მეხვეოდა, ფეხზე ძლივს ვიდექი. ბოლოს მოვედით საბრალო დედაბრის ბინაზე. ეს იყო სამრევლო თავშესაფრის ერთი განყოფილებათაგანი, როგორც ჩანდა წარწერიდან ალაყაფის კარების თავზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ სახლი აშენებულია ოცდახუთი ღარიბი ქალის საცხოვრებლადო.
შევედით მომცრო ოთახში, სადაც ვიღაც დედაბერი ცეცხლს უბერავდა ღუმელში. მას ზედადგარზე პატარა ქვაბი ედგა. მასწავლებლის შესვლისთანავე მოხუცმა გამოიღო საბერველი და ისე მომესა, თითქოს იგი მიესალმა მასწავლებელს სიტყვებით: `ა, ეს შენა ხარ, ჩარლი!~ მაგრამ უცნობი ბავშვის დანახვაზე დედაბერი ადგა, გასწორდა და რაღაც რევერანსის მსგავსი მოძრაობით სალამი მოგვცა.
_ ხომ არ შეიძლება საუზმე მოუმზადოთ ამ პატარა ჯენტლმენს? _ იკითხა მასწავლებელმა._ ხომ არ შეიძლება? რასაკვირველია, შეიძლება! _ უპასუხა დედაბერმა.
ჩემ წინ მაგიდაზე დადეს პური, ლორი, კვერცხები და კოჭობი რძით; საუზმე გემრიელიც გამოდგა და მაძღრისიც; სავსებით ვტკბებოდი ამ საუზმით, როცა მოხუცმა დიასახლისმა ჰკითხა სალემის მასწავლებელს:
_ ფლეიტა თანა გაქვთ?
_ დიახ, _ უპასუხა მასწავლებელმა.
_ კარგი იქნება, თუ ცოტას დაუკრავთ, _ ალერსიანად სთხოვა მოხუცმა.
მასწავლებელმა ჩაიყო ხელი ჯიბეში, და, მართლაც, ფლეიტის მსგავსი საკრავი ამოიღო. მან დაუკრა, და იმწამსვე გადავწყვიტე, რომ მთელს ქვეყანაზე არ არის და არც შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მასზე ცუდად უკრავს. ამგვარი იყო ჩემი იმდროინდელი აზრი, და ახლაც კი არ ვამბობ ამაზე უარს. არ ვიცი, როგორ აღვნიშნო იმ მუსიკალური ჰანგის ხასიათი, თუ კი აქ საერთოდ იყო რაიმე მუსიკა და ჰანგი, მაგრამ შთაბეჭდილება, რომელიც მოახდინა ჩემზე ამ გულსაკლავმა სტვირმა, ისეთი იყო, რომ, ჯერ ერთი, ცოცხლად წარმომიდგა მთელი ჩემი დარდი და ვარამი, დაწყებული სიყრმიდან ამ წუთამდე; მეორე _ ის, რომ სრულებით მადა დამეკარგა, და მესამეც, _ საშინელმა თვლელმამ ამიტანა. და აი, ჩემი თვალები ჩემდა უნებურად იხუჭება. ნელ-ნელა ქრება ჩემი თვალთახედვიდან ეს ოთახი, თავისი ღია კარადით ბნელს კუთხეში, მისი ოთხკუთხა საზურგიანი სკამებით, სახურავზე ასასვლელი პატარა კიბით და ფარშავანგის სამი ფრთით, რომელიც ღუმელის თავზე არჭვია (ოთახში შესვლისას ჩემს თავს ვეკითხებოდი, რას იზამდა საბრალო ფარშავანგი, თავისი ბუმბულის ბედი რომ იცოდეს). სალემის მასწავლებელი, ფეხი ფეხზე გადადებული, ზის უძრავად და უსტვენს, უსტვენს უმოწყალოდ, ხოლო დედაბერი, სტუმართმოყვარე დიასახლისი, აღტაცებით შეჰყურებს მას. მალე ჰქრება ყველაფერი, ისე რომ აღარ არის აღარც სალემის სასწავლებელი, არც დავით კოპერფილდი _ არაფერი, გარდა მძიმე ძილისა.
მეძინა დიდხანს და მაგრად; ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენა. ბოლოს, სალემის მასწავლებელმა სამ ნაწილად დაშალა თავისი სტვირი, შეახვია, ჯიბეში ჩაიდო და კარში გამიყვანა. დილიჟანსმა სწორედ ამ დროს გამოიარა თავშესაფრის წინ და იმპერიალზე ავცოცდით. მალე ისევ ღრმა ძილს მივეცი თავი და არ გამიღვიძია, სანამ დიიჟანსმა არ დაიწყო აღმართში მძიმედ ასვლა, მაღალ გორაკზე, მწვანე ხეხილებს შუა. იგი მალე გაჩერდა, რადგან თავის დანიშნულების ადგილს მიაღწია.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და მივადექით სალემის სასწავლებელს, რომელსაც მაღალი აგურის გალავანი ერტყა. მისი შეხედულება მოსაწყენი და მოღუშული მეჩვენა. კარს თავზე მიკრული იყო ლითონი ფიცარი წარწერით: `სალემის სასწავლებელი კეთილშობილ მოწაფეთათვის~. დავრეკეთ. კარებში გაკეთებული მრგვალი სარკმლიდან გამოიხედა გაუპარსავმა, დაღვრემილმა სახემ, რომელიც, როგორც შემდეგ დავინახეთ, ეკუთვნოდა სქელ ვაჟკაცს, მას ხარივით კისერი და ხის ფეხი ჰქონდა. მოკელგაკრეჭილი თმა ჯაგარვით აბურძგვნოდა.
_ ეს ახალი მოწაფეა, ტუნგე, _ უთხრა მას მასწავლებელმა.
ხისფეხიანმა ჯენტლმენმა ყურადღებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, დაკეტა ჩვენს უკან კარი და გასაღები გამოიღო.
სალემის სასწავლებელი წარმოადგენდა ქვის ოთხკუთხა შენობას ფლიგელებით; გარედან სრულებით სადა იყო. შიგ სრული სიჩუმე და სიწყნარე სუფევდა, და მე გამოვთქვი აზრი, რომ უეჭველია ბავშვები სასეირნოდ არიან წასულნი მეცადინეობის შემდეგ-მეთქი, მაგრამ მისტერ მელმა, _ ასე ერქვა მასწავლებელს, _ ამიხსნა, რომ ყველა ბავშვი ამჟამად სახლშია დათხოვილი. სასწავლებლის პატრონი, მისტერ კრილი, ისვენებს აგარაკზე, ზღვის პირას, ცოლითა და ქალიშვილით. ხოლო შენ იმიტომ გამოგგზავნეს არდადეგების დროს, რომ ცუდი საქციელის გამო დაგსაჯესო.
სამეცადინო დარბაზი, სადაც მასწავლებელმა შემიუყვანა, მიტოვებული და სევდისმომგვრელი მეჩვენა. იგი ახლაც ცოცხლად მიდგას თვალწინ. ეს გრძელი და განიერი ოთახია, სადაც ამრიგად მაგიდები დგას და ექვსრიგად სკამები. ჭუჭყიანი იატაკი მოფენილია მოწაფეთა რვეულების ნახევებით. მაგიდებს ზევიდან აბლაბუდას სქელი გაუბამს. ჭუჭყიანი მუყაოს პაწია სახლში ორი თეთრი თაგვი წინ და უკან დარბის და თავისი წითელი თვალებით მსუნაგად ეძებენ, ხომ არ არის სადმე რაიმე საჭმელიო. პაწაწინა გალიაში ზის რაღაც ჩიტი; იგი ფრთხიალებს და დახტის ლატანზე, მაგრამ არ გალობს და არც ჟღურტულებს. მთელი ოთახი გაჟღენთილია უცნაური სუნით: ობისა, დამპალი ვაშლებისა და თაგვებისაგან დაღრღნილი რვეულების სუნით. ყველგან აუარებელი მელნის ლაქაა; ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ სახლი უსახურაოდ დგას თავისი აშენების დღიდან და რომ მას შეუჩერებლივ დასდის მელნის წვიმა, თოვლი და სეტყვა.
ყველა ეს დაკვირვება მე მისტერ მელის ოთახში არყოფნის დროს მოვახერხე. როცა ოთახის მეორე ბოლოში გავედი, ერთ-ერთ მაგიდაზე დავინახე მუყაოს დაფა, რომელზედაც გარკვევით ეწერა შემდეგი სიტყვები: `უფრთხილდით, იკბინება~. იმწამსვე მაგიდაზე ავხტი, რადგან ვიფიქრე, ოთახში დიდი ძაღლია-მეთქი. ტყუილად ვეძებდი მოუსვენრად; ძაღლი არსად ჩანდა. მე ჯერ კიდევ ამ ძებნაში ვიყავი, რომ მისტერ მელი დაბრუნდა ოთახში და მკითხა, რად ამძვრალხარ მაგიდაზეო.
_ ბოდიშს ვიხდი, სერ, _ ვუთხარი მე, _ მინდა გავიგო სად არის აქ ძაღლი?
_ ძაღლი? რა ძაღლი?
_ განა ეს ძაღლი არ არის?
_ სადა? რომელი ძაღლი? _ ძაღლი, რომელიც იკბინება.
_ არა, კოპერფილდ, _ მიპასუხა სერიოზულად მასწავლებელმა, _ ეს ძაღლი არ არის. ეს ბავშვია. დავალებული მაქვს, კოპერფილდ, ეს დაფა ზურგზე ჩამოგკიდოთ. ძალიან მწყინს, რომ ჩვენი ნაცნობობა ასე იწყება, მაგრამ მეტი გზა არა მაქვს.
ამ სიტყვებთან ერთად მიბრძანა მაგიდიდან ჩამოსვლა და ზურგზე ჩამომკიდა დაფა, რომელიც ამ მიზნით იყო მომზადებული.
ძნელი წარმოსადგენია, რა განვიცადე ამ დაფის გამო. მიცქერდა ვინმე თუ არა, სულ მეჩვენებოდა, რომ ჩემს ზურგზე კითხულობდნენ წარწერას. ტყუილად ვტრიალებდი ყოველ მხარეს, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ არავინ მადევნებდა თვალს. მაინც ზურგზე არა მქონდა თვალები და, ჩემი ფიქრით, უხილავი მკითხველი კითხულობდა ამ საბედისწერო წარწერას. ხისფეხიანი ჯენტლმენი უმოწყალოდ მიმატებდა ტანჯვას. მას დავალებული ჰქონდა ედევნებინა ჩემთვის თვალყური, და ამის გამო, როგორც კი მივეყუდებოდი ხეს ან კედელს, მიყვიროდა საშინელი ხმით:
_ ეი, თქვენ, სერ! მისტერ კოპერფილდ! კარგად გამოაჩინეთ თქვენი დაფა, თორემ დაგაბეზღებთ!
ეზო, სადაც სეირნობის ნება დამრთეს, სამზარეულოსა და მოსამსახურეთა ბინების წინ იყო. ჩემის აზრით, ყველა მსახური ქალი და კაცი კითხულობდა ჩემს დაფას; კითხულობდა ყასაბი, კითხულობდა ხაბაზი, ერთი სიტყვით, ყველა კითხულობდა და ყველამ იცოდა, რომ უნდა მომრიდებოდა, რადგან ვიკბინებდი. საქმე იქამდის მივიდა, რომ ჩემი თავისა თვითონვე მეშინოდა და წარმოვიდგინე _ რაღაც ეშვებიანი ბოროტი მხეცი ვიყავი.
ამ ეზოში იყო ერთი ძველი ხის კარი, სადაც მასწავლებლის მოწაფეებს დანით თავისი სახელები ამოეჭრათ. შიშით ვფიქრობდი ჩემი მომავალი ამხანაგების მალე დაბრუნებაზე და მათ გვარებს რომ ვუკვირდებოდი, წინდაწინვე წარმოდგენილი მქონდა, როგორი რიხით წარმოთქვამდა ყოველი მათგანი: `უფრთხილდით, იკბინება~. აქ იყო ერთი შეგირდი, ვინმე ჯემს სტირფორდი; მისი სახელი, ღრმად ამოჭრილი ფიცარზე, ყველაზე ხშირად მეორდებოდა. წარმოვიდგინე, რომ ეს ჯემს სტირფორდი ბოხი ხმით წაიკითხავდა ჩემს წარწერას და შემდეგ თმებით მათრევს-მეთქი. მეორე შეგირდს, ტომ ტრედელსს, ჩემის აზრით, მასხრად უნდა ავეგდე, და იგი ისეთ სახეს მიიღებდა, თითქოს მართლაც ეშინოდა ჩემი. სალემის სასწაველბელში სულ ორმოცდახუთი მოწაფე იყო, როგორც მისტერ მელმა მითხრა, _ ვაითუ ყველამ ერთხმად დაიყვიროს: `უფრთხილდით, იკბინება!~
ასეთივე შიშს მიღვივებდა კლასის სკამები და მაგიდები, საწოლ ოთახში მოწაფეთა ლოგინები და ჩემი საკუთარი ლოგინიც.
ცხოვრების ერთფეროვნება და მუდმივი შიში ძალიან ძნელი და მძიმე ასატანი იყო ჩემთვის. მისტერ მელი დიდ გაკვეთილებს მიტარებდა ყოველდღე, მაგრამ მე ძალიან კარგად ვსწავლობდი, რადგან აქ არ იყვნენ მის და მისტერ მორდსტონები. გაკვეთილების შემდეგ სასეირნოდ გამოვდიოდი ეზოში, სადაც ხისფეხა ჯენტლმენი თვალყურს მადევნებდა. ო, რა კარგად მახსოვს ობისა და ნოტიო სუნი სახლში, დამტვრეული ფილაქანი ეზოში, ძველი დახეთქილი კასრი მის კუთხეში და ხეების გაყვითლებული ფოთლები!
ნაშუადღევის პირველ საათზე მე და მისტერ მელი ვდასილობდით სასადილოში, სადაც არავითარი ავეჯი არ იდგა. გარდა ცხვრის ქონით გაჟღენთილი არყის ხის მაგიდებისა. საღამოს, გაკვეთილების შემდეგ, ჩაის ვსვამდით: მისტერ მელი _ ლურჯი ფინჯანიდან, მე კი თუნუქის მაშრაფიდან. ჩვენ შეუსვენებლად ვმუშაობდით ყოველდღე საღამოს შვიდ ან რვა საათამდე. მისტერ მელი უჯდა მაგიდას სასწავლო დარბაზში, მთლად გარშემოზღუდული კალმებით, სახაზავებით, წიგნებით, რვეულებით. მალე გავიგე, რომ იგი სალემის სასწავლებლის უკანასკნელი სემესტრის ანგარიშებს ასწორებდა. როცა მისტერ მელი ათავებდა დღიურ მუშაობას, იგი ხელს ჰკიდებდა თავის სტვირს და ისე დაუღალავად უკრავდა, რომ ზოგჯერ მეჩვენებოდა, თითქმის მთლად, ხელფეხიანად, აპირებდა შესვლას ამ საკრავის ჭუჭრუტანაში.
ცოცხლად წარმომიდგება ჩემი თავი სალემის სასწავლებლის მობნელო ოთახებში. მე ვზივარ მისტერ მელის პირდაპირ ხელებზე თავით დაყრდნობილი, ვუსმენ მისი მუსიკის გულსაკლავ ხმას და ნაღვლიანად ვფიქრობ ხვალინდელ გაკვეთილებზე. ვკეცავ წიგნებს და ფლიეტის სევდიანი ხმების სმენის დროს ვიგონებ მშობლიურ სახლს, იარმაუთს, ზღვის ნაპირს და პატარა ემის. მაგრამ, აი, საწოლ ოთახში ვარ მარტოკა, მიტვებული ცარიელ ოთახებს შუა, ვზივარ ჩემს ლოგინზე და ჩუმად ვტირი იმის ფიქრში, რომ ძილის წინ პეგოტი ნუგეშიმსცემელი სიტყვებით არ მოვა ჩემთან.
დილით, როგორც კი მზის პირველი სხივები გამოანათებენ, დაბლა ჩავდივარ და ჭუჭყიან სარკმელში ვხედავ სალემის ზარს, ქოხის სახურავზე რომ ჰკიდია ფლუგერის ქვემოთ. მალე, მალე დადგება დრო, როცა ეს ზარი გააღვიძებს ჯემს სტირფორდს და სხვა მოწაფეებს!

თავი მეექვსე

ნაცნობების წრე ფართოვდება

ასე გავატარე დაახლოებით ერთი თვე, როცა, ბოლოს, ცალფეხა მეკარე გამოჩლახუნდა ეზოში ცოცხით ერთ ხელში და წყლის სათლით მეორეში. აქედან დავასკვენი, რომ იწყებოდა მზადება მისტერ კრიკლისა და მის მრავალრიცხოვან მოწაფეთა ღირსეული დახვედრისათვის. მე არ ვცდებოდი. მალე ცოცხი და წყლის სათლი სასწავლო დარბაზშივ გაჩნდა და გამოგვრეკა იქიდან მე და მისტერ მელი. რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვაი-ვაგლახით ვცხოვრბდით და, როგორ ბოშები, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადავდიოდით. მტვერი სქელი ღრუბელივთ ბოლქვებად იდგა მთელ სახლში და ყოველ წუთში ცხვირს მაცემინებდა, თითქოს სალემის სასწავლებელი ერთ დიდ ბურნუთის ყუთად ქცეულიყო.
დაახლოებით სამი დღის შემდეგ მისტერ მელმა შემატყობინა, რომ იმ საღამოს სალემში მოელოდნენ თვით მისტერ კრიკლს. მართლაც, საღამოს გავიგე, რომ მისტერ კრიკლი მოვიდა. ორი საათის შემდეგ, როცა უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი, ხისფეხა ჯენტლმენი მოვიდა მისტერ კრიკლისაგან ჩემს საწაყვანად.
ის ნაწილი შენობისა, სადაც ცხოვრობდა მისტერ კრიკლი ოჯახობით, გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთ მოწყობილი იყო, ვიდრე დანარჩენი შენობა, სადაც თვით პანსიონი იყო მოთავსებული. წინ მშვენიერი პატარა ბაღჩა ჰქონდა გაშენებული; ეს ბაღჩა ეკვროდა ჩვენს სარეკრეაციო ეზოს, იმდენად უდაბურსა და მოსაწყენს, რომ აქ მხოლოდ აქლემებს შეეძლოთ მყუდროდ ეგრძნოთ თავი. შიშით მივდიოდი მისტერ კრილთან, და როცა, ბოლოს, მის ბინაში შEმიყვანეს, ისე დავიბენი, რომ ვერც კი შევნიშნე მის და მისის კრიკლი, რომლებიც სასტუმროში ისხდნენ. არავის ვხედავდი, გარდა მისტერ კრილკისა, მსხვილი ჯენტლმენისა, რომელსაც საათის ოქროს ძეწკვი და ათასგვარი სამკაულები უბრწყინავდა.
იგი იჯდა დიდ სავარძელში, პატარა მაგიდის წინ, რომელზედაც იდგა ჭიქა და ბოთლი ღვინით.
_ ა! _ შესძახა მისტერ კრიკლმა. _ მაშ ეს არის ახალგაზრდა ჯენტლმენი, რომელსაც კბილები უნდა მოვახეხოთ? ერთი მოაბრუნეთ.
ხისფეხა ჯენტლმენმა მიმაბრუნდა ზურგით ისე, რომ ყველას შესძებოდა ჩემი დაფის დანახვა. როცა ეს სინჯვა გათავდა, ისევ ძველ პოზაში დამაყენეს; ხისფეხა ჯენტლმენი კი მისტერ კრილკის ახლოს დადგა. მისტერ კრიკლს ალისფერი სახე ჰქონდა, თვალები პატარა, ღრმად ჩამჯდარი; შუბლზე სქელი, თOკებისსიმსხო ძარღვები დაბერვოდა, ცხვირი ატარა, ნიკაპი განიერი და მსუქანი. მელოტი თავი უპრიალებდა, თუმცა დაფარული ჰქონდა თხელი, ჭაღარა თმით, რომელიც საფეთქლებიდან ზევით ჰქონდა ავარცხნილი. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ მისტერ კრიკლს სრულებით არა ჰქონდა ხმა, იგი ჩურჩულით ლაპარაკობდა. იმ ზალდატანების გამო, რომელიც მას ლაპარაკისთვის უხდებოდა, ან იქნებ ამ ნაკლის უსიამოვნო გრძნობის გამო, მისტერ კრიკლი ლაპარაკის დროს უფრო და უფრო ჯავრობდა და შუბლზე ძარღვები უფრო და უფრო ებერებოდა, როცა იგი ძალას ატანდა თავს, რომ გამოეღო ეს ყრუ და სისინა ხმები.
_ აბა! _ თქვა მისტერ კრიკლმა. _ რას მეტყვით ამ ყმაწვილი შესახებ?
_ ჯერჯერბით არაფერი ცუდი არ შეგვიმჩნევია, _ უპასუხა ხისფეხა ჯენტლმენმა, _ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა.
ამგვარი პასუხი, როგორც შევნიშნე, ეწყინა მისტერ კრიკლს, მაგრამ მისი ცოლი და ქალი _ წყნარი და მორიდებული არსებანი, რომლებიც მხოლოდ ახლა შევნიშნე პირველად, ეტყობდა, კმაყოფილნი იყვნენ ხისფეხა ჯენტლმენის პასუხით.
_ აქ მოდი, _ მითხრა მისტერ კრიკლმა და ხელით მანიშნა.
_ აქ მოდი! _ გაიმეორა ხისფეხა ჯენტლმენმა და მისტერ კრიკლის მოძრაობა გაიმეორა.
_ მე ძალიან კარგად ვიცნობ შენს მამინაცვალს, _ წაიჩურჩულა მისტერ კრიკლმა… უღირსეულესი ჯენტლმენია, მტკიცე ხასიათისა. მორდსტონი მიცნობს მე და მე ვიცნობ მორდსტონს. შენა? მიცნობ თუ არა, ყმაწვილო, ჰა? _ მითხრა მისტერ კრიკლმა და ყური ამიწია.
_ ჯერ არა, სერ, _ ვუპასუხე მე და ტკივილისაგან შევკრთი.
_ ჯერ არა? ჰა? _ გაიმეორა მისტერ კრიკლმა. _ მალე გამიცნობ, ჰა.
_ მალე გაიცნობ, ჰა? _ გაიმეორა ხისფეხიანმა.
შემდეგში გავიგე, რომ ეს ხისფეხა, რომელსაც ძლიერ ხმა ჰქონდა, ყოველთვის თარჯიმნად ახლდა მისტერ კრიკლის პიროვნებას, როცა მას მოწაფეებითან უხდებოდა ლაპარაკი. ძალიან შეშინებული ვიყავი და ვუპასუხე, რომ იმედი მაქვს მალე გავიგო ის, რაც საჭიროა.
_ მე მტკიცე ხასიათი მაქვს, _ სისინებდა მისტერ კრიკლი, _ მე ვიცი ჩემი მოვალეობის ასრულება, იცოდე ეს. ჩემმა საკუთარმა სისხლმა და ხორცმა რომ წინაღმდეგობა გამიწიოს, უარს ვიტყვი ჩემს სისხლსა და ხორცზე (აქ მან მის კრიკლს შეხედა). მას აღარ ჩავთვლი ჩემად. ის არამზადა კიდევ იყო აქ?
_ არა სერ, _ უპასუხა კოჭლმა._ არა! _ თქვა მისტერ კრიკლმა. _ აი ის მიცნობს, ის უკეთ მიცნობს. სჯობია, რომ არც მოვიდეს. _ ამ სიტყვებთან მისტერ კრიკლმა მუშტი დაარტყა მაგიდას და გაჯავრებით შეხედა თავის ცოლს. _ შორს დაიჭიროს თავი, იგი მიცნობს მე. აი, ახალ შენც თანდათან გამიცნობ, ჩემო ძმაო. წადი, წაიყვანე.
_ ნება მიბოძეთ, სერ…
_ ჰა? რაო? _ გაისისნა მისტერ კრიკლმა და მისი თვალები ისე დამაშტერდნენ, თითქოს ჩემი დაწვა უნდოდათ.
_ მე მინდოდა ამეხსნა, სერ, თუ ნაებას მიბზებთ…
_ აბა?
_ მე ვწუხვარ ჩემს საქციელზე, სერ. დიდი ხანია ვნანობ. ხომ არ უბრძანებთ, ეს დაფა მომხსნან, სანამ ამხანაგები…
არ ვიცი, მართლა გაჯავრდა მისტერ კრიკლი, თუ ჩემი შეშინება უნდოდა, ოღონდ ის კია, რომ სწრაფად წამოხტა სავარძლიდან… კისრისტეხით გამოვვარდი ოთახიდან და საწოლ ოთახში გავიქეცი. საბედნიეროდ, კოჭლი არ გამომდევნებია. იქ ტანთ გავიხადე და ორი საათის განმავლობაში ვკანკალებდი ლოგინში.
_ მეორე დღეს, დილით, მოვიდა მისტერ შარპი, უფროსი მასწავლებელი და მეთვამყურე, რომლის ხელქვეითად ითვლებოდა მიტერ მელი. მისტერ მელი სადილობდა ბავშვებთან ერთად, მისტერ შარპი კი სადილობდა და ვახშმობდა მისტერ კრიკლის სურფაზე. მას მუდამ თავი გვერდზე ჰქონდა გადახრილი, თითქოს ამძიმებდა. მისტერ შარპს თხელიდა ხუჭუჭი თმა ჰქონდა, მაგრამ პირველმავე სკოლაში დაბრუნებულმა მოწაფემ მიამბო, რომ მისტერ შარპი პარიკს ატარებს, და რომ ყოველ შაბათს იგი მიდის სადალაქოში ხელოვნური თმების დასახუჭუჭებლადო. მე ისიც კი გავიგე, რომ მისტერ შარპის პარიკი ნახმარი იყო, მეორე-მესამე ხელიდან ნაყიდი.
ყველა ეს ცნობა შემატყობინა ტომ ტრედელსმა, რომელიც ყველაზე უწინ დაბრუნდა სახლიდან. მისი ადრეული დაბრუნება ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის, მან გული იჯერა ცემს დაფაზე მასხარაობით და უხერხული მდგომარეობიდან გამომიყვანა, რადგან თავს იდო ჩემი გაცნობა ამხანაგებთან. ტრედელსი დაურიდებლად მიმათრევდა ხელით და ყოველგვარი რეკომენდაციის მაგივრად ეუბნებოდა ახალმოსულს: `ერთი შეხედე, რა სასაცილოა~.
ჩემდა საბედნიეროდ, მეტი წილი მოწაფეებისა ნაღვლიანები ბრუნდებოდნენ მშობლიურ სახლებიდან, ისე რომ თითქმის არავის არ მოსვლია აზრად ჩემი მასხრად აგდება.
მაგრამ ჩემი ფორმალური წარდგენა მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა ჯემს სტირფორდი დაბრუნდა. ეს ყმაწვილი ექვსი წლით იყო ჩემზე უფროსი და დიდ სწავლულად ითვლებოდა. მე გამაცნეს იგი, როგორც უფროსი, რომლისგანაც დამოკიდებული იყო ჩემი საბოლოო გასამართლება. სარეკრეაციო ეზოში ჯემს სტირფორდი შეუდგა ჩემს გამოკითხვას… მე ვუამბე ყველაფერი ისე, როგორც ვგრძნობდი და ვიცოდი. მან დიდი ყურადღებით მომისმინა და განაჩენი შემდეგ სიტყვებში გამოხატა:
_ სისულელეა, კოპერფილდ! ნუ ინაღვლებ!
ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვარ მისი.
_ რამდენი გაქვს ფული, კოპერფილდ? _ მკითხა სტირფორდმა.
_ შვიდი შილინგი.
_ შენთვის უკეთესი იქნება, თუ მაგ ფულს მე მომაბარებ შესანახად. თუმცა ჩემთვის სულ ერთია: მომცემ _ კარგი, არა და _ როგორც გინდა, მე არ გაძალებ.
მაგრამ იმ წუთშივე ავჩქარდი, მესარგებლა ამ მეგობრული წინადადებით, _ გავხსენი პეგოტის საფულე და მთელი ჩემი საუნჯე ხელისგულზე გადმოვუყარე.
_ შენ, იქნებ ყიდვა გინდა რისიმე? _ მკითხა მან.
_ არა, გმადლობთ.
_ ხომ არ გინდა დახარჯო ერთი შილინგი ტკბილი სასმელის საყიდლად? ჩვენ ერთად დავლევდით მას საღამოს, როცა დასაძინელბლად გაგვრეკავენ. შენ, მგონი, ჩემთან ერთად გძინავს ოთახში?
_ დიახ, სერ.
_ მაშ რას იტყვი ამაზე?
_ რაზე, სერ?
_ ტკბილი სასმელის შესახებ.
_ მგონია, ურიგო არ იქნება, _ ვუპასუხე მე რადგან შევნიშნე, რომ სტირფორდი დადებით პასუხს ელოდა ჩემგან.
_ ძალიან კარგი. იქნებ, გესიამოვნოს, რომ ერთი შილინგი კიდევ დახარჯო ნუშის ნამცხვრის საყიდლად?
_ დიახ, სერ.
_ მშვენიერია! მაშასადამე, ლაპარაკიც ზედმეტია! კიდევ ერთი შილინგი ბისკვიტისათვის და ერთიც კამპეტებისთვის, _ ჰა? შენი ფული ეყოფა ყველაფერ ამას.
ამ სიტყვებთან ერთად მან ჯიბეში ჩაიდო ჩემი ფული და მითხრა, რომ არაფრის დარდი არ მქონოდა; იგი კისრულობდა ისე მოეხერხებინა, რომ ფული ყველაფერს ჰყოფნიდა.
როცა საღამოს ჩვენს საწოლში შევედით, სტირფორდმა ამოალაგა ჩემი შვიდი შილინგით ნავაჭრი სანოვაგე და მთვარის შუქზე მთელი ეს საგზალი ჩემს ლოგინზე გაშალა.
გამოუცდელობის გამო ვერ შევძელი მთელი ამ ტკბილეულობის განაწილება და ხელი მითრთოდა მათ მიკარებაზე, ჩემი თხოვნით სტირფორდმა იკისრა მასპინძლობა და _ მართალი უნდა ვთქვა, _ საუკეთესოდ გაუძღვა ამ ბანკეტს. იგი იჯდა ჩემს ბალიშზე, ანაწილებდა თანაბრად ყველა ტკბილეულს, სტუმრების რიცხვის მიხედვით, და Yვითონ გვაწვდიდა სასმელს პატარა ჭიქით. მე მის გვერდით ვიჯექი, მარცხენა მხარეს; დანარჩენი ბავშვები კი შეჯგუფდნენ ჩვენს გარშემო, _ ზოგი ლოგინებზე, ზოგიც იატაკზე.
ყველა ჩურჩულით ლაპარაკობდა. მე მოწიწებით ვუსმენდი მათ. მთვარის შუქი გვინათებდა ფანჯრიდან.
მე გავიგე მრავალი ამბავი სალემის სასწავლებლის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, თვით მისტერ კრიკლის შესახებ. თურმე სიმკაცრით და სისასტიკით იგი აღემატებოდა ყველა მასწავებელს. იგი ყოველდღე სცემდა ბავშვებს, ვინც ხელში მოხვდებოდა. თვითნ მას არავითარი ცოდნა არა ჰქონდა და მხოლოდ ჩხუბი შეეძლო. ჯემს სტირფორდის აზრით, უკანასკნელ შეგირდს სკოლაში უფრო მეტი ესმოდა მეცნიერებისა, ვიდრე მისტერ კრიკლს. უწინ იგი ვაჭრობდა სვიით ლონდონის ერთ-ერთ ბაზარზე და როცა ამ ვაჭრობაში ჩაღუპა თავისი ცოლის მთელი ქონება, მაშინ სასწავლებელი გახსნა.
მე გავიგე აგრეთვე, რომ უფეხო მეკარე, რომელსაც ტუნგე ერქვა, ნამდვილი ბარბაროსი იყო და სავსებით შეეფერებოდა თავის პატრონს. უწინ ისიც იღებდა მონაწილეობას სვიით ვაჭრობაში, მისტერ კრიკლის სამსახურში მოიტეხა ფეხი და მასთან ერთად შედგა ფეხი საპედაგოგო ასპარეზზე. იგი არავის არ სცემდა პატივს, გარდა მისტერ კრიკლისა, და ყველა შეგირდს თავის მტრად თვლიდა. მისტერ რიკს ჰყავდა ერთი ვაჟი, რომელიც მას სკოლაში მეცადინეობაში შველოდა. ერთხელ მას უსაყვედურა მამას ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის გამო; მითხრეს, რომ ამისთვის მისტერ კრიკლმა იგი სახლიდან გააგდო, და ამის შემდეგ მისის და მის კრილი მუდამ სევდიანები არიანო.
მაგრამ ყველაზე მეტად ამ მოთხრობაში იმან გამაკვირვა, რომ სკოლაში იყო ერთი მოწაფე, რომლის ცემას მისტერ კრიკლი ვერ ბედავდა; ეს იყო ჯემს სტირფორდი. მან თვითან დაადასტურა ეს და დაუმატა, ძალიან მინდა ვნახო, ერთი როგორ გაბედავს მისტერ კრიკლი ჩემი ხელის ხლებასო.
_ ისიც გავიგე, რომ ყველა დარწმუნებული იყო, როგორ უყვარდა მის კრიკლს სტირფრდი, და ეს აზრი ძალიან შესაძლებელი მეჩვენა. სტირფორდი ყოველ მხრივ უნაკლო ყმაწვილი იყო. გავიგე აგრეთვე, რომ მისტერ მელი ძალიან გულკეთილი ადამიანია, მაგრამ გახვრეტილი გროშიც არ აბადია, რომ მოხუცი დედამისი, მისის მელი უკიდურეს სიღარიბეშია თურმე. გამახსენდა საუზმე თავშესაფარში, სადაცა მისტერ მელს `ჩემო ჩარლი უწოდეს, მაგრამ სიამოვნებით მაგონდება, რომ კრინტიც არ დამიძრავს ამ შემთხვევაზე, რომელსაც შეეძლო შეევსო ჩემი ამხანაგების ცნობები მისტერ მელის შესახებ.
ჩვენმა ქეიფმა შუაღამეს გადააცილა. როცა, ბოლოს, ყველაფერი შეჭმული და დალეული იყო, მეტი წილი სტუმრებისა წავიდ-წამოვიდნენ თავიანთ საწოლებზე; მე და სტირფორდი კი ისევ ვჩურჩულებდით ჩემს ლოგინზე.
_ ღამე მშვიდოისა, კოპერფილდ, _ მითხრა ბოლოს სტირფორდმა.
_ თქვენ ძალიან კეთილი ხართ, სერ, _ ვუპასუხე მე, _ დიდად გმადლობთ.
_ გყავს და, კოპერფილდ?
_ არა, სერ!
_ ძალიან მწყინს. შენ რომ და გყავდეს, დარწმუნებული ვარ, იგი ლამაზი, მორიდებული, ნათელთვალებიანი გოგონა იქნებოდა. ძალიან დიდი სიამოვნებით გავიცნობდი მას. ღამე მშვიდობისა, კოპერფილდ!
_ ღამე მშვიდობისა, სერ.
ლოგინში მწოლიარე კიდევ დიდხანს ვფიქრობდი მასზე და მახსოვს, ერთხელ წამოვდექი კიდეც, რომ დამენახა მთვარის შუქით განათებული მშვენიერი სახე სტირფორდისა, რომელიც პირაღმა გაჭიმულიყო და ხელები თავქვეშ ამოედო. მომავლის შავი ფარდა არ ეფარებოდა მას, და არავითარი ჩრდილი არ იდგა იმ ბაღის ბილიკზე, რომელზედაც მე და ის დავსეირნობდით სიზმარში.

თავი მეშვიდე

წლის პირვეი ნახევარი სალემში

სწავლა მეორე დღესვე დაიწყო. ღრიანცელმა, ხმაურმა და სამედიცინო დარბაზში ალიაქოთმა საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე; მაგრამ, როცა საუზმის შემდეგ კლასში მისტერ კრილი შემოვიდა და კარებთან გაჩერდა, მთელს დარბაზში იმავწუთს სიჩუმე ჩამოვარდა.
ტურგე დადგა მისტერ კრიკლის მხარს უკან და, თუმც არავითარი საჭიროება არ მოითხოვდა, დაიღრიალა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა:
_ ჩუმად!
ვხედავდით, როგორ ამოძრავებდა მისტერ კრიკლი ტუჩებს, და გავიგეთ, რას ლაპარაკობდა, როცა ტუნგემ ჩვენი დარიგებისათვის შემდეგი სიტყვა წარმოთქვა:
_ ბავშვებო! არდადეგები გათავდა. ისწავლეთ, იზეპირეთ, ნუ იზარმაცებთ, რადგან პირადად მე არ დავიზარებ თქვენს დასჯას. აბა, ახლა საქმეს შეუდექით!
მისტერ კრილი მომიახლოვდა და მითხრა, რომ თუ მე დიდი ხელოვანი ვარ კბენაში, ისიც დიდი ხელოვანია. შემდეგ ასწია თავისი ჯოხი და განაგრძო:
_ როგორ მოგწონს ეს ჯოხი? ჰა? კარგი კბილები აქვს? ჰა? გიკბინა? ჰა?
ყველა ამ კითხვას თან ჯოხის დაკვრა მოსდევდა, ისე რომ ძლიერი ტკივილისაგან ვიკრუნჩხებოდი და ვიკაკვებოდი. ამრიგად, სტირფორდის სიტყვით, ერთ წუთში ჩავყურყუმელავდი სალემის სასწავლებლის წესებში და ჩემსავე ცრელმებში ჩავიხრჩვე.
მგონია, არავინ არ პოულობდა ისეთ სიამოვნება თავის პროფესიაში, როგორც მისტერ კრიკლი. იგი განსაკუთრებულ მიმზიდველობას გრძნობდა ჯანსაღ ბავშვებისადმი, და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის ხელები ექავებოდა, როცა ლოყაწითელი ბავშვი უახლოვდებოდა. მას არა ჰქონდა არავითარი ნიჭი, არავითარი პედაგოგიური ცოდნა და ყველა მეციერებაში სრული უვიცი იყო.
აი ვზივარ ჩემს მაგიდასთან და თრთოლვით თვალს ვადევნებ მისი მრისხანე თვალების მიმართულებას; მან ეს-ეს არის სახაზავით სცემა ბავშვს, არითმეტიკის რვეულის გასინჯვის შემდეგ, და ეს ბიჭი ცდილობს, დაიამოს მწვავე ტკივილი იმით, რომ ცხვირსახოცით ისრესს ხელისგულს. მისტერ კრიკლის თვალები მიზიდავენ უცნაური ძალით. ჩემს უკან მგდომი ბავშვებიც ამგვარსავე დაკვირვებას აწარმოებენ. მისტერ კრიკლმა ძალიან კარგად იცის ეს, თუმცა ისეთნაირად იქცევა, თითქოს არაფერს ჰხედავს. აი მისი სახე საძაგლად დაიმანჭა და ალმაცერად გადმოიხედა ჩვენი მხრისკენ. ჩვენ ყველანი თავებს დაბლა, რვეულებზე ვხრით და ყველას გვაკანკალებს. კიდევ წუთი _ და ჩვენ ისევ მას ვუცქერთ. დამნაშავე ბავშვი, რომელმაც ცუდად გამოიყვანა ამოცანა, უახლოვდება მას ძრწოლვით, არეული ნაბიჯით. იგი რაღაცას ბუტბუტებს თავის გასამართლებლად და სიტყვას აძლევს, რომ გამოსწორდება ხვალინდელ დღისათვის. _ პატიება არ არსებობს. მისტერ კრიკლი დასჯის წინ მხიარულად იღმიჭება და ხარხარებს. ჩვენც ვიცინით, ჩვენც, საცოდავი ბავშვები, თუმცა ყველას სიკვდილის ფერი გვადევს და გული საშინლად გვიცემს.
ისევ იმ მაგიდას ვუზივარ ზაფხულის ცხელ საღამოს, რომელიც ოცნებას და სიზარმაცეს ჰგვრის ადამიანს. ბავშვები კრაზანებივით ბზუიან ჩემს გარშემო. უცნაურ დაღლილობას ვგრძნობ ნასადილევს: თავი ტყვიასავით მაქვს დამძიმებული. მზად ვარ ყველაფერი დავთმო, ოღონდ რამდენიმე საათი დამაძინა, მაგრამ არ მძინავს. ჩემი თვალები მისჩერებიან მისტერ კრიკლს და ახალგაზრდა ბუსავით ვახამხამებ. მაინც, ერთი წუთით, ძილი სავსებით მიპყრობს და თავი ზარის ენასავით მიქანავებს. მისტერ კრიკლი მეპარება სახაზავით, მიმიზნებს, სისინებს და წითელი ზოლი ისევ მახალისებს სამეცადინოდ.
გაკვეთილი გათავდა. ჩვენ ეზოში ვართ; მაგრამ თვალებს მოჯადოებულივით იქით ვაცეცებ, სადაც ამ დროს მისტერ კრიკლი მეგულება, თუმცა მისი დანახვა არ შემიძლია. ვიცი, იგი ამწუთში სადილს მიირთმევს, აი ფანჯარა, რომელთანაც დგას მისი სასადილო მაგიდა. თვალს ვერ ვაშორებ ამ ფანჯარას. თუ მისტერ კრიკლმა გამოიხედა ფანჯარაში, თვითეული ბავშვის სახე, გარდა სტირფორდისა, მუდარებისა და თავმდაბლობის გამომეტყველებას იღებს. ერთხელ ტრედელსმა, უუბედურესმა ბავშვმა ქვეყანაზე, თამაშობის დროს ყცაბედად ბურთი მოახვედრა სწორედ ამ ფანჯარას; მოახვედრა და გატეხა. შევძრწუნდი ზარდაცემული, როცა წარმოვდგინე, როგორ დაეცა ბურთი მისტერ კრიკლის მაღალსა და წმინდა არსების თავს.
საბრალო ტრედელსი! ახლაც თვალწინ მიდგას იგი, თავისი ვიწრო შარვლითა და ცისფერი კურტაკით, რომლებიც შემოწუთხული ჰქონდა ხელებსა და ფეხებზე, გერმანული ძეხვებისა ან მრგვალ-მრგვალი კუპატების მაგვარად. წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ყოველდღე სცემდნენ ჯოხით, გარდა ორშაბათისა, როცა სახაზავს ურტყამდნენ ხელისგულზე. ყოველდღე აპირებდა იგი წერილის მიწერას ამის გამო თავის ბიძასთან, და მაინც არასოდეს არ მიუწერია. დადებდა თავის მაგიდაზე, იტირებდა ორი თუ სამი წუთის განმავლობაში და შემდეგ, მოხედვას ვერც კი მოასწრებდი, რომ ხედავ, კიდეც შეუშრია ცრემლები და მხიარული სახით თავის ასპიდის დაფაზე ჩონჩხებსა ხატავს. ჯერ ვერ მივხვდი, რად უყვარდა მას ასე ჩონჩხების ხატვა; მეგონა, მწარე ფიქრებით აღელვებული, ამ სიკვდილის სიმბოლოებში ეძებს თავისი ამქვეყნიური ვაების ბოლოს-მეთქი, მაგრამ მალე დავრწმუნდი, ტრედელსი მხოლოდ იმიტომ ხატავდა ჩონჩხებს, რომ ამგვარი ხატვა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა.
მაგრამ იგი ძალიან კარგი ბიჭი იყო. ეს ტრედელსი ყოველთვის და ყოველგან მკერდით იცავდა ამხანაგებს და არასოდეს არავინ გაუცია; თავისი ხასიათის ამ თვისების გამო ზოგჯერ დიდ უსიამოვნებას ითმენდა ხოლმე.
სტირფორდი განაგრძონდა ჩემს მფარველობას და სასარგებლო მეგობარი იყო ჩემთვის. ვერავინ ბედავდა იმ ბავშვის წყენას, რომელსაც სტირფორდი სწყალობდა. მაგრამ მასაც კი არ შეეძლო ჩემი დაფარვა მისტერ კრიკლისაგან, რომელიც ათასგვარად მსჯიდა თითქმის ყოველდღე. სამაგიეროდ, სტირფირდი მანუგეშებდა ხოლმე ყოველი დასჯის შემდეგ; მადლობას ვუხდიდი მას სულით და გულით და მოთმინებით ვიტანდი ჩემს გაჭირვებას. მაინც, შეძლებისდაგვარად, იგი შეამდგომლობას მიწევდა მისტერ კრიკლის წინაშე, და ამ შემადგომლობის წყალობით ბოლოს გამათავისუფლეს ჩემი დაფისაგან, ზურგზე რომ მეკიდა.
ერთმა შემთხვევითმა გარემოებამ უფრო გააღრმავა მეგობრული ურთიერთობა ჩემსა და სტირფორდს შორის და იმ ზომამდე განამტკიცა იგი, რომ თავი მომქონდა ამ მეგობრობით. ერთხელ როცა ეზოში ვთამაშობდით და სტირფორდმა ლაპარაკი დამიწყო, შემთხვევით მივუთითე რაღაც საგანზე, რომელსაც, ჩემის აზრით, საკვირველი მსგავსება ჰქონდა ამგვარსავე საგანთან `პერეგრინ პიკში~. იმ წუთში სტირფორდმა არაფერი მითხრა, მაგრამ როცა საღამოს საწოლ ოთახში წავედით, მკითხა, ხომ არა გაქვს წიგნიო.
მე ვუპასუხე, რომ არა-მეთქი, და ავუხსენი, რა პირობებში წავიკითხე `პერეგრინ პიკლი~ და სხვა წიგნები.
_ და შენ გახსოვს ყველაფერი? _ მკითხა სტირფორდმა.
_ ძალიან კარაგად მახსოვს, _ ვუპასუხე მე.
_ მაშ ყური დამიგდე, რას გეტყვი, კოპერფილდ: შენ უნდა მიამბო შინაარსი ყველა წიგნსა, რომელიც წაგიკითხავს. საღამოობით დიდხანს არა მძინავს და დილაობითაც ყველაზე ადრე ვიღვიძებ. შენ მიყოლებით მიამბობ ყველა ამ მოთხრობას ერთიმეორის შემდეგ; ეს `ათას ერთი ღამის~ მსგავსად გამოვა.
მე სიამაყე ვიგრძენი ამგვარი წინადადების გამო და იმ საღამოსვე შევუდექით მის სისრულეში მოყვანას.
ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, ოღონდ ხშირად არ მეხალისებოდა მოთხრობის დაწყება, მეტადრე საღამოობით, როცა ძალიან მეძინებოდა. ამ შემთხვევაში ჩემი შრომა მეტად მძიმე იყო, მაგრამ უარის თქმას ვერ ვბედავდი სტირფორდის წყენის შიშით. დილაობითაც დიდი სიამოვნებით ვიძინებდი კიდევ ერთ ან ორ საათს, მაგრამ მეტი გზა არ იყო: ვემორჩილებოდი სტირფორდის მტკიცე ნებას, ვდგებოდი დილაადრიანად და, როგორც შეჰერაზადა, ვიწყებდი გრძელ ამბებს ფანტასტიკური გმირების თავგადასავალზე. მე არ ვიყავი წაგებული: მადლიერი სტირფოდი მიხსნიდა გაკვეთილების გაუგებარ ადგილებს და ხშირად მისწორებდა რვეულებს. ყოველივე ამასთან, სიმართლე უნდა ვთქვა, არავითარი ანგარიშიანობა არ იყო ჩემის მხრივ ამ შემთხვევაში, _ მიყვარდა სტირფორდი, პატივს ვცემდი მას და მისი ქება ჩემთვის უმაღლესი ჯილდო იყო.
დაახლოებით ერთი თვე მოვუნდი `პერეგრინს~ და შემდეგ რამდენიმე თვე, სხვა გმირების თავგადასავალს.
ხანგრძლივი მოთხრობები ღამღამობით, საერთო სიჩუმესა და სინლეში, ხელს უწოყობდა რომანტიკულობისა და ოცნების ნიჭის განვითარებას ჩემში. რასაკვირველია, ამას არ შეეძლო არსებითი სარგებლობის მოტანა ჩემთვის, მაგრამ სამაგიეროდ ყველას ვუყვარდი, და ჩემი, როგორც ნიჭიერი მთხრობელის, სახელი სწრაფად მოედო მთელ სასწავლებელს. მე საერთო ყურადღების საგანი შევიქენი, და ეს უფრო მახალისებდა ჩემი ფანტასტიკური შემოქმედების ასპარეზზე.
საჭირო არ არის იმის მტკიცება, რომ მოწაფეებისაგან იმგვარი სკოლისა, როგორიც გახლდათ სალემის პანსიონი, ძნელი მოსალოდნელი იყო რაიმე წარმატება მეცადინეობაში, და ვფიქრობ, არც მისტერ კრიკლის მოწაფენი გრძნობდნენ მაინცდამაინც განსაკუთრებულ მისწრაფებას მეცნიერებისადმი: როზგი მათ უკარგავდა სწავლის ყოველგვარ ხალისს.
მე იმდენსავე მცემდნენ, რამდენსაც სხვას, თუ მეტად არა, არა ნაკლებად, მაგრამ, თანდაყოლილი თავმოყვარეობის წყალობით და სტირფორდის მაგალითით წაქეზებული, ვცდილობდი, ყველგან, სადაც კი შემეძლო, ამეკრიფა სიბრძნის ნამცეცები. ამ შემთხვევაში, მგონია, მე ერთადერთი გამონაკლისი ვიყავი.
სტირფორდის გარდა, ჩემი ხელმძღვანელი მეცადინეობაში იყო მისტერ მელი, რომელიც ძალიან კარგად მეპყრობოდა. ამისათვის, აქამდის დიდი მადლიერი ვარ მისი. ძალიან მწყინდა, როცა ვხედავდი, რომ სტირფორდი არავითარ პატივს არა სცემდა ამ ადამიანს და არც ერთ შემთხვევას არა ჰკარგავდა, რომ დამცირებნა ან ეწყენინებინა მისთვის. სტირფოდრის მაგალითს სხვა ბავშვებიც აჰყვებოდნენ ხოლმე. ეს ძალიან მაწუხებდა, მით უმეტეს, რომ ერთხელ, გულახდილი ლაპარაკის დროს წამოვროშე სტირფორდთან იმ მოხუცი დედაბრის შესახებ, რომელიც მისტერ მელმა ცემთან ერთად ინახულა თავშესაფარში. რა მექნა! არაფერი არ შემეძლო დამემალა ჩემი მფრაველისაგან. ახლა მეშინოდა, რომ სტირფორდი აქედან გამოიყვანდა მისტერ მელის დამამცირებელ დასკვნას. ჩემი შიში გამართლდა.
ერთხელ ისე მოხდა, რომ მისტერ კრიკლი შეუძლოდ გახდა და თავის ოთახში უნდა დარჩენილიყო მთელი დღე. მთელი სკოლისათვის ამ სასიამოვნო გარემოებამ საშინელი აურზაური გამოიწვია სასწავლო დარბაზში. ყოვლად შეუძლებელი იყო წესიერების აღდგენა ამ ცელქებს შორის. ტყუილად შემოდიოდა კლასში კოჭლი ტუნგე და მთავარ მონაწილეთა სახელებს იწერდა; ბავშვები არ ცხრებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ სასჯელი, სულ ერთია, არ ასცდებოდათ.
საბათი იყო და ამიტომ გაკვეთილები მხოლოდ სადილობამდის გვქონდა, მაგრამ რადგან ეზოში ხმაურობას შეეძლო მისტერ კრიკლი შეეწუხებინა, ჩვენ ყველანი ოთახში შეგვრეკეს და გვიბრზანეს _ გაკვეთილების მომზადებით გაგვერთო თავი. იმ დღეს მისტერ შარპი ჩვეულებისამებრ სადალაქოში მიემგზავრებოდა ხელოვნური თმის დასახუჭუჭებლად. მისი არყოფნის დროს სკოლის მეთვალყურეობა მისტერ მელს მიანდეს. ახლაც თვალწინ მიდგას მისტერ მელი: დაუყრდნია ავადმყოფი თავი გამხმარ ხელებზე, წიგნში იცქირება და თავს ძალას ატანს, როგორმე ჩაატაროს მოსაწყენი გაკვეთილი ამ ჯოჯოხეთურ აურზაურში, რომელსაც შეუძლია თავბრუ დაახვიოს ქვედა პალატის ყველაზე რიხიან ორატორს. სიცილი, ცეკვა, ხარხარი, რახარუხი, წივილი, კივილი ისმის მთელ დარბზაში. ზოგი კატა-თაგვობანას თამაშობს, ზოგი ყირამალა გადადის, ტრიალებს, ზოგნი გარს შემოხვევიან მისტერ მელს. ეღრიჯებიან, დასცინიან მის სიღარიბეს, მის ჩექმებს, ფრაკს. დასცინიან მის დედას, _ ყველაფერს, რასაც კი რაიმე დამოკიდებულება აქვს მასთან.
_ ჩუმად! _ დაიყვირა უეცრად მისტერ მელმა; იგი გასწორდა წელში და წიგნი მაგიდას დაანარცხა. _ რას მიშვრებით? ჩემი გაგიჟება გინდათ? როგორ შეიძლება ასე თავს გასვლა, ბავშვებო?
წიგნი, რომელიც მან დაანარცხა, მე მეკუთვნოდა; ვიდექი გვერდით და თვალს ვადევნებდი მისი თვალების გამომეტყველებას. ბავშცები უეცრად ჩაჩუმდნენ. ბევრის სახეზე შიში გამოიტახა; ზოგს, ალბათ, შერცხვა.
სტირფორდის ადგილი კლასში ოთახის ბოლოში იყო. იგი კედელთან ზურგით მიყუდებული იდგა და ხელები ჯიბეში ჩაეწყო. როცა მისტერ მელმა იმის მხარეს გაიხედა, სტირფორდმა პირი მოკუმა და ოდნავ დაუსტვინა.
_ გაჩუმდით, მისტერ სტირფორდ!
_ თქვენ თვითონ დაჯექით და თქვენი საქმე გააკეთეთ.
თავდაჭერილმა სიცილმა და თანაგრძნობის ჩუმმა ჩურჩულმა მთელ დარბაზს დაურბინა, მაგრამ მისტერ მელი იმ ზომამდე გაფითრდა, რომ სიჩუმე ისევ ჩამოვარდა. ერთმა ბავშვმა, რომელიც წინ გამოვიდა, იმ მიზნით, რომ ყირამალა გადასულიყო ამხანაგების გასართობად, უეცრად გამოიცვალა თავისი აზრი და ისეთი სახე მიიღო, თითქოს კალმის გათლას აპირებდა.
_ თუ თქვენ ფიქრობთ, სტირფორდ, _ უთხრა მისტერ მელმა, _ რომ ვერ ვამჩნევ იმ გავლენას, რომელსაც თქვენს ამხანაგებზე ახდენთ, სცდებით.
ამ სიტყვებთან ერთად მისტერ მელმა, ალბათ უნებურად, ხელი თავზე დამადო.
_ თუ გგონიათ, _ განაგრძო მელმა, _ რომ ვერ ვამჩნევ, როგორ აქეზებთ თქვენ ჩემს წინააღმდეგ, ჩემს მასხარად ასაგდებად თქვენს ამხანაგებს, ძალიან სცდებით, მისტერ სტირფორდ!
_ მე თავს არ ვიწუხებ თქვენზე ფიქროთ, მისტერ მელ, _ უაპსუხა სტირფორდმა გულგრილად, _ ამიტომაც, სერ, არა მგონია, რაშიმე ვცდებოდე.
_ ნუთუ თქვენ, _ განაგრძო მისტერ მელმა და ყუჩები აუთრთოლდა, _ სარგებლობთ ფავორიტის მდგომარეობით და ნებას აძლევთ თავს შეურაცხყოთ ჯენლტმენი…
_ ვინ? სად არის ეს ჯენტლმენი? _ გააწყევტინა სტირფორდმა.
_ გრცხვებოდეს, სტირფორდ! _ გაისმა უეცრად ხმა. _ ეს საძაგლობაა!
ეს ტრედელსი იყო.
მაგრამ მისტერ მელმა გააჩუმა იგი.
_ თუ თქვენ, ვიმეორებ მე, ნებას აძლევთ თქვენს თავს შეურაცხყოფა მიაყენოთ იმ ადამიანს, რომელსაც არა აქვს ბედი ცხოვრებაში, რომელსაც არასოდეს არაფერი არ დაუშავებია თქვენთვის, რომელსაც თქვენ არ უნდა აწყენინოთ მრავალი მიზეზის გამო, რაც კარგად გასაგები უნდა იყოს თქვენი ჭკუის ყმაწვილი კაცისთვის, _ განაგრძობდა მისტერ მელი, _ ასეთი საქციელი, მისტერ სტირფორდ, უგვანო და საძაგელია. თქვენ შეგიძლიათ იდგეთ, ან დაჯდეთ, _ როგორც გენებოთ, სერ! განაგრძეთ, კოპერფილდ!
_ მოითმინე ერთ წუთს, კოპერფილდ! _ მითხრა სტირფორდმა და დარბაზის შუაგულში გამოვიდა. _ აი, რას გეტყვით მისტერ მელ, ერთხელ და სამუდამოდ. თუ თქვენ გაბედეთ და მაკადრებთ საძაგელისა და უგვანოს სახელის წოდება, ამის შემდეგ თქვენ თვითონ უსირცხვილო მათხოვარი ხართ. თქვენ ყოველთვის მათხოვარი იყავით, მაგრამ ამ წუთიდან თქვენ უსირცხვილოც გახდით.
არ ვიცი, მას უნდოდა გაერტყა მისტერ მელისთვის, თუ მისტერ მელს _ მისთვის; შევნიშნე მხოლოდ, რომ მთელი კლასი გაშეშდა, _ ბავშვები გაქვავებულივით ისხდნენ. დარბაზის შუაგულში იდგა მისტერ კრიკლი და მის გვერდით _ ხისფეხა ტუნგე. მის და მისის კრიკლი კარებში იყურებოდნენ, შიშით ზარდაცემულები. მისტერ მელს სახეზე ხელები მიეფარებინა და უძრავად იდგა.
_ მისტერ მელ! _ უთხრა მისტერ კრილლმა და ხელი ჩამოსწია; მისი ჩურჩული, ამ ჯერზე, ისეთი გარკვეული და მკაფიო იყო, რომ ტუნგემ საჭიროდ არ სცნო მისი გამეორება. _ იმედი მაქვს, თავი არ დაგვიწყებიათ?
_ არა, სერ, არა, _ უპასუხა მასწავლებელმა თავის ქნევით და თან ნერვიულად ხელებს ისრესდა, _ არა, მე თავი არ დამვიწყებია, სერ. მე მახსოვს ჩემი თავი, სერ. მე მხოლოდ მინდა, სერ, რომ თქვენც… ოდნავ მაინც… გახსოვდეთ… სერ. დიახ, ეს უკეთესი იქნებოდა თქვენი მხრივ, სერ. შესძლებელია, ამას ბევრი უსიამოვნება აეცდინა ჩემთვის, სერ.
მისტერ კრიკლმა მრისხანედ შეხედა მისტერ მელს, შემდეგ დაეყრდნო ტუნგეს მხარს, ავიდა მერხზე და მაგიდაზე დაჯდა. აქედან დიდხანს უყურებდა ჩაშტერებულით მისტერ მელს, რომელიც განაგრძობდა თავის ქნევას და ხელების ფრვნეტას, შემდეგ მიმართა სტირფორდს და უთხრა:
_ ვინაიდან მათ არ სურთ პასუხის გაცემა, იქნებ თქვენ ამიხსნათ, სერ, რაშია საქმე.
სტირფორდი მედიდურად, ზიზღით უცქერდა თავის მოწინააღმდეგე და დუმდა.
_ დაე, მას თვითონ აგიხსნათ, რაც სურდა ეთქვა, როცა ფავორიტებზე ლაპარაკობდა _ თქვა ბოლოს სტირფორდმა.
_ ფავორიტებზე? _ გაიმეორა მისტერ კრიკლა და შუბრზე ძარღვები სქელი თოკებივით დაებერა, _ ვინ ლაპარაკობდა აქ ფავორტებზე?
_ ეგა, _ უპასუხა სტირფორდმა.
_ მერე, რას გულისხმობდით, სერ, ამ სიტყვებში? _ ჰკითხა კრიკლმა და მრისხანე თვალები მიაპყრო თავის თანაშემწეს.
_ სწორედ იმას, სერ, რაც უნდა იგულისხმებოდეს, _ უპასუხა მისტერ მელმა სუსტი ხმით, _ მე მინდოდა მეთქვა, რომ მოწაფეთაგანს არავის აქვს უფლება ისარგებლოს თავისი, როგორც ფავორიტის მდგომარებით და დამამციროს მე.
_ თქვენ დაგამციროთ! _ წარმოთქვა მისტერ კრიკლმა. _ ო, ვის მნათობო! ნება მიბოძეთ, გკითხოთ, სერ, მიწევთ თუ არა სათანადო ანგარიშს, როცა თქვენ თავს ნებას აძლევთ და ფავორიტებზე მელაპარაკებით მე, სასწავლებლის უფროსს?
_ მე მზადა ვარ გამოვტყდე, სერ, რომ მოურიდებლად მოვიქეცი, _ თქვა მისტერ მელმა. _ მე არ ვიზამდი მაგას, დამშვიდებული რომ ვყოფილიყავი.
აქ სტირფორდი ისევ გამოვიდა სცენაზე და თქვა:
_ მაგან მითხრა კიდევ, რომ უმსგავსო ვარ, რომ საძაგელი და უსინდისო ვარ, და ამიტომ მე მაგას მათხოვარი ვუწოდე. მეც რომ გულდამშვიდებული ვყოფილიყავი, ალბათ, მეც არ ვუწოდებდი ამ სახელს, მაგრა მე ვთქვი _ და ახლაც მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემი საქციელისათვის.
ამ სიტყვებმა, მრცხვენია გამოვტყდე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე; მე ვტკბებოდი ჩემი მეგობრის ორატორული ნიჭით და სრულებით არა ვფიქრობდი მისი სიტყვების შედეგზე. მოწაფეთა შორის გაისმა გუგუნი, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს.
_ მე მიკვირს, სტირფორდ, _ თქვა მისტერ კრიკლმა _ თუმცა კეთილშობილური გულახდილობა დიდად საქებია, _ როგორ გეყოთ გამბედაობა გეწოდებინათ ამგვარი დამამცირებელი სახელი იმ ადამიანისათვის, რომელიც სალემის სასწავლებელში მსახურობს და თავისი შრომისთვის წესიერ გასამრჯელოს იღებს?
სტირფორდმა გაიღიმა.
_ ღიმილი ჩემი სიტყვების პასუხი არ არის, სერ, _ უთხრა მისტერ კრიკლმა, _ მე თქვენგან დაწვრილებით განმარტებას მოველი, სტირფორდ.
თუ მისტერ მელი მე უმნიშვნელო მეჩვენებოდა მშვენიერ ყმაწვილთან შედარებით, არ შემიძლია გამოვთქვა, როგორ არარაობად მეჩვენა თვით მისტერ კრიკლი.
_ დაე, უარი თქვას მაგაზე, _ უპასუხა სტირფორდმა.
_ რაზე თქვას უარი, სტირფორდ?
_ იმაზე, რომ მათხოვარია.
_ მშვენიერია! განა თქვენ გინახავთ როცა იგი მოწყალებას თხოულობდა?
_ თუ თვითონ ეგ არ არის გლახა-მათხოვარი, ყოველ შემთხვევაში, მაგისი უახლოესი ნათესავია, და მგონია, ეს სულ ერთია, _ მიუგო სტირფორდმა.
მან მე შემომხედა. მისტერ მელის ხელი ჯერ კიდევ ჩემს თავზე ედო. მე გავწითლდი და გული გამეწურა. შევხედე მისტერ მელს, _ მისი თვალები უძრავად მიშტერებოდნენ სტირფორდს; იგი ალერსიანად ხელს მისვამდა მხარზე, მაგრამ ცქერით კი მას უცქეროდა.
_ ვინაიდან თქვენ ჩემგან განმარტებას ელით, მისტერ კრიკლ, _ თქვა სტირფორდმა, _ მე ვაცხადებ, რომ დედამისი თავშესაფარშია შეკედლებული ღვთის სამოწყალოდ.
მისტერ მელი ჯერ ისევ მას უცქერდა და თან ჩემს ალერსს განაგრძობდა. ისე მომესმა, თითქოს მან წამჩურჩულა: `სწორედ ამას ველოდი~.
მისტერ კრიკლი წარბშეკრული მიუბრუნდა თავის თანაშემწეს და ძალდატანებული ზრდილობიანობით უთხრა:
_ აბა, ახლა თქვენ ხომ გაიგეთ, რასაც ლაპარაკობს ეს ჯენტლმენი. ხომ არ ინებებთ, მთელი სკოლის წინაშე გაიმართლოთ თავი?
_ არა, სერ, იგი არა ცდება, _ უპასუხა მისტერ მელმა სამარისებურ სიჩუმეში, _ ყველაფერი, რაც მაგან თქვა, მართალია.
_ მაშინ ინებეთ და საჯაროდ გამოაცხადეთ, _ უთხრა მისტერ კრიკლმა, თან თავი ერთ მხარეს გადახარა და თვალები დააბრიალა, _ ვიცოდი თუ არა მე ეს ამბავი?
_ დანამდვილებით არ შემიძლია ვთქვა._ როგორ? რა გნებავთ მაგითი თქვათ?
_ თქვენ იცოდით, სერ, რომ ოჯახური მდგმარეობა არ მქონდა ბრწყინვალე, _ უპასუხა თანაშემწემ. _ თქვენ იცოდით, სერ, რა გარემოებაში ვიყავი, როცა აქ მოვედი, და ისიც იცით, რასაკვირველია, რომ ეს გარემოება არ გამოცვლილა.
_ მაშ თუ საქმე მაგაზე წავიდა, _ უპასუხა მისტერ კრიკლმა და ძარღვები შუბლზე უფრო მეტად დაებერა _ უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ ცდებით. ჩემი პანსიონი თავშესაფარი არ გახლავთ. მისტერ მელ, ჩვენ უნდა გავშორდეთ ერთმანეთს; რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესია.
_ ახლა ყველაზე უკეთესი დროა, _ უპასუხა მისტერ მელმა და ნაბიჯი გადადგა კარებისაკენ.
_ სერ! შესდექით!
_ არა ღირს, მისტერ კრიკლ. გტოვებთ ერთხელ და სამუდამოდ თქვენ და ყველა მოწაფეს. ჯემს სტირფორდ! ყველაზე უკეთესი, რაც შემიძლია გისურვოთ, ის არის, რომ ოდესმე მოინანიოთ თქვენი საქციელი. ახლა კი არ ვისურვებდი თქვენ მეგობრობას და ძალიან მინდა, რომ მეგობრობდეთ იმათ, ვინც მე მიყვარს.
მან ერთხელ კიდევ ალერსიანად გადამისვა მხარზე ხელი შემდეგ ამოიღო მაგიდის უჯრიდან ფლეიტა, რამდენიმე წიგნი, დაუტოვა გასაღები თავის მომავალ მოადგილეს და სკოლიდან გავიდა. მისტერ კრიკლმა ტუნგეს საშუალებით წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მადლობას უხდიდა სტირფორდს სალემის სასწავლებლის დამოუკიდებელი და ღირსეული სახელის დაცვისათვის. ბოლოს ხელი ჩამოართვა სტირფორს და ყველამ სამჯერ `ვაშა~ და იტირა მისტერ მელის გაცილების დროს. ბოლოს მისტერ კრიკლი გავიდა კლასიდან თავის ბინაში, სადაც, უეჭველია, მოისვენა დღიური შრომისაგან ლოგინში ან სოფაზე.
ბავშვები მარტონი დარჩნენ სასწავლო დარბაზში, და მახსოვს, როგორი მოუსვენრობით შევცქეროდით ერთმანეთს. გამარჯვება საბრალო მისტერ მელზე, როგორცა ჩანდა, არავის გაჰხარებია. მე თავს ვაყვედრიდი და ვნანობდი; შიშით შევყურებდი სტირფორდს და ძლივს ვიკავებდი ცრემლებს. სტიფორდი ძალიან გაჯავრებული იყო ტრედელსზე და უთხრა, რომ ამ ჯერზე მას სამართლიანად მოხვდა.
_ ამას არა უშავს რა, რომ მცემეს, _ თქვა საბრალო ბავშვმა, _ ეს გაივლის! მაწუხებს მხოლოდ, რომ მისტერ მელს შეურაცხყოფა მიაყენეს.
_ მერე, ვინ მიაყენა შეურაცხყოფა?
_ ვინა? რასაკვირველია, შენ!
_ განა მე რა ვქენი?
_ როგორ თუ რა? შენ შეურაცხყოფა მიაყენე მას და ადგილი დააკარგვინე.
_ ხომ არა გგონია, რომ მასაც ისეთივე გული აქვს, როგორც შენ, მისტერ ტრედელს? მართალია, მან დაჰკარგა ადგილი, მაგრამ ამისთანა ადგილი ასეთი საუნჯეა ვისთვის? თავისთავად ცხადია, რომ მე წერილს მივწერ სახლში, და მას ფულს მისცემენ.
ამგვარი განზრახვა ჩვენ ყველას მეტად კეთილშობილური გვეჩვენა. ჩვენ ვიცოდით, რომ სტირფორდის დედა _ მდიდარი ქვრივი იყო და არაფერში უარს არ ეუბნებოდა თავის შვილს. ტრედელსი დამარცხებული დარჩა. ჩვენ ცამდის ავიყვანეთ სტირფორდის დიდსულოვნება, მეტადრე, როცა გამოაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა მხოლოდ ჩვენი საერთო სარგებლობისათვის. მისი სიტყვით გამოდიოდა, რომ გი უანგაროდ იქცეოდა და ამასთან ყველას სიკეთე მოუტანა.
_ უნდა გამოვტყდე, რომ იმ ღამეს მისტერ მელის ძველი ფლეიტა არაერთხელ მომეჩვენა თავისი გულსაკლავი ხმით. თავზე საბანი წავიხურე, მაგრამ ფლეიტა მაინც უკრავდა სევდიანად სადრაც შორს, და თას უბედურად ვგრძნობდი.
მაგრამ მალე მთლად დამავიწყდა მისტერ მელი, რადგან სულ სტირფორდზე ვფიქრობდი. მან თავისი სურვილით იკისრა ჩვენთვის გაკვეთილების მიცემა სხვადასხვა საგნებში ახალი მასწავლებლის მოსვლამდის. სტირფორდმა თითქოს ყველაფერი ზეპირად იცოდა და თავისი ლექციების დროს არასოდეს არ იხმარიებდა არც წიგნს, არც რვეულს.
ახალი მასწავლებელი გადმოვიდა ჩვენთან სხვა სკოლიდან. სანამ გი თავისი მოვალეობის ასრულებას შუდგებოდა, ისადილა სასტუმრო ოთახში მისტერ კრიკლთან, სადაც სტირფორდი წარუდგინეს, როგორც მთელი სალემის წარმომადგენელი. სტირფორდმა დიდად გვიქო ახალი მასწავლებელი და თქვა: `განათლებული გოგრის~ პატრონი რომ არის, ეტყობაო.
წლის ამ ნახევარში მხოლოდ ერთი შემთხვევა მოხდა კიდევ, რომელიც განირჩეოდა ყოველდღიურ მოვლენათაგან. იგი აქამდის ჩამრჩა მეხისრებაში და, მრავალ მიზეზთა გამო, არც დამავიყდება.
ერთხელ, ნასადილევს, როცა ჩვენ, უკიდურესობამდე დაქანცულნი, მთლად გამოთაყვანებულები ვისხედით, სასწავლო დარბაზში შემოვიდა კოჭლი ტუნგე და ხმამაღლა განაცხადა:
_ კოპერფილდთან სტუმრები მოვიდნენ.
შემდეგ მან რამდენიმე საჭირო სიტყვა უთხრა მისტერ კრიკლს, რომელმაც, ალბათ, ჰკითხა, ვინ არიან სტუმრებიო, და გადასცა, სად მიეღოთ ისინი. მე მიბრძანეს სხვა კიბით გავსულიყავი და სუფთა საცვლები ჩამეცა, რომ წესიერი სახით ვჩვენებოდი მოსულებს. დავემორჩლე ამ ბრძანებას მთრთოლვარე მღელვარებით, როგორიც არ მიგრძვნია არასოდეს იმ დრომდის. ვინა მკითხულობს? ნუთუ მისტერ და მის მორდსტონი? ან იქნებ დედა? ამ კითხევბით აღელვებული რამდენიმე წუთით შევჩერდი სასტუმრო ოთახის კარებთან და ვერ ვბედავდ მის გაღებას.
შესვლისას ჯერ ვერავინ გავარჩიე; მაგრა როცა ჩემს უკან კარი დაიხურა, მე დავინახე მისტერ პეგოტი და ქამი, ისინი კედელს მიჰყრდნობოდნენ და ქუდებს მიქნევდნენ. ჩვენ მეგობრულად ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი. მე გავიცინე, ისევ გავიცინე და შემდეგ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე ცრემლების მოსაწმენდად.
მისტერ პეგიტიმ, რომელსაც ამ დარბაზობის განმავლობაში პირი არ მოუკუმავს, დიდი თანაგრძნობა გამოიჩინა ჩემი ცრემლებისადმი და ანიშნა ქამს, ლაპარაკი დაეწყო.
_ გამხიარულდით, მასტერ დევი, ღმერთმანი, გამხიარულდით! _ მითხრა ქამმა გულუბრყვილო ღიმილით. _ მერე როგორ გაზრდილხართ, მასტერ დევი, ღმერთმანი!
_ ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ გავიზარდე? _ ვკითხე მე, ცრემლების წმენდით. მე ვტიროდი, არ ვიცი რად, ძველი მეგობრების დანახვაზე თუ მომერია ცრემლები, სხვა არავითარი მიზეზი არ იყო.
_ გაზრდილხართ, მასტერ დევი! _ გაიმეორა ქამმა. _ შეხედე, ძია, განა არ გაზრდილა?
_ რასაკვირველია, გაზრდილა! _ დაადასტურა მისტერ პეგოტიმ.
_ ხომ არ იცით, დედა როგორ არის, მისტერ პეგოტი? _ ვკითხე მე.
_ კარგად არის?
_ ძველებურად, _ მიპასუხა მისტერ პეგოტიმ.
_ როგორ არის ჩემი ძვირფასი პეგოტი?
_ ძველებურად.
_ პატარა ემი, მისის გუმიჯი?
_ ძველებურად, _ იმეორებდა მისტერ პეგოტი.
შედეგ სიჩუმე ჩამოვარდა. ამ დროს მისტერ პეგიტიმ ამოათრია თავისი ჯიბიდან ორი უზარმაზარი ზღვის კიბო, ერთი საშინლად დიდი ცხრაფეხა და დიდი ტილოს პარკი წვრილი კიბოებით. ეს ყველაფერი ხელში გადასცა ქამს.
_ თქვენ, მგონი გიყვარდათ კიბოები, როცა სტუმრად იყავით ჩვენსას, ზღვის პირას. ამიტომ ჩვენ, ესე იგი, ასე რომ, მასტერ დევი… ჩვენც ესენი მოგიტანეთ. მისის გუმიჯმა თვითონ მოხარშა. თვითონ მისის გუმიჯმა მოხარშა… თქვენთვის, მასტერ დევი.
მადლობა გადავუხადე. მისტერ პეგოტიმ შეხედა ქამს, რომელიც ტომარას დასცერებოდა და სრულებით არ ფიქრობდა ბიძამისის დახსნას ამ გაჭირვებული მდგომარეობიდან.
_ ასე და ამგვარად. ესე იგი, ასე, მასტრე დევი! _ მითხრა მისტერ პეგიტიმ. _ დაუბერა მარჯვე ქარმა, და ჩვენც მოვედით ჩვენი პატარა ნავით იარმაუთიდან გრეისვენდში. დამ კი მომწერა, რომ ესე და ესეო, თუ გრეისვენდში მოგიხდეთ წასვლა, შეიარეთ ამა და ამ ალაგას, მასტერ დევისთან, ჩემი მოკითხვა გადაეცით, ყოველივე სიკეთე უსურვეთ და უთხარით, რომ სახლში ყველაფერი ძველებურად არისო. და აი, როცა ჩვენ დავბრუდებით უკან, პატარა ემი მისწერს ჩემს დას, რომ გნახეთ, მასტერ დევი, და რომ თქვენც, ისა, ძველებურად…
მიუხედავად მისტერ პეგოტის ამ მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკისა, ყველაფერს მივხვდი და სულით და გულით გადავუხადე მადლობა. შემდეგ, თუმცა ვგრძნობდი, რომ ვწითლდებოდი, ლაპარაკი ისევ პატარა ემიზე ჩამოვაგდე და იმედი გამოვთქვი, რომ იგი, ალბათ, ძალიან გამოიცვალა მას შემდეგ, რაც მე და ის ერთად ვაგროვებდით ლოკოკინებს და კენჭებს ზღვის ნაპირზე-მეთქი.
_ მაგას რაღა ლაპარაკი უნდა! ის მალე სულ მთლად დიდი ქალი გახდება, _ მითხრა მისტერ პეგოტიმ, _ აი, ამასა ჰკითხეთ!
ესე იგი ქამს, რომელიც მთლად ბრწყინავდა სიამოვნებისაგან და თავს იქნევდა თანხმობის ნიშნად.
_ რა ლამაზია! _ წამოიძახა მისტერ პეგოტიმ გაბრწყინებულმა.
_ და მერე როგორა სწავლობს! _ დაუმატა ქამმა.
_ როგორ წერს! _ შესძახა მისტერ პეგოტიმ. _ ასოები შავია, როგორც კუპრი, და ისეთი უშველებელი, რო ერთი მილის სიშორეზე ჩანან!
ჩემთვის ნამდვილი ნეტარება იყო, როცა ვხედავდი, როგორი აღტაცებით ლაპარაკობდა მისტერ პეგოტი თავის საყვარელ პატარა გოგონაზე.
ქამი გატაცებული იყო არანაკლებ, ვიდრე ბიძამისი. უეჭველია, კიდევ მრავალ ამბავს გავიგებდი მათგან პატარა ემის შესახებ, სტირფორდს რომ არ დაეშალა თავისი მოულოდნელი შემოსვლით. როცა სტირფორდმა დამინახა კუთხეში მოლაპარაკე ორ უცნობთან, შეწყვიტა სიმღერა და მითხრა:
_ მე არ ვიცოდი, რომ შენ აქა ხარ, კოპერფილდ! მაპატიე, ჩემო კარგო!
სტუმრების მისაღები ოთახი სხვა იყო, სტირფორდმა, მართლაც, არ იცოდა, რომ მე იქ ვიყავი. მას უნდოდა, შეუჩერებლად ჩაეარა ჩვენს გვერდით, მაგრამ არ ვიცი, რატომ, შევაჩერე იგი. შესაძლებელია, მინდოდა დამეტრაბახა ისეთი ამხანაგის ყოლა, როგორიც სტირფორდი იყო, ამ მისთვის ამეხსნა, როგორ მოხდა, რომ მისტერ პეგოტის დავუმეგობრდი. მაგრამ რად მომდის თავში ყოველივე ეს ახლა, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ? ასე იყო თუ ისე, მე ვუთხარი მორცხვად:
_ სტირფორდ, ნუ წახვალ, გეთაყვა. ეს იარმაუთელი მენავეები არიან, ძალიან კარგი ხალხია, ესენი ჩემი გადიის ნათესავები არიან და გრეისვენდიდან მოვიდნენ ჩემს სანახავად.
_ მართლა? _ თქვა სტირფორდმა. _ დიდად მიხარია მათი ნახვა. როგორ არის ტქვენი საქმეები?
მის თავისუფალ მოპყრობაში იყო რაღაცა გამოუთქმელი თვისება, რომელიც წარმოუდგენელი მშვენიერების ელფერსა სდებდა ამ ყმაწვილის მთელ პიროვნებას. არაფერია საკვირველი, რომ მან ერთ წუთში მოხიბლა გულუბრყვილო მენავეთა გულები.
_ როცა წერილსა წერდეთ სახლში, მისტერ პეგოტი, ჩემს მაგივრად მისწერეთ, რომ მისტერ სტირფორდი ყოველთვის უზომო სიკეთით მეპყრობა და, სწორი გითხრათ, არ ვიცი, რას ვიზამდი ამ ადგილას, იგი რომ არ იყოს. _ ვუთხარი მე.
_ სისულელეა! _ თქვა სტირფორდმა ღიმილით. _ თქვენ ნურაფერ მაგას ნუ მისწერთ, _ სრულებით არ არის საჭირო.
_ და თუ მისტერ სტირფორდი წამოვა როდისმე სუფოლკში ან ნორფოლკში, მისტერ პეგოტი, თქვენ ნება უნდა მომცეთ, მოვიყვანო იგი თქვენსას, ზღვის პირზე. რა მშვენიერი პატარა სახლი აქვთ, სტირფორდ, რომ იცოდე! წარმოიდგინე, იგი გემისგან არის გაკეთებული!
_ რას მეუბნები? _ შესძახა სტირფორდმა. _ სახლი გემისაგან _ ეს საკვირველია! ყვლაფრიდანა ჩანს, რომ თქვენ მშვენიერი მეზღვაური ბრძანდებით, _ ცხოვრებითაც კი ნავის სახლში ცხოვრობთ!
_ სწორედ ეგრეც არის, სერ! _ დაუმატა ქამმა და ყურებამდე გააღო პირი, _ მასტერ დევი, ყმაწვილი ჯენტლმენი სრულს ჭეშმარიტებას ბრძანებს. ნამდვილი მეზღვაურია! ჰო! ჰო! რაც მართალია, მართალია!
მისტერ პეგოტი, როგორცა ჩანდა, თავის ძმისწულზე ნაკლებად არ იყო გახარებული ამ თავაზიანი ქათინაურით, თუმცა თავმდაბლობა ხელს უშლიდა თავისი აზრი გამოეთქვა ამ საგანზე.
_ გმადლობთ, სერ, დიდად გმადლობთ, ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, სერ.
_ ყველაზე უკეთეს ადამიანს არ შეუძლია მაგაზე მეტის გაკეთება, მისტერ პეგოტი, _ უპასუხა სტირფორდმა, რომელმაც უკვე ყური მოჰკრა ჩემი სტუმრის გვარს.
_ მადლობას მოგახსენებთ, სერ, _ უპასუხა მისტერ პეგოტიმ და გაჩეჩილი თავი დაიქნია. _ მე არ მრცხვენია გამოვტყდე იმაში, რომ ძალიან მიხარია იმისთანა ჯანტლმენის ქება, როგორც თქვენ ბრძანდებით, სერ. დიდად დავალებუი ვარ თქვენგან ასეთი პატივისცემისათვის, სერ. ჩემი სახლის ნახვა არა ღირს, სერ, რადგან იშვიათი სანახავი შიგ არა არის-რა; მაგრამ მისი კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის, როცა კი თქვენ და მასტერ დევი ისურვებთ მობრძანებას ჩვენსას, იარმაუთში.
ყოველი წინადადების შემდეგ მისტერ პეგოტი აპირებდა სახლში წასვლას, მაგრამ ვერ მიდიოდა.
კარგად იყავით ორივენი. გისურვებთ ბედნიერებას, _ გვითხრა მან ბოლოს და საბოლოოდ ხელი დაავლო თავის ქუდს.
ქამმა გაიმეორა მისი გამოსალმების სიტყვები, და ჩვენ გავშორდით ერთმანეთს, როგორც გულწრფელი მეგობრები.
მთელი იმ საღამოს განმავლობაში მინდოდა ლაპარაკი დამეწყო პატარა ემის შესახებ და ამეწერა მისი მშვენიერება, მაგრამ მისი სახელი ვერ ვახსენე, იმის შიშით, რომ სტირფორდი მასხრად ამიგდებდა. აღელვებული დიდხანს ვფიქრობდი იმის შესახებ, რომ ემილია ნამდვილი ქალი ხდებოდა, როგორც მისტერ პეგოტიმ თქვა; მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ ყოველივე ეს მტკნარი სიცრუეა-მეთქი.
მთელი მოსაკითხი, მისის გუმიჯის გამოცდილი ხელით გამზადებული, ჩუმად გავიტანეთ საწოლ ოთახში და საღამოს დიდებული ვახშამი გავმართეთ. მაგრამ ტრედელსს ბედი არ წყალობდა: საწყალ ბიჭს მეტი მოუვიდა და იმ ღამესვე ავად გახდა. დილით მას გადააყლაპეს ერთი დუჟინი ლურჯი აბები და დაალევინეს უშველებელი დოზა შავი მიქსტურისა, რომელსაც, როგორც სამართლიანად შენიშნა დიმპლა (ამ ბავშვის მამა ექიმი იყო), შეეძლო ცხენის სხეულიც კი შეერყია. ამის შემდეგ საბრალო ყმაწვილმა, რომელმაც გადაჭრით თქვა უარი თავისი ავადმყოფობის მიზეზის ახსნაზე, მიიღო სასჯელი ათი როზგი და ბერძნული ქრესტომათიიდან ექვსი თავი დასაზეპირებლად.
დანარჩენი დრო ამ წლის პირველ ნახევრისა მაგონდება, როგორც დაუსრულებელი ყოველდღიური ბრძოლა და სასწავლებლის ცხოვრების წვრილმანი ზრუნვა. ზაფხულმა სწრაფად გაიარა; დადგა შემოდგომა და მასთან _ ცივი დილები, როცა დაუცხრომელი ზარი ლოგინებიდან გვიწვევდა. კიდევ ორი, სამი კვირა, _ და აი, მოვიდა სუსხიანი, გრძელი და ბნელი ღამეები, როცა იგივე ზარი საწოლ ოთახში გვერეკებოდა. მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრება! საღამოობით სასწავლო დარბაზი მკრთალად არის განათებული და ცუდად გამთბარი, დილაობით იგივე დარბაზი სრულებით არ არის განათებული და სრულებით არ არის გამთბარი, ასე რომ, ჩვენ ყველანი ვკანკალებთ და ვიკრუნჩხებით სიცივისაგან. საუზმეები, სადილები, ვახშმები: ძროხის ხორცი მოხარშული და შემწვარი, ცხვრის ხორცი მოხარშული და შემწვარი, გამხმარი პური მძაღე კარაქით; წიგნები დახეული ფურცლებით, დამტვრეული ასპიდის დაფები, რვეულები ცრემლებით დანამული; სახაზავები, როზგები, კინწისკვრა, თმით თრევა, ცემა, ავდრიანი უქმეები, ქონიანი პუდინგები, ჭუჭყისა და მელნის სუნი…
ძალიან კარგად მახსოვს, რომ ზამთრის არდადეგებმა, რომელიც ჯერ წარმოდგენილი არ მქონდა, როგორც უძრავი წერტილი უსაზღვრო დროთა წრეში, თანდათან დაიწყო მოახლოება და ზრდა. მახსოვს, როგორ ვითვლიდით დროს ჯერ თვეობით, შემდეგ კვირაობით, შემდეგ დღეებით და როგორ დამეუფლა ბოლოს შიში, _ გამიშვებენ კი აქედან დედის და პეგოტის სანახავად-მეთქი? მაგრამ სტირფორდმა დამამშვიდა და მითხრა, რომ სასწავლებლის გამგეობას უკვე გადაწყვეტილი აქვს შენი გაშვებაო. როდისღა? შემდეგ კვირას, ამ კვირას, ზეგ, დღეს, _ და აი ბოლოს, აიღეს ჩემთვის ბილეთი იარმაუთის დილიჟანსის. მივდივარ.

თავი მერვე

არდადეგები. ერთი განაკუთრებით ბედნიერი საღამო

ჯერ კიდევ გათენებამდის მივედით იარმაუთში. ძალიან ციოდა, ასე რომ, ვერ გამათბო ცხელმა ჩაიმაც კი, რომელიც ბუხრის წინ მოეწყოთ, პატარა მაგიდაზე. მით უფრო დიდი სიამოვნებით ჩავწექი ლოგინში, წავიხურე საბანი და ტკბილად დავიძინე.
მისტერ ბარკისი დილის ცხრა საათზე უნდა მოსულიყო ჩემს წასაყვანად. სწორედ რვა საათზე ავდექი და მოვემზადე დროზე დასახვედრად. ხანმოკლე დასვენების გამო ოდნავ თავბრუმეხვეოდა. მისტერ ბარკისმა ისე შემხვდა თითქოს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ ხუთ წუთზე მეტს არ გაევლო.
როცა მე და ჩემი ჩემოდანი ეტლში მოვთავსდით, მეეტლე კოფოზე დაჯდა, ზანტი ჯაგლაგი დაიძრა ადგილიდან და თავისი ჩვეულებრივი ნაბიჯით წაჩანჩალდა.
_ თქვენ მშვენივრად გამოიყურებით, მისტერ ბარკის! _ ვუთხარი მე, რომ მესიამოვნებინა მისთვის.
მისტერ ბარკისმა მოისვა ლოყაზე სახელო და შემდეგ დახედა, თითქოს ზედ უნდა დაენახა თავისი აყვავებული ჯანმრთელობის ანაბეჭდი; მაგრამ მას კრინტიც არ დაუძრავს ჩემი კომპლიმენტის საპასუხოდ.
_ მე შევასრულე თქვენი დავალება, მისტერ ბარკის. მოვწერე პეგოტის.
_ ეჰ!
როგორცა ჩანდა, მისტერ ბარკისი ვერ იყო გუნებაზე, და ეს პასუხი ძალიან მკვახედ გამცა.
_ იქნებ ისე არ მივწერე, მისტერ ბარკის, როგორც თქვენ გსურდათ?
_ ჰა?
_ მე თქვენი დავალების შესახებ ვაბობ, მისტერ ბარკის.
_ არა, ალბათ ისე მისწერეთ, მაგრამ რა გამოვიდა? _ მიპასუხა მეეტლემ უგულოდ.
_ არა გამოვიდა რა, მისტერ ბარკის?
_ არც სალამი, არც პასუხი.
_ განა რაიმე პასუხი იყო საჭირო, მისტერ ბარკის? _ ვკითხე და ფართოდ დავაღე თვალები. _ მაშ არ იყო საჭირო? რახან ვაჟკაცი ამბობს, რომ წინადადებას აძლევს, იგი პაუსუხს ელის.
_ განა თქვენ ელაპარაკეთ მას, მისტერ ბარკის?
_ ა-რ-რ-ა-ა, _ წაიბურტყუნა მისტერ მისტერ ბარტკისმა ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ, _ მე ერთი სიტყვაც არ მითქვამს მისთვის. სრულებით არც ვაპირებ მასთან ამაზე ლაპარაკს. რა აზრი აქვს?
_ ხომ არ გინდათ, მისტერ ბარკის, რომ მე ვუთხრა თქვენს მაგივრად?
_ კარგი, თუ გსურთ, _ მიპასუხა მისტერ ბარკისმა და თავჩაღუნულმა შემომხედა. _ უთხარით, რომ ბარკისი პასუხს ელის. რა ჰქვია მას?
_ პეგოტი, მისტერ ბარკის.
_ ეს ხომ მისი გვარია?
_ დიახ, ეს მისი გვარია, მისტერ ბარკის.
_ რა ჰქვია მას, ესე იგი, რა არის მისი სახელი?
_ კლარა.
_ მართლა?..
როგორცა ჩანდა, მისტერ ბარკისმა ამ გარემოებაში იპოვა დაუშრეტელი წყარო ფიქრისთვის. რამდენიმე ხნის განმავლობაში იგი ჩუმად იჯდა და მხოლოდ უსტვენდა დროგამოშვებთ.
_ აბა! _ თქვა. მან ბოლოს. _ მაშ თქვენ ასე ეტყვით: `პეგოტი, ბარკისი პასუხს ელის~. _ `განა რასა მწერდით?~ _ `ბარკისი წინადადებას გაძლევთ~.
ამ შესანიშნავი სიტყვით დამთავრების შემდეგ ბარკისმა ხელი მკრა გვერდში. შემდეგ მან ისევ ჩაჰკიდა თავი და აღარ დაბრუნებია ამ საინტერესო საგანს; მხოლოდ ნახევარი სათის შემდეგ ამოიღო ჯიბიდან ცარცის ნაჭერი და თავისი ეტლის კოფოზე დაწერა, უეჭველია, სახსოვრად: `კლარა პეგოტი~.
რა უცნაურმა გრძნობამ ამიტანა, როცა მივუახლოვდი სახლს რომელიც ახლა ჩემი აღარ იყო, და სადაც იმავე დროს ყოველ საგანს შეეძლო მოეგონებინა ჩემთვის უწინდელი, ბედნიერი დრო, რომელიც გაჰქრა სიზმარივით. დრო, როცა მე დედა და პეგოტი მარტონი ვცხოვრობდით და არავინ ერეოდა ჩვენს ოჯახურ საქმეებში, თვალწინ მედგა და გამოუთქმელი სევდით მივსებდა გულს. რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდით ბლორდესტონს, მით უფრო მეტად მერეოდა სევდა. ბოლოს ჩემმა ნაღველმა იქამდის მიაღწია, მზად ვიყავი ისევ სალემის სასწავლებელში დავბრუნებულიყავ, სტირდფორთან. მაგრამ უკვე გვიან იყო, აი ისინი, აი ბლონდერსტონის ჭილყვავები. ვხედავ მათ გაჩეჩილ ბუდეებს ტიტველა ბებერ თელაზე და მესმის ქარის ზუზუნი ჩვენს ბაღში.
ჩვენ მოვედით. მე მივდიოდი სახლისკენ ნაცნობი ბილიკით და თან ფანჯრებს ვუცქეროდი, სადაც ყოველ წუთში მოველოდი მისტერ და მის მორდსტონების დანახვას. ნელი და გაუბედავი ნაბიჯით მივუახლოვდუ სახლს, გავაღე კარი და შევედი.
აჰ, რამდენი სახეები და ხმები, დაკავშირებული ჩემს ბავშვობასთან, გააღვიძა ჩემში დედაჩემის ხმამ! იგი მღეროდა სევდიანად და ნაზად. მომეჩვენა, თითქოს ოდესღაც მე ვესვენე მის ხელზე და იგი მე მიმღეროდა ამ სიმღერას, დახრილი, ჩემს აკვანთან.
იმ ჩაფიქრებული გამომეტყველების მიხედვით, რომლითაც იგი მღეროდა, გადავწყვიტე, რომ დედა მარტო უნდა ყოფილიყო, და ჩუმად შევედი ოთახში. დედა ბუხართან იჯდა და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, რომელიც შეუგნებლად იწვდიდა თავის პაწაწინა ხელს მისი ყელისკენ. დედის თვალები მისჩერებოდნენ ბავშვის სახეს.
_ დედილო!
დედამ მაკოცა კიდევ და კიდევ და ხელი მომხვია ყელზე. ამ დროს ოთახში შემოვარდა პეგოტ, ჩაგვივარდა ფეხებში და მეოთხედი საათს განმავლობაში გიჟივით იყო სიხარულისან.
თურმე არ მელოდნენ ასე მალე, რადგან მეეტლე ჩვეულებრივზე გაცილებით ადრე მოვიდა. ისიც გამოირკვა, რომ მის და მისტერ მორდსტონები სადღაც იყვნენ წასულნი სტუმრად და საღამომდის არ დაბრუნდებოდნენ შინ. სრულებით არ მოველოდით ასეთ ბედნიერ გარემოებას, _ მეგონა, ეს უცხო ხალხი არასოდეს, ერთი წუთითაც აღარ დაგვანებებდა თავს. იმ წამშივე ვიგრძენი, რომ ძველი, ბედნიერი დრო დაგვიბრუნდა.
ვისადილეთ პატარა მაგიდაზე, ბუხრის წინ. პეგოტის უნდოდა მოგვმსახურებოდა, მაგრამ დედამ არ დაანება და ძალით დასვა სუფრასთან ჩვენთან ერთად.
სადილის დროს დავიწყე პეგოტისთან ლაპარაკი ბარკისის დავალების შესახებ, მაგრამ ორი სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი, რომ პეგოტიმ აიფარა სახეზე წინსაფარი და სიცილი მორთო.
_ პეგოტი, _ უთხრა დედამ. _ რაშია საქმე?
_ აი სეირი! _ დაიწყო პეგოტიმ. _ წარმოიდგინეთ, მას ჩემი ცოლად შერთვა უნდა!
_ ბარკისი, მგონია, კარგი ადამიანია, და ეს თქვენთვის შესაფერისი შემთხვევაა, _ უპასუხა დედამ.
_ აჰ, არ ვიცი! ნუ მკითხავთ! არ გავთხოვდები მასზე, მთლად რომ ოქროსი იყოს; არავიზე არ გავთხოვდები!
_ მაშ რატომ არ ეტყვით უარს?
_ მას ვუთხრა? _ შესძახა პეგოტიმ. _ თვითონ ერთ სიტყვასაც არ მეუბნება მაგის შესახებ. ერთი ხმა ამოიღოს, ვაჩვენებ სეირს!
დედა იღიმებოდა, სანამ პეგოტი უცქეროდა მას, მაგრამ შევნიშნე, რომ დედა დაღუნდა და ჩაფიქრდა. პირველ შეხედვაზე გამაკვირვა დედაში საოცარმა ცვლილებამ. მისი მშვენერი სახე, ძველებურად, სევდისა და მწუხარების ნიშანს ატარებდა; ნაზი და თეთრი ხელების კანი მთლად გახდომოდა, მაგრამ ყველაზე მეტად გამაოცა დედაში უკიდურესობამდე გაუბედავმა და შემკრთალმა მოქცევამ.
დედამ გაიწოდა ხელი, დაადო, იგი თავის ერთგულ მოახლეს მხარზე და უთხრა:
_ მაშ თქვენ არ აპირებთ გათხოვებას, ჩემო კარგო პეგოტი?
_ მე? გათხოვება? _ შესძახა პეგოტიმ და თვალები ფართოდ გაახილა. _ არა, არ ვაპირებ._ გათხოვდებით, რასაკვირველია, მხოლოდ ახლა არა, პეგოტი!
_ არასოდეს!
დედამ ხელი მოჰკიდა და უთხრა:
_ ნუ დამანებებთ თავს, ჩემო კარგო პეგოტი! თქვენ იქნებ დიდი ხანი აღარ მოგიხდეთ ჩემთან ცხოვრება. რა მეშველება უთქვენოდ?
_ მე დაგანებებთ თავს? _ შესძახა პეგოტიმ. _ მთლად რომ თავიდან ფეხებამდე ოქროსა და მარგალიტში ჩამსვან, მაშინაც არ გაგშორდებით. არასოდეს! არაფრის გულისათვის! როგორ მოგივიდათ, ერთი მიბრძანეთ, ასეთი აზრი თქვენ პატარა თავში?
ჩვენ მივუსხედით ბუხარს და მშვენივრად ვიმუსაიფეთ. დაწვრილებით ვუამბე მისტერ კრიკლის მრისხანე მოპყრობის შესახებ, და ორივემ სულით და გულით შემიბრალეს. ვუამბე, როგორი მშვენიერი ყმაწვილია სტირფორდი და როგორ მესარჩლება მე. პეგოტიმ განაცხადა, რომ მზად არის ფეხით გაიაროს ასი მილი ამ ჯენტლმენის სანახავად. ხელში ავიყვანე ბავშვი, როცა მან გაიღვიძა, და ნაზად ვუალერსებდი. როცა ბავშვმა ისევ დაიძინა, ნელა მივუახლოვდი დედას, როგორც უწინდელ დროს, მოვხვიე ხელები მის წელს და ჩემი გახურებული ლოყა მივადე მხარზე. მე ბედნიერი ვიყავი!
როცა ამგვარად ვიჯექი ბუხართან და ვუცქეროდი სხვადასხვა სახეებს ცეცხლის ალში, ისე მეჩვენა, თითქოს არასოდეს არ წავსულიყავი მშობლიური სახლიდან და თითქოს მისტერ და მის მორდსტონები მხოლოდ ფანტასტიკური სახეები იყვნენ, რომელნიც გაქრებიან ბუხრის ალთან ერთად.
_ საინტერესოა, _ თქვა უეცრად პეგოტიმ, რომელიც ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი გადადიოდა სრულებით მოულოდნელ საგნებზე, _ საინტერესოა, რასა იქმს ახლა მასტერ დევს პაპიდა?
_ აჰ! _ შესძახა დედამ და გამოერკვა თავისი ფიქრებიდან. _ რა სისულელე მოგივიდათ თავში, პეგოტი!
_ სულელური, მე მგონია, აქ არა არის-რა. მხოლოდ მინდოდა გამეგო, როგორ არის იგი ახლა!
_ უცნაური სურვილია, პეგოტი!.. რაღა ახლა მოგივიდათ მაინცდამაინც ეს აზრი? განა სხვა საფიქრებელი არა გაქვთ-რა?
_ სწორე გითხრათ, მეც არ ვიცი, რად მომაგონდა. ჩემს სულელ თავში ზლგჯერ უცნაური აზრები ტრიალებს, და აი ახლა, ყოვლად უმიზეზოდ, მე დამებადა სურვილი გამეგო. სად გაჰქრა მასტერ დევის პაპიდა?
_ ნუთუ თქვენ გინდათ, რომ იგი ისევ გვეწვიოს სტუმრად?
_ სრულებითაც არ მინდა.
_ მაშ რაღა საჭიროა ამგვარ უსიამოვნო საგნებზე ლაპარაკი. მის ბეტსი, უეჭველია, ცხოვრობს განდეგილად თავის სახლში, ზღვის პირას, და მგონია, არასოდეს უღალატებს ამგვარ ცხოვრებას. ყოველ შემთხვევაში, იგი უეჭველია, არასოდეს აღარ შეგვაწუხებს თავსი სტუმრობით.
_ არასოდეს… ალბათ, არასოდეს… მეც ასე ვფიქრობ… დიახ, _ თქვა პეგოტიმ, რომელიც უცნაურ ფიქრებში იყო გართული, _ საინტერესოა, დაუტოვებს თუ არა იგი რაიმე მემკვიდრეობას მისტერ დევის, თავისი სიკვდილის შემდეგ?
_ რას ლაპარაკობთ, პეგოტი! როგორ შეგიძლიათ იფიქროთ ეგ, როდესაც იცით, როგრო ეწყინა დევის დაბადება.
_ დიახ, ახლა კი მით უმეტეს არ აპატიებს.
_ ვითომ რატომაო?
_ თუნდ იმიტომ, რომ ახლა მას ძმაცა ჰყავს, _ უპასუხა პეგოტიმ.
დედამ ტირილი დაიწყო.
_ რა დაგიშავათ ამ უმანკო არსებამ? ვის რას უშლის იგი ამქვეყნად? არა გრცხვენიათ, პეგოტი! ღმერთმანი სჯობია გათხოვდეთ მისტერ ბარკისზე! რატომ არ გინდათ, გათხოვდეთ?
_ იმიტომ, თუ გნებავთ, რომ ეს დიდად ასოამოვნებდა მის მორდსტონს.
_ რა ბოროტი ხართ, პეგოტი! _ უპასუხა დედამ. _ მე ძალიან კარგად მესმის თქვენი გულის პასუხი! თქვენ თვითონ გინდათ ჩაიგდოთ ხელში ყველა გასაღები და იდიასახლისოთ. ასეა თუ არა? და თქვენ სრულებით არ გინდათ, მიიღოთ მხედველობაში, რომ ყოველივე ამას იგი ნათესაური გრძნობითა სჩადის. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მას კეთილი სურვილი აქვს. რატომ არ გიყვართ იგი? რა დაგიშავათ? განა თქვენ არ გაგიგიათ, ათასჯერ უთქვამს, რომ მე, მისი აზრით, მეტისმეტად უდარდელი ვარ და ჯერ კიდევ…
_ ლამაზი, _ დაუმატა პეგოტიმ.
_ მერე რა არის? _ პასუხა დედამ ოდნავი ღიმილით _ რა ჩემი ბრალია, თუ მის მორდსტონი მე ლამაზად მთვლის?
_ არავინ არც ბრალსა გდებთ.
_ რასაკვირველია, არავინ. მას ჰგონია, რომ მე არა მაქვს დიასახლისობის უნარი და დარწმუნებული ვარ, არც სცდება, დიახ, არ სცდება… თქვენ ხომ იცით, რომ მის მორდსტონი ყველაზე გვიან წვება და ყველაზე ადრე დგება? თქვენ იცით, რომ იგი თვითონ დადის საკუჭნაოში, სარდაფში, იქ, სადაც ნახშირია, და იქ… სადაც მე, უეჭველია, არასოდეს არ წავიდოდი. და ნუთუ გინდათ დამარწმუნოთ, რომ მის მორდსტონის ყველა ამ მოქმედებაში არ არის თავგანწირვა?
_ მე არასოდეს არ მითქვამს ეგა, _ უპასუხა პეგოტიმ.
_ სტყუით, სტყუით! რად ამბობთ უარს? და როცა თქვენ, მაგალითად, ლაპარაკობთ მისტერ მორდსტონის კეთილ სურვილებზე და თვალთმაქცობთ, თითქოს არაფრად აფასებთ მათ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხრივ ეს მხოლოდ თვალთმაქცობაა, არ შეიძლება ადამიანი არ აფასებდეს მათ, რადგან ეს მართლა კეთილი სურვილებია. თუ მისტერ მორდსტონი მკაცრად მოექცა აქ ვინმეს… მკაცრად და სასტიკად, _ თქვენ გესმით, პეგოტი, დევისაც უნდა ესმოდეს ეს _ ეს სიმკაცრე წარმოდგება მხოლოდ სიკეთის სურვილიდან ამავე პიროვნებისათვის. მას უყვარს ეს პიროვენება და ვიცი, რომ გულწრფელად სურს სიკეთე ჩვენთვის, ორივესთვის. ის ჩემზე ჭკვიანია, ეს ყველასთვის ცხადია, და რასაკვირველია, გაცილებით ჩემზე უკეთ შეუძლია მსჯელობა ყველა ამ საქმეზე. მაშ როგორ გინდათ? მე სუსტი, ბავშვივით თავქარიანი ვარ… მაშინ როდესაც მისტერ მორდსტონი დინჯი, ენერგიული, მტკიცე ხასიათის კაცია. მერე რამდენ გაჭირვებას იტანს იგი ჩემი გულისთვის მთელი ამ ხნის განმავლობაში! _ განაგრძობდა დედა ცრემლებით, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩამოსდიოდა ნაზ სახეზე. _ ღმერთმანი, პეგოტი, მე მადლობელი უნდა ვიყო მისტერ მორდსტონისა და უნდა ვემორჩილებოდე მას ყველა ჩემი გრძნობითა და აზროვნებით; და თუ ჩემი გული არ მემორჩილება და არა გრძნობს ზოგჯერ ამ მადლობას, ამის გამო ყველაზე უბედური მე ვარ და აღარ ვიცი, რა ვქნა…
პეგოტი ჩუმად იჯდა და შეჰყურებდა ბუხარში ბაღვერდალს.
_ მაშ ასე, პეგოტი! _ უთხრა დედამ და კილო გამოიცვალა. _ შევრიგდეთ, ჩემო კარგო… ღმერთმანი, ჩვენ არ უნდა ვჩხუბობდეთ, მე ვერ ავიტან ამას. თქვენ ჩემი ნამდვილი მეგობარი ხართ, პეგოტი, მე ვიცი ეს, და არვინ მყავს მეგობარი მთელს ქვეყანაზე, თქვენს გარდა. თუ გიწოდებთ თქვენ სულელ, სასაცილო და უსინდისო არსებას, ეს იმას ნიშნავს, პეგოტი, რომ თქვენ ჩემი ნამდვილი მეგობარი ხართ და ყოველთვის იყავით ჩემი გულწრფელი მეგობარი იმ წუთიდან, როცა მისტერ კოპერფილდმა პირველად მომიყვანა ამ სახლში და თქვენ კარებთან დამიხვდით.
პეგოტიმ ბევრი აღარ ახვეწინა დედას და მაშინვე დაამტკიცა მშვიდობიანობის კავშირი იმით, რომ მე გადამკოცნა.
დავლიეთ ჩაი, ახალი ცეცხლი გავაჩაღეთ და სანთლები ავანთეთ. ჩვენ სრული ბედნიერები ვიყავით, და ეს ბედნიერი საღამო, უკანასკნელი ჩემს ბავშვურ ცხოვრებაში არასოდეს არ წარიშლება ჩემი მეხსიერებიდან.
თითქმის ათი საათი იყო, როცა ალაყაფის კარებთან ეტლის ხმა მოისმა. ჩვენ ყველანი ავდექით, და დედამ საჩქაროდ მითხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, წავსულიყავი ლოგინში ჩასაწოლად, რადგან საკმაოდ გვიან იყო და მის და მისტერ მორდსტონები კი ადრე ძილს ურჩევენ ყმაწვილ ხალხსო. ვაკოცე დედას და სანთლით ხელში წავედი ზევით, ჩემს საწოლ ოთახში. და-ძმა ჯერ არ შემოსულიყო ოთახში.
მეორე დღეს დილით გულისძგერით ჩავდიოდი საუზმისათვის სასადილოში. მე არ მენახა მ-რ მორდსტონი ჩემი საქციელის შემდეგ. ორჯერ-სამჯერ შევჩერდი კიბეზე და ერთხელ ოთახშიც კი დავბრუნდი. ბოლოს ფეხის თითებზე ჩავედი ძირს.
მისტერ მორდსტონი იდგა, ზურგით ბუხრისკენ მიქცეული; მის მორდსტონი ჩაის ამზადებდა. როცა ოთახში შევედი, მ-რ მორდსტონმა შემომხედა დაკვირვებით, მაგრამ არავითარი სალამი არ მოუცია.
წუთიერი არევის შემდეგ მივედი მასთან და ვუთხარი:
_ გთხოვთ, მაპატიოთ, სერ; ვნანობ ჩემს საქციელს და იმედი მაქვს, რომ მაპატიებთ.
_ მოხარული ვარ, დავით, რომ ნანობ, _ მიპასუხა მ-რ მორდსტონმა.
მან გამომიწოდა ხელი, ის ხელი, რომელზედაც ვუკბინე. ერთი წუთით თვალი ვერ მოვაშორე ლაქას, რომელიც ჯერ კიდევ აშკარად აჩნდა ხელზე; ლაქა წითელი იყო, მაგრამ ისეთი წითელი არა, როგორც ჩემი სახე, რომელიც ამენთო, როცა შევხვდი მ-რ მორდსტონ, _ ვუთხარი და მივუახლოვდი.
_ აჰ, ეს შენა ხარ! _ თქვა მან ღრმა ამოოხვრით და შაქრის მაშა გამომიწოდა ხელის მაგივრად. _ რამდენ ხანს გასტანს შენი არდადეგები?
_ ერთ თვეს.
_ რომელ დღიდან?
_ დღევანდელი დღიდან.
_ მაშ ერთი დღით ნაკლები იქნება, _ თქვა მის მორდსტონმა.
მან აიღო კალენდარი და წაშალა ერთი დღე, ამის შემდეგ იგი ყოველდღე ზრუნველობით შლიდა თითო დღეს; ამ მოვალეობას ასრულებდა ჯერ მოღუშული სახით, მაგრამ როცა თვის ბოლოს მიუახლოვდა, გარკვევით გამხიარულდა.
ჩემი მისვლის პირველ დღეს მან საშინელი მღელვარება გამოიარა ჩემს გამო, თუმცა, საზოგადოდ, მის მორდსტონის რკინის ბუნება ასე ადვილად არ აღელდებოდა.
მე შევედი სასტუმრო ოთახში, სადაც ისხდნენ მის მორდსტონი და დედა ბავშვით მუხლებზე. ავიყვანე ბავშვი უდიდესი სიფრთხილით და ალერსი დავუწყე. უეცრად მის მორდსტონმა ისეთი საზარელი კივილი მორთო, რომ კინაღამ ბავშვი ხელიდან გამივარდა.
_ რა დაგემართა, ძვირფასო ჯენი? _ შეჰყვირა დედამ.
_ კლარა! განა თქვენ არ ჰხედავთ?
_ რასა? სად? მე ვერაფერს ვხედავ, ჯენი.
_ მან ხელი დაავლო მას! ბიჭმა ხელი დაავლო ბავშვს! _ შიშით თავზარდაცემული მის მორდსტონი მკვდარივით გაფითრდა; მიუხედავად ამისა, იგი მომვარდა და ხელიდან მომგლიჯა ბავშვი. შემდეგ ისე ცუდად გახდა, რომ იძულებული გახდნენ ალუბლის წვენით შეზავებული სასმელი მიეცათ მისთვის. როცა თანდათან ძალღონე დაუბრუნდა, მივიღე მისგან უსასტიკესი ბრძანება _ არასოდეს, არაფრის გულისთვის და არც ერთ შემთხვევაში არ მივკარებოდი ჩემს პატარა ძმას. დედა, როგორც ჩანდა, სულ სხვა აზრისა იყო ამის შესახებ, მაგრამ დაადასტურა თავისი მულის განკარგულება და თქვა:
_ რასაკვირველია, თქვენ მართალი ხართ, ძვირფასო ჯენი, გმადლობთ.
მოკლედ რომ მოვჭრა, მე არ ვუყვარდი მის მორდსტონს და, მგონია, არავის არ ვუყვარდი ამ სახლში. ვისაც ვუყვარდი, ისინი ვერ ბედავდნენ თავიანთი სიყვარულის გამომჟღავნებას და, ვისაც ვეჯავრებოდი, ისინი ყოველი ფეხის გადადგმაზე აცხადებდნენ თავიანთ სიძულვილს. მე მოვიწყინე, მოვიღუშე, გულჩახვეული გავხდი.
მალე დავრწმუნდი, რომ აქ ყველას თვალში ვეჩხირებოდი. ჩემს გამო მთელი სახლის მყუდროება ირღვეოდა. როგორც კი შევდიოდი იმ ოთახში, სადაც ყველანი იკრიბებოდნენ და ერთმანეთში საუბარი ჰქონდათ, იმწამსვე მღელვარების ჩრდილი დაადგებოდა დედაჩემის სახეს და ჩემს შესვლასთან ერთად ჰკარგავდა მთელს თავის მხიარულებას. თუ მისტერ მორდსტონი მხიარულებისა და ლაპარაკის გუნებაზე იყო, ჩემი შესვლა მას სიტყვას აწყვეტინებდა; მის მორდსტონის მუდმივი მოწყენილობა აშკარად მატულობდა ჩემს დანახვაზე. მესმოდა, რომ დედა მსხვერპლი იყო; იგი ვერ ბედავდა ჩემთან ლაპარაკს, ვერ ბედავდა ჩემს ალერსს, იმის შიშით, რომ ამით შეურაცხყოფა არ მიეყენებინა ქმრისთვის და მისი დისთვის. იგი მუდმივი შიშში იყო ჩემს გამო და შეწუხებული ადევნებდა თვალს ყოველ ჩემს მოძრაობას. ყოველივე ამის გამო გადავწყვიტე მოშორებით ვყოფილიყავი ყველასაგან და ბევრი ზამთრის საათები გავატარე მარტოობაში, ჩემს მოსაწყენ თახში, სადაც პატარა მაზარაში შეხვეული, რაიმე წიგნს ვკითხულობდი.
ხშირად საღამოობით ჩავდიოდი სამზარეულოში და პეგოტის საზოგადოებაში ვატარებდი დროს. აქ ყოფნა მესიამოვნებოდა, თავს თავისუფლად ვგრძნობდი და არ მეშინოდა, გულახდილი ვყოფილიყავი. მაგრამ ამგვარი დროსტარება არაფრად ეამათ სასტუმრო ოთახში და მალე მივიღე ბრძანება, მოუშორებლივ დედის გვერდით ვყოფილიყავი. ჩემი იქ ყოფნა მისი სულის სიმტკიცის გასაწვრთნელი საშუალება უნდა ყოფილიყო, _ სულის სიმტკიცისა, რომეიც, და-ძმის აზრით, ყველაზე მეტად სჭირდებოდა დედას.
ერთხელ ნასადილევს, როცა ჩვეულებისამებრ მინდოდა ოთახიდან გასვლა, მისტერ მორდსტონმა ამგვარი ლაპარაკი დაიწყო:
_ დავით! მე ძალიან მწყინს, მაგრამ უნდა შევნიშნო, რომ ეს რამდენიმე ხანია, ჩვენი საერთო მოლოდინის მიუხედავად, შენ მეტად პირქუში ხდები.
_ იგი დაღვრემილია, როგორც დათვი, _ დაადასტურა მის მორდსტონმა.
უძრავად ვიდექი თავჩაღუნული.
_ მაგრამ შენ უნდა იცოდეს, დავით, _ განაგრძობდა მისტერ მორდსტონი, – რომ კუშტი და მოღუშული ხასიათი ყველაზე უსიამოვნო მოვლენაა ქვეყანაზე. არაფერი არ შეიძლება იყოს მაგგვარი ხასიათისთანა საძაგელი.
_ დავითი ნადვილი ველურია, _ თქვა მის მორდსტონმა. _ ამას არ შეიძლება არა ხედავდეს ადამიანი. უეჭველია, ეს თქვენც შენიშნეთ, კლარა?
_ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სავსებით გესმით დავითის ხასიათი, ძვირფასო ჯენი? – გაუბედავად შენიშნა დედამ.
_ მიკვირს, რომ თქვენ ამას მკითხავთ, კლარა, _ უპასუხა მის მორდსტონმა. _ მე ჩემი თავის შემრცხვებოდა, რომ არ მესმოდეს რომლისაც გინდა ბავშვივით ხასიათი, თქვენი იქნება იგი, თუ სხვისა. მე არ მომაქვს თავი ღრმააზროვან ადამიანად, მაგრამ საღი მსჯელობა, მგონია, შემიძლია.
_ რასაკვირველია, ძვირფასო ჯენი, რასაკვირველია, თქვენი გამჭრიახი გონება…
_ კლარა! _ უთხრა მისტერ მორდსტონმა შთაგონებული კილოთი. _ თუ არა ვცდები, მე და ჩემს დას შენზე მიუდგომლად შეგვიძლია ვიქონიოთ მსჯელობა ამ საგნის შესახებ.
_ რასაკვირველია, ედუარდ, რასაკვირველია, _ უპასუხა დედამ, მისი სიმკაცრით შეშინებულმა, _ შენ საკუთარი მსაჯული ხარ ყველა საკითხში, მე არ ვდავობ. მისს ჯენიც აგრეთვე. მინდოდა მხოლოდ მეთქვა…
_ შენ სისუსტე გამოიჩინე, ჩემო კარგო, დაუშვებელი სისუსტე. გირჩევ, ამის შემდეგ უფრო ფრთხილად იყო და თვალი ადევნო შენს თავს.
დედას აუთრთოლდა ტუჩები, თითქოს უნდოდა ეთქვა:
_ დიახ, ძვირფასო ედუარდ!
მაგრამ არაფერი არა უთქვამს-რა.
_ მე ძალიან მწყინს, დავით, _ განაგრძო მისტერ მორდსტონმა და მომაშტერა თავისი ბოროტი თვალები, _ მე ძალიან მწყინს, როდესაც ვხედავ, რომ შენ გამოგაჩნდა გულჩათხრობული და კუშტი ხასიათი. განვითარება ხასიათისა ამგვარი მიმართულებით, რასაც უშუალოდ ვადევნებ თვალყურს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩემს შეხედულებას, და ჩემს მოვალეობად ვთვლი _ ვიხმარო ყოველი, ჩემგან დამკიდებული ძალ-ღონე, რომ აღმოვფხვრა იგი სათავეშივე. ეცადე გამოსწორდე, დავით! გირჩევ, გამოიცვალო, სანამ დრო კიდევ არის.
_ ბოდიშს ვიხდი, სერ, _ წავილაპარაკე მე. სრულებით არ მინდოდა გულჩათხრობილი ვყოფილიყავი, როცა აქ მოვედი.
_ გთხოვთ, ნუ სტყუით, სერ, ნუ თვალთმაქცობთ! _ დამიყვირა მან ისეთი გაჯავრებული კილოთი, რომ დედამ უნებურად ასწია ხელი, თითქოს უნდოდა დავეფარე მისგან. _ შენ მუდამ შენს ოთახში მიდიხარ, შენ ყველასაგან იმალები, როგორც უცხვირპირო, რომელსაც ეზარება ხალხის საზოგადოება. იცოდე, ერთხელ და სამუდამოდ, რომ შენი ადგილი აქ არის, და არა იქ, და რომ მე მოვითხოვ შენს მუდამ აქ ყოფნას. შემდეგ, მე მოვითხოვ შენგან სრულს მორჩილებას. ჩემი მოთხოვნილება უნდა შესრულებული იქნას. შენ მე მიცნობ, დავით.
მის მორდსტონმა გაიცინა ხრინწიანი ხმით.
_ მე მსურს და მოვითხოვ, _ განაგრძო მისტერ მრდსტონმა, _ რომ შენ სათანადო პატივისცემით და ყურადღებით მექცეოდა მე, ჯენი მორდსტონს და დედაშენს. ნებას არ მოგცემთ, რომ შენ სულელური, ბავშვური ჟინიანობით უფრთხოდე ამ ოთახს, როგორც ჭირიანს. დაჯექი!
მან მიბრძანა, როგორც ძაღლს, და მეც ძაღლივით დავემორჩილე.
_ მივაქცევ შენს ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებას, დავით. მე შევნიშნე შენში სიყვარული დაბალ და ვულგარულ საზოგადოებისადმი. შენ არაფერი არა გაქვს-რა და არც უნდა გქონდეს საერთო შინამოსამსახურეებთან. იმ დედაკაცის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს შენს სურვილებს, მე არაფერს ვიტყვი, რადგან შენც, კლარა, _ განაგრძობდა მისტერ მორდსტონი, და დედას მიმართა, _ შენი ძველი, ფანტასტიკური ჩვეულების გამო, იჩენ მისდამი უცნაურ სიყვარულს, ყოვლად დაუშვებელს შენთვის, როგორც დედისა და მეუღლისათვის. ეს სისუსტე, საუბედუროდ, მეტად ღრმად გაქვს გამჯდარი.
_ წარმოუდგენელი, ყოვლად დაუშვებელი დაბრმავება! შესძახა მის მორდსტონმა.
_ მე ვიტყვი მხოლოდ, _ განაგრძო მისტერ მორდსტონმა და ისევ მე მომმართა, _ რომ არ მომწონს შენი სიყვარული დაბალ საზოგადოებისადმი და ერთხელ და სამუდამოდ თავი უნდა დაანებო მის პეგოტის. ახლა, დავით, შენ გაიგე ჩემი სურვილი! შენთვის მომინდვია მსჯელობა იმაზე, თუ რა შედეგი მოჰყვება ურჩობას, თუ ჩემს სურვილსა და ნებას არ აასრულებ.
ძალიან კარგად ვიცოდი და ვხედავდი ამ შედეგებს, იქნებ უფრო უკეთესად, ვიდრე თვითონ ის, საბრალო დედაჩემის მაგალითზე, და მის ნებასა და ბრძანებას ზედმიწევნით ვასრულებდი. აღარ მივდიოდი ჩემს ოთახში და აღარ ჩავდიოდი საღამოობით სამზარეულოში, პეგოტისთან; მაგრამ სასტუმრო ოთახში ვიჯექი სევდიანი, მოწყენილი, ნაღვლიანი, მთელი დღის განმავლობაში, მოუთმენლად ველოდი ღამეს და ჩემს საწოლ ოთახში წასვლის ნებართვას.
ვერ ვბედავდი ხელის ან ფეხის განძრევას იმის შიშით, რომ არ შემეწუხებინა მის მორდსტონი, რომელიც მზად იყო ესარგებლა ყოველი შემთხვევით, რომ უწესობაში დავეჭირე. რა საშინელი წამება იყო ამგვარი ჯდომა ხმისამოუღებლად და კედლის საათის წიკწიკის სმენა!
ვიჯექი და ვფიქრობდი… ბევრ რამეზე ვფიქრობდი. უსაქმობისაგან ვთვლიდი მის მორდსტონის პაწაწა ფოლადის მძივებს და უსაქმურობისგანვე ვცდილობდი, გადამეჭრა საკითხი; მალე გათხოვდება თუ არა ეს ქალი? და ვისზე? ვინ იქნება ის უბედური ადამიანი? უსაქმურობისაგან მეასედ ვსინჯავდი სახეებს კედლის შპალერზე.
რამდენჯერ მიხეტიალია ჩვენი უბნის ტალახიან მიხვეულ-მოხვეულებში და ყველგან წარმოდგენა თან მდევდა ჩვენი სევდიანი სასტუმრო ოთახი, ყოველთვის დანავსული მის და მისტერ მორდსტონების სახეებით, ამ მაჯლაჯუნებით, რომელთაგანაც ვერც ერთი წუთით ვერ გამეთავისუფებინა თავი!
როგორი სევდით ვუჯექი სასადილო მაგიდას, როცა ინსტიქტურად ვგრძნობდი, რომ მე აქ ზედმეტი, არავისთვის საჭირო არ ვიყავი! მეტი იყო ჩემი თეფში, მეტი იყო სკამი, რომელზედაც ვიჯექი, და ჩემი გულისთვის მეტი კერძი მოჰქონდათ!
რამდენი მოსაწყენი და დაუსრულებელი საღამო გამიტარებია რაიმე თავსამტვრევი არითმეტიკული ამოცანის ამოხსნაში1
და გამომყავდა ჩემი არითმეტიკული ამოცანები, მოწყენილი ვამთქნარებდი, ვთვლემდი, ხშრად შევხტებოდი ხოლმე ძმისა და ან დის მკაცრ დაძახებაზე. იშვიათად ვიღებდი მონაწილეობას საზოგადო საუბრებში და არასოდეს არ მიმიღია პასუხი ჩემს რაიმე კითხვაზე. ზანტად და ნელა მიიზლაზნებოდა დრო ცხრა საათამდე; მაგრამ აქ კი, საათის ზარის პირველ დარეკვასთან ერთად, ჩემს ყურში ისმოდა მის მორდსტონის ბოხი ხმა, რომელიც მეუბნებოდა:
_ წადი, დაიძინე!
გაიარა მთელმა არდადეგებმა და ბოლოს დადგა დილა, როცა მის მორდსტონმა თქვა:
_ აი, უკანასკნელი დღეც დადგა!
და ამ სიტყვებთან ერთად მომაწოდა უკანასკნელი ფინჯანი ჩაი.
ახლა სრულებით არ მენანებოდა წასვლა და დედაჩემის სახლის მოშორება. ჯერ კი რაღაც ბურანში ვიყავი, მაგრამ მალე მოვედი გონს და თვალწინ წარმომიდგა სტირფორდის მანუგეშებელი სახე, რომელსაც ნაწილობრვ ჩრდილავდა მისტერ კრიკლის მკაცრი პიროვნება. აი, ისევ მოვიდა ალაყაფის კარებთან მისტერ ბარკისი, დედა ისევ დაიხარა ჩემს მოსახვევნად და საკოცნელად, მაგრამ… ისევ და ისევ გაისმა მის მორდსტონის გამაფრთხილებელი ხმა:
_ კლარა1
მიუხედავად ამისა, მაინც ვაკოცე დედას, ჩემს პატარა ძმას და გული დამიმძიმდა. მაგრამ მე სევდას ის კი არ მგვრიდა, რომ მივდიოდი, არამედ ის, რომ ჩვენს შორის იყო უფსკრული, რომელიც დღითი დღე უფრო ღრმავდებოდა. დედამ განშორებისას მაკოცა, მაგრამ მე არც ის მახსოვს, თუმცა ძალიან ნაზად და მხურვალედ მეამბორა, არამედ მაგონდება ის, რაც მაშინ განიცადა.

თავი მეცხრე

ჩემი დაბადების სამახსოვრო დღე

გვერდს ვუხვევ ყველა იმას, რაც თავს გადამხდა პანსიონში მარტამდის, როდესაც ჩვეულებისამებრ, ჩემი დაბადების დღე უნდა მედღესასწაულა. წლის დამლევს, თუ თუ უფრო ადრეც, სტირფორდი სახლში უნდა დაბრუნებულიყო. ამის გამო იგი უწინდელზე უფრო მხიარული, გონებამახვილი და დამოუკიდებელი მეჩვენებოდა. მეტი არა მახსოვს-რა. ჩემი ცხოვრების დიდმა ამბავმა, რომლის გამო ეს ხანა სამუდამოდ ჩამრჩა გულში, შთანთქა ყევლა სხვა, წვრილმანი თავგადასავალი სკოლის ცხოვრებისა, და მხოლოდ იგი, ერთი, ცოცხლად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.
ვერც კი წარმმიდგენია კარგად, რომ სალემის სასწავლებელში დაბრუნების დროიდან ჩემი დაბადების ღირსსახსოვარ დღემდე მართლაც მთელმა ორმა თვემ განვლო.
რა კარგად მახსოვს თვით დარი იმ დღეს! აქამდის ვგრძნობ ნისლის სურნელს, სქელ ზეწრად რომ ეფინებოდა ირგვლივ ყველაფერს; ვხედავ ჭაღარა თრთვილით შეთეთრებულ შენობების სახურავებს და ხის ტოტებს. ბავშვები მოკრუნჩხულან სიცივისაგან, კბილებს აკაწკაწებენ, თითებს უბერავენ და ფეხებს ატყაპუნებენ ცივ იატაკზე. მეც ვკანკალებ და ვძაგძაგებ მათთან ერთად.
საუზმის შემდეგ ყველა ბავშვი სასწავლო დაბაზში შეიკრიბა; მისტერ შარპი შემოვიდა ჩვენთან და თქვა:
_ დავით კოპერფილდს კითხულობენ. სასტუმროში წადით.
მე წერილსა და ამანათს მოველოდი პეგოტისგან და ამიტომ ამ ბრძანებამ ძალიან გამახარა. დავტოვე ჩემი ადგილი და გავიქეცი.
_ ნუ გეჩქარებათ, დავით, _ მითხრა მისტერ შარპმა, _ ჯერ კიდევ მოესწრებით, ჩემო კარგო, ნუ გეჩქარებათ.
ამ თანაგრძნობის კილოს, ეს სიტყვები იყო წარმოთქმული, რასაკვირველია, უნდა გავეკვირვებინე, ერთი წუთით რომ შევჩერებულიყავი და მისტერ შარპისთვის შემეხედნა; მაგრამ არავის და არაფერს არ ვაქცევდი ყურადღებას. მივირბინე სასტუმრო ოთახამდის და დავინახე სალემის სასწავლებლის პატრონი, თავისი ოჯახობით. მისტერ კრიკლს ხელში გახსნილი წერილი ეჭირა. ისინი საუზმობდნენ. არსად არ ჩანდა კალათა ტკბილეულებით, რომელიც ჩემთვის უნდა გამოეგზავნათ.
_ დავით კოპერფილდ, _ მითხრა მისის კრიკლმა, _ უნდა მოგელაპარაკო, ჩემო კარგო, დაჯექი აქ და ყური დამიგდე.
მისტერ კრიკლმა, რომელსაც გაუბედავად შევხედე, თავი დაიქნია, მაგრამ არაფერი უთქვამს.
_ შენ ჯერ ძალიან ყმაწვილი ხარ, ჩემო კარგო, _ მითხრა მისის კრიკლმა, _ და, რასაკვირველია, არ იცი, რომ ამქვეყნად ყველაფერი იცვლება. მაგრამ ჩვენ ყველას, დავით, გვიწერია ამის გაგება გამოცდილებით და ვერც ერთი ადამიანი ვერ ასცდება ამ საზოგადო ხვედრს.
მე დიდი ყურადღებით ვუსმენდი და ჩემი თვალები ახლა მისის კრიკლს მისჩერებოდნენ.
_ აი რაშია საქმე, ჩემო კარგო, _ განაგრძო მისის კრიკლმა ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ. _ ყველანი კარგად იყვნენ თქვენსას, როცა შენ არდადეგებზე ბლონდერსტონში იყავი?
მე ავკანკალდი უნებურად, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ მითქვამს.
_ ჩემთვის საჭიროა ამის ცოდნა, რადგან აი, დღეს დილით, ჩვენ მივიღეთ ბლონდერსტონიდან ძალიან უსიამოვნო ცნობა. იქიდან იწერებიან, რომ დედაშენი, დავით, ავად არის. ძალიან ავად არის.
ნისლმა დაფარა ჩემგან მისის კრიკლი და ერთი წუთით მეჩვენა, თითქოს იგი ირხეოდა ამ ნისლში. შემდეგ ცხარე ცრემლები სეტყვასავით წამომცვივდა თვალთაგან და ვეღარაფერს ვხედავდი.
_ იწერებიან, რომ იგი ძალიან მძიმე ავადმყოფია, _ განაგრძო მისის კრიკლმა.
ყველაფერს მივხვდი.
_ გარდაიცვალა!
საშინელი კივილი აღმომხდა გულიდან და სრული მარტოობა ვიგრძენი.
მისის კრიკლი ძალიან ალერსიანად მომექცა. მთელი დღე გავატარე სასტუმრო ოტახში, და მხოლოდ რამდენიმე წუთით მტოვებდა მარტო. ვტიროდი ღონის მიხდამდე, და ხანგამოშვებით ძილი უნებურად მიხუჭავდა მისუსტებულ თვალებს; მაგრამ უეცრად, გაღვიძებისას, ისევ ცხარე და უნუგეშო ცრემლებით ვტიროდი. ბოლოს, როცა მოვიტირე, ფიქრებში წავედი და საშინელმა სევდამ ამივსო გული. მეგონა, რომ ჩემს ტანჯვას ბოლო არ ექნებოდა.
იმ საღამოს არავითარ ამბებზე აღარ ვგქონდა ბაასი. როგორც კი დორტუარში შევედი, ტრედელსმა დაჟინებით შემომთავაზა თავისი ბალიში. არ ვიცი, რა უნდა გამოეხატა მას ამით, რადგან მე მქონდა საკუთარი ბალიში, მაგრამ საბრალო ბიჭს ამის მეტი არა ებადა რა, რომ ჩემთვის შემოეთავაზებინა.
მეორე დღეს, საღამოს, საბოლოოდ გამოვეთხოვე სალემის სასწავლებელს. ჩვენ მთელი ღამე ვიარეთ და მხოლოდ დილის ათი საათისთვის მივედით იარმაუტში. ჩვენს ეტლს მოუახლოვდა დაბალი, ჩასუქებული მოხუცი კაცი მხიარული სახით. მას ფართოკიდეებიანი ქუდი ეხურა, გამოწყობილი იყო შავ ფრაკში, აბრეშუმის ჩულქებში და შავ შარვალში, რომელიც შავი ლენტით ჰქონდა შეკრული მუხლებთან. იგი ღიმილით შეჩერდა ეტლის ფანჯარასთან და იკითხა:
_ მასტერ კოპერფილდ?
_ დიახ, სერ.
_ მაშ თუ ასეა, ხომ არ ინებებთ, ახალგაზრდა ჯენტლმენო, გამობრძანებას, _ მითხრა მან და კარი გამოღო. _ მე მექნება ბედნიერება გაგაცილოთ სახლამდე.
ხელი გავუწოდე მას, თუმცა ვერ წარმომედგინა, ვინ უნდა ყოფილიყო. ჩვენ შევუხვიეთ ვიწრო შესახვევში და შევჩერდით კარის წინ, რომლის თავზედაც ეკიდა განცხადება:
`ომერი, მკერავი, მეკუბოვე და თალხების გალანტერიით მოვაჭრე~.
შევედით პატარა სასტუმრო ოთახში დუქნის უკან. აქ სამი ახალგაზრდა ქალი გულმოდგინედ მუშაობდა შავ ნაჭრებზე, რომლებიც მაგიდაზე იყო გაშლილი. მთელი იატაკი მოფენილი იყო ამგვარივე ნაჭრებით და ნაკუწებით. ბუხარში ცეცხლი იყო გაჩაღებული და მთელს ოთახში იდგა რაღაც რაღაც განსაკუთრებული სუნი თბილი კრეპისა, _ უცნაური სუნი, უცნობი ჩემთვის იმ დრომდე.
სამი ყმაწვილი ქალი, როგორცა ჩანდა, მთლად გართული იყო თავის მუშაობით. მათ მხოლოდ ერთი წუთით ასწიეს თავი ჩემს შესვლისას და ისევ ხელსაქმეს დაუბრუნდნენ.
_ აბა, მიდი, _ უთხრა ჩემმა თანამგზავრმა ერთს ამ სამ ქალთაგან. _ როგორ მიდის თქვენი საქმე, ჩემო კარგო?
_ დროზე მოვასწრებთ. ნუ სწუხართ, მამილო, _ უპასუხა მინიმ თავაუღებლივ, მხიარული კილოთი.
_ ხომ არ გნებავთ, რომ მაღაზიაში მობრძანდეთ, მასტერ კოპერფილდ?
ჩვენ შევედით მაღაზიაში. მისტერ ომერმა გაშალა ჩემს წინ შავი ნაჭერი, რომელიც, მისი სიტყვით, შეუდარებელი რამ იყო.
ამის შემდეგ სასტუმრო ოთახში დავბრუნდით. მისტერ ომერმა გააღო გვერდით პატარა კარი და უბრძანა:
_ მოართვით ჩაი და ბუტერბროდები!
რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახში შემოვიდა მოახლე დიდი სინით, რომელზედაც იდგა ჩემთვის მომზადებული საუზმე. ჩუმად ვიჯექი, შევცქეროდი მომუშავე ქალებს და ყურს ვუგდევდი რაღაც უცნაურ კაკუნს ეზოში.
_ ხომ არ იცით, სერ, რა მდგომარეობაშია ჩემი პატარა ძმა?
_ ვკითხე მე.
მისერ ომერმა თავი გააქნია.
_ იგი გულთან ასვენია, _ მიპასუხა მან.
_ საბრალო ბავშვი! ნუთუ ისიც მოკვდა?
_ ამაზე, მე მგონი, თქვენ არაფერი გაქვთ სადარდებელი, _ მიპასუხა მისტერ ომერმა. _ დიახ, სერ, ბავშვი მოკვდა.
ამ სიტყვება გამიცხოველა იარები. საუზმე მივატოვე და მივდე თავი პატარა მაგიდაზე, ოტახის კუთხეში რომ იდგა. მინიმ საჩქაროდ გაათავისუფლა იგი, იმის შიშით, რომ ცრემლებით არ გამეფუჭებინა თალხი ნაჭრები, რომელიც ზედ ელაგა. მინი კეთილი ქალი იყო. იგი ხელს ნაზად მისვამდა თავზე და ცდილობდა, დავემშვიდებინე; მაგრამ მეტად მხიარული იყო და, უეჭველია, უხაროდა, რომ საქმეს ამტავრებდა.
მალე შესვალ კარებს მოადგა რაღაც უცნაური ეტლი შავადა შეღებილი და შავი ცხენით შებმული. ამ ეტლში ჩაალაგეს ჯერ კალათები დამთავრებული საკერავით, შემდეგ ჩამსვეს მე, შემდეგ ჩაჯდა მისტერ ომერი თავისი ქალითა და სასიძოთი. ადგილი ყველასთვის საკმარისი იყო.
არ მახსოვს, რომ ოდესმე თავში მომსვლოდეს იმისთანა საშინელი და უცნაური ფიქრები, როგორც მაშინ, როცა ამ უცნაური ხალხის საზოგადოებაში მოვხვდი. მე, ჯერ კიდევ ყმაწვილი და გამოუცდელი, ვერასგზით ვერ შევგუებოდი, როგორი შეიძლებოდა ასეთი ხელობის ხალხი ასეთ მხიარულ გუნებაზე ყოფილიყო. ეს მგზავრობა მათთვის ნამდვილი გასართობი სეირნობა იყო. მე არ ვჯავრობდი მათზე, მარამ მეშინოდა ამ ხალხისა, თითქოს ისინი ადამიანთა სხვა ჯიშს ეკუთვნოდნენ. ყველანი მეტად მხიარულად იყვნენ.
როცა, ბოლოს, მივუახლოვდით ბლონდერსტონის სახლს, საჩქაროდ ჩამოვხტი ეტლიდან, რომ აღარ დავრჩენილიყავი ამ უცნაურ საზოგადოებაში, ამ სევდიანი ფანჯრების წინ, მძიმედ რომ იყვნენ დახურულნი, _ გარედან _ დარაბებით და შიგნიდან _ ჩამოშვებული ფარდებით. აი, საბრალო დედაჩემის ფანჯარა და მის გვერდით _ მეორე ფანჯარა, იმ ოთახისა, რომელიც ოდესღაც ჩემს საწოლ ოთახად ითვლებოდა.
პეგოტიმ ჩამიხუტა გულში უფრო ადრე, ვიდრე კიბეზე ავიდოდი. ჩემი საბრალო გადია მძიმე და გაუბედავი ნაბიჯით გამომყვა, თითქოს ეშინოდა მიცვალებულის შეწუხებისა. მითხრეს, რომ მას დიდი ხანია, რაც აერა სძინებია. მტელ რამეებს ათევდა და მიცვალებულს ჰყარაულობდა.
_ და არც დავანებებ თავს, ჩემს დაუვიწყარს, სანამ ცივს სამარეს არ მივაბარებთ!
მისტერ მორდსტონმა არავითარი ყურადღება არ მომაქცია, როცა სასტუმრო ოთახში შევედი. იგი იჯდა დიდ სავარძელში ბუხართან და ჩუმად ტიროდა. მის მორდსტონი ფუსფუსებდა საწერ მაგიდასთან, რომელზედაც აუარებელი წერილები და ქარალდები ეყარა. მან გამომიწოდა თავისი ცივი თითები და მკითხა ფოლადისებური ჩურჩულით:
_ აიღეს შენი ზომა?
_ დიახ, ქალბატონო.
_ შენი პერანგები წამოიღე?
_ დიახ, მის მორდსტონ. ყველა ჩემი ნივთი მოვიტანე სახლში.
და მეტი არაფერი. არავითარი ნუგეში აღარ გამიგია ამ ენერგიული ლედისაგან. მის მორდსტონი, უეჭველია, ამაყობდა თავისი სულის სიმტკიცით. როგორცა ჩანდა, არაფერი არ ახდენდა დიდ შთაბეჭდილებას მის მორდსტონის რკინის ბუნებაზე. იმ დღის ბოლომდე, და მეორე დღესაც, ადრიანი დილიდან შუადღემდე, იგი საწერ მაგიდას უჯდა. მისი კალამი საშინლად ფხაჭნიდა ქაღალდს და აღუშფოთებელი ჩურჩულით მიმართავდა ყველას. არც ერთი კუნთი არ შერხევია სახეზე, არც ერთი ნაოჭი არ განძრეულა მის კაბაზე.
მისტერ მორდსტონი დროგამოშვებით ხელში წიგნს იღებდა, მაგრამ მისი ფურცლები არ გადაუშლია, იგი იჯდა მდუმარე და ერთსა და იმავე გვერდს მისჩერებოდა. მეორე იწყებდა წინდა უკან სუარულს ოთახში. იგი იშვიათად ელაპარაკებოდა თავის დას და არც ერთხელ არ მოუმართავს ჩემთვის. საათის რეკვა და მისტერ მორდსტონის ფეხის ხმა ერთადერთი ხმები იყო, რომელნიც არღვევდნენ სახლის მდუმარებას.
ამ დღეებში, დასაფლავების წინ, იშვითად ვხედავდი პეგოტის. იგი მუდამ იმ სევდიან ოთახში იჯდა, სადაც ესვენა ჩემი საბრალო დედა და პატარა ძმა.
ეს დასაფლავება რომ გუშინ მომხდარიყო, მაშინაც არ მეხსომებოდა იმათზე უკეთესად, როგორც ახლა მახსოვს. ახლაც თვალწინ მიდგას ჩვენი სადღესასწაულო დარბაზი და მესმის სუნი, რომელიც შიგა ტრიალებს. ბუხარში გაჩაღებულია ცეცხლი; ღვინო კიაფობს ბროლის გრაფინებში, სურნელოვანი ნამცხვარი დევს დიდ სინზე. მის მორდსტონი ვაჟკაცურად დადის ყველა მიმართულებით, თალხებში გამოწყობილი. აი, ბოლოს მოვიდა ექიმი ჩილიპი, მედიცინისა და დოსტაქრობის დოქტორი.
ისმის ზარის რეკვა. მისტერ ომერი და მისი ახლობლები აცხადებენ, რომ ყევლაფერი მზად არის. დროა, ჩვენც მოვემზადოთ. პეგოტისაგან დიდი ხანია ვიცოდი, რომ ამ ოთახში ოდესღაც უკანასკნელად ემზადებოდნენ მამაჩემის დასაფლავებისათვის.
კარებთან მეჩირაღდნენი და ტვირთის მზიდავნი მოგველიან. ისინი მიდიან ბაღის ბილიკით და ალაყაფის კარებით სასაფლაოზე გადიან.
ჩვენ საფლავის ნაპირას ვდგავართ. ეს დღე, როგორც მგონია, სრულებით არა ჰგავს სხვა დღეებს, და ჰოროზონტი, ჩემს თვალებში, რაღაც ნაცრისფერს იღებს. დგება დიადი დუმილი. ჩვენ თავდახრილები ვდგავართ. საზოგადო დუმილში უეცრად ჰაერში ისმის მკაფიოდ და გარკვევით პასტორის ხმა.
მე ვდგავარ სხვებისაგან მოშორებით და ვხედავ ჩემს კეთილსა და ერთგულ გადიას, რომელიც ახლა ერთადერთი მიყვარს მთელ დედამიწის ზურგზე. იგი ხმამაღლა ქვითინებს და ლოცულობს.
ყველაფერი გათავდა. სამარე აივსო მიწით და გასწორდა. ჩვენ ვბრუნდებით. ჩვენს წინ ისევ ჩვენი სახლია, მაინც მუდამ ძვირფასი ჩემი გულისათვის. მის დანახვაზე სევდიანი ფიქრები ირევა ჩემ თავში, და მე აუტანელ დარდსა ვგრძნობ. მისტერ ჩილიპი ხელს მკიდებს, რამდენიმე სიტყვას მეუბნება და წყლის ჭიქა მოაქვს ჩემს ტუჩებთან; მაგრამ არა ვსვამ; გული მეთანაღრება ამ გულცვ ხალხში.
_ ნება მიბოძეთ, ჩემს ოთახში წავიდე, _ ვეუბნები მისტერ ჩილიპს.
მე ვიცოდი, რომ პეგოტი მოვიდოდა ჩემთან. იგი ჩამოჯდა ჩემს გვერდით, ჩემს პატარა ლოგინზე, მაკოცა ხელზე და შემდეგ, თან უალერსებდა ჩემს ხელს და თან დაწვრილებით მიამბობდა ყველაფერს, რაც დაემართა საბრალო დედას ბოლო დროს.
_ დიდი ხანია იგი უქეიფოდ იყო, _ დაიწყო პეგოტიმ. _ როცა ბავშვი დაიბადა, ჯერ მეგონა, რომ ეს უკეთესი იქნებოდა მისთვის, მაგრამ შევცდი მისი ჯანმრთელობა მთლად უკან-უკან წავიდა, იგი დღითი დღე დნებოდა. უკანასკნელ დროს შევნიშნე, რომ მეტად მფრთხალი და გაუბედავი გახდა. ყოველი მკაცრი სიტყვა მისთვის სიკვდილი იყო, მაგრამ ჩემთან მუდამ ერთნაირი დარჩა. დიახ, იგი არასოდეს არ გამოცვლილა თავისი სულელი პეგოტისადმი, საბრალო საბრალო, საბრალო ტანჯული!
აქ პეგოტი შეჩერდა და ხელი გადამისვა ხელზე.
_ იგი ცდილობდა გამხნევებას და კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში დამშვიდებით იყო. ეს ხალხი არწმუნებდა მას, რომ იგი თავქარიანი და უდარდელია. მასაც სჯეროდა, საბრალოს ეშინოდა მათთან გულახდილობისა და მხოლოდ ერთხელ, თავისი გარდაცვალების ერთი კვირის წინ, გაბედა ეთქვა მისტერ მორდსტონისათვის:
_ ჩემო მეგობარო, მგონია, რომ ვკვდები.
_ ამ დროიდან მე აღარ მოვშორებულვარ, _ განაგრძო პეგოტიმ, _ იგი ხშრად ელაპარაკებოდა ამ ხალხსაც, რადგან მაინც უყვარდა ისინი, ორივენი. ასეთი ხასიათი ჰქონდა. მას უყვარდა ყველა, ვინც კი გარს ეხვია. მაგრამ როგორც კი ისინი მოშორდებოდნენ მის ლოგინს, ყოველთვის მე მომმართავდა; მელაპარაკებოდა ყველაფერს, რაც კი აწუხებდა, და დამშვიდებული იძინებდა ჩემს გვერდით. საბრალო! თითქოს სულელი პეგოტი რომ იქ არა ყოფილიყო, დაძინებაც კი არ შეეძლო! უკანასკნელ დღეს, ბინდისას, მაკოცა და მითხრა: პეგოტი, თუ ჩემი ბავშვი მოკვდეს, სთხოვეთ, რომ ჩემს გულთან დაასვენონ და ერთად დაგვმარხონ. (მისის სურვილი ასრულებულია). დაე, ჩემმა საბრალო ბიჭმა გაგვაცილოს სამარემდე, და თქვენ უთხარით, პეგოტი, რომ უბედური დედამისი უკანასკნელი სულის აღმოხდის წინ ლოცავდა მას, ერთხელ კი არა, ათასჯერ!
გათენდა. მზე ამოვიდა. მან მითხრა კიდევ, როგორი კეთილი და ყურადღებიანი იყო მისტერ კოპერფილდი და როგორ ალერსიანად ეპყრობოდა მას.
_ პეგოტი, ჩემო კარგო! _ მითხრა მან მერე. _ მომიახლოვდი, უფრო ახლო, უფრო ახლო… მომხვიე შენი კეთილი ხელი… მიმაბრუნე შენსკენ…
ავასრულე მისი სურვილი და, აი, სწორედ ამ დროს, ჩემო თვალისჩინო, დევი, ასრულდა ჩემი სიტყვები, რომელიც გამოთხოვებისას გითხარი: მან სიხარულით მიაყრდნო თავისი საბრალო თავი სულელი, ბებერი პეგოტის მხარს. იგი გარდაიცვალა, როგორც ბავშვი, თავის აკვანში ჩაძინებული.
ასე დაამთავრა პეგოტიმ თავისი მოთხრობა. ამ წუთიდან სრულებით დამავიწყდა, რა იყო დედა ჩემთვის ბოლო დროს, ჩემს წარმოდგენაში იგი დარჩა ადრიანდელი სახით, ყმაწვილი და მხიარული, და მე მიყვარდა მოგონება, როგორ მეთამაშებოდა დედა, ან როგორ ცეკვავდა ჩემთან ერთად სასტუმროში, ბინდისას. პეგოტის მოთხრობამ საბოლოოდ დაამკვიდრა ჩემს გულში მისი პირვანდელი სახე და სრულებით დამავიწყდა მისი მეორედ გათხოვების ხანა. შეიძლება უცნაური იყო ეს, მაგრამ ასეა. სიკვდილმა დაუბრუნდა იგი მშვენიერი სიყმაწვილის ხანას და წაშალა ყველა შემდეგი ამბავი.
დედა, რომელიც საფლავში ასვენია, _ ეს ჩემი სიყრმის დედაა; ბავშვი, მას რომ გულთან უსვენია, _ ეს მე თვითონა ვარ, ისეთი, როგორიც დღემდე ვიყავი, ეს ჩემი სამუდამოდ წასული სიყმაწვილის ხანაა.

თავითავი მეათე

ობლობა

დასაფლავცების მეორე დღესვე, დილით, მის მორდსტონმა მოიხმო პეგოტი და უთხრა:
_ შეგიძლიათ, თქვენთვის სხვა ადგილი მონახოთ. გაძლევთ ვადას _ ერთ თვეს, დღეიდან.
რამდენიმე დღემ გაიარა. ჩემი მომავლის შესახებ არავის კრინტი არ დაუძრავს. და-ძმა, ახლა განსაკუთრებით გართულნი თავისი პირადი საქმეებით, ალბათ დიდი სიამოვნებით მომიშირებდნენ თავიდან. ერთხელ მე მოვიკრიბე ძალ-ღონე და ვკითხე მის მორდსტონს _ როდის მიპირებდნენ პანსიაონში გაგზავნას. მან ძალიან მკვახედ მიპასუხა, რომ, ალბათ, აღარ მოგიხდება სალემის სასწავლებელში დაბრუნებაო.
მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა ჩემს მდგომარეობაში, სანუგეშო ჩემთვის. საქმე იმაშია, რომ სრულებით მიმაგდეს ბედის ანაბარად. წინანდელს შეზღუდვასა და ძალდატანებაზე ახლა ლაპარაკიც აღარ იყო. ნება მქონდა მევლო, სადაც კი მინდოდა, ოღონდაც მისტერ მორდსტონის ახლოს არა ვყოფილიყავი, ახლა აღარავის მოისდიოდა თავში ჩემი დატუქსვა ვულგარული საზოგადოებისადმი მიდრეკილებისა და პეგოტის სიყვარულის გამო.
დედის სიკვდილით თავზარდაცემულს, მე თითქმის სრულებით არ შემეძლო ფიქრი ჩემს ბედ-იღბალზე. მხოლოდ ხანდახან მომდიოდა თავში აზრი, რომ შესაძლებელია დამტოვონ ყოვლად უყურადღებოდ და რომ ამ შემთხვევაში, განათლებას მოკლებულს, მე ბედოვლათი ცხოვრება მომელის. ამ წუთებში მებადებოდა სურვილი, გავქცეულიყავი და ამით გადავრჩენილიყავ ამ უბედურებას; მაშინ უკვე ვგრძნობდი თავს ზღაპრულ მოხეტიალე გმირად. მაგრამ ამგვარი ფიქრები ბევრი ხნით არ აბნელებდნენ ჩემს სულს.
ერთხელ ვიდექი სამზარეულოში აგუზგუზებულ ბუხართან.
_ რას აპირებ ახლა, პეგოტი? _ ვკითხე ჩემს გადიას.
_ მე მგონია, დევი, რომ იარმაუთში მომიხდება წასვლა და იქ, უეჭველია, რაიმე საქმეს ვიშოვი ჩემთვის.
_ ხომ შემეძლება იქ შენი ნახვა, პეგოტი? შენ ხომ სამუდამოდ არ დამანებებ თავს?
_ ო, არა! _ ცხარედ წარმოთქვა პეგოტიმ. _ სანამ შენ აქ ხარ, ჩემო თვალისჩინო, დევი, ჩვენ ყოველ კვირას ვნახავთ ერთმანეთს.
თითქოს დიდი ლოდი მომშორდა გულიდან, როცა ეს სანუგეშო ამბავი გავიგე.
_ იცი, რა გითხრა, ჩემო კარგო? _ განაგრძო მან. _ მინდა ერთი-ორი კვირა ჩემს ძმასთან დავრჩე, სანამ ადგილს ვიშოვიდე. ხომ არ გინდა წამოხვიდე ჩემთან ერთად? აქ, მგონია, არავის არ სჭირდება შენი ყოფნა, და დარწმუნებული ვარ, რომ მისტერ მორდსტონი ნებას მოგვცემს.
ვერაფერს მოიფიქრებდა ადამიანი ჩემთვის ამაზე სასიამოვნოს. ის აზრი, რომ მალე ისევ ვნახავ იარმაუთის ქოხის კეთილ და სტუმართმოყვარე მასპინძლებს, დავტკბები ზღვისა და ხომალდების ცქერით, რომელნიც ბურუსიდან გამოდიან, ხელიხელჩაკიდებული ვისეირნებ პატარა ემისთან ერთად, _ სამკურნალო ნუგეშით ავსებდა ჩემს სევდიან გულს.
პეგოტიმ საოცარი გაბედულებით მიმართა მის მორდსტონს თხოვნით ჩემი გაშვების შესახებ.
_ მერე რას გააკეთებს იქა? _ იკითხა მის მორდსტონმა. _ უსაქმურობა ხომ დედაა ყოველგვარი მანკიერებისა. თუმცა იგი აქაც უსაქმურად დადის; ასეთია მაგისი ბუნება. მგონია, უკეთესი იქნება, თუ თქვენს თხოვნას დავთანხმდები.
თვის დამლევს მე და პეგოტიმ წასასწვლელად მზადება დავიწყეთ.
პეგოტი ძალიან ნაღვლიანი იყო: იგი სამუდამოდ ეთხოვებოდა სახლს, სადაც მრავალი წელი გაეტარებინა. დილაადრიან სასაფაოზე იყო და ახლა, როცა ეტლში ჩაჯდა, დიდხანს ეჭირა ცხვირსახოცი ნამტირალევ თვალებთან.
მთელი ამ სევდიანი სცენის განმავლობაში მისტერ ბარკისს არაფრით არ შეუმჩნევია თავისი არსებობა. იგი იჯდა თავის ჩვეულებრივ ადგილზე, უძრავად, როგორც კერპი. მაგრამ, როცა პეგოტიმ მიიხედ-მოიხედა და რაღაცა კითხვით მომმართა, ჩვენმა მეეტლემ თავი დაიქნია და გაიღიმა.
_ მშვენიერი დარია დღეს, მისტერ ბარკის, _ შევნიშნე მე, ზრდილობისათვის.
_ არა უშავს რა, _ მიპასუხა მან.
_ აი, ახლა პეგოტი სრულებით დამშვიდდა, მისტერ ბარკის, _ დავუმატე მე, მისი უაღრესი სიამოვნებისათვის.
_ არა, მართლა? სრულებით დამშვიდდით?
პეგოტიმ გაიღიმა და დაუდასტურა.
_ არა, თქვენ ნამდვილად მითხარით, კარგად ხართ ახლა? _ განაგრძობდა ბარკისი, თან მისკენ იწევდა და მუჯლუგუნებს ჰკრავდა.
მისტერ ბარკისმა იმდენი ყურადღება გამოიჩინა, რომ მიგვიყვანა გზის პირას მდგარ სასტუმრომდე, ერთადერთი მიზნით _ გაგვმასპინძლებოდა შემწვარი ბატკნის ხორცით და ლუდით. როცა ჩვენ ბოლოს იარმაუთის ქვაფენილზე გამოვედით, ეტლმა ისე დაგვანჯღრია ყველანი, რომ დროც აღარ იყო რაიმე გრძნობებზე სალაპარაკოდ.
სასტუმროს კარებთან, სადაც ჩვენ უწინაც ვდგეოდით, მისტერ პეგიტო და ქამი გველოდნენ. მათ დაიტაცეს ჩვენი ბოღჩები და ყუთები და უკვე ვაპირებდით გამგზავრებას სტუმართმოყვარე ქოხისაკენ, როცა უეცრად ბარკისმა საიდუმლოდ გამიხმო ალაყაფის კარისაკენ.
_ აი რა, მისტერ, _ წამჩურჩულა მან, _ ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა.
შევხედე მას და სრული თანაგრძნობით წარმოვთქვი:
_ ნუთუ?
_ თქვენ ხომ იცით, ვინ მისცა მას წინადადება? _ შენიშნა ჩემმა მეგობარმა. _ გახსოვდეთ: ბარკისმა, მხოლოდ ბარკისმა!
მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
_ ყველაფერი ჩინებულად მიდიოდა, _ გაიმეორა მან და ხელი ჩამომართვა, _ თქვენ მშვენივრად მოიქეცით, ყველაფერი სიკეთისკენ მიდის. სამუდამოდ თქვენი ერთგული მეგობარი ვარ.
თუმცა ბარკისი ძალიან ცდილობდა, რაც შეიძლება მარტივად და სადად გამოეთქვა თავისი აზრი, მაგრამ მაინც ისეთი უცნაური იდუმალებითა და მიკიბულ-მოკიბულად ლაპარაკობდა, რომ შემეძლო მთელი საათი ვმდგარიყავი მის წინ და იმდენივე გამეგო, რამდენიც გაჩერებული საათის წინ დგომით. მაგრამ ამ დროს პეგიტიმ დამიძახა. როცა მე და პეგოტი ერთად მივდიოდით, მან უეცრად მკითხა, რაზე ლაპარაკობდით შენ და ბარკისიო.
_ იგი მარწმუნებდა, რომ ყველაფერი ჩინებულად მიდიოდა, _ ვუპასუხე მე.
_ რა უსირცხვილობაა, _ თქვა პეგოტიმ. _ დევი, ჩემო კარგო, რას იტყვი, რომ გათხოვება დავაპირო?_ მე მგონია რომ ძველებურად გეყვარები, _ ვუპასუხე მე, ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ.
წინ მიმავალ თავისი ნათესავებისა და ქუჩაში მოსიარულეთა გასაოცრად, ჩემი კეთილი გადია უეცრად შეჩერდა, არაჩვეულებრივი გულმხურვალებით მიმიკრა გულზე და თავის უზომო სიყვარულში მარწმუნებდა.
_ მაშ მითხარი, შენ რას ფიქრობ ამაზე, ჩემო თვალისჩინო? _ მკითხა ისევ.
_ შენ რომ ბარკისზე გათხოვდე?
_ დიახ!
_ მე მგონია, ეს ძალიან კარგი იქნება. მაშინ საკუთარი ცხენი და ეტლი გეყოლება და ყოველთვის შეგეძლება ჩემთან მოსვლა ისე, რომ ერთი პენსიც არ დახარჯო გზაზე.
_ რა ჭკვიანი რამ ხარ! _ შეჰკივლა პეგოტიმ.
რამდენიმე ხნის განმავლობაში ორივენი ჩუმად მივდიოდით.
_ თუმცა, _ თქვა პეგტიმ მხიარულად, _ სრულებითაც არ დავაპირებდი გათხოვებას, ეს რომ ჩემს დევის არ ესიამოვნებოდეს.
_ შემომხედე, პეგოტი! _ ვუპასუხე მე. _ განა შენ არ ხედავ, რომ სულითა და გულით მიხარია ეს ქორწილი?
_ მჯერა, მჯერა, გენაცვალე! დღე და ღამე ვფიქრობდი მაგაზე, ყველაფერი მოვიფიქრე და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ, მგონია, კარგს ვიზამ, თუ მისტერ ბარკისის წინადადებას დავთანხმდები. მანამ კი, დევი, ნურავის ნუ ეტყვი ნურაფერს, ყველაფერი ჩინებულად წავა! _ დაუმატა მან და მხიარულად გადაიკისკისა.
მისტერ პეგოტის სახლი ისევ ისეთი იყო, როგორიც უწინ, მხოლოდ ერთი რამ აკლდა მას _ პატარა ემი. მე ვკითხე მისი ამბავი მისტერ პეგოტის.
_ ის ახლა სკოლაშია, სერ, _ მიპასუხა მან, შეხედა საათს და დაუმატა, რომ ნახევარი საათის შემდეგ სახლში იქნებაო.
ვიცოდი გზა, რომლითაც ემი სახლში უნდა დაბრუნებულიყო, და როგორღაც უნებურად გავჩნდი იმ ბილიკზე, სადაც იმედი მქონდა, შევხვდებოდი ჩემს პატარა მეგობარს.
აგერ, ვიღაც გამოჩნდა შორს; მალე მასში პატარა ემი შევიცანი; ძლივს მეღირსა მისი ლაჟვარდი თვალებისა და ვარდისფერი სახის ნახვა! რა მოხდენილი რამ იყო და რა მხიარული ღიმილი უთრთოდა ალისფერ ტუჩებზე! მაგრამ ამ წუთში უცნაურმა სურვილმა ამიტანა: ისეთი სახე მიმეღო, თითქოს ვერ ვიცანი იგი, და გვერდით ჩამევლო ისე, რომ არავითარი ყურადღება არ მიმექცია მისთვის.
ემის სრულებით არ გაჰკვირვებია ჩემი საქციელი. მან, რასაკვირველია, მიცნო, მაგრამ სრულებით დამშვიდებით ჩამიარა გვერდით; მერე გაიცინა და გაქცა. იძულებული ვიყავი, გამოვდევნებოდი, მაგრამ ემი ისე სწრაფად მირბოდა, რომ თითქმის მხოლოდ სახლთან დავეწიე.
_ აჰ! ეს შენა ხარ? _ მითხრა მან.
_ მაშ შენ მიცან, ემი?
_ თითქოს შენ კი არ მიცანი! _ მიპასუხა ცელქმა.
მას როგორც ჩანდა, ესიამოვნებოდა ჩემი წვალება და გაღიზიანება. ამგვარმა ცვლილებამ იმის მოპყრობაში ძალიან გამაკვირვა.
პატარა ემი საერთოდ ნებიერი იყო; ყველაზე მეტად კი მას თვით მისტერ პეგოტი ანებივრებდა, რომელსაც არ შეეძლო მისთვის უარი ეთქვა, როცა იგი გაეხახუნებოდა თავისი ნაზი ლოყით მის ბანჯგვლიან ბაკენბარდებს. ემი კეთილი და ალერისანი იყო და თავის მორცხვობასთან და პატარა ცბიერებასთან ერთად ისეთი საყვარელი რამ, რომ ყოვლად შეუძლებელი იყო ყველა არ მოეხიბლა.
როცა ჩაის შემდეგ ცეცხლს მივუსხედით და მისტერ პეგოტიმ თავის ჩიბუხს მოუკიდა, მან მოიგონა ჩემი მდგომარეობა. პატარა ემის ცრემლები მოადგა თვალებზე და ისეთი გრძნობით შემომხედა, რომ არ ვიციდი, რითი გადამეხადა მადლობა.
_ აი, ესეც ისეთივე ობოლია, როგორც თქვენ, სერ, _ შენიშნა მისტერ პეგოტიმ და თან ხელს უსვამდა მის მშვენიერ კულულებს. _ აი, კიდევ, _ განაგრძო მან და ხელი ჰკრა ქამს, _ აი კიდევ ობოლი, თუმცა სრულებით არა ჰგავს ბოგანოს.
E_ ვისაც ისეთი მფარველი ჰყავს, როგორიც თქვენ ხართ, მისტერ პეგოტი, _ ვუპასუხე მე, _ იგი ვერ იგრძნობს თავის ობლობას.
_ აი, ეს მშვენივრად იყო ნათქვამი, მასტერ დევი, მშვენივრად! _ შეჰყვირა ქამმა აღტაცებით.
_ თქვენი მეგობარი როგორღა არის, სერ? _ მკითხა უეცრად მისტერ პეგოტიმ.
_ სტირფორდი? როცა მოვდიოდი, იგი სრულებით ჯანსაღად იყო.
_ აი, მეგობარი მესმის! _ შესძახა მისტერ პეგოტიმ და თამბაქოს კვამიდან შემომხედა. _ მე ისე მგონია, სერ, რომ მეცნიერებაში მისთვის არ არსებობს არც მეხი და არც ქვები, მიდის იალქნებაშვებული, არა, ჩემო ბატონო?
_ სრული სიმართლეა! _ ვუპასუხე მე აღტაცებით. _ მან ყველაფერი იცის! პირდაპირ საოცარი ჭკუის პატრონია! წიგნის ერთი შეხედვა საკმარისია მისთვის, რომ გაკვეთილი უკვე იცოდეს!
მისტერ პეგოტიმ დამიქნია თავი ისეთი სახით, თითქოს უნდოდა ეთქვა: `ო, ამაში მე სრულებით დარწმუნებული ვიყავი წინათვე!~
_ მერე როგორი მჭერმეტყველია! _ შევძახე მე. _ რაშიაც გნებავთ, დაარწმუნებს ყველას. როგორა მღერის, _ პირდაპირ თავს დაგავიწყებთ! ამასთან როგორი კეთილშობილი, დიდსულოვანი და კარგი ამხანაგია, _ განვაგრძობდი გაატაცებით. _ დარწმუნებუი ვარ, რომ არასოდეს არ მექნება საშუალება მადლობა გადავუხადო ამ ყმაწვილს იმ დიდსულოვანი მფარველობისათვის, რომელიც მან სკოლაში გამიწია.
მზად ვიყავი, დაუსრულებლად მელაპარაკნა სტირფორდზე, მაგრამ ამ დროს უნებურად პატარა ემის შევხედე. იგი იჯდა მაგიდასთან და მთელი ყურადღებით, სულგანაბული მისმენდა. უნებურად გავჩერდი და თვალი დამრჩა მასზე. იქ მყოფთ შენიშნეს ესა და, როცა მათაც შეხედეს ემის, ყველას ხმამაღალი სიცილი წასკდა.
_ ემისაც, როგორც მე, ენატრება ამ ვაჟკაცის ნახვა, _ შენიშნა პეგოტიმ.
ემი შეკრთა, როცა დაინახა, რომ საერთო ყურადღება მიიპყრო. ჩაღუნა თავი და სახე უფრო მეტად აენთო. უეცრად იგი გავარდა ოთახიდან და აღარ დაბრუნებულა იმ დრომდე, როცა ყველანი ჩვენ-ჩვენ ოთახებში უნდა წავსულიყავით დასაძინებლად.
მე ისევ ჩემს ძველ ალაგას, პატარა საწოლ ოთახში მოვეწყვე, ქარი ჰქროდა და ზუზუნებდა ზღვის პირას, როგორც ჩემი პირველი ყოფნის დროს. ამ ჯერზე მეჩვენა, თითქოს ქარის საზარელი ღმუილი მიცვალებულების გლოვა იყო.
დღე დღეს მისდევდა და ისეთივე სიამოვნებით ვატარებდი დროს, როგორც პირველად, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა იშვიათად მიხდებოდა სეირნობა ზღვის პირას, პატარა ემისთან ერთად. მხიარული და ცელქი გოგონა ახლა გაკვეთილებს უჯდა ხოლმე. ან არადა ხელსაქმობდა. ამას გარდა, იგი ყოველდღე სკოლაში დაიარებოდა. ესეც რომ არ ყოფილიყო, მე როგორღაც ვგრძნობდი რომ ჩვენ მაინც აღარ მოგვხდებოდა ძველებულად სეირნობა. მთელ თავის ბავშვურ მხიარულებასა და მიზეზიანობასთან ერთად, ემი მაინც პატარა ქალის მაგვარს წარმოადგენდა, _ სულ რაღაც ერთიოდე წლის მანძილზე მან შორს გამისწრო განვითარებაში. მე ძველებურად ვუყვარდი ემის, მაგრამ ახლა იგი სიამოვნებას პოულობდა ჩემს მასხრად აგდებაში. ხშირად, მაგალითად, იგი სხვა გზით ბრუნდებოდა სახლში, და შემდეგ დასცინოდა მასთან შეხვედრის ჩემს უნაყოფო ცდას.
ჩვენი მისვლის პირველსავე საღამოს გვესტურა მისტერ ბარკისი, საოცრად დარცხვენილი და უაზრო სახით. მან მოიტანა თან ცხვირსახოცში შეკრული ფორთოხლები. არავისთვის არაფერი უთქვამს ამ ხილის დანიშნულებაზე და ამიტომ, მისი წასვლის შემდეგ, ჩვენ გავიფიქრეთ, რომ მას შემთხვევით დარჩა ეს შეკრული. ქამი გამოუდგა უკან, მაგრამ მალე დაბრუნდა ცნობით, რომ ფორთოხლები პეგოტის ეკუთვნოდა. ამის შემდეგ მისტერ ბარკისი მოდიოდა აუცილებლად ყოველ საღამოს, მუდამ ერთსა და იმავე დროს, და თან ყოველთვის მოჰქონდა რაიმე შეკრული, რომელსაც კარს უკან ტოვებდა ხმაამოუღებლად. ეს საჩუქრები, _ დამამტკიცებელნი იმ ნაზი გრძნობისა, რომელიც მისტერ ბარკისის მგრძნობიარე გულში აინთო, შეიცავდნენ მრავალნაირს და, შეიძლება ითქვას, ერთგვარ ექსცენტრიულ შინაარსს. აქ იყო, როგორც მახსოვს, სხვათა შორის, ორი წყვილი გოჭის ფეხი, უზარმაზარი ბალიში ქინძისთავებიბისათვის, ორი თუ სამი ათეული ვაშლი, გიშრის საყურეები, ესპანური ხახვის რამდენიმე თავი, პატარა ყუთი დომინოს სათამაშოთი, იადონი გალიაში და ტახის ლორი.
საზოგადოდ, რამდენადაც მაგონდება, მისტერ ბარკისის არშიყობა მეტად თავისებური იყო. თავისი სტუმრობის დროს იგი იჯდა ხოლმე თავის ეტლის კოფოზე, და დაჟინებით შეჰყურებდა პეგოტის, რომელიც მის ორდაპირ იჯდა. ერთხელ საღამოს, უეჭველია, გრძნობით გატაცებული, იგი დასწვდა სანთლის ნამწვს, რომლითაც მისი მიჯნური ძაფსა სანთლავდა, ჩაიდო ჯიბეში და თან წაიღო. ამის შემდეგ იგი უდიდესი სიამოვნებით ამოიღებდა ხოლმე ჯიბიდან, მოთხოვნილებისამებრ, ამ თავის საუნჯეს და შემდეგ ისევ ინახავდა.
ჩემი შვებულების ვადა უკვე თავდებოდა, როცა უეცრად გავიგეთ, რომ მისტერ ბარკისი და პეგოტი გასეირნებას აპირებდნენ და რომ ამ სამხიარულო სეირნობაში მე და პატარა ემისაც უნდა მიგვეღო მონაწილეობა.
პეგოტი, ჩვეულებისამებრ, თავის სადა, შავ კაბაში იყო გამოწყობილი; სამაგიეროდ, მისტერ ბარკისი მორთული იყო ახალი, ცისფერი ფრაკით, რომელიც ისეთი გრძელი და განიერი იყო, რომ მის პატრონს სრულებით აღარ ესაჭიროებოდა ხელთათმანების ჩაცმა ძალიან ცივს ამინდშიც კი. ფრაკის მაღალი საყელო ამ პატიოსან ჯენტლმენს მაღლა უწევდა თმებს კინკრხომდე. მისი პრიალა ღილები უზარმაზარი იყო. გამოურკვეველი ფერის მაუდის შარვალი და ყვითელი ჟილეტი ამთავრებდნენ ამ მშვენიერ მორთულობას.
ჩვენ ერთ ეკლესიასთან გავჩერდით. მისტერ ბარკისი და პეგოტი ერთად შევიდნენ შიგ; ცხენი ბოძს მიაბეს, მე და პატარა ემი კი ეტლში დაგვტოვეს. მე ვისარგებლე ამ შემთხვევით და ჩემს პატარა მეგობარს მოვეხვიე. ვუთხარი ემის, რომ ახლა ცოტახანიღა მომიხდებოდა იარმაუთში ყოფნა და ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი ალერსიანობით მომპყრობოდა და არ გაეფუჭებინა ჩენი იმ დღის ნეტარება თავისი მიზეზიანობით. პატარა ემის დამპირდა ჩემი თხოვნის ასრულებას და კოცნის ნებაც კი მომცა.
მისტერ ბარკისი და პეგოტი კარგა ხანს დარჩნენ ეკლესიაში; ბოლოს ისინი დაბრუნდნენ და ჩვენ ისევ გზას გავუდექით. გზაზე პატიოსანი ჯენტლმენი უეცრად მომიბრუნდა და მკითხა:
_ გახსოვს, სერ, ვისი სახელი დავწერე მე ეტლის კოფოზე?
ამ სიტყვებთან ერთად მან ჩამიკრა თვალი ისეთი გამომეტყველებით, რასაც სრულებით არ მოველოდი მისგან.
_ კლარა პეგოტისა, _ ვუპასუხე მე.
_ როგორა გგონიათ, ვის სახელს დავწერდი მე ახლა?
_ მე მგონია, რომ თქვენ ახლაც კლარა პეგოტის სახელს დაწერდით, _ შევნიშნე მე.
_ კლარა პეგოტი ბარკისის! _ მიპასუხა მან და ისე საშინლად გადაიხარხარა, რომ ეტლი მთლად შეინძრა.
მოკლედ რომ მოვჭრა, მათ ჯვარი დაიწერეს და სწორედ ამ მიზნით შეიარეს ეკლესიაში. პეგოტის უნდოდა, ჯვრისწერა რაც შეიძლება ჩუმად მომხდარიყო; პასტორი დასთანხმდა და ამიტომ არავინ არ დასწრებია ამ ამბავს.
ჩვენ მივედით პატარა სასტუმროში, სოფლის გზაზე. იქ უკვე გველოდნენ და ჩვენს მისვლამდე მშვენიერი სადილი მოემზადებინათ.
შემდგომში ხშირად ვიგონებდი, რა ორიგინალური, სასაცილო და გულუბრყვილო იყო ეს ქორწილი. ბინისას ისევ ეტლში ჩავსხედით და წყნარად წამოვედით სახლში. გზაზე შევყურებდით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ვბაასობდით ბუნების საოცრებაზე. მე ვუხსნიდი ჩემს თანამგზავრებს ცის მნათობთა მოძრაობას და დიდად გავაკვირვე მისტერ ბარკისი ჩემი ცოდნით. იგი მისმენდა ხმაამოუღებლად, დიდი ყურადღებით და მზად იყო, დაეჯერებინა ყველაფერი, რაც კი მომივიდა თავში ამ შემთხვევაში.
კარგა გვიანი იყო, როცა ნავის სახლში დავბრუნდით. მისტერ და მისის ბარკისები გამოგვეთხოვნენ და მაშინვე წავიდნენ თავიანთ ბინაზე. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ დავკარგე ჩემი კეთილი პეგოტი! სხვა სახლში ამ ღამეს დავწვებოდი განადგურებული გულით, მაგრამ აქ ის ფიქრი მამშვიდებდა, რომ პატარა ემისთან ერთ ჭერქვეშ ვიყავი.
მისტერ პეგოტიმ და ქამმა ჩემზე უკეთესად იცოდნენ, რა ხდებოდა ჩემს გულში და ცდილობდნენ, გაექარწყლებინათ ჩემი დარდი თავიანთი გულღია მასპინძლობით. როცა ვახშამი მოიტანეს, პატარა ემი დაჯდა ჩემს გვერდით სკივრზე _ პირველად ჩემი ამ სახლში მეორე სტუმრობის განმავლობაში. ეს ბრწყინვალე დაბოლოება იყო მშვენიერი დღისა!
მეორე დილას პეგოტი გვესტუმრა: იგი მისჯდომოდა ჩემს ფანჯარას, და გაღვიძებისას გავიფიქრე _ სიზმარში ხომ არ მომელანდა გუშინდელი ქორწილი-მეთქი. ჩაის შემდეგ ჩემმა კეთილმა გადიამ თან წამიყვანა, და ჩვენ მალე მივედით მის სახლთან. რა საყვარელი, სუფთა, პატარა ბინა იყო მისი სახლი!
მთელი დღით გამოვეთხოვე ნავის სახლის მცხოვრებთ, როცა სტუმრად წავედი ჩემს ყოფილ გადიასთან და ღამის თვითონაც კი პეგოტის სახლში დავრჩი, პატარა ოთახში, სახურავის ქვეშ. იქ, ლოგინის თავთან, თაროზე იდო ჩემი წიგნი ნიანგებზე. კეთლმა დიასახლისმა გამომიცხადა, რომ ეს ოთახი ჩემთვის არის დანიშნული და ყოველთვის ერთნაირ წესსა და რიგზე იქნებაო.
_ ჩემო თვალისჩინო, დევი, _ მითხრა მან, _ სანამ ცოცხალი ვარ და სანამ ეს ბინა ჩემი იქნება, შენ ყოველთვის ნახავ ამ ოთახს ამგვარი სახით, თითქოს ყოველ წუთში მოველოდე შენს მოსვლას. ყოველდღე დავალაგებ მას, როგორც ვალაგებდი შენს უწინდელლ საწოლ ოთახს. ჩინეთშიც რომ მოგიხდეს ცხოვრება, მაშინაც შენი ოთახი მუდამდღე დალაგებული იქნება!
სულით და გულით მჯეროდა ეს სიტყვები, რადგან ვიცოდი ჩემი კეთილი გადიას უზომო სუყვარული და ერთგულება, და როგორც შემეძლო, მადლობა გადავუხადე ამგვარი დაპირებისათვის. თუმცა არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მადლობა ძალიან მხურვალე ყოფილიყო: ყველაფერი ეს პეგოტიმ დილით მითხრა და ამ დილით კი სახლში ვბრუნდებოდი. გავემგზავრე პეგოტისა და ბარკისთან ერთად. ისინი მეტად დანაღვლიანებულები გამომეთხოვნენ ჩვენი ბაღის ჭიშკართან. გულდაწყვეტილი, სევდით ვუცქეროდი მიმავალ ეტლს, რომელსაც თან მიჰყავდა ჩემი ჩემი პეგოტი და მტოვებდა მარტოდმარტოს, ძველი თელების ჩრდილში იმ სახლის წინ, სადაც იმედიც კი არა მქონდა, რომ შევხვდებოდი სიყვარულს ან მეგობრულ დაყვავებას.
ამ დროიდან სრულს მარტოობაში ვარ, მოკლებული ყოველგვარ მეგობრულ დახმარებას, ტოლების საზოგადოებას, დატოვებული ჩემი საკუთარი, სევდიანი ფიქრების ანაბარა.
რას არ მივცემდი, რომ გავეგზავნეთ ყველაზე მკაცრ და სასტიკ სკოლაში! რომ ესწავლებინათ რამე ჩემთვის! მაგრამ არა, ამგვარი ჩემთვის არარსებობდა. ვძულდი და ვეზიზღებოდი მათ. თუ არ ვცდები, იმ დროს მისტერ მორდსტონი მატერიალურად გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ამით არ შეიძლება აიხსნას მისი გულქვა მოქცევა მცირეწლოვან ობოლთან. ამ ადამიანს ძალიან ვეჯავრებოდი და თავიდან მიშორებდა, მგონი, იმ მიზნით, რომ მოეკლა ჩემში ყოველგვარი იმედი მისი მფარველობის შესახებ. მან მიაღწია თავის მიზანს.
არ შემიძლია ვთქვა, რომ ცუდად მეპყრობოდნენ; მე არ მცემდნენ, შიმშილით არ მკლავდნენ, მაგრამ სისტემატურად არ ამჩნევდნენ ჩემს არსებობას. დღე დღეს მისდევდა, კვირა კვირას, თვე _ თვეს, მე სულ ისევ გულცივი უყურადღებობის მსხვერპლი ვიყავი. ხანდახან მომდიოდა თავში აზრი, რა მოხდებოდა, ავად რომ გავმხდარიყავი? უპატრონოდ ამომძვრებოდა სული ჩემს მიტოვებულ ოთახში, თუ მაინც მოვიდოდა ვინმე ჩემი ტანჯვის შესამსუბუქებლად?
ძალიან იშვიათად მაძლევდნენ პეგოტის ნახვის ნებას. თვითონ პეგოტი, თავის დაპირებისამებრ, ყოველ კვირას მოდიოდა ჩემს სანახავად და ცდილობდა, სადმე სახლის ახლო შემხვედროდა; მას ყოველთვის რაიმე საჩუქარი მოჰქონდა თან.
სავსებით მესმოდა ჩემი მდგომარეობის სრული უიმედობა და უეჭველია, უუბედურესი არსება ვიქნებოდი, წიგნებში რომ არ მეპოვა ნუგეში. წიგნები შეადგენდნენ ჩემს ერთადერთ ნუგეშს და იმედს, და მე თავს არ ვანებებდი მათ, როგორც ისინი მე; ვკითხულობდი კიდევ და კიდევ, აღარ მახსოვს, მერამდენედ, ერთსა და იმავე წიგნს.
ახლა მე ვუახლოვდები ჩემი ცხოვრების იმ ხანას, რომელიც არასოდეს არ წარიშლება ჩემს ხსოვნაში, სანამ მეხსომება რამე. ეს დრო ხშირად სრულებით უნებურად მომაგონდება ხოლმე და, როგორც ღამის მოჩვენება, გულს მიხეთქავდა ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წუთებში.
ერთხელ მე სადღაც წავედი ეზოდან და მივდიოდი ქუჩაში მეტად მოწყენილი, როგორც ყოველთვის. როცა კუთხეში შევუხვიე, უეცრად შევეფეთე მისტერ მორდსტონს, რომელსაც ვიღაც ჯენტლმენი მოსდევდა. სრულებით ავირიე ამ მოულოდნელ შეხვედრაზე და ხმაამოუღებლივ მინდოდა გამევლო, როცა უეცრად ჯენტლმენმა შემაჩერა და შესძახა:
_ ეს შენ ხარ, ბრუქს?
_ არა, სერ, მე დავით კოპერფილდი მქვია, _ ვუპასუხე მე.
_ უარს ნუ ამბობ! _ მითხრა ჯენტლმენმა, _ შენ ბრუქსი ხარ, შეფილდელი ბრუქსი. მე გიცნობ შენ.
ამ სიტყვებზე მე მეტი ყურადღებით შევხედე მას. რაღაც ნაცნობი მომეჩვენა მის სიცილში და ამ ჯენტლმენში ვიცანი მისტერ კვინიონი, რომელთანაც მივდიოდი ლოუსტროფში, მისტერ მორდსტონთან ერთად, როცა… მაგრამ არ არის საჭირო იმის მოგონება, თუ როდის იყო ეს.
_ რას აკეთებ, ბრუქს? სად სწავლობ?
ამ სიტყვებთან ერთად მისტერ კვინიონმა მხარში მომავლო ხელი და თავისკენ მიმაბრუნა. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, და მისტერ მორდსტონს შევხედე.
_ ეს ახლა სახლშია, უსაქმოდ დაეთრევა და დაეხეტება, _ უთხრა ჩემმა მამინაცვალმა, _ სკოლაში აღარ ივლის. სწორი გითხრათ, თვითონაც არ ვიცი, რა ვუყო.
_ ჰმ! _ ჩაახველა მისტერ კვინიონმა და ორივეს შემოგვხედა. _ მშვენიერი დარია.
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. ვცდილობდი, გამეთავისუფლებინა ჩემი მხარი ამ ჯენტლმენის ხელიდან, რომ ჩემს გზას გავდგომოდი.
_ შენ, მგონია, საკმარისად მოხერხებული ბიჭი ხარ! _ მითხრა კვინიონმა. _ არა, ბრუქს, ჰა?
_ დიახ, უჭკუო არ არის, _ თქვა მისტერ მორდსტონმა მოუთმენლობით, _ გაუშვით, წავიდეს თავისი გზით. დარწმუნებული იყავით, მადლობას არ გეტყვით ამ შეჩერებისათვის.
მისტერ კვინიონმა ხელი გაუშვა ჩემს მხარს და საჩქაროდ წავედი სახლში. როცა ბაღჩასთან შევჩერდი, დავინახე, რომ მისტერ მორდსტონი უახლოვდებოდა სასაფლაოს და თან თავის თანამგზავრს ემუსაიფებოდა. ერთი წუთით ისინი შეჩერდნენ და მე შემომხედეს; არავითარი ეჭვი არ იყო, რომ იმათი საუბრის საგანი მე ვიყავი.
ამ ჯერზე მისტერ კვინიონმა ჩვენსას გაათია რამე. მეორე დღეს, დილით, საუზმის შემდეგ, როცა სუფრიდან ავდექი და ბაღში გასვლა დავაპირე, მისტერ მორდსტონმა ოთახში დარჩენა მიბრძანა.
_ დავით, _ მითხრა მისტერ მორდსტონმა, _ ამ წუთისოფელში ყმაწვილი კაცი უნდა მოქმედებდეს და არა უსაქმურობასა და მოწყენილობაში ატარებდეს დროს. ყმაწვილი ამგვარი ხასიათით მუდმივს მეთვალყურეობასა და რადიკალურ გამოსწორებას თხოულობს ყველაფერში. ამგვარი ყმაწვილი უნდა დაუმოჩილო მშრომელი წუთისოფლის ყველა პირობას, აღმოფხვრა მასში ძირიანად ყოველგვარი უსწორმასწორობა, გარდატეხო იგი, გარდაქმნა. შენ, უეჭველია, უკვე იცი, დავით, რომ მე მდიდარი ადამიანი არა ვარ. ყოველ შემთხვევაში, შენ ახლა იცი ეს. აქამდის ჩვენ ვცდილობდით, მოგვეცა შენთვის სათანადო განათლება, და შენ უკვე მოასწარი შეგეძინა აუცილებელი. შემდეგი განათლება ძვირი ღირს და მე არ შემიძლია შენი შენახვა სკოლაში. თუმცა, მდიდარიც რომ ვიყო, მაშინაც არ დავიწყებდი ფულის ფლანგვას შენს შესანახად პანსიონში, რადგანაც, ჩემი ღრმა რწმენით, სასკოლო განათლება სათანადო სარგებლობას არ მოგიტანს. შენი მომავალი გარკვეულია, _ უნდა შეებრძოლო ამ ქვეყანას და, რაც უფრო მალე დაიწყებ ამ ბრძოლას, მით უკეთესია.
მომეჩვენა, თითქოს ჩემი ბრძოლა ცხოვრებასთან უკვე დაიწყო პატარა მასშტაბით.
_ ხომ არა გაგიგია-რა ჩვენგან ერთი სავაჭრო დაწესებულების შესახებ? _ მკითხა მისტერ მორდსტონმა.
_ რომელის, სერ?
_ სავაჭრო დაწესებუება მორდსტონისა და გრინბისა, მეღვინეობის დარგში. ახლა შენ უნდა იცოდე, რომ მისტერ კვინიონი განაგებს ამ დაწესებულების კანტორას.
ჩუმად შევხედე კანტორის გამგეს, ცნობისმოყვარეობით იგი ფანჯარაში იყურებოდა.
_ მისტერ კვინიონი მარწმუნებს, რომ მასთან შეიძლება გამოჩნდეს რაიმე სამუშაო შენი წლოვანების ბიჭისთვის. რატომ არ უნდა შეხვიდე შენ მისტერ კვინიონის კანტორაში.
_ აჰ, მორდსტონ! ნუთუ თქვენ სხვა არავითარ პერსპექტივას არა ხედავთ მისთვის? _ შენიშნა ხმადაბლა მისტერ კვინიონმა და ჩემს მამინაცვალს მიმართა.
მისტერ მორდსტონმა ყური არ ათხოვა მის სიტყვებს, იგი შეინძრა მრისხანედ და განაგრძო:
_ ამგვარად, დავით, შენ უნდა შეხვიდე, გარკვეული პირობებით, სხვა ბიჭებთან ერთად, კანტორაში. პირობები ხელსაყრელია: გაჭმევენ, გასმევენ და, ამას გარდა, ჯიბის ფულიც გექნება. შენი ბინის შესახებ უკვე არის მიცემული განკარგულება. რაც შეეხება შენს საცვლებს…
_ ეს კი ჩემი განკარგულებისაგან იქნება დამოკიდებული, _ გააწყვეტინა მის მორდსტონმა.
_ საცვლები და საზოგადოდ მთელი ტანისამოსი შენთვის წინასწარ დამზადებული იქნება ჩემი საკუთარი ხარჯით, _ განაგრძო მისტერ მმორდსტონმა, _ რადგან იმედი არ გვაქვს, რომ შენ საშუალება გექნება შენი საკუთარი ხარჯით ჩაიცვა და დაიხურო. მაშ მომისმინე, დავით, შენ მიდიხარ ლონდონში, მისტერ კვინიონთან ერთად და იწყებ ერთგვარად დამოუკიდებელ ცხოვრებას.
_ ერთი სიტყვით, _ შენიშნა დამ, _ ჩვენ ადგილზე მოგაწყეთ და ახლა იცხოვრე, როგორც გინდა.
მშვენივრად მესმოდა, რომ მთელი ეს გეგმას ჩემს თავიდან მოსაშორებლად იყო მოგონილი, მაგრამ დანამდვილებით აღარ მახსოვს, _ მეწყინა თუ გამიხარდა მაშინ ეს ამბავი. მგონია, ჩემთვის სულ ერთი იყო, დარჩენაცა და წასვლაც. დროცა არა მქონდა ფიქრისათვის; მისტერ კვინიონი მეორე დილას მიდიოდა ლონდონში.
შემდეგი დილაც გათენდა. ჩემი სამგზავრო მომზადება მეტად უბრალო იყო. და-ძმამ დამასაჩუქრა თეთრი, ნათრევი, შავი მოვლებული ქუდით, შავი კურტაკით და თეთრი ტილოს შარვლით, რომლითაც, მის მორდსტნის განკარგულების თანახმად, უნდა შევდგომოდი საშიშ ბრძოლას ცხოვრებასთან. მთელი ჩემი ქონება ჩაეტია მომცრო ჩემოდანში, და მე ჩავჯექი ფურგონში, რომელსაც მისტერ კვინიონი უნდა მიეყვანა იარმაუთში, ლონდონის დილიჟანსამდე.
ჩვენი სახლი და სოფლის ეკლესია თანდათან ქრება ჩემი თვალთახედვიდან. სხვადასხვა საგნებმა დაფარეს ბლონდერსტონის სასაფლაო და ჩემი მშობლების სამარე. ჩემს თავზე ცარიელი ცაა.

თავი მეთერთმეტე

დამოუკიდებელი ცხოვრება

სავაჭრო სახლი `მორდსტონი და ჰრინბი~ მდებარეობდა ტემზის მარცხენა ნაპირზე, ბლეკფაიერის უბანში. ეს იყო ძველი, ნახევრად დანგრეული შენობა. თვით ტემზის პირას, სადაც პატარა ხის ნავსადგური იყო. ზღვის მოქცევის დროს იგი წყალში იმალებოდა და უკუქცევის დროს კი ტალახში იდგა. ვირთხები ყოველი მხრიდან მორბოდნენ აქ კონცერყტის გასამართავად. მიწის პირას მდებარე ოთახები, სავსე უკუნეთის ჭვარტლითა და ახალი ჭუჭყით, დაბრეცილი კიბეები, ჩანგრეული იატაკი, შეხუთული სარდაფები, სინოტივე, ობი, ჭვარტლი, _ აი საგნები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობენ ჩემს მეხსიერებაში, მრავალ წარსულ წელთა მიუხედავად.
ამ სავაჭრო სახლის მთავარ ოპერაციას შეადგენდა ღვინისა და არყის მიწოდება იმ გემებისათვის, რომელნიც რამდენადაც მახსოვს, ინდოეთში დადიოდნენ. ამ მიზნისთვის აქ ყოველ დღე ასობით მოჰქონდათ ცარიელი ბოთლები. ეს ბოთლები უნდა გამოგვერეცხა, გაგვევლო, გაგვეშრო, ჩაგვესხა, დაგვეცვა, დაგვებეჭდა და ზედაც იარლიყი დაგვეკრა. ეს სამუშაო მე ჩამაბარეს.
ჩემიანად ოთხი ბიჭი იყო. მე უნდა მემუშავა უზარმაზარი ოთახის კუთხეში მისტერ კვინიონის მეთვალყურეობით, რომელიც თვალყურს მადევნებდა თავისი ადგილიდან კანტორაში. უფროს ბიჭს დაავალეს აეხსნა ჩემთვის დაწვრილებით ჩემი ხელობა. მისი სახელი იყო მიკ უოკერ; გაქონილი წინსაფარი და თეთრი ჩაჩი თავზე _ მისი ჩაცმულობის განსაკუთრებული კუთვნილება იყო. მან მეორე ბიჭი გამაცნო, თავისი ამხანაგი, რომელსაც დაწესებულებაში უცნაურ სახელს _ `კარტოფილას~ ეძახდნენ. მე გავიგე შემდეგ, რომ ამ ყმაწვილს ეს სახელი დაერქვა ფერწასული სახის გამო, რომელიც მართლაც კარტოფილის ფქვილს წააგავდა. კარტოფილას მამა ორგვარ მოვალეობას ასრულებდა: დღისით მენავე იყო, რამით კი _ მელამპე სატახტო ქალაქის ერთ-ერთ თეატრში, სადაც მისი ქალიშვილი ჭინკების როლს ასრულებდა პანტომიმის წარმოდგენებში.
კედლის საათმა პირველის ნახევარი დაჰკრა. მისტერ კვინიონი ადგა თავისი ადგილიდან და დამიძახა. მის წინ შუახნის ვაჟკაცი იდგა, სქელი და მოუხეშავი. უშველებელი თავი მთლად მოტვლეპილი ჰქონდა და კვერცხივით უპრიალებდა. ჩემსკენ მოქცეული სახე, ფართო და დათენთილი, თითქოს კეთილად გამოიყურებოდა. მუქი ყავისფერი სერთუკი და სარვალი საკმარისად ნახმარი ჩანდა, მაგრამ მით უფრო ეფექტურად მოუჩანდა პერანგის გახამებული საყელო.
_ აი სწორედ ეს არის, _ თქვა მისტერ კვინიონმა და ჩემზე მიუთითა.
_ მაშ, ისე გამოდის, რომ მე მაქვს პატივი დავით კოფერფილდის ნახვისა, _ თქვა უცნობმა მოწყალე კილოთი, _ როგორ გრძნობთ თავს, მასტერ კოპერფილდ?
მე ვუპასუხე, რომ კარგად ვარ-მეთქი, და იმედი გამოვთქვი, რომ ისიც ჯანმრთელად არის. ნამდვილად, ძლივს ვიდექი ფეხზე დაღლილობისაგან, მაგრამ იმ დროს ხასიათად არ მქონდა ჩივილი ჩემს უბედურ მდგომარეობაზე.
_ მე მივიღე წერილი მისტერ მორდსტონისაგან, რომელშიც იგი გამოთქვამს სურვილს ჩემს სახლში, როგორც მდგმური. ეს, რასაკვირველია, დიდი პატივია ჩემთვის. ჩემს სახლში, დასავლეთის მხარეს, მართლაც არის პატარა ოთახი, რომელიც გამოდგება თქვენთვის საწოლ ოთახად. დიდად მოხარული ვარ, რომ ბედნიერება მაქვს თაის გაცნობისა, მასტერ კოპერფილდ, _ დაამთავრა მოღიმარე ჯენტლმენმა.
_ ეს მისტერ მიკობერია, _ მითხრა მისტერ კვინიონმა.
_ ხომ არა გნებავთ ჩემი სახლის მისამართი? _ მითხრა მისტერ მიკობერმა, _ იგი სიტის გზაზეა, ვინძორის ტერასაზე; მე მექნება სიამოვნება პირადად გამოგიაროთ საღამოს, და თქვენ, იმედია, ნებას მიბოძებთ, გიჩვენოთ უახლოესი გზა თქვენი ახალი ბინისაკენ. ბედნიერად დარჩენას გისურვებთ, მისტერ კვინიონ. მეტს ვერ გავბედავ თქვენს შეწუხებას ჩემი აქ ყოფნით.
მან დაიხურა ქუდი, დაიქნია ჯოხი და გავიდა კანტორიდან რაღაც მხიარული სიმღერის ღიღინით.
საღამოს დანიშნულს დროზე მოვიდა მისტერ მიკობერი. დავიბანე ხელ-პირი, რომ წარვდგენოდი ჩემს ახალ მასპინძელს, და მეგობრულად წავედით ჩვენი სახლისკენ, როგორც მე, ალბათ, მომიხდება ვუწოდო ამ სახლს დღეის შემდეგ. გზაში მისტერ მიკობერი მისახელებდა იმ ქუჩებისა და შესახვევების სახელებს, რომელზედაც გვიხდებოდა გავლა, და ცდილობდა, დამეხსომებინა ისინი, რათა უფრო ადვილი ყოფილიყო ჩემთვის მეორე დღეს სამსახურში მისვლა.
სახლი ვინძორის ტერასაზე ყოველნაირად უშნო და მახინჯი იყო, მაგრამ იმგვარივე პრეტენზიებით ჯენტლმენურ კომფორტზე, როგორიც აშკარად ჩანდა მის პატრონში. მისტერ მიკობერმა გამაცნო ჩავისი მეუღლე, მაღალი და გამხდარი ლედი, უკვე შორს გადაცილებული პირველ სიყმაწვილეს. მისის მიკობერს ხელში ბავშვი ეჭირა, ერთი მის მის ტყუპისთაგანი, როგორც მაშინვე მითხრეს.
იყო კიდევ ორი სხვა ბავშვი, რომელნიც ამ მეუღლეებს ეკუთვნოდნენ _ მასტერ მიკობერი ოთხი წლისა და მის მიკობერი _ სამისა. შინამოსამსახურედ ჰყავდათ ერთი ახალგაზრდა დედაკაცი, უბედური ჩვეულებით, _ იგი ყოველ სიტყვაზე ფხაკურობდა. მე მომიჩინეს პაწაწინა ოთახი სხვენზე, უბადრუკი ავეჯით, მაგრამ მშვენივრად შეღებილი ცისფერი საღებავით. მისის მიკობერმა, ბავშვით ხელში, თვითონ იკისრა ჩემი მოთავსება ამ სადგომში.
_ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ყმაწვილო, როგორ შეიძლება გამოიცვალოს გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, _ მითხრა მისის მიკობერმა, როცა ერთად ავდიოდით სხვენზე. _ გათხოვებამდე, როცა დედასთან და მამასთან ვცხოვრობდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მდგმურების აყვანა მომიხდებოდა, მაგრამ ეს რამდენიმე ხანია, ჩემი ქმარი გაჭირვებულს მდგომარეობაში იმყოფება. მძიმე დრო დაგვიდგა, ყმაწვილო, მძიმე!
ვერ ვიტყვი დანამდვილებით, მისგან გავიგე თუ სხვისგან, რომ ოდესღაც მისტერ მიკობერი ფლოტში მსახურობდა, ოღონდ ჩემს თავში შემუშავდა მტკიცე წარმოდგენა, რომ უწინ იგი საზღვაო ოფიცერი იყო, ამჟამად კი ასრულებდა სხვადასხვა სავაჭრო სახლების დავალებებს, თუმცა ვერასოდეს და ვერავისგან გავიგე, რაში მდგომარეობდა ეს დავალებანი, რომელთაც მისტერ მიკობერს ანდობდნენ.
_ თუ მოვალეები არ დააცდიან, _ განაგრძობდა მისის მიკობერი, _ შედეგი მათთვისავე იქნება საზიანო. რაც მოხდება _ მოხდეს. რაც უფრო მალე მოხდება _ მით უკეთესი! ქვას სისხლს ვერ გამოადენ; მოვალეს ვერ გამოსწურავ ფულს, თუ მისი ქისა ცარიელია. მისტერ მიკობერს იმდენი ფულიც კი არა აქვს, რომ დაფაროს სასამართლოს ხარჯები.
დიასახლისის ამგვარმა გულახდილობამ, რომელიც ჩემის მხრივ არაფრით არ იყო გამოწვეული, ერთგავარდ გამაოცა, და პირველად ისე მეჩვენა, თითქოს მას მეტი ხნისა ვეგონე, ვიდრე ვიყავი. მაგრამ საქმის ვითარება, როგორც გამოირკვა, გაცილებით უფრო მარტივი იყო: საბრალო მისის მიკობერი ისე იყო შეწუხებული, რომ მზად იყო თავისი დარდი ყველასათვის შეეჩივლა, თუგინდ თავისი, ჯერ უმეცარი ტყუპებისათვის, თუ მის ახლოს არ იყო სხვა მსმენელი.
შემოსავალი კარის შუაგულს ამშვენებდა ლითონის დაფა, რომელზედაც ეწერა: `სასწავლო დაწსეესებულება მისის მიკობერისა ყმაწვილ ქალთათვის~. მაგრამ არასოდეს არც ერთი ყმაწვილი ქალი არ ყოფილა მისის მიკობერის პანსიონში. საერთოდ არასოდეს არ შემინიშნავს მასთან მდედრობითი სქესის არსებანი და არც არასოდეს შემიმჩნევია რაიმე მზადება რომელიმე ყმაწვილი ქალის მისაღებად. ერთადერთი მომსვლელები, რომლებიც მინახავს მათ სახლში, მევალენი იყვნენ. ისინი მოდიოდნენ ყოველ საათში და მალე დავრწმუნდი, რომ ზოგი მათგანი არაჩვეულებრივ ცხარე ხასიათის ჯენტლმენი იყო.
მოხდებოდა ხოლმე, რომ მათი გაშმაგებული ყვირილის გამო მისტერ მიკობერი სასოწარკვეთილებამდე მიდიოდა, და ერთხელ კინაღამ ყელი გამოეჭრა სამართებლით, როგორც მისი მეუღლისაგან გავიგე. საბედნიეროდ, ამგვარი სასოწარკვეთილება მეტად ხანმოკლე იყო; როგორც კი გავიდოდა სახლიდან მოუსვენარი მევალე, მისტერ მიკობერი მზრუნველი ხელით იწმენდდა ჩექმებს და შემდეგ მხიარული სახითა და ღიღინით გადიოდა სახლიდან. ასეთივე უზრუნველი იყო მისის მიკობერი. ერთხელ, როცა მოვიდა ცნობა, რომ სასამართლოს დადგენილებით მათი ქონება უნდა აეწერათ, მისის მიკობერს გული წაუვიდა და სრულებით ჩამოეშალა თმა, მაგრამ იმავე საღამოს, ბუხართან, იგი მშვენიერ გუნებაზე იყო და შეექცეოდა ხბოს ხორცის კატლეტებს. ამ საღამოს გავიგე მისგან მრავალი საინტერესო ამბავი იმის შესახებ, თუ რიგორ ცხოვრობდა წინათ მისი მამილო და დედილო, როგორ ქეიფობდნენ და ვინ ჰყავდათ სტუმრებად.
ჩემი თავის ანაბარა დარჩენილს, ბავშვურის უზრუნველყობით მიმყავდა ჩემი საქმეები. ხშირად, როცა დილით მივდიოდი `მორდსტონისა და გრინბის~ დაწესებულებაში, ვერ ვუძლებდი საშაქარლამოს ფანჯარაში გამოდგმული ტკბილეულობის ცდუნებას და სადილის ფულით ვყიდულობდი რაიმე გამხმარ ტკბილ კვერს. იმ დღეს, უსადილოდ დარჩენილი, იოლად მივდიოდი ერთი ფუნთუშით ან პუდინგის ნაჭრით. მაგრამ, თუ საშაქარლამოს ცდუნებას გავუძლებდი ხოლმე, მაშინ ვიღებდი სადილს ძველი, ჭუჭყიანი დუქნიდან, სახელწოდებით `ლურჯი ლომი~, რომელიც ჩვენი კანტორის პირდაპირ იყო. მაშინ ჩემთვის მოჰქონდათ ბივშტექსი ოთხ პენსად, დიდი ნაჭერი ყველი და მთელი პიტნა ლუდი სამ პენსად.
ჩვენ ჩაისაც ვსვამდით, რისთვისაც ნახევარი საათი დრო გვეძლეოდა. როცა ჯიბეში საკმაო ფული მქონდა, მაშინ ვუკვეთავდი ყავას რძით და ბუტერბროდით, მაგრამ თუ ფული არ მქონდა, მაშინ ქუჩაში დავეხეტებოდი, ან კონვერტ-გარტენის ბაზარზე ვტკბებოდი ფორთოხლების ცქერით, ან ნერწყვს ვყლაპავდი ტკბილეულობის დანახვაზე.
როცა ახლა ყველა ამ წვრილმანს ვიგონებ, სრულებითაც არა მაქვს აზრად გავაზვიადო იმდრონდელი ჩემი მძიმე მდგომარეობა. თუ მისტერ კვინიონი მუყაითი სამსახურისათვის მეტ შილინგს მაძლევდა წასახალისებლად, იმწამსვე ვხარჯავდი ამ ფულს ან სადილზე, ან ჩაიზე. ვმუშაობდი ადრიანი დილიდან შუაღამემდე გაფუჭებული და უზნეო ბიჭების საზოგადოებაში, თავისუფალ დროს კი უმიზნოდ დავეხეტებოდი ქუჩაში. არ ვიცი, როგორ არ გავხდი ან ჯიბგირი ან მაწანწალა.
ჩემი მდგომარეობა `მორდსტონისა და გრინბის~ დაწესებულებაში თანდათან განმტკიცდა. მიუხედავად მისტერ კვინიონის თავქარიანობისა, მე მაინც უფრო ზრდილობიანად მექცეოდა, ვიდრე სხვებს. საჭიროდ არ ვთვლიდი იმის ახსნას, თუ რა გარემოებათა მიზეზით მოვხვდი ამ კანტორაში, და არც სიტყვით, არც საქმით არ გამომითქვამს უკმაყოფილება ჩემი ადგილის გამო, ჩუმად და უსიტყვოდ ვიტანჯებოდი. ჩემი ამხანაგების საზოგადოებაში ვცდილობდი, მხიარული სახე მიმეღო და მუყაითად ვასრულებდი ჩემ საქმეს. ყველასთან თანასწორად ვმუშაობდი და მალე გავიწაფე ჩემს ხელობაში. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგებთან მოპყრობაში სულ უბრალო ვიყავი, მაინც, როგორცა ჩანს, ჩემს ქცევაში იყო რაღაც განსაკუთრებული, ბიჭები და დიდი მუშები პატარა ჯენტლმენს ან სუფოკლიდან გამოსულს მეძახდნენ. ამ საზოგადოებაშიც მომიხდა რამდენჯერმე მეამბნა ჩემი გმირების ფანტასტიკური თავგადასავალი, და ჩემმა თხრობითმა ნიჭმა გაკვირვება გამოიწვია ჭუჭყიანი კანტორის გულუბრყვილო მსმენელებში. ერთ მათგანი, ვინმე გრეგორი, რომელიც გასაგზავნად ამზადებდა საქონელს, დიდ პატივს მცემდა; მეორე ბიჭი, ვინმე ტინო, შიკრიკი, რომელიც ირთვებოდა ალისფერი კურტაკით, ჩემს მეგობრობასაც კი ლამობდა და უბრალოდ დავითს მეძახდა. ყველა ეს წარმატების ნიშანი აღშფოთებდა `კარტოფილას~, მაგრამ მიკ უოკერმა მალე ჩააგდო გონებაში.
მისტერ მიკობერის აწეწილი საქმეები ერთგვარად ხელს უწყობდა ჩემი სულიერი სიმშვიდის დარღვევას. მარტოხელა მწირი ამ სატახტო ქალაქში გულწრფელად შევეთვისე ამ ოჯახს და ხშირად, ქუჩაში ხეტიალის დროს, ვიგონებდი სახსარს, რომ გაჭირვებული მდგომარეობიდან გამომეყვანა ეს ოჯახი. მათი ვალები ჩემ შაბათის საღამოებსაც კი მიწამლავდნენ. როცა მე, ექვსი ან შვიდი შილინგით ჯიბეში, მშვენიერ გუნებაზე ვბრუნდებოდი სახლში და თან ყველა მაღაზიასა და დუქანში ვიხედებოდი და ვანგარიშობდი, რამდენი ძვირფასი რამ შემეძლო მეყიდა ამ ფულით სწორედ მაშინ დაიწყებდა მისის მიკობერი თავის დაუსრულებელ მასლაათს შინაურ აწეწილ-დაწეწილ გარემოებათა შესახებ. კვირა დილასაც ეს ამბავი იყო, როცა მე ჩემს უბრალო საუზმეს ვამზადებდი.
მიუხედავად ჩვენი წლოვანების ასეთი თვალსაჩინო განსხვავებისა, ჩვენ შორის უცნაური მეგობრობა დამყარდა. ერთნაირი გარემოებანი ბუნაბრივად ხელს უწყობდნენ ჩვენს დაახლოებას. მიუხედავად ამისა, მაინც არასოდეს ვიღებდი მონაწილეობას მათს ოჯახურ სადილებში, რადგან ვიცოდი, რომ ისინი მუდამ მწყრალად იყვნენ მეპურესთან და ყასაბთან და ამის გამო ხშირად დიდ შიმშილს განიცდიდნენ.
დადგა, ბოლოს, დრო, როცა მისის მიკობერმა თავისი უზომო ნდობა მაღირსა. ჩვენს შორის დაახლოებით ამგვარი ლაპარაკი ჩამოვარდა:
_ მისტერ კოპერფილდ! _ მითხრა მისის მიკობერმა. _ დიდი ხანია, რაც გიცქერით, როგორც ახლობელს და, მაშასადამე, შემიძლია საიდუმლოდ გამოგიცხადოთ, რომ მისტერ მიკობერის გაჭირვებულმა მდგომარეობამ უკიდურესობას მიაღწია.
ამგვარმა ცნობამ მტკივნეული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და გულწრფელი თანაგრძნობით შევხედე მისის მიკობერის ნამტირალევ თვალებს.
ჩემს ჯიბეში ამჯერზე ორი თუ სამი შილინგი იყო (საიდანაც შეიძლება ის დავასკვნათ, რომ ეს ბაასი ოთხშაბათს საღამოს მოხდა), და მე საჩქაროდ ამოვიღე ეს ფული, რომ მისის მიკობერისათვის მიმერთმია. მაგრამ ამ ლედიმ უარი თქვა ჩემს წინადადებაზე, დედობრივი სიყვარულით მაკოცა და ისევ უკან, თავის ალაგას ჩამადებინა ჩემი შილინგები.
_ არა, ჩემო კარგო მასტერ კოპერფილდ! _ მითხრა მისის მიკობერმა. _ სრულებით არ ვფიქრობდი მაგაზე. თქვენ, ჩემო მეგობარო, სხვაფრივ შეგიძლიათ დამეხმაროთ, და სწორედ ეს დახმარება მინდა გთხოვოთ.
_ მიბრძანეთ, ქალბატონო! ყველაფრისათვის მზად გახლავარ!
_ აი, საქმე რაშია, ჩემო კარგო: ჩემი საკუთარი ხელით წავიღე, სადაც ჯერ არს, ექვსი ჩაის კოვზი, ორი სამარილე, შაქრის მაშა და ყველა ამისათვის მივიღე თავის დროს ფული შინაური ხარჯებისათვის. სახლში კიდევ გვაქვს ზოგიერთი ნივთი, ურომლისოდაც ძალიან ადვილად გავძლებთ; მაგრამ მისტერ მიკობერი, თავის გრძნობათა მეტისმეტი სიფაქიზის გამო, არასოდეს არ გაბედავს ამ ნივთების გაყიდვას. კლიკეტას თხოვნა ამის შესახებ, თქვენ დამეთანხმებით, უხერხულია, რადგან ამ შემთხვევაში ერთგვარ დამოკიდებულებაში ვიქნები ჩემივე საკუთარი მოახლისაგან. მაშ ახლა გესმით, ძვირფასო მასტერ კოპერფილდ, რა მეგობრულ დამხმარებასაც მოველი მე თქვენგან?
მივხვდი მისის მიკობერის სურვილს და ვთხოვე, მოვეხმარნე, როგორც ნებავდა. იმავე საღამოს დავიწყე გატანა სახლიდან ზოგიერთი მსუბუქი ნივთებისა, და ამ დროიდან თითქმის ყოველ დილით ვმოგზაურობდი ამგვარი დავალებებით, სანამ `მორდსტონსა და გრინბის~ დაწესებულებაში წავიდოდი.
მისტერ მიკობერს რამდენიმე წიგნი ჰქონდა პატარა თაროზე და მოსწონდა, როცა ამას თავის ბიბლიოთეკას ეძახდა. სწორედ ამ წიგნებიდან დავიწყეთ. მიმქონდა ეს წიგნები უახლოეს ანტიკვართან, რომელიც წიგნებით ვაჭრობდა.
მევახშის დუქანშიც მალე გამიცნეს. მევახშე ნასწავლი და დინჯი კაცი იყო. როცა იგი მოტანილ ნივთებს აფასებდა, იმავე დროს ლათინურ გრამატიკაში და სახელთა ბრუნვასა და უსწორო ზმნათა კანკლედობაში მწვრთნიდა..
ამგვარი დავალების ასრულების შემდეგ მისის მიკობერი თავის თავის აუცილებელ მოვალეობად სთვლიდა პატარა ქეიფი გაემართა. და მახსოვს, როგორი მადით შეექცეოდა დამშეული ოჯახი გემრიელ საჭმელებს.
გამოილია ბოლოს ეს დამხმარე რესურსებიც. მისტერ მიკობერის გაჭირვებული მდგომარეობა თანდათან იზრდებოდა და, ბოლოს კრიზისი დადგა: ერთ უბედურ დილას მისტერ მიკობერი, მთავრობის განკარგულებით, წაიყვანეს სხვაგან, სახელმწიფო სავალო ციხეში. როცა იგი გადიოდა სახლიდან, მწუხარე სახით მითხრა, რომ დღეს განიპობა მიწა და მშთანთქავსო. მაგრამ, საბედნიეროდ, როგორც შემდეგ გავიგე, მისტერ მიკობერმა, როცა კი მიაღწია საბედისწერო სახლს, მაშინვე გაიცნო ახალი ამხანაგები და სადილობამდის უკვე მოასწრო ეთამაშა მათთან რამდენიმე პარტია ბილიარდი.
მისი დატუსაღების პირველ კვირა დღეს წავედი მისტერ მიკობერის სანახავად მის ახალ ბინაზე. მისტერ მიკობერი, რომელიც, როგორცა ჩანდა, მიმელოდა, მეტად სევდიან გუნებაზე იყო. ჩვენ მოვიტირეთ და სემდეგ შევედით ოთახში, რომელიც მიეჩნიათ მისთვის მეხუთე სართულზე. მახსოვს, როგორ დამაფიცა მან, რომ გაკვეთილად გამომეყენებინა მისი ეს უბედურება, და მირჩევდა უმთავრესი ყურადღება მიმექცია არსებობის შემდეგი აქსიომისთვის: `თუ ადამიანი, რომელსაც წლიური შემოსავალი ოცი გირვანქა აქვს, ხარჯავს ცხრამეტ გირვანქას და ცხრამეტ შილინგახევარს, იგი, უეჭველია, ბედნიერი იქნება, მაგრამ, თუ იგივე ადამიანი დახარჯავს ოცდაერთ გირვანქავს, მაშინ საქმე წასულია, _ იგი ციხეს ვერ ასცდება~. ამ სენტენციის დამთავრების შემდეგ, მისტერ მიკობერი მესესხა ერთ შილინგს ერთი ბოთლი პორტერისათვის, ხელწერილით მისი მიკობერის სახელზე, ცხვირსახოცით მოიწმინდა ცრემლები და იმწამსვე გამხიარულდა.
_ ახლა აი რა, მასტერ კოპერფილდ, _ მითხრა მისტერ მიკობერმა, _ გაისარჯეთ და აირბინეთ ჩემო სართულში, მეშვიდე ნომერში, სადაც კაპიტანი ჰოპკინსი ცხოვრობს. მოიკითხეთ ჩემს მაგივრად კაპიტანი, გაეცანით, როგორც ჩემი ახალგაზრდა მეგობარი, დანა-ჩანგალი სთხოვეთ.
მართლაც, კაპიტანს არ უთქვამს უარი. მის პაწაწინა ოთახში დავინახე ჭუჭყიანი ლედი და ორი გამხდარი გოგონა, მისი ქალიშვილები, გაწეწილი თმებით. კიდევ კარგი, რომ დანა-ჩანგლის სათხოვნელად გამომგზავნეს, თორემ, უეჭველია, სავარცხლის თხოვება არ შეეძლო კაპიტან ჰოპკინსს.
არ ვიცი, როგორ მოხდა და ვისი საშუალებით, ოღონდ ოჯახური გარემოების გამოსასწორებლად მალე ბინის ავეჯიც გაიყიდა. იგი მე არ გამიყიდია, და აქამდის არ ვიცი, ვის მიანდო მისის მიკობერმა ეს მისია. ასე იყო თუ ისე, ავეჯი გაყიდეს და გაიტანეს სახლიდან ფურგონით, გარდა ლოგინისა, ექვსი სკამისა და ერთი სამზარეულოს მაგიდისა, ამ ნივთებით ჩვენ ყველანი, ესე იგი მისის მიკობერი, ბავშვები, კლიკეტა და მე, გადავედით ვინძორის ტერასაზე დაცარიელებული სახლის ორ ოთახში. არ მახსოვს, რადენი ხანი ვიცხოვრეთ ამგვარად, მგონია _ ძალიან დიდი ხანი. ბოლოს, მისის მიკობერმა გადაწყვიტა ციხეში გადასახლება, თავის მეუღლესთან შესაერთებლად, რომელმაც ახლა ცალკე ოთახი მიიღო თავისი ოჯახისათვის. დავკეტე დაცარიელებული სახლი და მისი გასაღები ჩავაბარე მის უბედურ პატრონს. ბავშვების ლოგინები, გარდა ჩემისა, სავალო ციხეში გადაიტანეს. ჩემთვის ქალაქის ერთ-ერთ უბანში დაიჭირეს პაწაწინა საკუჭნაო სახლის სხვენზე.
ამ დროს ისევ `მორდსტონისა და ეინბის~ ღვინის საწყობში ვმუშაობდი. აქ ისევ ის ამხანაგები, იგივე ცხოვრება და იგივე საგნები მერტყა გარს. საბედნიეროდ, არავისთან არ დამიჭირია ახლო კავშირი და ჩემი თავისთვის არ მიმიცია ნება, გულახდფილი და მეგობრული ბაასი დამეწყო ყმაწვილთან, რომელნიც იქ იყვნენ. ერთადერთი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში ის იყო, რომ ჯერ ერთი, საკმარისად უსუფთაო გავხდი და ჩვეულებებიც გამომეცვალა, და მეორეც ისა, რომ, ჩემი მეგობრრების ციხეში გადასახლების შემდეგ, გავთავისუფლდი ჩემი მძიმე და უსიამოვნო მოვალეობისაგან მათი ბედის მოწყობის შესახებ. გამოჩნდნენ ნათესავები, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა მათს მდგომარეობაში, და ამის გამო მიკობერები მოეწყვნენ სავალო ციხეში, გაცილებით უფრო მეტი კომფორტით, ვიდრე თავიანთ საკუთარ სახლში, ვინძორის ტერასაზე. ახლა მათთან ერთად ვსაუზმობდი ყოველდღე, რაღაც პირობის თანახმად, რომელიც ახლა აღარ მახსოვს.
საღამოობით ისევ აუცილებლად ციხეში მივდიოდი და თან ვახლდი მისტერ მიკობერს სეირნობის დროს, ან მისის მიკობერრს კაზინოს ვეთამაშებოდი, არ ვიცი, ოღონდ `მორდსტონისა და გრინბის~ ღვინის საწყობში არავის ველაპარაკებოდი ჩე პირად საქმეებზე.
იმის გამო, რომ მისტერ მიკობერს საქმეები სრულიად აწეწილი ჰქნდა, მთელი თავისი სიცოცხლე უნდა მჯდარიყო სახელმწიფო სავალო ციხეში, და ეს, უეჭველია, ასეც იქნებოდა, მისი ფართო, წმინდა ჯენტლმენური ბუნება რომ არ აღშფოთებილიყო იმ აზრით, რომ მას მთელი მთელი სიცოცხლე მოუხდებოდა ამ მოსაწყენ ოთხ კედელს შუა ყოფნა! მისის მიკობერი ვერ შეეჩვია ჭუჭყიან ჯენტლმენებისა და ლედების ვულგარულ საზოგადოებას. ასე თუ ისე, საჭირო იყო ციხიდან თავის დაღწევა, სუფთა ჰაერზე გასვლა და შესვლა ცხოვრების ახალ სფეროში. მას შემდეგ, რაც მრავალჯერ სცადეს ეთხოვნათ თავისი მეგობრებისა და ნათესავებისათვის `უახლოესი ვადით~ თანხა, მკაცრი მევალეების დასაკმაყოფილებლად, მისტერ მიკობერმა საბოლოოდ გადაწყვიტა _ გამოეცხადებინა თავი `გაკოტრებულ მოვალედ~ და ამის გამო შეიტანა სასამართლოში სათანადო განცხადება. მისის მიკობერმა შემატყობინა, რომ ამ შემთხვევაში მისი მეუღლე მოქმედებდა ნათესავების ჩაგონებით. სასამართლოს გადაწყვეტილება ექვსი კვირის უკან უნდა გამოცხადებულიყო. კომერციულ დადგენილებათა კოდექსის თანახმად, `გაკოტრებული მოვალე~ თავისუფლდებოდა ციხიდან.

თავი მეთორმეტე

დიდი გადაწყვეტილება

მომავალი სიკეთის მოლოდინში მისტერ მიკობერმა გადაწყვიტა, დიდი საქმით აღნიშნა ციხეში ყოფნა. ციხის შენობაში სეირნობის დროს მან შენიშნა, რომ ტუსაღების მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. ამის გამო მისტერ მიკობერს აზრად მოუვიდა თხოვნის შედგენა პარლამენტში წარსადგენად, რომელსაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილებანი უნდა მოეხდინა სავალო ციხის წესებსა და დადგენილებებში.
ციხეში იყო კლუბი, სადაც მისტერ მიკობერი, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამ თხოვნის იდეა მისტერ მიკობერმა შეატყობინა კლუბს. კლუბის წევრებმა ერთხმად მიიღეს მისი აზრი. ამის შემდეგ მისტერ მიკობერმა ერთხმად მოჰკიდა ხელი საქმეს იმ საოცარი გულმოდგინებით, რომელსაც იგი საზოგადოდ იჩენდა ყველა იმ შემთხვევაში, როცა საქმე თვითონ მას არ შეეხებოდა. მისტერ მიკობერმა გაატარა რამდენიმე ღამე კალმით ხელში; იგი ხაზავდა, წერდა, შლიდა, ფხეკდა და, ბოლოს სრულებით კმაყოფილი დარჩა თავისი ნაწარმოებით. როცა მან გადაათეთრა ეს საპარლამენტო თხოვნა უშველებელ ქაღალდზე და გაშალა მაგიდაზე, შეატყობინა კლუბს, რომ ყველა მისი წევრი შეკრებილიყო დანიშნულ დროს მის ოთხში, ამ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად.
მე პირადად ვიცნობდი თითქმის ყველა ამ ჯენტლმენს, ისევე, როგორც ისინი მიცნობდნენ მე, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებდა ეს ამბავი და აუცილებლად მინდოდა დავსწრებოდი ამ ცერემონიას. `მორდსტონისა და გრინბის~ დაწესებულებას ვთხოვე, გავეშვი რამდენიმე საათით და დროზე მივედი ციხეში. ცერემონია იმით დაიწყო, რომ პირველი მობრძანდა ჩემი ძველი მეგობარი კაპიტანი ჰოპკინსი. ამ ღირშესანიშნავ შემთხვევისათვის მას ხელ-პირიც კი დაებანა. მისტერ მიკობერი, გულზე ხელდაკრეფილი, მაგიდასთან დადგა. კაპიტანი ჰოპკინსი, როგორც კლუბის უფროსი წევრი, მოემზადა ამ დოკუმენტის წასაკითხად ყველასათვის, ვინც კი ჯერ არ იცნობდა მის შინაარსს. კარი გაიღო, და ციხის მოსახლეობამ, გრძლად ჩამწკრივებულმა, დაიწყო მსვლელობა. ადგილის უქონლობის გამო, ბევრნი დერეფანში იდგნენ და თავიანთ ჯერს ელოდნენ. ყოველი წევრი შემოდიოდა, ხელს აწერდა და გადიოდა. ყოველ წევრს თავის ჯერზე კაპიტანი ჰოპკინსი ჰკითხავდა:
_ წაგიკითხავთ თხოვნა?
_ არა.
_ მაშ ხომ არა გნებავთ, რომ წაგიკითხოთ?
და თუ წევრი გამოთქვამდა მოსმენის მცირეოდენ სურვილს, კაპიტანი ჰოპკინსი კითხვას იწყებდა გარკვევით, მკაფიოდ, ბოხი ხმით, ისე, რომ დოკუმენტის ყოველი სიტყვა ცხადად აღბეჭდილიყო მსმენელის თავში. კაპიტანი ჰოპკინსი მზად იყო ოციათასჯერ წაეკითხა ეს დოკუმენტი, ოღონდ კი ამდენ ადამიანს გამოეთქვა მოსმენის სურვილი. განსაკუთრებული ეფექტით წარმოთქვამდა იგი, რამდენადაც მახსოვს, დაახლოებით ამგვარ წინადადებებს: `უზენაესი საკანონმდებლო დაწესებულების სახალხო წარმომადგენელნი~, `უბედური ქვეშევრდომნი სამი შეერთებული სამეფოსი~ და სხვა. ყველა ამგვარი სიტყვა განსაკუთრებულს, საკვირველად გემრიელ გემოს იღებდა მკითხველის პირში. მისტერ მიკობერი ისმენდა ავტორის სიამაყით და ლმობიერის ცქერით გაჰყურებდა ფანჯარაში ციხის წვეტიან კედლებს.
დიდხანს ვსეირნობდი იმ საღამოს ლონდონის ბნელ ქუჩებში და ხალხის ბრბოს შეხვედრაზე მანანებოდა, რომ არავის მათგანს არ ეღირსა კაპიტან ჰოპკინსის მოსმენა.
დანიშნულ დროს სახელმწიფო სასამართლომ განიხილა მისტერ მიკობერის თხოვნა და, ჩემდა უაღრეს სასიხარულოდ, დაადგინა გაეთავისუფლებინა ციხიდან ეს ჯენტლმენი. სხდომას, რასაკვირველია, მისტერ მიკობერიც დაესწრო. ყველაფერი ბედნიერად გათავდა და მევალეებს, როგორც მისის მიკობერმა მითხრა, არ გამოუჩენიათ რაიმე განსაკუთრებული სიძულვილი მისი მეუღლისადმი.
სხდომის შემდეგ მისტერ მიკობერი, საბოლოო განთავისუფლების წინ, სავალო ციხეში უნდა დაბრუნებულიყო. კლუბმა აღტაცებით მიიღო იგი და იმ საღამოსვე მის პატივსაცემად კრება დანიშნა. მისის მიკობერმა, თავისი ოჯახის წევრებით გარშემოხვეულმა, უბრძანა მოეტანათ ბუფეტიდან ერთი ულუფა შემწვარი ხბოს ხორცი და ერთი ბოთლი ელი. ამ ვახშამში მეც მივიღე მონაწილეობა.
_ მე და თქვენ საუკეთესოდ უნდა ვიდღესასწაულოთ ეს დღე, მასტერ კოპერფილდ! _ მითხრა მისის მიკობერმა. _ და კიდევ თითო ჭიქა დავლიოთ, ჩემი დედისა და მამის ხსოვნისათვის.
ვისარგებლე ამ შემთხვევით გულახდილი საუბრისთვის და ვკითხე:
_ ნება მიბოძეთ, ქალბატონო, გკითხოთ: რას აპირებს მისტერ მიკობერი ახლა, როცა დამთავრდა მისი გაჭირვებული მდგომარეობა და თავისუფლება მიიღო? გადაწყვიტა თუ არა რაიმე?
_ ჩემი ოჯახის წევრები, _ მიპასუხა მისის მიკობერმა (ამ სიტყვებს იგი მუდამ დიდებული სიამაყით წარმოთქვამდა ხოლმე, თუმცა ვერასგზით ვერ გავიგე, ვისა გულისხმობდა ამ ტიტულით), _ ჩემი ოჯახის წევრები იმ აზრს ადგანან, რომ მისტერ მიკობერმა თავი უნდა დაანებოს ლონდონს და ასპარეზი თავისი ნიჭისთვის რომელიმე პროვინციაში იპოვოს. მისტერ მიკობერი დიდი ნიჭის პატრონია, მასტერ კოპერფილდ! _ ო რასაკვირველია! _ ვუპასუხე მე.
_ ჩემი ოჯახის წევრები სრულებით საფუძვლიანად ფიქრობენ, რომ ჯენტლმენს მისი ნიჭით შეუძლია თავისი კარიერა საბაჟო სამსახურით მოაწყოს. ამიტომ აქედან გამოსვლის შემდეგ იგი, ჩემი ოჯახის საერთო სურვილის დასაკმაყოფილებლად, მაშინვე უნდა მოემზადოს სამგზავროდ და პლიმუტში გადასახლდეს.
მე შევეჩვიე მიკობერებს და სრულებით შევეთვისე მათ აზროვნებასა და სურვილებს. მათი წასვლის შემდეგ ერთხელ კიდევ გამომეცვალა ბინა, მომანახა ახალი ხალხი და სამუდამოდ ჩავხშულიყავი ამ ატმოსფეროში. ამ ფიქრებმა ისევ გამიახლეს გუკ\ლისტკივილი; ისევ შემრცხვა ჩემი თავისა და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამგვარი ცხოვრება ჩემთვის შეუძლებელი იყო.
ვინ გამათავისუფლებდა ამ გარემოებიდან? არავინ! ცხადად ვხედავდი ამას და ვიცოდი, რომ ხსნა მხოლოდ ჩენგანვე შეიძლებოდა მოსულიყო. არასოდეს ადა არაფერი არ გამიგია ჩემი მამინაცვლისა და მის მორდსტონის შესახებ. მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ მივიღე ბლონდერსტონიდან ამანათი დაკერებული საცვლებით და მასთან ჩემ სახელზე იყო ბარათი, სადაც ეწერა, რომ ჯემ მორდსტონი მტკიცედ დარწმუნებულია, რომ დავით კოპერფილდი გულმოდგინედ ასრულებს თავის საქმეს და ცდილობს, დაიმსახუროს მისტერ კვინიონის მადლობაო. ეს იყო და ეს.
მეორე დღეს ძალიან აღელვებული ვიყავი იმ ახალი აზრებით, რომელიც თავში მიტრიალებდნენ. მიკობერების ოჯახი ერთი კვირით დასახლდა იმ სახლში, სადაც მე ვცხოვრობდი, ამ კვირის ბოლოს კი პლიმუტში უნდა წასულიყვნენ.
ამგვარად, მთელი დანარჩენი დრო, ვიდრე მისტერ და მისის მიკობერები ლონდონში იყვნენ, ისევ ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრე მათთან და მართალი უნდა ვთქვა, დიდი სიამოვნებით ვატარებდით ამ საღამოებს. მე მგონია, ბოლოს ჩვენ შეგვიყვარდა კიდეც ერთმანეთი. უკანასკნელ კვირა დღეს მიკობერებმა გამოსათხოვარ სადილზე დამპატიჟეს. წინა დღით საჩუქრები ვუყიდე ორ უფროს მიკობერს: ხის ცხენი პატარა ვილკინს მიკობერს და ვარდისფერკაბიანი დედოფალა _ მის დას.
მეორე დღეს გავაცილე მთელი ოჯახი დილიჟანსამდის, რომლითაც ისინი პლიმუტში მიემგზავრებოდნენ.
_ მშვიდობით, ძვირფასო კოპერფილდ! _ მითხრა მისის მიკობერმა. _ მშვიდობით! ბენდიერი იყავით! თუ შემდგომში გავიგებ, რომ ჩემი მწარე ბედი სასარგებლო მარგალიტად გამოგადგათ, ვიტყვი, რომ უქმად არ მიცხოვრია. თუ ბედმა გამიღიმა (რისი იმედიცა მაქვს), დამიჯერეთ, ვეცდები, გავაკეთო რამე თქვენი ბედნიერებისათვის.
მე მგონია, როცა მისის მიკობერი ავიდა იმპერიალზე, შემომხედა იქიდან და დაინახა, თუ არსებითად როგორ საბრალო, მიგდებული ბავშვი ვიყავი, _ ტირილი დაიწყო. იმიტომ მგონია ეს, რომ მისის მიკობერმა მანიშნა, ავსულიყავი მასთან იმპერიალზე, და მის სახეზე დავინახე დედობრივი სინაზის გამომეტყველება. დიახ, მან მაკოცა ისე, როგორც საკუთარ შვილს აკოცებდა… ძლივს მოვასწარი ჩამოხტომა და _ დილიჟანსიც დაიძრა. ერთი წუთის შემდეგ იგი მიიმალა, რადგანაც კუთხეს შეუხვია, და მასთან ერთად გაქრა ცხვირსახოცებიც _ უკანასკნელი სალამი მგზავრებისა. მარტო დავრჩი და წავჩანჩალდი `მორდსტონისა და გრინბის~ კანტორაში, რომ დამეწყო ჩემი მოსაბეზრებელი სამუშაო.
მაგრამ გადავწყვიტე, აღარ მემუშავა! არა, მე გაქცევა დავაპირე. გადავწყვიტე, დამეღწია როგორმე თავი ლონდონიდან, მეპოვნა ჩემი ერთადერთი ნათესავი, რომელიც დედამიწაზე დამრჩენოდა, და მეამბნა მისთვის მთელი ჩემი მწარე ამბავი! მეამბნა მისთვის, პაპიდასათვის, მის ბეტსისთვის! როგორ დამებადა ეს აზრი არ ვიცი, ოღონდ დამებადა თუ არა, ღრმად დამიჯდა თავში და გულში და მტკიცე გადაწყვეტილებად გადაიქცა. სრულებით არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ საქმიდან რამე სიკეთე გამოვიდოდა, მაგრამ აღარაფერი არ შეეძლო დაეშალა ჩემთვის ამ გეგმის სისრულეში მოყვანა.
რადგანაც არც კი ვიცოდი სად ცხოვრობდა მის ბეტსი, ამიტომ მივწერე პეგოტის უზარმაზარი წერილი და თითქოს გაკვრით ვეკითხებოდი, ხომ არ იცი პაპიდას ბინადრობა-მეთქი, რადგან მელაპარაკნენ ერთი ლედის შესახებ, რომელიც ძალიან ჰგავს პაპიდას ხასიათით და ამა და ამ ქალაქში ცხოვრობსო (ქალაქი დავწერე პირველი, რომელიც მომხვდა), და ვითომც ამიტომ მაინტერესებდა გამეგო, პაპიდაზე ხომ არ იყო ლაპარაკი. ამავე წერილში ვწერდი პეგოტის, რომ ძალიან მჭირდება ნახევარი გინეა, და თუ შეგიძლია, მასესხე ეს თანხა; ვალის დაბრუნებისას აგიხსნი, რისთვის დამჭირდა ეს ფული. პეგოტიმ არ დამიგვიანა პასუხი, და მისი წერილი, როგორც ყოველთვის, სავსე იყო სიყვარულისა და ერთგულების გრძნობით. მან გამომიგზავნა ნახევარი გინეა. მის ბეტსი, მწერდა პეგოტი, ცხოვრობს სადღაც დუვრში, ოღონდ არ ვიცი, თვით ქალაქში ცხოვრობს იგი, თუ რომელიმე მიდამოში, როგორც, მაგალითად, ჰაითში, სანდგეტში ან ფოსლსტონშიო. არც ეს იყო ძნელი საქმე: ერთმა ჩვენი საწყობის მუშამ ამიხსნა, რომ ყველა ეს ადგილი ერთიმეორის გვერდით არისო. ჩემს განზრახვას საიდუმლოდ ვინახავდი და გადავწყვიტე, კვირის ბოლოს სისრულეში მომეყვანა იგი.
დადგა შაბათი საღამო და მასთან ერთად შეწყდა ყოველკვირეული მუშაობა `მორდსტონისა და გრინბის~ ღვინის საწყობში. ჩემი ამხანაგები, ტიპის მეთაურობით, წავიდნენ კანტორაში ჯამაგირის მისაღებად. მე განზე გავიხმე მიკ უოკერი და წავჩურჩულე, გადაეცა მისტერ კვინიონისათვის, რომ წავედი ახალ ბინაზე გადასასვლელად; შემდეგ ღამემშვიდობისა ვუსურვე `კარტოფილას~ და გავედი კარებში, რომ არასოდეს აღარ დავბრუნებულიყავი `მორდსონისა და გრინბის~ ღვინის საწყობში.
ჩემი ჩემოდანი ძველ ბინაზე იყო. წინათვე დავწერე მისთვის მისამართი: `დუვრის დილიჟანსების კანტორაში, გადაეცეს მოთხოვნილებისამებრ მასტერ დავითს~. ეს ბარათი ჯიბეში მედო და მინდოდა ზედ მიმეკრა, როცა ჩემოდანს ბინიდან გამოვიტანდი. ახლა საჭირო იყო ისეთი ადამიანის შოვნა, რომელიც მიშველიდა მის ფოსტაში წაღებას.
ბლეკფრაიერის გზაზე, ობელისკთან, იდგა ცარიელი პატარა ვირის ორთვალა, რომელშიაც ზორბა ყმაყვილი ბიჭი იჯდა. იგი გამვლელ-გამომვლელებს ათვალიერებდა, როგორც ჩანდა, უმიზნოდ.
_ მე მინდა დაგიქირაოთ, _ ვუთხარი და ორთვალასთან გავჩერდი.
_ რისთვის?
_ ჩემოდნის წასაღებად. ჩემი ჩემოდანი ფოსტის კანტორაში უნდა წაიღოთ ექვს პენსად.
_ მერე, სადაც ცხოვრობ?
ვუთხარი ჩემი მისამართი, და აყლაყუდამ ჩემი ბინისაკენ მიაბრუნა ვირი.
შევიყვანე იგი ოთახში, რომლის დატოვებასაც ვაპირებდი. ჩემოდანი დაუყოვნებლივ გამოიტანა და ორთვალაში მოათავსა. მე არ მინდოდა მისამართის დაკვრა ჩემოდანზე, სანამ ბინიდან არ გამოვიტანდი, რადგან მეშინოდა, რომ სახლის პატრონები მიხვდებოდნენ ჩემს განზრახვას; ამიტომ ვთხოვე მეეტლეს, გარჯილიყო და შეჩერებულიყო ერთი წუთით, როცა მიაღწევდა სავალო ციხის ყრუ კედელს. როგორც კი ეს სიტყვები წამომცდა ენიდან, აყლაყუდამ ისე გააჭენა თავისი ვირი, თითქოს ის, ჩემი ჩემოდანიც და ვირიც გაგიჟებულიყვნენ. სირბილით მივედი და ძლივს დავეწიე დანიშნულ ალაგას.
როცა ჯიბიდან ბარათს ვიღებდი, სიჩქარისაგან ჩემი ნახევარი გინეა მიწაზე დამივარდა და აღებისას იგი უნებურად პირში ჩავიდე. შემდეგ აკანკალებული ხელით მივაკარი ბარათი ჩემოდანს. როგორც კი ეს ოპერაცია გავათავე, აყლაყუდამ ძლიერი ხელი ნიკაპში გამარტყა; ფული გამომვარდა პირიდან _ და ერთ წუთში მის ხელში გაჩნდა.
_ ეჰე! _ თქვა ყმაწვილმა და კისერში წამავლო ხელი. _ აქ, მგონი, პოლიციის სუნი ტრიალებს! შენ, როგორც ჩანს, სხვისი საქონელი გიშოვნია, ჩემო კარგო! აბა, ერთი პოლიციაში წამომყევი!
_ დამანებეთ თავი! _ შევყვირე შეშინებუმა. _ მომეცით ჩემი ფული!
_ წამოდი ჯერ პოლიციაში, იქ გაარჩევენ!
_ მომეცით ჩემი ჩემოდანი და ფული! დამეხსენით1 _ ვყვიროდი და თან ცხარე ცრემლებით ვტიროდი.
მაგრამ აყლაყუდა პოლიციით მაშინებდა, თან ვირის ორთვალასკენ მიმათრევდა. დაჯდა ცემს ჩემოდანზე, გაჰქუსლა და თან ყვიროდა, რომ პოლიცია გამისწორდება.
მე გამოვუდექი და მივრბოდი რაც ძალა და ღონე მქოდა. ვიხრჩობოდი მღელვარებისა და დაღლილობისაგან, არ შემეძლო დამეძახა ვისთვისმე საშველად და ვერც ვბედავდი დაყვირებას.
ამგვარად ნახევარი მილი მაინც გავირბინე და და ამ დროს ოცჯერ მაინც ვიყავი განსაცდელში, რომ ან გამჭყლეტნენ და ან გამსრესდნენ. ხანდახან სრულებით მეკარგებოდა თვალიდან უსინდისო აყლაყუდა და მისი ორთვალა; ხანდახან კი შორით მოჩანდა მისი ქუდი. აქ მეეტლე მირტყამდა შოლტს, იქ ტალახში ვვარდებოდი, ვდგებოდი, ისევ მივრბოდი, ვაწყდებოდი მგზავრებს, ვეცემოდი, ვეხეთქებოდი ფარნის ბოძს, და შემდეგ ისევ მივრბოდი გამწარებული. ბოლოს, ღონემიხდილს, მომეჩვენა, რომ ნახვარი ლონდონის მოსახლეობა უკან მომდევდა, და თავი დავანებე ამ აყლაყუდას დევნას, ჩემი ფული და ჩემოდანი რომ გაიტაცა. დაე ირბინოს, სადაც სურს, რამდენიც სურს, თუნდაც ქვეყნის ბოლომდე! როცა სულის მოსათქმელად შევჩერდი, შევნიშნე, რომ გრინვიჩის მიმართულებით მივრბოდი, სადაც, როგორც ვიცოდი, დუვრის გზა მიდიოდა. ცხარე ცრემლები გადმომცვივდა, როცა მოვისაზრე, რომ მოტყუებული და გაქურდული დავრჩი. მაგრამ რა გაეწყობოდა! ცრემლებით საქმეს ვერ ვუშველიდი. როგორც ამბობდა მისის მიკობერი. ნელი და გაუბედავი ნაბიჯით წავჩანჩალდი წინ, პაპიდაჩემის უცნობი ბინისაკენ, მის ბეტსისაკენ, რომელიც, უეჭველია, ამ დროს უფრო ნაკლებ ფიქრობდა ჩემზე, ვიდრე იმ ღამეს, როდესაც მისი სულის სიმშვიდე დავარღვიე ჩემი დაბადებით.

თავი მეცამეტე

ჩემი გადაწყვეტილების შედეგები

უკვე დაღამდა და ჩემს ყურებში გაისმა დიდი საათის ზარის ხმა, რომელმაც ათი დარეკა, მაგრამ, მიუხედავად იმ დიდი უბედურებისა, რომელიც თავს დამატყდა, ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი უკან დაბრუნებაზე; არ დავბრუნდებოდი არას შემთხვევაში, თუნდაც ჩემი ყოფილიყო დაფარული.
იმის ფიქრში, თუ სად გამეთია ღამე, ბენდიერი აზრი მომივიდა, რომლის სისრულეში მოყვანას იმწუთშივე შევუდექი. გადავწყვიტე, ღამე გამეთია ჩემი ძველი პანსიონის კედელთან, განმარტოებულ კუთხეში, სადაც ყოველთვის თივის ბულული იდგა.
დაღლილობა უკვე მერეოდა და უზომოდ დატანჯული ვიყავი, როდესაც, ბოლოს, ამ დღის ვაი-ვაგლახის შემდეგ ბლოკგითის ველზე მივჩანჩალდი. ღამის წყვდიადში ძალიან საძნელო იყო სალემის სასწავლებლის პოვნა, მაგრამ მაინც ვიპოვე იგი და მასთან ერთად ვიპოვნე კუთხეში თივის ბულულიც.
მე დავიძინე ისე, როგორც, უეჭველია, იძინებენ მრავალნი დევნილნი, რომელთაც ცხვირწინ კარებს უკეტავენ. დამესიზმრა, თითქოს ვწევარ ჩემს ლოგინში, სალემის სასწავლებლის დორტუარში და რაღაც ამბავს ვუამბობ ბავშვებს, რომლებიბიც გარს შემომხვევიან, მაგრამ მე კი არ ვიწექი, არამედ წამოვმჯდარიყავი და სტირფორდის სახლი ენაზე მადგა, როდესაც უეცრად გამომეღვიძა და შევხედე აუარებელ ვარსკვლავებს, რომელნიც თავს დამციმციმებდნენ. გამოუთქმელმა, უცნაურმა გრძნობამ ამიტანა, როდესაც ბუნდოვნად მოვისაზრე და მოვიგონე, სად და რად ვიყავი აქ უდროო დროს. შეშინებული და შემკრთალი წამოვხტი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ, მაგრამ ვარსკვლავების სუსტმა ციმციმმა და ალიონის მკრთალმა ნათელმა გონს მომიყვანა და უკან დავბრუნდი. დავწექი და ისევ დავიძინე. ამჯერზე მხოლოდ ის დამესიზმრა, რომ ძალიან ციოდა და ვკანკალებდი, სანამ მზის პირველმა სხივებმა არ გამათბეს. მაგრამ, აი, გაისმა სალემის სასწავლებლის გასაღვიძებელი ზარის ხმა, და მეც გამომეღვიძა. იმედი რომ მქონოდა, სტირფორდი, როგორმე მეხელთნა დრო და ცალკე მენახა იგი; მაგრამ ვიცოდი, რომ ამ ახალგაზრდა ჯენტლმენს უკვე დიდი ხნით ადრე თავი უნდა დაენებებინა სალემის სასწავლებლისათვის. ტრედელსი, უეჭველია, ჯერ ისევ აქ იყო, მაგრამ მას ვერ მივანდობდი ჩემს საიდუმლოს, თუმცა ვიცოდი მისი კეთილი გულის ამბავი, რომელიც ყოველთვის მზად იყო დახმარებისათვის. ამგვარად, იმ დროს, როდესაც მისტერ კრიკლის მოწაფეებმა გაიღვიძეს, მე შემოვუარე სასწავლებლის კედელს და გავედი დუვრის დიდ გზაზე. უწინ ხშირად ვსეირნობდით ამ გზაზე სწავლისაგან თავისუფალ დროს; როგორ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მე, როგორც უსახლკარო მგზავრს, მომიხდებოდა ამ გზით ხეტიალი?
ამ კვირა დღეს გავიარე დაახლოებით ოცდასამი მილი, გავიარე დიდი სიძნელით, რადგან ჩვეული არ ვიყავი ამგვარ მოგზაურობას. მახსოვს, როგორ მივდიოდი როჩესტერში ხიდზე საღამო ჟამს. დუქანში ნაყიდი პურის ნაჭერი შეადგენდა მთელ ჩემს ვახშამს. ორი თუ სამი სახლი წარწერით: `სასტუმრო მგზავრთათვის~ დიდ საცდურს წარმადგენდა ჩემთვის, მაგრამ მეშინოდა, აქ დამეხარჯნა ჩემი უკანასკნელი პენსები და კიდევ უფრო მეშინოდა იმ საეჭვო მაწანწალებისა, რომელიც გზაში მხვდებოდნენ. გადავწყვიტე, ისევ ცისქვეშ გამეთია ღამე. უკვე შებინდებული იყო, როდესაც დიდი სიძნელით ძლივს მივაღწიეს ჩეტემსს. ღამის წყვდიადში იგი საზარელ სურათს წარმოადგენდა, თავისი ასაწევი ხიდებითა და უანძო გემებით ჭუჭყიან მდინარეზე. ავუხვიე ყაზარმებს და მივაღწიე ბატარეას, სადაც ღამის სიჩუმეში წინ და უკან გუშაგი დადიოდა. სწორედ აქ, ზარბაზნის გვერდით მოვეწყვე; მალე დამეძინა ძალიან მაგრად და დილამდე აღარაფერს არ შევუწუხებივარ.
გაღვიძებისას საშინელი ტკივილები ვიგრძენი მთელს ტანში და მეტადრე ფეხებში; მე გამაღვიძა ნაღარისა და მოვარჯიშე ჯარისკაცების ფეხის ხმამ, რომელთაც თითქოს აზრად ჰქონდათ, ყოველი მხრიდან ალყა შემოერტყათ ჩემთვის. ავდექი და ძლივს წავჩანჩალდი გრძელი, ვიწრო ქუჩით; ცხადი იყო, ჩემი ეს მგზავრობა მეტად მოკლევადიანი და მცირემანძილიანი იქნებოდა. გადავწყვიტე, შემესვენა აქვე, რომ ძალ-ღონე მომეკრიბა მომავალი მგზავრობისათვის. უპირველესად ყოვლისა, ჩემი კურტაკის გაყიდვა დავაპირე და იმწამსვე გავიხადე იგი, რო მესინჯა _ შესაძლებელი იყო თუ არა უიმისოდ არსებობა. ცდამ დამანახვა, რომ შესაძლებელი იყო. იღლიაში ამოვიდე კურტაკი და თვალიერება დავუწყე დუქნებს, სადაც შეიძლებოდა მიმემართა ჩემი საქონლის გასაყიდად.
დუქანი ბევრი იყო. შეკერილი ტანისამოსის გამყიდვლები, რომელნიც არც ისე ცოტანი იყვნენ, უმეტესად თავიანთი მაღზიების კარებთან იდგნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ; მაგრამ რადგან მაღაზიებში უმთავრესად ოციფრების მუნდირები და ეპილოტები მოჩანდა, დიდხანს დავყიალობდი ამ ჯენტლმენებს შორის და სავაჭროების ბრწყინვალებით შეშინებული, ვერ ვბედავდი ჩემი საქონლის ჩვენებას.
ამგვარი მორიდების გამო ვეძებდი დუქნებს, სადაც მეზღვაურების ძველ ტანისამოსს ყიდდნენ, და ბოლოს ვიპოვე სწორედ ასეთი დუქანი აშმორებული შესახვევის კუთხეში, რომელიც ჭინჭრით იყო სავსე.
ამ დაბალს, შეხუთულსა და ჭუჭყიან დუქანში, რომელსაც უფრო აბნელებდა, ვიდრე ანათებდა პაწაწინა ჭუჭრუტანა, ჩამოფარებული დაგლეჯილი ძოძებით, გულისფანცქალით ჩავედი ჭუჭყიანი და აყროლებული კიბით, რომელზედაც ბინძური წყალიც გადმოესხათ. ამ შემზარავი ბუნაგის უკანა მხრიდან გამოძვრა მახინჯი ბებერი, გარეული კატის ეშმაკური თვალებით და ჯაგრის მსგავსი წვერებით, რომელიც მთელ ნახევარ სახეს უფარავდა. იგი ხმაამოუღებლად მწვდა თმებში და კედელს მიმახალა.
_ ოჰ, რა გინდა? ოჰ, თვალები დამიდგეს, რა გინდა ჩემგან? ოჰ, აგისკდეს მიწა და თან ჩაგიტანოს!
და მან ისე საზარლად დააბრიალა თვალები, რომ კინაღამ არ გადმოუვარდა ბუდიდან.
_ მე მოვედი, რომ გკითხოთ, სერ, ხომ არ ინებებთ იყიდოთ ჩემი კურტაკი? _ ვუთხარი მთლად აკანკალებულმა.
_ ოჰ, მაშ მომეცი ეგ შენი კურტაკი! _ დაიწივლა ბებერმა. _ ოჰ, დამეწვას გული, მაჩვენე შენი კურტაკი! ოჰ! გამისკდეს ღვიძლი, მაჩვენე შენი კურტაკი!
ამ სიტყვებით თავი დაანება ჩემს თმებს და სათვალე მიიდო აწითლებულ თვალებზე.
_ ოჰ, დამიდგეს თვალები, რამდენს თხოულობ შენს კურტაკში?
_ ნახევარ კრონას, სერ, _ ვუპასუხე და თან ისევ ვთრთოდი.
_ ოჰ, არა, არა, არა! გამისკდეს ღვიძლი! რა მოიგონე? არა, არა, არა, დამიდგეს თვალები! ხომ არ აიღებ თვრამეტ პენსს? ბურრრ, ბურრრრი-გურრრი!
ამ სიტყვებთან მას თვალები მთლად შუბლის გადაღმა ეკარგებოდა და მისი ხმა, წარმოუდგენლად საშინელი, მაგონებდა თავაწყვეტილი ქარიშხლის ქროლას, რომელიც დაბალი ტონით იწყება, თანდათან იწევს მაღლა და უეცრად შეწყდება, _ სხვა შედარებას ვერ მოვუნახავ.
_ ძალიან კარგი, სერ, მზად ვარ დაგითმოთ თვრამეტ პენსად, _ ვუთხარი მე, რომ როგორმე გაეთავებინა ეს უბედური ვაჭრობა.
_ ოჰ, დაიკარგე ამ დუქნიდან! _ დამიყვირა ბებერმა და კურტაკი ხელიდან გამომგლიჯა. _ გაეთრიე გარეთ, საძაგელო არამზადავ! ოჰ, დამიდგეს თვალები, დაიკარგე, სანამ მოგხვდებოდეს! გურრი-ბურრი, ნუ მთხოვ ფულს! სამაგიეროდ აიღე რამე _ ბრრრ!
არასოდეს ჩემს სიცოცხლეში არ შემშინებია იმ ზომამდე, როგორც მაშინ, მაგრამ მაინც წყნარად ვუთხარი, რომ ფული ძალიან მჭირდება და ამიტომ თანახმა არა ვარ, სხვა რაიმე ავიღო კურტაკის მაგივრად-მეთქი.
მე გამოვედი გარეთ და დავჯექი ჩრდილში დუქნის წინ. გაიარა რამდენიმე საათმა; ჩრდილო მზის შუქმა და მზის შუქი _ ისევ ჩრდილმა. მე ისევ ვიჯექი და ფულს ველოდი.
ბებერი რამდენჯერმე გამოვიდა თავისი ბუნაგიდან და მთხოვა გაცვლაზე დავთანხმებულიყავ. მას გამოჰქონდა ხან ანკესი, ხან ვიოლინო, ხან ქუდი, ხან ფლეიტა, მაგრამ არ ავყევი მის ცდუნება; განვაგრძობდი კარებთან ჯდომას და ცრემლით ვთხოვდი ჩემი კურტაკის ფულს. ბოლოს მან დაიწყო ფულის გამოტანა ნახევარ-ნახევარი პენსიანებით და ამ გასწორებამ ორი საათი გასტანა.
_ ოჰ, დამიდგეს თვალები! _ დაიყვირა მან ბოლოს, როცა დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ გამოჰყო თავი ბუნაგიდან. _ წაეთრევი თუ არა აქედან, ორი პენსი რომ მოგცე ლაწირაკო?
_ არ შემიძლია! მაშინ შიმშილით სიკვდილი მომელის, _ ვუპასუხე მე.
_ ოჰ, დამეგლიჯოს ნაწლავები! სამ პენსს ხომ არ დასჯერდები? აიღე და დაიკარგე!
_ მე დიდი ხანი წავიდოდი, რომ შემეძლოს, მარამ ძალიან მიჭირს ფული.
_ აბა, არამზადავ! _ დაიყვირა მან ბოლოს. _ გეყოფა ოთხი პენსი: აიღე და მომწყდი თავიდან!
სრულებით დატანჯული ამ ვაჭრობით, ბოლოს დავთანხმდი ოთხ პენსზე, მთრთოლვარე ხელით გამოვართვი ფული მხეცური თათიდან და მზის ჩასვლისას მოვშორდი დუქანს. წყურვილი და შიმშილი საშინლად მტანჯავდა, ამიტომ დავხარჯე სამი პენსი პურსა და რძეზე და ცოტათი შევმაგრდი. ამ დღის განმავლობაში მხოლოდ შვიდი მილით წავიწიე წინ.
ღამით წყაროს წყალში დავიბანე დაავადებული ფეხები, შემოვიწყე ზედ ახალი ფოთლები და ცის ქვეშ, თვის ბულულთან მოვეწყვე დასასვენებლად. როცა მეორე დღეს დილით გზას გავუდექი, ვნახე, რომ ჩემი გზა გადიოდა ხილის ბაღებსა და ბოსტნებზე და სვიის პლანტაციებზე. ზაფხული მიწურული იყო; ბღებში მწიფე ვაშლები მოჩანდა და ზოგან უკვე აგროვებდნენ ყვითელ სვიას.
ამ დღის განმავლობაში თითქმის ყოველ ფეხის გადადგმაზე მხვდებოდნენ მეტად საეჭვო მაწანწალები, რომელნიც წარმოუდგენელ შიშსა მგვრიდნენ. ეს შიში აქამდისაც კი ცოცხალია ჩემს გულში. ზოგიერთ მათგანი მაინც ნამდვილ სისხლისმსმელ ყაჩაღის შთაბეჭდილებას ახდენდა. ჩემს დანახვაზე ისინი შეჩერდებოდნენ ხოლმე და თავისკენ მიხმობდნენ, მაგრამ როცა მე მივრბოდი შეშინებული, უკანიდან ქვებს მესროდნენ.
ბოლოს მივაღწიე დუვრის უდაბურ მიდამოს და სრულმა სასოწარკვეთილებამ ამიტანა, როცა დაგლეჯილი პერანგითა და ფეხსაცმელებით მომიხდა სიარული უცხო ქალაქში.
პირველი შეკითხვებით პაპიდას შესახებ მენავეებს მივმართე და მივიღე მათგან ათასნაირი, მაგრამ მეტად არადამაკმაყოფილებელი პასუხი. ერთმა მითხრა, რომ პაპიდაჩემმა გაჰქუსლა ცეცხლოვან მხარეს, მზის კუნძულზე და ბაკენბარდები შეიტრუსაო; მეორემ _ რომ ის დასახლდა პაბში ნავსადგურს იქით და სტუმრებს იღებს ბინდისას, ზღვის მიქცევასა და მოქცევას შუაო; მესამემ მითხრა, რომ პაპიდაჩემი ციხეში ჩასვეს ბავშვების მოტაცების გამო; მეოთხემ დაუმატა, რომ იგი უკანასკნელ ქარიშხლის დროს, ჭექა-ქუხილში ბუხრის მილს აჰყვა და ყველამ დაინახა, როგორ შეაჯდა ცოცხს და მაღლა ღრუბლებში აფრინდაო. მენავეების შემდეგ მეეტლეებს მივმართე; ისინი ისეთივე ოხუნჯები გამოდგნენ, და მე შევნიშნე წყენით, რომ არც ერი მათგანი არავითარ პატივს არა სცემდა მის ბეტსის. ამგვარად, ადგილზე მისვლისას უარეს მდგომარეობაში ჩავვარდი, ვიდრე ჩემი მაწანწალობის დროს. ფული გამომელია, გასაყიდი აღარა დამრჩა-რა. საშინელს შიმშილს, წყურვილსა და დაღლილობას ვგრძნობდი. ჩემი საბოლოო მიზანი ისევე შორს იყო ჩემგან, როგორც ლონდონიდან გამოსვლის დროს, თუ უფრო შორს არა.
მთელი დილა მოვუნდი ამ უსარგებლო ძიებას და კითხვებს. ბოლოს დაუძლურებული და სასოწარკვეთილებამდე მისული დავჯექი საბაზრო მოედნის ახლოს, რომელიღაც დაკეტილი დუქნის კარებთან და დავიწყე ფიქრი, თუ საით წავსულიყავი. ამ დროს მიმავალ მეეტლეს ჩული ჩამოუვარდა. როდესაც ავიღე იგი ქვაფენილიდან და მივაწოდე, შევნიშნე, რომ მეეტლეს კეთილი სახე ჰქონდა, და გადავწყვიტე მეკითხა, ხომ არ იცის, სადა ცხოვრობს მის ტროტვუდი.
_ მის ტროტვუდი… მოითმინეთ… მგონია, მე ვიცნობ ამ ლედის, _ მითხრა მეეტლემ, _ ხომ მოხუცია?
_ დიახ, სერ.
_ და დადის სწორედ, მაღლა თავაღებული?
_ დია, დიახ, ეს უსათუოდ ის უნდა იყოს
_ მას ყოველთვის ჩანთა უჭირავს ხელში და შეხედულებით მკაცრია? ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობს და ყველას უწყრება?
გული ამითამაშდა სიხარულისაგან, როდესაც გავიგე პაპიდას თვისებების ამგვარი დაწვრილებითი აღწერა.
_ მაშ, აი, ჩემო კარგო, _ განაგრძო მეეტლემ და შოლტით მიმითითა წინ, ქალაქის ზღვის პირს ნაწილისაკენ, _ წადით სულ პირდაპირ და აგერ იქ, მარჯვნივ, შესახვევში გადით. ზღვის პირას დაინახავთ რამდენიმე ლამაზ სახლს და იქ, უეჭველია, გეტყვიან, სად ცხოვრობს მის ტროტვუდი. ოღონდ არა მგონია, რომ მიიღოთ რამე მისგან. აი, პენი, ჩემო კარგო.
მე დიდი მადლობით მივირე ეს ფული და იმწამსვე პური ვიყიდე. როდესაც პური შევჭამე, წავედი იმ მიმართულებით, რომელიც მეეტლემ მანიშნა. ბოლოს, ხანგრძლივი სიარულის შემდეგ, ჩემს წინ გამოჩნდა ზღვის პირი, ლამაზი პატარა სახლებით. შევედი საწვრილმანო დუქანში და ვკითხე: ხომ ვერ მეტყვიან, სადა ცხოვრობს აქ მის ტროტვუდი? ამ კითხვით მივართე მედუქნეს, რომელიც დახლს უკან იდგა და ბრინჯს უწონიდა ყმაწვილ ქალს; მაგრამ ამ ქალმა წარმოდგინა, რომ ეს კითხვა თიტქოს მას მივეცი, სწრაფად მომიბრუნდა და მითხრა:
_ თქვენ ჩემს დიასახლისთან მიდიხართ, ყმაწვილო? რად გინდათ?
_ საქმე მაქვს მასთან.
_ ესე იგი, თქვენ მოწყალება გინდათ სთხოვოთ მას?
_ ო, არა, არა! _ სწრაფად ვუპასუხე მე, მაგრამ იმწამსვე გავიფიქრე, რომ ჩემს მისვლას არ შეეძლო ჰქონოდა სხვა მიზანი. გავწითლდი და თავი ჩავღუნე.
ამ დროს პაპიდაჩემის მოახლემ აავსო ბრინჯით პატარა კალათა, გავიდა დუქნიდან და მითხრა, რომ შემიძლია გავყვე მას, თუ მინდა გავიგო, სად ცხოვრობს მის ტროტვუდი. გავყევი ამ ყმაწვილ ქალს და მალე მივედით სუფთა და ლამაზ პატარა სახლთან, თაღიანი ფანჯრები რომ ჰქონდა. ამ აგარაკის წინ, ოთხკუთხედ მოედანზე, მშვენიერი ყვავილნარი იყო გაშენებული.
_ მის ტროტვუდი აქ ცხოვრობს, ყმაწვილო, _ მითხრა ყმაწვილმა ქალმა. _ ახლა ისე მოიქეცით, როგორცა გსურდეთ. სხვა სათქმელი არა მაქვს-რა.
ამ სიტყვებთან ერთად იგი სწრაფად შევიდა ჭიშკარში, თითქოს უნდოდა თავიდან აეცილებინა პასუხისგება ჩემი მოულოდნელი მისვლისათვის.
მე დავრჩი ბაღჩასთან და უიმედოდ შევყურებდი შუა ფანჯარას, რომელიც, უეჭველია, სასტუმრო ოთახს ეკუთვნოდა. ფანჯარას ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული; შევნიშნე პატარა მრგვალი მაგიდა და მის წინ დიდი სავარძელი, რომელშიც, უეჭველია, სადილს მერე მოსვენება უყვარდა პაპიდაჩემს.
ფეხსაცმელები საშინელ მდგომარეობაში მქონდა. ძირები რამდენიმე ალაგას იყო გახეული, ზედა პირები კი ისე დაიძონძა, რომ ყოვლად შეუძლებელი იყო მათი პირვანდელი ფორმის გამოცნობა. ქუდი, რომესაც ღამეც არ ვიხდიდი, იმ ზომამდე დაიჭმუჭნა და დაისრისა, რომ ძველ ქვაბს უფრო ჰგავდა, ვიდრე თავსახურავს. პერანგი და სარვალი, მოსვრილი ტალახით, სილითა და ბალახით, რომელზედაც ღამღამობით ვეგდე, ძონძებად იყო ქცეული, და მე ნამდვილ საფრთხობელას წარმოვადგენდი, გადმოდგმულს პაპიდას ბაღჩაში, ფრინველის დასაშინებლად.
რამდენიმე ხნის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ პაპიდა არ იყო სასტუმროში, რადგან აქ სრული სიწყნარე და სიჩუმე სუფევდა. მაღლა ავიხედე; ერთი ფანჯრის წინ, მეორე სართულში, ვიღაც ჯენტლმენი იდგა გულკეთილი გამომეტყველებით, ჭაღარა თმითა და ვარდისფერი ლოყებით. მან შემომხედა, თვალი ჩამიკრა, რამდენჯერმე თავი დაიქნია, გამიღიმა და მოშორდა ფანჯარას.
გაოცებულმა ამ ჭაღარა ჯენტლმენის ნახვით და მისი უცნაური მანჭვით, უკვე დავაპირე მოვშორებოდი იქაურობას, მივმალულიყავ სადმე კუნჭულში და თავისუფლად მომეფიქრებინა ჩემი მოქმედების გეგმა, როდესაც, უეცრად, სახლიდან გამოვიდა ხნიერი ლედი თავსაფრით, რომელიც კიდეებზე ბაფთებით იყო შეკრული, და ხელთათმანებით, რომელთაც სათითეები წაჭრილი ჰქონდა. ქამარზე მას დიდი ჩანტა ეკიდა, როგორც გადასახადთა ამკრეფს, და ხელში ბაღის დანა ეჭირა. ამ ადამიანში პირველ შეხედვისას უმალ მის ბეტსი ვიცანი; იგი იმავე ამაყი ნაბიჯით მოდიოდა, როგორითაც დედაჩემის აღწერით ვიცოდი, როცა ბლონდერსტოის სახლში მოვიდა.
_ გასწი აქედან! _ თქვა მის ბეტსიმ და თავი გაიქნია, _ გასწი აქედან! აქ ბიჭებს არავითარი საქმე არა აქვთ!
მე ვუცქერდი მას გულისძგერით და ვგრძნობდი, რომ სუნთქვა მეკვროდა. პაპიდა მივიდა ბაღჩის კუთხეში და რაღაც ძირს დაუწყო თხრა. სასოწარკვეთილებამდე მისული, მივუახლოვდი ფეხის თითებზე, შევჩერდი მის გვერდით და ოდნავ შევეხე მის კაბას.
_ ნება მიბოძეთ, ქალბატონო… _ დავიწყე მე.
პაპიდა შეკრთა და მკაცრად შემომხედა.
_ რაო-ო-! _ შეჰყვირა მის ბეტსიმ წარმოუდგენელი გაოცებით.
_ პაპიდა!
_ როგორ! _ შესძახა მის ბეტსიმ და ამ სიტყვებთან ერთად ჩაიკეცა იქვე, ბაღის ბილიკზე, რომელსაც ქვიშა ეყარა.
_ მე დავით კოპერფილდი ვარ, ბლონდერსტონიდან, სუფოკლიდან. თქვენ იყავით ჩვენსას იმ ღამეს, როდესაც მე დავიბადე, და ნახეთ ჩემი საყვარელი დედა. იგი გარდაიცვალა. მის შემდეგ მე დიდი უბედური ვარ, ქალბატონო! მე მიმაგდეს, არაფერი არ მასწავლეს და ისეთი ხელობა მიმიჩინეს, რომელიც არ შემეფერებოდა. გადავწყვიტე თავი დამენებებინა ამ ხელობისათვის და თქვენთან გამოვქცეულიყავი. გამქურდეს ლონდონიდან გამოსვლისთანავე და დიდი წვალებთ მოვდიოდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ღამღამობით ბალახზე მეძინა, ცისქვეშ.
ამ მონოლოგის გათავებისას სრულებით დავკარგე ძალღონე და მხოლოდ ჩემს ძონძებზე მივუთითე, რომელიც ჩემი ტანჯვის მოწმე იყო. ამის შემდეგ მწარე ქვითინი ამივარდა, დავიღვარე ცრემლებად, რომელიც თითქმის მთელი კვირის განმავლობაში დამიგროვდა.
ყოველგვარი გრძნობა გამოიხატა პაპიდას სახეზე, გარდა გაკვირვებისა, როდესაც იგი იჯდა ბაღის ბილიკზე, ქვისაზე და დაშტერებით შემომცქეროდა. მაგრამ როდესაც მან ჩემი მწარე ქვითინი გაიგო, უეცრად წამოხტა საოცარი სისწრაფით, წამავლო კისერში ხელი და წამათრია სასტუმრო ოთახში. აქ მან, უპირველეს ყოვლისა, ბუფეტი გააღო და გამოიღო იქიდან რამდენიმე ბოთლი სხვადასხვა სასმელით; შემდეგ თითო-თითო წვეთი ყევლა ბოთლიდან ჩამასხა პირში. როგორცა ჩანდა, სასმელებს განურჩევლად იღებდა, რადგან მე ვყლაპავდი ანისულის წყალს, ანჩოუსის წვენს, სალათისთვის შეზავებულ ძმას და სხვა ამისთანანას, მაგრამ ყველა ამ წამალმა ვერ მოახდინა მოსალოდნელი გავლენა. მე უწინდებურად მწარედ და გულამოსკვნით ვქვითინებდი. პაპიდამ დამსვა სოფაზე, მომახურა თავზე შალი და ფეხქვეშ ცხვირსახოცი გამიშალა, უეჭველია, იმისი შიშით, რომ ხალიჩა არ გამესვარა.
ასე გაიარა რამდენიმე წუთმა. ბოლოს პაპიდამ მოახლეს დაუძახა.
_ ჯენეტა! _ უთხრა პაპიდამ, როცა მოახლე შემოვიდა. ადით ზევით და მოახსენეთ მისტერ დიკს, რომ მასთან მოლაპარაკება მსურს.
მე ვიჯქეი სოფაზე და განძრევას ვერ ვბედავდი. პაპიდამ ხელები ზურგზე დაიწყო და მორთო ოთახში წინ და უკან სიარული. მალე ოთახში შემოვიდა ის ჯენტლმენი, რომელმაც მეორე სართულის ფანჯრიდან შემნიშნა.
_ მისტერ დიკ! _ უთხრა მას პაპიდამ. _ გთხოვთ, ახლა ნუ მოისულელებთ თავს, რადგან ქვეყანაზე არავინ არის თქვენზე ჭკვიანი, თუ მოისურვებთ; ჩვენ ყველამ ვიცით ეს. მაშასადამე, სრულებით საჭირო არა რის, რომ თქვენ სულელად გვაჩვენოთ თავი. გაგიგიათ თუ არა ჩემგან ოდესმე დავით კოპერფილდის შესახებ? გთხოვთ, ნუ მიიღებთ ისეთ სახეს, თითქოს არაფერი არ გახსოვდეთ, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ მშვენიერი მეხსიერება გაქვთ.
_ დავით კოპერფილდი? _ უპასუხა მისტერ დიკმა და თან ცდილობდა, გაეხსენებინა ეს სახელი, რომელსაც, ეტყობოდა, ვერც ისე ადვილად იგონებდა. _ დავით კოპერფილდი? დიახ, დიახ, თქვენ გითქვამთ იმის შესახებ.
_ ძალიან კარგი. მაშ აი, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ეს ბიჭი მისი შვილია. იგი, რასაკვირველია, პირწავარდნილი მამა იქნებოდა, ესე რომ არა ჰგავდეს თავის დედას.
_ მართლა? _ შესძახა მისტერ დიკმა. _ ეს მისი შვილია? ესე იგი, დავითის შვილი?
_ და მე უნდა მოგახსენოთ, მისტერ დიკ, _ განაგრძობდა პაპიდა, _ რომ ეს დავითის შვილი გამოქცეულა! როგორ მოგეწონათ ეს? აი, მისი და კი, ბეტსი ტროტვუდი, იგი არასოდეს არ გაიქცეოდა, ეს მე ვიცი.
პაპიდამ დაიქნია თავი, დარწმუნებულმა ამ ყმაწვილი ქალის ყოფაქცევაში, რომელც არასოდეს არ დაბადებულა ამქვეყნად.
_ მაშასადამე, ახლა თქვენ ჰხედავთ თქვენს წინ დავით კოპერფილდს, და მე მინდა გავიგო თქვენი აზრი _ რა ვუყო ამ ბავშვს?
_ რა უყოთ თქვენ ამ ბავშვს? _ გაიმეორა მისტერ დიკმა სუსტი და გაუბედავი ხმით. _ რა უყოთ მას? მაგ ბავშვს?
_ დიახ, _ უპასუხა პაპიდამ და საჩველებელი თითი ტუჩებთან მიიტანა, _ მარდად, მისტერ დიკ! მე თქვენგან საფუძვლიან პასუხს მოველი.
_ რა რჩევაა საჭირო? მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, _ უპასუხა მისტერ დიკმა და დაკვირვებით მომაშტერა თავისი თვალები, _ მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, თქვენს ადგილას ვიყო… ვაბანებდი მას!
_ ჯენეტა! _ უთხრა პაპიდამ და სწრაფად მიუბრუნდა მას გამარჯვებულის გამომეტყველებით, რაც იმ დროს გაუგებარი იყო ჩემთვის. _ მისტერ დიკმა ყველა ჩვენი საფიქრებელი ერთბაშად გამოარკვია. მოამზადეთ აბაზანა.
ამ ლაპარაკით დაინტერესებული, გუმლოდგინედ ვათვალიერებდი პაპიდას, მისტერ დიკს და ჯენეტას, რადგან ამ მოკლე ხნის განმავლობაში საკმარისად ნათელი წარმოდგება შემექმნა ამ მოქმედ პირებისა და მოქმედების ადგილის შესახებ.
მის ბეტსი იყო მაღალი ტანის ლედი, მკაცრი, მაგრამ მაინც სასიამოვნო სახის ნაკვთებით. მის სახეში, სიარულში, ხმასა და თავის დაჭერაში იყო რაღაც სიმტკიცის იერი, რომლის გამო ჩემთვის გასაგები გახდა ის შთაბეჭდილება, რომელიც მან საბრალო დედაჩემზე მოახდინა; მაგრამ მიუხედავად მკაცრი გამომეტყველებისა, მის ბეტსის სახის ნაკვთები სწორი და თითქმის მშვენიერიც კი იყო მისი წლოვანებისათვის. მეტადრე გამაოცა მისი თვალების ცოცხალმა გამომეტყველებამ. მის ჭაღარა, შუაზე გაყოფილ თმას ჰფარავდა ქვრივის თავსაფარი, რომელიც ნიკაპთან ორი ლენტით ჰქონდა შეკრული. პაპიდას სუფთა და ფაქიზი ნაცრისფერი კაბა ისე იყო შეკერილი, რომ არაფერში არ უშლიდა მოძრაობას. მაშინ ისე მეჩვენა, თითქოს ეს კაბა ცხენოსნობისათვის იყო მომზადებული. მაგრამ შემდეგში გავიგე, რომ პაპიდა არასოდეს არ მჯდარიყო ცხენზე.
მისტერ დიკის შესახებ უკვე იყო ნათქვამი, რომ მას ჭაღარა თმები და დაბრაწული ლოყები ჰქონდა. ამით შეიძლებოდა კიდეც გაგვეთავებინა მისტერ დიკის აღწერა, მისი თავი რომ მუდამ დაბლა დახრილი არ ყოფილიყო, რაც მოხუცებულობისაგან არ მოსდიოდა. მის დიდრონ, ნაცრისფერ თვალებში მუდამ რაღაც ბავშვური სიამოვნება გამოსჭვიოდა, როდესაც კი პაპიდა დაიწყებდა მის ქებას. ყველა ამ გარემოებამ, იმის მორცხვ და გაუბედავ მოქმედებასთან ერთად იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ეს ჯენტლმენი ცოტათი ჭკუაზე იყო შემცდარი. მაგრამ თუ ასე იყო, რაღად ცხოვრობდა იგი პაპიდასთან? მისტერ დიკის ტანისამოსი არაფრით არ განირჩეოდა ყველა წესიერი ჯენტლმენის ტამისამოსისაგან: მას ეცვა ნაცრისფერი დილის სერთუკი, თეთრი ჟილეტი და თეთრი შარვალი. ყელზე საათის ძეწკვი ეკიდა. სერთუკის ერთ ჯიბეში ფული ეყარა და მისტერ დიკი ყოველ წუთს აჩხარუნებდა მას.
ჯენეტა იყო მშვენიერი ყმაწვილი ქალი, დაახლოებით ცხრამეტი წლისა, და მთელი მისი არსება წარმოადგენდა სისუფთავის სრულ ნიმუშს.
ოთახი ისეთივე სუფთა და ფაქიზი იყო, როგორც პაპიდა და ჯენეტა. როცა ამ წუთში ვიგონებ მას, დავდე ჩემი კალამი და მყისვე ვიგრძენი ზღვისა და ყვავილების სურნელება. მე ისევ დავინახე ძველებური წითელი ხის ავეჯი გაბრწყინებული და გაკრიალებული, პაპიდას საკუთარი სავარძელი, მრგვალი მაგიდა თეჯირის უკან, ვენეციურ ფანჯარასთან, სპარსული ხალლიჩა იატაკზე, კატა, კრიალა საყავე, ორი იადონი, ფაიფურის ფინჯნები, ჩაიდანი, პუნშის ჯამი გამხმარი ვარდის ფურცლებით და კარადა ბოთლებით და გრაფინებით.
ჯენეტა გავიდა აბაზანის მოსამზადებლად და პაპიდა შეუდგა ჩემს კვებას საკუთარი ხელით. ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იგი უეცრად წამოხტა სავარძლიდან, დააგდო კოვზი, გასწორდა წელში და აღშფოთებულმა შეჰყვირა:
_ ჯენეტა! ვირები!
_ თვალის დახამხამებაში ჯენეტა გავარდა ჭიშკარში, პატარა მინდორზე, სახლის წინ, სტაცა ხელი აღვირში ორ ვირს, რომლებზედაც ორი ლედი იჯდა, და გაათრია ისინი ამ მინდორის საზღვარს იქით. პაპიდა ამ დროს გამწარებული გავარდა ჭიშკარში და სწვდა აღვირში მესამე ვირს, რომელზედაც ბიჭი იჯდა; მან უკუღმა მიაბრუნა ვირი და ორი მაგარი სილა სტკიცა უბედურ ბიჭს, რომელმაც გაბედა ამ ნაკრძალ ადგილზე შემოსვლა.
აქამდის არ ვიცი, რა უფლება ჰქონდა მის ბეტსის ამ მწვანე მინდორზე მისი სახლის წინ, ასე იყო თუ ისე, ერთადერთი შეურაცხყოფა, რომელიც აუცილებელ შურისძიებას მოითხოვდა, ეს იყო ვირების შემოსვლა ამ აკრძალულ საზღვარს აქეთ. რა საქმეშიც არ უნდა ყოფლიყო გართული მის ბეტსი, როგორი საინტერესო ბაასიც არ უნდა ჰქონოდა სასტუმრო ოთახში, ვირი იმწამსვე არღვევდა მის აზრთა მსვლელობას, და გაშმაგებით მივარდებოდა ხოლმე თავის მტერს. წყლით სავსე ჭურჭელი ყოველთვის მზად ჰქონდა ფარულ ალაგას _ მტრის შემოსევის მოლოდინში, ტალანში, კარებს უკან, წვეტიანი ჯოხები იყო დამალული. სანამ აბაზანას მოამზადებდნენ, ეს ალიაქოთი სამჯერ ატყდა და პაპიდამ განსაკუთრებით ისახელა თავი უკანასკნელად, როდესაც ერთს თხუთმეტი წლის წითურ ბიჭთან მოუხდა ბრძოლა. მან მიაჭყლიტა საბრალო ბიჭი კარებს და საკუთარი ხელით წასწვდა წითელ თმაში, სანამ უბედური ბიჭი მიხვდებოდა, რად და რისთვის სცემდნენ.
როცა ვიბანე, პაპიდამ და ჯენეტამ ჩამაცვეს მისტერ დიკის პერანგი და შარვალი და ორი თუ სამი შალი შემომახვიეს. არ ვიცი, რას ვგავდი ამ მორთულობაში, ოღონდ მთელ ტანში სასიამოვნო სითბომ დამიარა. მივწექი სოფაზე და მაშინვე დამეძინა.
არ ვიცი, ცხადი იყო ეს, თუ სიზმარი, ოღონდ მეჩვენა, თითქოს პაპიდა დიდხანს იდგა ჩემს თავთან დახრილი და თმას მივარცხნიდა. დროგამოშვებით მესმოდა სიტყვები: `საბრალო ბავშვი!~ მაგრამ როდესაც გავიღვიძე და თვალები გავახილე, პაპიდა იჯდა სავარძელში ფანჯარასთან და ზღვას გაჰყურებდა.
პაპიდას ბრძანების თანახმად, მისტერ დიკს ყურადღებით უნდა მოესმინა მთელი ჩემი თავგადასავალი. მე ვუამბე ყვეაფერი, როგორც შემეძლო, და დაწვრილებით ვუპასუხე ყველა კითხვაზე. ამ მოთხრობის განმავლობაში პაპიდა თვალს არ აშორებდა მისტერ დიკს და ყოველვის, როცა კი სახეზე ღიმილი გადაუვლიდა ან დაიმანჭებოდა, პაპიდა წარბებს შეიკრავდა და მკაცრად შეაჩერებდა ხოლმე. ამგვარი გაფრთხილება აუცილებელი იყო, რადგან სხვაგვარად მისტერ დიკი ტკბილ ძილს მიეცემოდა.
_ გაუგებარია! _ წარმოთქვა ბოლოს მის ბეტსიმ. _ რად ესაჭიროებოდა იმ უბედურ ბავშვს მეორედ გათხოვება! ვერ გამიგია! იგი რომ უფრო ჭკვიანი ყოფილიყო, _ განაგრძობდა პაპიდა, _ ისეთი შვილი ეყოლებოდა, რომლისთანაც ცოტაა ქვეყნაზე. რა იქნა, მე თქვენ გეკითხებით, მისი და, ბეტსი ტროტვუდი? თქვენ მეტყვით, რომ იგი არც დაბადებულა? სისულელეა! გთხოვთ, ნუ მეტყვით მაგას!
მისტერ დიკს, როგორც ეტყობა, ცოტა შეეშინდა.
_ ის არ ეყო, რომ დაჰკარგა ის უბედური ბეტსი ტროტვუდი, ამ ბავშვის და! არა! _ მოდი, ერთი კიდევ კიდევ გავთხოვდებიო! და ისიც ვისზე? ვიღაცა მორდერერზე! (Mურდერერ _ მკვლელი). ახლა _ რა გამოვიდა მისი შვილისაგან? ჯერ მიწას არ ასცილებია, და უკვე დაეხეტება, როგორც კაენი, და მოსალოდნელიც იყო.
მისტერ დიკი დამაკვირდა, თითქოს უნდოდა შეემოწმებინა, რამდენად ვგავდი კაენს.
ამგვარმა ბაასმა საღამომდე გასტანა.
ჩაის შემდეგ ფანჯარასთან დავსხედით, უეჭველია, იმისთვის, რომ უკეთესად გვედევნებინა თვალყური ვირებისათვის. ბინდისას ჯენეტამ შემოიტანა სანთლები, დადგა სათამაშოდ ნარდი და ფარდები ჩამოუშვა.
_ ახლა ყურადღებით იყავით, მისტერ დიკ, _ უთხრა პაპიდამ და ახედ-დახედა თავის მოსაუბრეს, _ მე მინდა მოგცეთ ერთი საკმარისად მნიშნელოვანი კითხვა: შეხედეთ ამ ბავშვს და მითხარით, რას უზამდით თქვენ ახლა მას?
_ მას? დავითის შვილს? ე!. ა!. რას უზამდით თქვენ, ესე იგი მე… მე მას დავაძინებდი.
_ ჯენეტა! _ შესძახა პაპიდამ იმავე სიხარულით, რომელიც მე უწინაც შევნიშნე. _ მისტერ დიკმა ხელად გადაწყვიტა საჭირბოროტო საკითხი; თუ ლოგინი გაშლილია, ჩვენ წავიყვანთ ამ ბავშვს ზევით და ლოგინში ჩავაწვენთ.
მე მზრუნველობით წამიყვანეს ზემო სართულში, როგორც ტუსაღი. პაპიდა წინ მიგვიძღვოდა, მე მას მივდევდი; ჯენეტა უკან მოგვდევდა.
ჩემი ოთახი, მხიარული და მყუდრო, გაჰყურებდა ზღვას, რომელსაც იმწუთში სავსე მთვარე დაჰნათოდა. დიდხანს ვიჯექი ფანჯარასთან და ვტკბებოდი ბრწყინვალე მნათობის შუქით, რომელიც ზღვის სიღრმეში მოჩანდა; მომეჩვენა, თითქოს მთვარის სხივებში, როგორც ნათელ წიგნში, ვკითხულობდი ჩემი ცხოვრების მომავალ ბედს. ჩემს თავში გაიარა ყველა იმ მივარდნილმა ადგილმა, სადაც მე ცის ქვეშ გავათიე ღამეები. შემდეგ თვალები ისევ მივაჩერე მთვარის შევერცხლილ კვალს, ზღვას რომ ანათებდა, და ფიქრებმა გადამტყორცნეს ოცნებათა და ჩვენებათა სამეფოში.

თავი მეთოთხმეტე

პაპიდა ზომებს იღებს

მეორე დღეს, დილით, ტანთ ჩავიცვი და სასტუმრო ოთახში ჩავედი. მის ბეტსი ღრმა ფირქებში გართული, მაგიდასთან იჯდა. იგი ხშირ-ხშირად მიყუდერებდა ისეთი უცნაური სახით, თითქოს მისი ყურადღების საგანი ნახევარი კილომეტრით მაინც იყო მისგან დაშორებული. საუზმის გათევის შემდეგ ჩაფიქრებული მიეყრდნო სავარძლის ზურგს, შეიკრა წარები, გულხელი დაიკრიფა და ისეთი დაშტერებით დამიწყო სინჯვა, რომ სრულებით დავიბენი. ჩემი დარცხვენის დასაფარავად ახალი ენერგიით შევუდექი საუზმეს, მაგრამ ძალიან უხერხულად: დანა ყოველ წუთს ჩანგალსა ხვდებოდა, პირთან მიტანილი ლორის ნაჭრები თეფშზე მივარდებოდა და რამდენჯერმე კინაღამ ჩაით არ დავიხრჩვე.
_ მომისმინე! _ მითხრა ბოლოს მის ბეტსიმ, ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ.
მოკრძალებით ავიღე თავი და შევხედე ჩემი ნათესავის ნათელ თვალებს.
_ მე წერილი მივწერე შენს მამინაცვალს. შევატყტყობინე, რომ ჩემთან გამოიქეცი.
_ მაშ თქვენ… გინდათ მასთან დამაბრუნოთ? _ წარმოვთქვი ბორძიკით.
_ არ ვიცი, _ მიპასუხა პაპიდამ, _ ვნახოთ!
_ ო! რა მეშველება, _ შევძახე მე, _ თუ ისევ მისტერ მორდსტონის ხელში მომიხდება ცხოვრება!
_ ჯერ არაფერი არ ვიცი. ურიგო არ იქნება, თუ ზევით აირბენ და ჩემს მაგივრად მისტერ დიკს დილამშვიდობისას უსურვებ. უთხარი, რომ მაინტერესებს, რა მდგომარეობაშია მისი მემუარები.
საჩქაროდ ავდექი, რომ სისრულეში მომეყვანა მისი დავალება.
მისტერ დიკი, მართლაც, მუშაობაში გართული დამხვდა. იგი წერდა უშველებელი კალმით და თავი თითქმის ზედ ქაღალდზე დაედო. ისე იყო გართლი თავის საქმეში, რომ სრულებით ვერ შენიშნა ჩემი შესვლა. ოთახის კუთხეში დავინახე უზარმაზარი ფრანი (ქაღალდის მგრინავი გველი), მთელი ხროვა ხელნაწერები, აუარებელი კალმები და ათიოდე დიდი მელნის შუშა. ბოლოს მისტერ დიკმა შენიშნა ჩემი იქ ყოფნა.
_ ა! ფებ! _ მითხრა მან და კალამი დადო. _ რაო? როგორია ქვეყნიერება? იცით რა? _ დაუმატა მან და ხმა დაიდაბლა. _ მე არც კი მინდა ამაზე ლაპარაკი. _ მან ყურში წამჩურჩულა: _ მთელი ქვეყანა გადარეულია, გადარეული, ჩემო კარგო, და მსოფლიო _ საგიჟეთია! ეს აღმოჩენა მე მეკუთვნის. _ აქ მან ამოიღო ბურნუთი, უსუნა და მხიარულად გადაიხარხარა.
ვერ გავბედე პასუხის გაცემა მის უცნაურ სიტყვებზე და დავეჩქარე პაპიდას დავალება დაგამეცა მისთვის.
_ თქვენ სწავლობდით სკოლაში? _ მითხრა მან.
_ ვსწავლობდი, სერ, _ ვუპასუხე მე, _ მაგრამ მცირე ხანს.
_ გახსოვთ, როდის მოკვეთეს თავი ჩარლზ პირველს? _ მკითხა დიდმნიშვნელოვნად და ჩემი პასუხის ჩაწერა დააპირა.
_ თუ არ ვცდები, ეს მოხდა ათას ექვსას ორმოცდაცხრა წელს.
_ ჰმ! _ ჩაახველა მისტერ დიკმა და კალმით ყურის ძირი მოიფხანა. _ მართალია, ასე წერენ წიგნებში, მაგრამ ყოვლად შეუძლებელია, რომ ეს ამბავი ასე ადრე მომხდარიყო! მაშ როგორა ხდება, რომ ამ პირს აკუთვნებენ იმ აზრებს, რომელნიც ჩემს თავში ტრიალებენ?
ფრიად გამაოცა ამ უცნაურმა კითხვამ, მაგრამ უძლური ვიყავი გადამეჭრა ეს ამოცანა.
_ საკვირველია, მეტად საკვირველია, _ განაგრძობდა მისტერ დიკი; იგი ნაღვლიანად დასცქეროდა თავის ხელნაწერს და ხელს ისვამდა თავზე. _ ვერასგზით ვერ გამოვარკვიე ეს საკითხი. თუმცა არა უშავს-რა! _ თქვა ბოლოს და ისევ გამხნევდა. _ დრო საკმარისია. მოიკითხეთ მის ტროტვუდი და გადაეცით, რომ მშვენივრად ვგრძნობ თავს.
მე დავაპირე წასვლა, მაგრამ მან ისევ შემაჩერა და მკითხა:
_ როგორ მოგწონთ ეს ფრანი?
_ მშვენიერია, _ ვპასუხობ მე.
_ ეს ჩემი გაკეთებულია. როდისმე ერთად წავიდეთ მინდორში და ავაფრინოთ.
მისტერ დიკის სახეს კეთილი და გულუბრყვილო გამომეტყველება ჰქონდა, და მისი გარეგნობა უნებურ პატივისცემას იწვევდა. მე გავიღიმე, იმანც გამიღიმა და ჩვენ გულწრფელ მეგობრებად გავშორდით ერთმანეთს.
_ აბა! _ მითხრა პაპიდამ, როდესაც დაბლა ჩავედი. _ როგორ გრძნობს თავს მისტერ დიკი?
_ მისტერ დიკმა მოკითხვა შემოგვითვალათ და მთხოვა გადმომეცა თქვენთვის, რომ სრულებით ჯანმრთელად არის, _ ვუპასუხე მე.
_ რა აზრისა ხარ მის შესახებ? _ მკითხა მის ბეტსიმ.
რაღაც იდუმალი გრძნობის გამო, არ მინდოდა სრულებით გულახდილად გამომეთქვა ჩემი აზრი და ვუპასუხე, რომ მისტერ დიკი, როგორცა ჩანს, მშვენიერი ადამიანია. მაგრამ პაპიდას ვერ დააკმაყოფილებდით ასეთი პასუხით. მან თავი დაანება ხელსაქმეს, გულხელი დაიკრიფა და მითხრა:
_ აი, შენი და, ბეტსი ტროტვუდი, არასოდეს არავის შესახებ არ დამალავდა თავის აზრს; შენც იყავი გულახდილი და მითხარი უბრალოდ, რას ფიქრობ მისტერ დიკის შესახებ?
_ მე, ღმერთმანი არ ვიცი… მითხარით, პაპიდა… სრულს გონებაზე არის… მისტერ დიკი? _ წავილაპარაკე მე, რადგან ვგრძნობდი ჩემი მდგომარეობის უხერხულობას.
_ ო, სრულებით! _ მიპასუხა მის ბეტსიმ.
_ მართლა?
_ მთელს ქვეყანაზე არ არის ადამიანი, რომელიც უფრო სრულს გონებაზე იყოს, _ შენიშნა პაპიდამ დაბეჯითებით.
მე არ ვიცოდი, რა მეპასუხა, და მორიდებით ვუთხარი:
_ ნუთუ?
_ იგი გიჟად გამოაცხადეს, _ მითხრა პაპიდამ. _ მე ჩემს მოვალეობად ვთვლი, ყველას ვუამბო მისი ამბავი, რადგან უკვე ათი წელია, რაც ვსარგებლობ ამ ჯენტლმენის საზოგადოებითა და ბრძნული რჩევებით, იმ დროიდან, რაც შენმა დამ ბეტსი ტროტვუდმა მოლოდინი გამიცრუა, მისტერ დიკი მუდამ ჩემთან ცხოვრობს. მთელს ქვეყანაზე არ არის არსება უფრო წყნარი და გულკეთილი. მერე რა ჭკვიანი! როგორ კეთილშობილ რჩევას იძლევა მუდამ!. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ამბავი მხოლოდ მე ვიცი.
პაპიდამ ტუჩის აკვრით გაიქნია თავი იმის ფიქრში, რომ ქვეყანაზე არსებობს ხალხი, რომელსაც შეიძლება ეჭვი დაებადოს მისტერ დიკის სრული გონების შესახებ.
_ მისტერ დიკს ჰყავდა და, _ განაგრძო პაპიდამ, _ კეთილი, მოსიყვარულე არსება, რომელიც მას სულითა და გულით უყვარდა. საუბედუროდ, ეს და აჰყვა სხვა ქალების მაგალითს და გათხოვდა; მისი ქმარიც აჰყვა სხვა ქმრების მაგალითს და თავისი ცოლის დაღუპვის მიზეზი გახდა. ამ უბედურებამ ისეთი საშინელი გავლენა იქონია მისტერ დიკის ნერვებზე, რომ იგი ავად გახდა ცხელებით, რომელსაც, რასაკვირველია, სიგიჟე არა ჰქვია. იმ დროს იგი ჯერ არა ცხოვრობდა ჩემთან. აქამდის ამ შემთხვევის მოგონება მუდამ დიდ სევდას ჰგვრის მას. ხომ არაფერი უთქვამს შენთვის ჩარლზ პირველის შესახებ?
_ როგორ არა, მითხრა.
_ აკი ვიცოდი! _ თქვა მის ბეტსიმ და ცხვირი მოიფხანა ისეთი სახით, თითქოს ეწყინა ეს მაბავი. _ მას ჩვეულებად აქვს ალეგორიული, ესე იგი, გადაკრული ლაპარაკი. მისი აზრით გამოდის, რომ ჩარლზ პირველის ტანჯვას უშუალო კავშირი აქვს მის საკუთარ ავადმყოფობასთან. იქნებ იგი მართალიც არის! სიძნელე მხოლოდ იმაშია, რომ ამრიგად გამოთქმული აზრი ყოველთვის არ მოსწონს ბრბოს, რომელიც ხელის ფათურით სიარულს არის დაჩვეული. ეს საკუთარი გამოცდილებითაც ვიცი, და ამიტომ ვურჩევ მისტერ დიკს, რომ ამოშალოს ეს ალეგორიული წვრილმანი თავის მოგონებათა წიგნიდან.
_ განა იგი თავისი ცხოვრების მოგონებასა წერს? დიახ, _ მიპასუხა პაპიდამ და ისევ ცხვირი მოიფხანა. _ ძალიან მწყინს, რომ მისტერ დიკი აქამდის ვერ გათავისუფლდა თავისი ალეგორიული ლაპარაკისა და წერისაგან; მაგრამ არა უშავს რა, დაე, იმუშაოს. მუშაობა მისთვის აუცილებელია.
მართლაც, შემდეგში, გავიგე, რომ მისტერ დიკი ათი წელია, რაც ცდილობდა ამოეგდო თავისი ნაწარმოებიდან ჩარლზ პირველის სახელი, მაგრამ ყოველდღე ავიწყდებოდა და ისევ უბრუნდებოდა ამ საგანს.
ბუნდოვნად მივხვდი, რომ პატივცემული პაპიდაჩემი, თავისი ექსცენტრული მოქცევისა და მკვახე მოპყრობის მიუხედავად, დიდი პიატივისცემისა და სრული ნდობის ღირსი იყო. ამ დღეს, როგორც წინა დღესაც, იგი დაუღალავად ებრძოდა ვირებს და ერთხელ საშინლად გაბრაზდა, როდესაც ვიღაც ყმაწვილმა კაცმა ფანჯარაში შემოიხედა და თვალი ჩაუკრა ჯენეტას. პაპიდასთვის არ არსებობდა ამაზე მეტი შეურაცხყოფა.
ის დრო, რომელმაც გაიარა პაპიდას წერილსა და მისტერ მორდსტონის პასუხს შორის, ჩემთვის უაღრესი წუხილისა და მღელვარების ხანა იყო; მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ვცდილობდი, შემეკავებინა ჩემი გრძნობები; თავი მხიარულად მეჭირა და ვცდილობდი, მესიამოვნებინა პაპიდისათვის და მისტერ დიკისთვის.
ბოლოს მოვიდა წერილი, რომელსაც ასეთი მოუთმენობით მოველოდით. გული გამისკდა, როცა წერილის წაკითხვის შემდეგ, პაპიდამ გამომიცხადა, რომ მისტერ მორდსტონი თვითონ, პირადად, აპირებს მობრძანებას მოსალაპარაკებლად მეორე დღესო.
იმ დღეს პაპიდა ცოტათი უფრო მკაცრი იყო, ვიდრე ყოველთვის, მაგრამ სახლში არ შემინიშნავს არავითარი მზადება საშინელი სტუმრის მისაღებად. პაპიდა ფანჯარასთან იჯდა ხელსაქმით, და თითქმის არ მოვშორებივარ მას. ღრმა ფიქრებში წასული, ვცდილობდი, დაახლოებით მაინც წარმომედგინა მომავალი სტუმრობის შედეგი. სადილი გადადებული იყო გამოურკვეველი ვადით, მაგრამ როცა ძალიან დაგვიანდა, მის ბეტსიმ უბრძანა სუფთა გაეშალათ. სწორედ ამ დროს ატყდა უეცარი ალიაქოთი ვირების გამო. გავიხედე ფანჯარაში და გავოცდი, როდესაც დავინახე მის მორდსტონი. იგი გვიახლოვდებოდა ჩაფიქრებული პოზით, სწორედ პაპიდას მინდორზე!
_ გასწით, გასწით აქედან! _ დაიყვირა პაპიდამ და მუშტით დაემუქრა ფანჯარაში. _ აქ არაფერია სათქვენო! _ როგორა ბედავთ სხვის მიწაზე სიარულს? გასწით, გასწით!
პაპიდა ისე გააკვირვა მის მორდსტონის დაღვრემილმა სიმშვიდემ და გულგრილობამ, რომ ერთი წუთით იგი უძრავად დარჩა და ჩვეულებისამებრ არ გავარდა ქუჩაში ჯოხით ხელში. ვისარგებლე ამ წუთით და დავაჩქარე შემეტყობინებინა, ვინ იყო ეს უტიფარი არსება, და ამავე დროს ავუხსენი, რომ ჯენტლმენი, რომელიც ცოტაოდენი მოშორებით მოსდევდა მას, იყო თვით მისტერ მორდსტონი!
_ რა ჩემი საქმეა, ვინც გინდა იყოს! არავის მივცემ ჩემი მიწის გაოხრების ნებას! ეი, მოშორდით მანდედან! ჯენეტა, გააგდეთ!
ვირი თავგამოდებით იცავდა თავს ოთხივე ფეხით, როდესაც ჯენეტა აღვირით მას უკან მიათრევდა და მისტერ მორდსტონი კი წინ მიერეკებოდა. მის მორდსტონი ქოლგითა სცემდა ჯენეტას. ქუჩის ბიჭები აღტაცებით ჭყიოდნენ.
_ მე გავიდე, პაპიდა? _ ვკითხე ათრთოლებული ხმით.
_ რადა? აქ დარჩით, სერ.
ამ სიტყვებით პაპიდამ ხელი მკრა კუთხისკენ და მომადგა სავარძელი იმრიგად, რომ შიგ მოვემწყვდიე, როგორც ციხეში ან როგორც სასამართლოში, მთავარი ვექილის კათედრასთან. ეს პოზიცია მთელი ამ აუდიენციის განმავლობაში მეკავა.
მის და მისტერ მორდსტონი შემოვიდნენ.
_ აჰ, მაშ ეს თქვენ იყავით! _ უთხრა მათ მის ბეტსიმ, _ მე კი სწორედ მოგახსენოთ, ვერასგზით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს თქვენა ხართ! თუმცა სულ ერთია, არავის მივცემ ნებას იაროს მწვანეზე ჩემი სახლის წინ. ეს ჩემი წესია და არავისთვის არ ვაკეთებ გამონაკლისს. თქვენ, თუ არა ვცდები, სწორედ ის მისტერ მორდსტონი ბრძანდებით, რომელმაც შეირთო ჩემი განსვენებული ძმისწულის დავით კოპერფილდის ქვრივი?
_ დიახ, ქალბატონო, მე თქვენი ნათესავი მყავდა ცოლად.
_ და ძალიან ცუდად მოიქეცით, რომ შეირთეთ, სერ! საბრალო ბავშვი გაცილებით უფრო ბედნიერი იქნებოდა, თავი რომ დაგენებებინათ მისთვის. ასეთია ჩემი აზრი, სერ. ჯენეტა, სთხოვეთ მისტერ დიკს, აქ ჩამოვიდეს.
მისტერ დიკის ჩამოსვლამდე პაპიდა იჯდა ხმაამოუღებლად, წელში გამართული, და მრისხანედ შეჰყურებდა კედლებს. როცა კარი გაიღო, მან საჩქაროდ გააცნო მისტერ დიკი თავის სტუმრებს.
_ მისტერ დიკი, ჩემი ძველი, ერთგული მეგობარი. მის აზრსა და რჩევას მე სავსებით ვენდობი, _ დაამთავრა მის ბეტსიმ განსაკუთრებული გამომეტყველებით და მკაცრად თვალი გადაავლო მისტერ დიკს.
_ მის ტროტვუდ, _ დაიწყო მისტერ მორდსტონმა, _ თქვენი წერილის მიღების შემდეგ საჭიროდ დავინახე, სამართლიანობის აღსადგენად და უმთავრესად კი _ თქვენდამი პატივისცემის ნიშნად…
_ მადლობას მოგახსენებთ, _ უთხრა პაპიდამ და თან არ აშორებდა თავის გამჭრიახ თვალებს, _ ჩემს შესახებ ნუ შესწუხდებით.
_ მე ვარჩიე პირადად, მიწერ-მოწერის გარეშე, გამეცა თქვენთვის პასუხი, მიუხედავად იმ ზოგიერთი უხერხულობისა, რომელიც თავად სდევდა ამ მგზავრობას, _ განაგრძობდა მისტერ მორდსტონი. _ ეს უბედური ბიჭი, მის ტროტვუდ, არაერთხელ ყოფილა მიზეზი ოჯახური ალიაქოთისა და უსიამოვნებისა, როგორც ჩემი შეუდარებელი მეუღლის სიცოცხლის დროს, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ. მას მუდამ ემჩნეოდა აუტანელი, თავაწყვეტილი ხასიათი და ისეთი მიდრეკილებანი, რომელთა გამო ყოვლად შეუძლებელი იყო ფიქრი რაიმე ლმობიერებაზე. მე და ჩემი და ვცდილობდით შეძლებისდაგვარად გამოგვესწორებინა მისი ნაკლოვანებანი, მაგრამ მთელმა ჩვენმა ცდამ უნატყოფოდ ჩაგვიარა. საჭიროდ დავინახე, პირადად მეცნობებინა თქვენთვის ყველა ეს სამწუხარო ამბავი, და თქვენ დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდეთ, მის ტროტვუდ, რომ ჩვენ ვიქცევით მიუდგომლად, სინდისისა და პატიოსნების თანახმად.
_ მე, ჩემის მხრივ, ზედმეტად ვთვლი იმის დადასტურებას, რასაც ჩემი ძმა ლაპარაკობს, _ წარმოთქვა მის მორდსტონმა, _ თუმცა გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ ჩემი ღრმა რწმენით, დავით კოპერფილდი უსაძაგლესი ბიჭია ქვეყანაზე.
_ რაც შეეხება მისი აღზრდის სისტემას, აქ მე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ვიქცევი ჩემი საკუთარი შეხედულების თანახმად, _ დაიწყო ისევ მისტერ მორდსტონმა, რომლის სახე თანდათან იღრუბლებოდა, როდესაც მისი თვალები ჰხვდებოდნენ მის ბეტსის გამჭრიახ თვალებს.
_ თქვენი განსვენებული მეუღლე უბედური ბავშვი იყო, სერ, მოკლებული ყოველგვარ გამოცდილებას, რაც აუცილებელია, მეტადრე იმისათვის, ვისაც ისეთ ქმართან უხდება საქმის დაჭერა, როგორც თქვენ ბრძანდებით, სერ, _ უპასუხა პაპიდამ და თან დაჟინებით სინჯავდა მისტერ მორდსტონს. _ თქვენი ცოლი გულუბრყვილო, უსუსური ბავშვი იყო, თუ გნებავთ, რომ მოკლედ და ნათლად მოვჭრა. კიდევ ხომ არას ინებებთ, შემატყობინოთ?
_ მე იმისთვის მოვედი აქ, რომ ჩემს სახლში წავიყვანო დავითი, _ წავიყვანო ყოველგვარი პირობებისა და შეზღუდვის გარეშე. სრულებით მოვალე არა ვარ ანგარიში ჩავაბარო ვისმეს და ზედმეტად ვთვლი რაიმე პირობის მიცემას ამ ბავშვის შესახებ. თუ თქვენ, მის ტროტვუდ გადაწყვიტეთ _ ამ ბავშვისა და ჩემს შორის ჩადგეთ, ეს პოზიცია თქვენ სამუდამოდ უნდა დაიკავოთ. მე არ ვხუმრობ და არავის მივცემ ნებას, მასხრად ამიგდოს. მე მოვედი აქ პირველად და უკანასკნელად, იმ პირობით, რომ თან წავიყვანო იგი. მზად არის თუ არა წამოსასვლელად? თუ მზად არ არის, იცოდეთ, მის ტროტვუდ, რომ ჩემი სახლის კარები ერთხელ და სამუდამოდ იკეტება მისთვის, და თქვენ კისრულობთ გაუღოთ მას საკუთარი სახლის კარები.
პაპიდა დიდი ყურადღებით ისმენდა მის ლაპარაკს და, როგორც ჩანდა, ცდილობდა, არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდა. როცა მისტერ მორდსტონმა დაამთავრა სიტვა, მის ბეტსიმ გაუნძრევლად გაიხედა იქით, სადაც მის მორდსტონი იჯდა, და ჰკითხა ლაკონურად:
_ თქვენ ხომ აღარაფერს ბრძანებთ კიდევ?
_ არაფერს, მის ტროტვუდ. უპასუხა მის მორდსტონმა. _ ჩემმა ძმამ ნათლად და დაწვრილებით გამოთქვა ყველაფერი, რაც კი მე შემეძლო გადმომეცა თქვენთვის.
_ ახლა უნდა გავიგო, რას იტყვის თვითონ ბავშვი, _ თქვა პაპიდამ და მე მომიბრუნდა. _ მზადა ხარ წაჰყვე, დავით?
მე ვუპასუხე, რომ არა, და ვთხოვდი პაპიდას არ მოვეშორებინე არც ახლა, არც შემდეგ, არასოდეს! ვუთხარი, რომ არავინ იყო ამ ქვეყნად ჩემზე უბედური, როდესაც მაგ ხალხთან ვცხოვრობდი. მაგათ დედაჩემიც გააუბედურეს ჩემი გულისთვის; პეგოტიმ კარგად იცის ყოველივე ეს. არ მახსოვს, რა სიტყვებით ვამბობდი ყოველივე ამას, მაგრამ მახსოვს, როგორი სიმწრით ვლაპარაკობდი.
_ მისტერ დიკ, _ უთხრა პაპიდამ თავის მეგობარს, _ რა ვუყო მე ამ ბავშვს?
მისტერ დიკმა იფიქრა ცოტა ხანს და შემდეგ უპასუხა გაბრწყინებული სახით:
_ მოიწვიეთ მკერავი და ახალი ტანისამოსი შეუკეროთ!
_ მისტერ დიკ! _ უთხრა გახარებულმა პაპიდამ. _ მომეცით თქვენი ხელი: თქვენი რჩევა პირდაპირ დაუფასებელია.
მან მაგრად ჩამოართვა ხელი მისტერ დიკს და უთხრა მისტერ მორდსტონს:
_ თქვენ შეგიძლიათ წაბრძანდეთ, სადაც გნებავთ: ბავშვი ჩემთან რჩება თუ იგი მართლაც ისეთი ცუდია, როგორც თქვენ ამიწერეთ, ვეცდები, იმდენი მაინც გავაკეთო მისთვის, რამდენსაც თქვენ აკეთებდით. თუმცა უნდა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არ მჯერა არც ერთი თქვენი ნათქვამი სიტყვა. მშვიდობით, სერ, _ დაუმატა პაპიდამ, _ მშვიდობით, მის მორდსტონ! თუ თქვენ ერთხელ კიდევ მოგივათ აზრად ჩემს მინდორზე გასეირნება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მოგაგლეჯთ თავიდან მაგ ქუდს და ფეხით გავთელავ.
ადამიანი მხატვარი უნდა იყოს, და ამასთან გენიოსი მხატვარი, _ რომ შეიძლოს სწორედ გადმოსცეს პაპიდას სახე, როცა იგი ამ სრულებით მოულოდნელ სენტენციას ამბობდა, _ და მის მორდსტონის სახე, როცა იგი ისმენდა ამას. ხმაამოუღებლად, მის მორდსტონმა ხელი მისცა ძმას. ისინი საჩქაროდ გავიდნენ პაპიდას სახლიდან.
თანდათან პაპიდას გაეხსნა შუბლი და მალე სრულებით მხიარული სახე მიიღო. ამ გარემოებით გამხნევებულმა, გავბედე ჩემი უდიდესი მადლობა გადამეხადა პაპიდასათვის, ხელი მოვხვიე კისერზე და ვაკოცე მას ბავშვური სინაზით. შემდეგ ხელი ჩამოვართვი მისტერ დიკს, რომელმაც მხიარული სიცილი დაიწყო.
_ ამას იქით, მისტერ დიკ, _ უთხრა პაპიდამ, _ მე და თქვენ საერთო ძალით უნდა ვუპატრონოთ ამ ბავშვს.
_ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება დავითის შვილის პატრონობა, _ უპასუხა მისტერ დიკმა.
_ მაშასადამე, ეს გადაწყვეტილი ამბავია, _ თქვა პაპიდამ. _ იცით რა, მისტერ დიკ? მე მინდა მას ტროტვუდი დავარქვა.
_ დიახ, დიახ, რასაკვირველია! _ დაუდასტურა მისტერ დიკმა.
პაპიდას ისე მოეწონა ეს აზრი, რომ მზა ტანისამოსზე, რომელიც იმ საღამოსვე იყიდეს ჩემთვის, საკუთარი ხელით დააწერა მელნით: `დავით ტროტვუდ კოპერფილდი~

ამგვარად დავიწყე ახალი ცხოვრება ახალი სახელით და ახალი საგნებით ჩემს გარშემო. ამგვარი მდგომარეობა რამდენიმე დღის განმავლობაში სასიამოვნო სიზმრად მეჩვენებოდა. მე არ მომდიოდა აზრად, რა უცნაურები იყვნენ ჩემი ახალი აღმზრდელები _ პაპიდა და მისტერ დიკი. პირველ ხანებში სრულებით არა ვფიქრობდი ჩემს მომავალზე. ყოველ შემთხვევაში, ორი რამ სრულებით ცხადი იყო ჩემთვის: ჯერ ერთი, რომ სამუდამოდ მოვრჩი ბლონდერსტონის ცხოვრებას, მეორეც ის, რომ ჩემი სამსახური `მორდსტონისა და გრინბის~ ღვინის საწყობში სამუდამოდ დაიფარა ჩემს თვალთახედვიდან მძიმე ფარდით. ამის შემდეგ არავის და არასდროს აღარ აუხდია ეს ფარდა.

თავი მეთხუთმეტე

ახალი ცხოვრება

სულ მოკლე ხანში მე და მისტერ დიკი ნამდვილი მეგობრები გავხდით და ერთად გავდიოდით ქუჩაში ფარნის ასაშვებად.
მისტერ დიკი ყოველდღე იჯდა და წერდა მემუარებს, მაგრამ საქმე, მიუხედავად ამისა, მაინც სრულებით ვერ მიდიოდა წინ, რადგან ჩარლზ პირველი ყოველ გვერდზე იჩენდა თავს. როცა მისტერ დიკი გააფუჭებდა ერთ თაბახს, იგი მეორე თაბახს ჰკიდებდა ხელს. არ შეიძლებოდა ადამიანი არ გაოცებულიყო იმ მოთმიჯებით, რომლითაც მისტერ დიკი იტანდა ამ ამბავს, და იმედით, რომითაც ისევ და ისევ უბრუნდებოდა თავის შრომას. ჩარლზ პირველი მისი მუდმივი დამაბრკოლებელი საგანი იყო და მასზე იმსხვრეოდა მთელი მისი ნიჭი.
ამგვარი მეგობრული განწყობილების გამო მისტერ დიკთან, ძნელი არ იყო პაპიდას გულისმოგება. მას ისე შევუყვარდი, რომ ჩემი ახალი სახელი _ ტროტვუდი _ ტროტად შეამოკლა და ამასთან გამამხნევა იმედით, რომ შემდეგში იმავე ადგილს დავიჭერდი მის გულში, როგორიც ეჭირა ჩემ დას, ბეტსი ტროტვუდს.
_ ტროტ, _ მითხრა პაპიდამ ერთ საღამოს, _ ჩვენ უნდა ვიფიქროთ შენს სწავლაზე. ხომ არ გინდა კენტერბერის პანსიონში შეხვიდე?
მე ვუპასუხე, რომ ძალიან მინდა, მითUუმეტეს, რომ კენტერბერი შორს არ არის დუვრიდან.
_ ძალიან კარგი, _ მითხრა პაპიდამ. _ ხომ არ გინდა ხვალ წავიდეთ?
უკვე შევეჩვიე პაპიდას სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამიტომ ამ კითხვამ სრულებით არ გამაკვირვა.
_ დიახ, პაპიდა.
_ კეთილი. ჯენეტა, დაიქირავეთ კაბრიოლეტი და ლურჯა ცხენი ხვალ დილის ათი საათისთვის და ჩაალაგეთ საგზაოდ მისტერ ტროტვუდის ნივთები.
მეორე დილას პაპიდამ, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქცევდა საზოგადოების აზრს, თვითონ წამიყვანა კენტერბერიში დუვრის ქუჩებით და მშვენივრად უძღვებოდა ლურჯს ცხენს. როცა გავცილდით ქალაქის ქუჩებს, ვკითხე:
_ დიდა ეს სკოლა?
_ მე თვითონაც არ ვიცი. ჩვენ ჯერ მისტერ ვიკფილდთან მივალთ.
ვერ გავბედე მეკითხა, ვინ იყო ეს პირი. ჩვენ სხვა საგნებზე ვლაპარაკობდით თვით კენტერბერიში მისვლამდე.
მივედით ძველებურ ფართო, ვენეციურ ფანჯრებიან სახლთან, როდესაც ჩვენი კაბრიოლეტი გაჩერდა, კარებიდან გამოვიდა წითელთმიანი ჭაბუკი მომაკვდავსავით გაფითრებული სახით. მას არ ჰქონდა არც წარბები არც წამწამები და მოწითალო თვალები სრულებით მოკლებული იყო ამ ბუნებრივ ჩრდილსა და საფარველს. ამ გარემოებამ ძალიან გამაკვირვა და ვერ წარმომედგინა, როგორ შეეძლო ძილი ამგვარ ადამიანს. გრძელკალთებიანი სერთუკი შეკრული ჰქონდა ყველა ღილზე, ყელამდე.
_ გამარჯობათ, ური ჰიპ! _ უთხრა ყმაწვილს პაპიდამ. _ შინ არის მისტერ ვიკფილდი?
_ მისტერ ვიკფილდი? შინ გახლავთ, მის ტროტვუდ, თუ ინებებთ, იქით მიბრძანდით, _ უპასუხა ური ჰიპმა და თავისი გრძელი ხელით ოთახზე მიუთითა.
ჩამოვედით კაბრიოლეტიდან, დავუტოვეთ ცხენი წითელთმიან ყმაწვილს და შევედით გრძელ, დაბალ სასტუმრო ოთახში, რომლის ფანჯრები ქუჩაში გადიოდა. მაღალი, ძველებური ბუხრის თავზე ეკიდა ორი პორტრეტი; ერთზე იყო გამოხატული ჯენტლმენი ჭაღარა თმით (თუმცა სრულებით ყმაწვილი სახით) და შავი წარბებით, რომელიც დასცქეროდა წითელი ზონრით შეკრულ რაღაც ქაღალდებს; მეორე პორტრეტი იყო ახალგაზრდა ლედისა, ნაზი და მომხიბლავი სახით, რომელიც თითქოს მე მიყურებდა. ოთახში მეორე ბოლოში გაიღო კარი და შემოვიდა ჯენტლმენი. ეს იყო გაცოცხლებული პორტრეტი, ოღონდ რამდენიმე წლით უფრო ხნიერი.
_ მის ბეტსი ტროტვუდ! _ მიმართა ჯენტლმენმა პაპიდას, _ გთხოვთ, მობრძანდით. რომელმა ქარმა დაჰბერა და მოგიყვანათ ჩვენს მხარეს? იმედი მაქვს, რომ ეს ზენაქარი არ იყო?
_ არა, მე სადავო საქმეზე არ მოვსულვარ.
_ კეთილი და პატიოსანი! დიდი ხანია დროა, თავი დავანებოთ ყველა ამ იურიდიულ საქმეს.
ეს ჯენტლმენი გახლდათ მისტერ ვიკფილდი, ვექილი და მთავარი გამგე რომელიღაც ლორდის მამულებისა. მისი სახე ძალიან სასიამოვნო მეჩვენა. მისი სავსე ლოყები შეფერადებული იყო იმ მშვენიერი ფერით, რომელიც აიხსნება პორტვეინის მუდმივი ხმარებით.
_ ეს ბავშვი ჩემი შვილიშვილია, _ უთხრა პაპიდამ. _ მე ვიშვილე იგი ამ ცოტა ხნის წინათ და ახლა მოვიყვანე აქ, რომ მივაბარო პანსიონში, სადაც კარგად ასწავლიან ყველა საგანს და ადამიანურად ექცევიან ბავშვებს. მითხარით, სად არის აქ ასეთი პანსიონი?
_ საუკეთესო პანსიონში, რამდენადაც ვიცი, თქვენი შვილიშვილი შეიძლება მოეწყოს მხოლოდ როგორც გარედან მოსიარულე, _ უპასუხა მისტერ ვიკფილდმა რამდენიმე ხნის ფიქრის შემდეგ.
_ რა უშავს მერე? მას შეუძლია სხვაგან იცხოვროს და მარტო სასწავლო საათებში იაროს იქ.
მისტერ ვიკფილდმა ეს შესაძლებად სცნო. მან კიდევ გამოთქვა რამდენიმე მოსაზრება და შემდეგ ურჩია პაპიდას, თვითონვე წასულიყო პანსიონში, დაეთვალიერებინა იქაური წესები და ისე გადაეწყვიტა საქმე.
პაპიდა დაეთანხმა ამ წინადადებას და ისინი ერთად წავიდნენ. კარგა ხნის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ კმაყოფილები. მათმა შრომამ უნაყოფოდ არ ჩაიარა. პანსიონი მშვენიერი აღმოჩნდა, ოღონდ პაპიდას არ მოსწონებოდა ჩემს საცხოვრებლად არც ერთი ბინა, რომელიც მას უჩვენეს.
_ დატოვეთ დროებით თქვენი შვილიშვილი ჩემთან, _ მისცა წინადადება მისტერ ვიკფილდმა. _ იგი ჭკვიანი ბავშვი ჩანს და იმედი მაქვს, არ შემაწუხებს.
_ დიდად გმადლობთ, მისტერ ვიკფილდ; ჩემი შვილიშვილიც მადლობელია, როგორც ხედავთ, მაგრამ…
_ რაღა `მაგრამ~?.. ვხედავ, რა გაქვთ აზრად, მის ბეტსი. ნუ იფიქრებთ ამაზე. მე სრულებით არ მინდა თქვენი შეწუხება და არ მინდა იფიქროთ, თითქოს ჩემი მოვალე ხართ: თუ გნებავთ, თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ მაგისი შესანახი ფასი.
_ ამ პირობით კი დიდი მოხარული ვიქნები, რომ თქვენთან დავტოვო ბავშვი, თუმცა მაინც დიდად მავალებთ ამით.
_ მაშ ახლა უნდა გაგაცნოთ ჩემი პატარა დიასახლისი. წამობრძანდით.
ჩვენ ავედით მეორე სართულში საკვირველი ძველებური კიბით, რომელსაც ისეთი ფართო მოაჯირი ჰქონდა, რომ მასზე, როგორც საფეხურებზე, თავისუფლად შეიძლებოდა ასვლა. დიდი გემოვნებით მორთულ ოთახში, სხვათა შორის, იდგა ფორტეპიანო და ყვავილების რამდენიმე თაიგული. კუთხეებში ლამაზად იყო მიწყობილი მზრუნველის ხელით სხვადასხვა ნივთები სასიამოვნო და მიმზიდველი ფორმისა: პატარა მრგვალი მაგიდა, თაროები, ბუფეტი, წიგნების კარადა და კიდევ სხვა ამგვარი საგნები.
მისტერ ვიკფილდმა დააკაკუნა მეორე კარი, და ჩვენთან მარდად შემოირბინა თითქმის ჩემი ხნის გოგონამ. იგი კისერზე მოეხვია მისტერ ვიკფილდს და აკოცა მას.
_ აი ჩემი პატარა დიასახლისი, _ გვითხრა მისტერ ვიკფილდმა, _ ჩემი ქალი აგნესა.
პირველ დანახვაზედვე შევნიშნე ამ ჰაეროვან არსებას ის ნაზი და კეთილი გამომეტყველება, რომლითაც მიყურებდა ლედის სურათი ქვემო სართულის სასტუმროში. მის თვალებში კრთოდა სრული კმაყოფილებისა და ბედნიერების გრძნობა, თუმცა იმავე დროს მთელი მისი არსება გამსჭვალული იყო რაღაც წყნარი, აუშფოთებელი, სერიოზული სიმშვიდით, რომელიც არასოდეს არ მავიწყდებოდა და არასოდეს არც დამავიწყდება.
პატარა დიასახლისი მშვენივრად უხდებოდა მთელ ამ ძველებური სახლის მორთულობას. პაწაწინა გასაღებების აბმულა ეკიდა მას ქამართან. მომხიბლავი ღიმილით მოუსმინა მამას, როდესაც მისტერ ვიკფილდმა გააცნო ჩემი თავი, როგორც ახალი მდგმური. ამის შემდეგ ჩვენ ყველანი წავედით ზევით, ჩემი ოთახის დასათვალიერებლად. პატარა დიასახლისი წინ მიდიოდა და გზას გვიჩვენებდა. ჩემი ოთახი, მშვენივრად მოწყობილი მუხის ავეჯით, ყოველმხრივ შესაფერისი გამოდგა. პაპიდა და მე სრული კმაყოფილები ვიყავით, და ჩვენ ყველანი ჩავედით ქვემო სართულის სასტუმროში, ძალიან მხიარულნი და ნასიამოვნები.
მისტერ ვიკფილდმა ბევრი სთხოვა პაპიდას სადილად დარჩენილიყო, მაგრამ მან გადაჭრილი უარი უთხრა იმ მოსაზრებით, რომ უსათუოდ თვალნათლივ უნდა მისულიყო სახლში. ამიტომ პატარა დიასახლისმა განკარგულება მოახდინა, საჩქაროდ საუზმე მოემზადებინათ. საუზმის შემდეგ ჩვენ მარტონი დაგვტოვეს, რომ გამოთხოვება შეგვძლებოდა, როგორც გვსურდა.
პაპიდამ მითხრა, რომ მისტერ ვიკფილდმა საუკეთესოდ მოაწყო ყველა ჩემი საქმე და არაფერი გამიჭირდებოდა.
_ ტროტ, შვილო, ღმერთმა დაგლოცოს, _ მითხრა პაპიდამ, _ ეცადე გაამრთლო იმედები; შენი საკუთარი, ჩემი და მისტერ დიკისა.
გულაჩუყებულმა, სულით და გულით გადავუხადე მადლობა პაპიდას და მოკითხვა შევუთვალე მისტერ დიკს.
_ ნუ იქნები სულმდაბალი, ორპირი და სასტიკი. თუ მედები, აიცდინო ეს სამი დიდი ნაკლი, ჩემი იმედები გამართლდება, შვილო.
დავპირდი პაპიდას ზედმიწევნითY ამესრულებინა მისი რჩევა.
_ ცხენი კარებთან მელის, _ თქვა პაპიდამ ბოლოს. _ მივდივარ. შენ აქ დარჩები.
ამ სიტყვებით იგი მომეხვია უკანასკნელად, საჩქაროდ გავიდა ოთახიდან და კარები გაიხურა.
მე ჯერ გამაკვირვა პაპიდას ამგვარმა სწრაფმა წასვლამ და შემეშინდა კიდეც, ხომ არაფერი ვაწყენინე-მეთქი. ჩემს კეთილისმყოფელს; მაგრამ როდესაც ფანჯარაში გავიხედე, სულიერი ტანჯვის ანარელი დავინახე მის სახეზე, როცა იგი კაბრიოლეტში ჯდებოდა, და უკეთ ვიცანი მაშინ ჩემი პაპიდა.
ნასადილევს ჩვენ ყველანი ავედით ზევით, ისევ იმ სასტუმროში, სადაც წინათ ვიყავით. ერთ-ერთ მაგიდაზე კუთხეში აგნესამ დადგა ღვინის ჭიქა და გრაფინი პორტვეინით თავისის მამისთვის.
იჯდა იგი და ნელნელა სვამდა, ბევრს, ბევრსა სვამდა. ამ ხნის განმავლობაში აგნესა უკრავდა ფორტეპიანოზე, მღეროდა, ხელსაქმობდა, გველაპარაკებოდა მამასა და მე. მისტერ ვიკფილდი ძალიან მხიარულ გუნებაზე იყო, მაგრამ ზოგჯერ მისი თვალები შეჩერდებოდნენ ხოლმე მის ქალზე ნაღვლიანი გამომეტყველებით, და გაჩუმდებოდნენ. ამ შემთხვევაში აგნესა ყოველთვის ცდილობდა გაემხიარულებინა თავისი მამა რაიმე კითხვით ან ბავშვური ალერსით. მისტერ ვიკფილდი იმწამსვე თავს ანებებდა ფიქრებს და პორტვეინით ივსებდა ჭიქას.
აგნესა გვისხამდა ჩაის და თავმჯდომარეობდა საღამოს სუფრაზე. საღამომ გაიარა იმგვარსავე ბაასში, როგორც სასტუმრო ოთახში, სანამ აგნესამ არ დააპირა დასაძინებლად წასვლა. მისტერ ვიკფილდი მოეხვია და აკოცა მას, და როცა აგნესა გავიდა, მაშინ უბრძანა აენთოთ სანთლები კანტორაში.
ძილის წინ გავისეირნე ქუჩაში, რომ ერთხელ კიდევ შემეხედა კენტერბერის განთქმულ ძველებური ტაძრისათვის. დაბრუნებისას შევხვდი ური ჰიპს, რომელიც კანტორის დარაბებს ჰკეტავდა. აღსავსე მეგობრული გრძნობით ამ სახლის ყველა მცხოვრებისადმი, მივედი მასთან, გამოვეხმაურე და გამოთხოვებისას ხელი გავუწოდე. მაგრამ რა უცნაური და საზარელი იყო ამ ადამიანის ხელის ჩამორთმევა! იგი უწინდელზე მეტად წააგავდა სამარიდან ამოღებულს, და ხელები ვისრისე, რომ როგორმე მომეშორებინა მისი მოკარების გრძნობა და გამეთბო ხელები.
ეს ცივი და სველი ხელი მომაგონდა ჩემს საწოლ ოთახში. გავაღე ფანჯარა და გავხედე პირდაპირ მდგომი სახლების სახურავებს; იმწამსში მომეჩვენა, თითქოს ური ჰიპი ასულიყო მაღლა, სახურავზე, და იქიდან მიყურებდა! საჩქაროდ მივხურე ფანჯარა და ლოგინში ჩავწექი.
მეორე დღეს, დილით, მისტერ ვიკფილდმა წამიყვანა სკოლაში. სკოლის დირექტორი, დოქტორი სტრონგი, თავის ბიბლიოთეკაში იჯდა. ადამიანი ვერ იტყოდა, რომ მისი ტანისამოსი განსაკუთრებიული გულმოდგინებით იყო გაწმენდილი, ან თმები ჰქონდა წესიერად და ლამაზად დავარცხნილი, _ სრულებით არა! შავი გეტრები გახსნილი ჰქონდა და ფეხსაცმელები, გვერდზე რომ ელაგა ხალიჩაზე, თითქოს ამთქნარებდნენ საშინელი დაღლილობისა და მოწყენილობისაგან. დოქტორ სტრონგმა მომმართა და მითხრა, რომ ესიამოვნა ჩემი ნახვა, და გამომიწოდა თავისი დიდი ხელი, რომლისთვისაც არ ვიცოდი, რა მექნა.
მის შორიახლოს მშვენიერი ყმაწვილი ლედი იჯდა ხელის ქნარით. ჩვენი შესვლის ერთი წუთის შემდეგ იგი სწრაფად ადგა, მხიარულად დაეშვა მუხლებზე დოქტორ სტრონგის წინ და ფეხსაცმელები ჩააცვა. როდესაც გაათავა ეს საქმე, თავი დაგვიკრა და ყველანი გავედით სამეცადინო დარბაზში.
_ მართლა, ვიკფილდ, _ თქვა დოქტორმა, შეჩერდა დერეფანში და ხელი დამადო მხარზე, _ თქვენ ჯერ კიდევ ვერ უშოვეთ ადგილი ჯეკ მალდონს, ჩემი ცოლის ბიძაშვილს?
_ არა, _ უპასუხა მისტერ ვიკფილდმა, _ არა, ჯერ ვერ მომინახავს.
_ ძალიან სამწუხაროა, რაც უფრო მალე გათავდება ეს ამბავი, მით უკეთესი, _ უთხრა დოქტორ სტრონგმა.
დოქტორი სტრონგი მხიარულად მიდიოდა წინ, რაღაც უცნაური ნაბიჯით და გვერდიდან გვერდზე იხრებოდა. ჩვენ მივდევდით მას. მე შევნიშნე, რომ მისტერ ვიკფილდის სახემ შეწუხებული გამომეტყველება მიიღო, და რამდენჯერმე გაიქნია თავი.
სამეცადინო დარბაზი იყო საკმაოდ გრძელი და განიერი ოთახი სახლის მოშორებებულ და მიყურუებულ ნაწილში. ასე, დაახლოებით ოცი, ოცდახუთი ყმაწვილი, რომელნიც წიგნებს უსხედნენ, ფეხზე წამოდგნენ და დილა მშვიდობისა უსურვეს დოქტორ სტრონგს. ისინი აღარ დამსხდარან, როდესაც დაგვინახეს მისტერ ვიკფილდი და მე.
_ აი, თქვენი ახალი ამხანაგი, ყმაწვილო ჯენტმენებო, _ უთხრა გამგემ, _ ტროტვუდ კოპერფილდი.
უკვე გადაჩვეული ვიყავი ზრდილობიანი ბავშვების საზოგადოებას, და ისეთი დიდი ხანი იყო, რაც არ მენახა ტოლები, გარდა მიკ უოკერისა და `კარტოფილასი~, რომ პირველად ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ჯერ კიდევ ბავშვი გარეგნობით, უკვე გამობრძმედილი ვიყავი. ცხოვრებაში, ასე რომ, ყველა ეს ბავშვი, ერთად აღებული, ისე გამოცდილი არ იყო, როგორც მე. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვატყუებდი ყველას, როდესაც შევდიოდი მათ წრეში, როგორც ჩვეულებრივი ახალი შეგირდი. ამას გარდა, ჩემმა ყოფნამ `მორდსტონისა და გრინბის~ ღვინის საწყობში სრულებით გადამაჩვია ყველა თამაშობასა და ვარჯიშობას, ასე რომ, ჩემს ახალ ამხანაგებს შორის შემეძლო სრულებით უვიცის შთაბეჭდილება მომეხდინა. ყველა ჩემი ცოდნა, შეძენილი სახლში, დედის ხელმძღვანელობით, და მისტერ კრიკლის პანსიონში, გაჰქრა საბოლოოდ ცხოვრების მძიმე პირობებში და, როდესაც ახლა გამომცადეს ახალი ამხანაგების წინაშე, გამოდგა, რომ სრულებით არაფერი ვიცოდი. მეშინოდა მაღლა ახედვისა და განძრევის და უნებურ თრთოლვას ვგრძნობდი მთელს ტანში, როდესაც ვინმე ახალ ამხანაგთაგანი მიახლოვდებოდა. როგორც კი გათავდა მეცადინეობის საათეები, თავპირის მტვრევით გავვარდი დარბაზიდან, რადგან მეშინოდა თავი არ შემერცხვინა სკოლის წინაშე რამე სულელური პასუხით მეგობრულ სალამზე ან კითხვაზე.
მისტერ ვიკფილდის ძველმა სახლმა დამამშვიდებელი გავლენა იქნი ჩემზე. როდესაც მივედი შესავალ კარებთან ჩემი სასკოლო წიგნებით იღლიაში და კარი დავარახუნე, ვიგრძენი, რომ ჩემი შინაგანი მღელვარება თანდათან ქრებოდა.
აგნესა იჯდა სასტუმრო ოთახში და ელოდა თავის მამას, რომელსაც ჯერ არ გაეთავებინა საქმეები კანტორაში. იგი შემხვდა ალერსიანი ღიმილით და მკითხა, როგორ მოგეწონა ინსტიტუტიო. მე დადებითად ვუპასუხე, ოღონდ დავუმატე: დიდი უხერხულობა ვიგრძენი პირველად უცხო ბავშვების წრეში-მეთქი.
_ თქვენ კი ჯერ არ სწავლობთ პანსიონში? _ ვკითხე მე.
_ ო, როგორ არა! მე ახლაცა ვსწავლობ… ყოველდღე.
_ მაგრამ თქვენ სახლში სწავლობთ და არა პანსიონში?
_ სხვაგვარად შეუძლებელია, _ მიპასუხა აგნესამ ღიმილით, _ მამა არ დათანხმდება ჩემს სასწავლებელში გაშვებაზე, ხომ იცით, მისი დიასახლისი მუდამ სახლში უნდა იყოს.
_ ძალიან უყავრხართ მამას?
_ სსსუ! მოდის!
ეს თქვა თუ არა, აგნესა გაიქცა მამის შესახვედრად, და ერთი წუთის შემდეგ ისინი ერთად შემოვიდნენ სასტუმროში. მისტერ ვიკფილდი ძალიან გულიანად შემხვდა და მითხრა, რომ ჩემთვის დიდი ბედნიერებაა დოქტორ სტრონგის ხელმძღვანელობა, რადგან, მისი სიტყვით, ეს იყო ყოველმხრივ უკეთილშობილესი ადამიანია.
_ არ ვიცი დანამდვილებით, მაგრამ შესაძლებელია, რომ არის ქვეყანაზე ხალხი, რომელსაც ესიამოვნება ბოროტად ისარგებლოს ამგვარი ადამიანის ნდობით, _ მითხრა მისტერ ვიკფილდმა. _ ერიდეთ, ტროტვუდ, ამგვარი ხალხის საზოგადოებას და გრცხვენოდეთ მათი მიბაძვისა. ქვეყანაზე არ არის არსება უფრო გულუბრყვილო და მიმნდობი, ვიდრე დოქტორი სტრონგი.
მისტერ ვიკფილდს ლაპარაკის კილოში რაღაც წყენა ეტყობოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი მიმეცა კითხვა ამის შესახებ, _ სადილი მზად იყო. ჩავედით სასადილოში და დავიკავეთ ჩვენი ადგილები.
ნასადილევს ავედით მეორე სართულში, სასტუმროში, და აქ განმეორდა ისევ ის სცენა, რაც წინადღით. აგნესამ დადგა გრაფინი და ღვინის ჭიქა იმავე კუთხეში, იმავე მაგიდაზე; მისტერ ვიკფილდი მიუჯდა პორტვეინს და ძალიან ბევრი დალია. აგნესა უკრავდა ფორტეპიანოზე, იჯდა მამის გვერდით, იცინოდა, ცელქობდა, ხელსაქმობდა, ლაპარაკობდა და რამდენიმე პარტია დომინო მეთამაშა.
ბევრმა ზამთარმა და ზაფხულმა გაიარა მას აქეთ, მხიარულმა და სევდიანმა, მაგრამ ახლაც, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, მე ისევ ვხედავ მას, მორცხვს, თავდაჭერილს, წყნარი მოძრაობით მესმის მისი მშვენიერი, ნაზი ხმა.
თავის დროზე აგნესა გამოგვეთხოვა მამას და მე და თავის საწოლში წავიდა. მარტონი დავრჩით. მეც ხელი ჩამოვართვი მისტერ ვიკფილდს და დასაძინებლად წასვლა დავაპირე. მან შემაჩერა და მითხრა:
_ აბა, მისტერ ტროტვუდ, რას იტყვით? იცხოვრებთ ჩვენთან, თუ შევუდგეთ თქვენთვის ბინის შოვნას?
_ ო, არა, სერ! _ შევძახე ცხარედ. _ ნება მიბოძეთ, თქვენთან დავრჩე!
_ დარჩი ჩვენთან, ტროტვუდ! ძალიან მოხარული ვარ, _ მითხრა მან. _ შენ შეგიძლია ჩვენი ამხანაგი და მოსაუბრე იყო. ეს კარგია ჩვენთვისაც, აგნესასთვისაც, ყველასთვის კარგია!
_ და მეტადრე ჩემთვის, სერ, _ ვუთხარი მე. _ ძალიან მიხარია თქვენთან ცხოვრება.
_ შეძალიან კარგი ბავშვი ხარ, ტროტვუდ, _ მითხრა მისტერ ვიკფილდმა. _ თუ ჩემი და აგნესას საზოგადოება გესიამოვნება, იცხოვრე ჩვენთან, რამდენიც გინდა.
ამ სიყვებით ხელი გამომიწოდა და შემდეგ ზურგზე მომიფათურა.
მე დავინახე სინათლე პატარა კანტორაში, იმწამსვე ვიგრძენი ური ჰიპის უცნაური ძალა და უნებურად იქით წავედი. ური ჰიპის უჯდა უზარმაზარ მწავნე წიგნს და, როგორც ჩანდა, ძალიან გულდასმით კითხულობდა; მისი სალოკი თითი გადადიოდა ერთი სტრიქონიდან მეორეზე და სტოვებდა ჭუჭყიან და ლორწოვან კვალს, თითქოს წიგნზე ლოკოკინა მიცოცავდა.
_ თქვენ დღეს ძალიან დიდხანს მუშაობთ, მისტერ ჰიპ, _ ვუთხარი მე.
_ მე ხომ კანტორის საქმეებს არ ვაკეთებ ამჟამად, მასტერ კოპერფილდ! _ მითხრა მან.
_ მაშ რას აკეთებთ, მისტერ ჰიპ?
_ მე ვცდილობ, შევიძინო ზოგიერთი იურიდიული ცოდნა და ახლა, როგორც ხედავთ, ვსწავლობ ტიდის `პრაქტკულ დარიგებას~. ო, მისტერ ტიდი დიდი მწერალია, მასტერ კოპერფილდ!
_ თქვენ უეჭველია, მშვენიერი იურისტი ბრძანდებით, მისტერ ჰიპ, _ ვუთხარი სიჩუმის შემდეგ.
_ ვინ? მე, მასტერ კოპერფილდ? რას ბრძანებთ, მე სრული არარაობა ვარ!
აქ გაკვირვებით შევნიშნე, რომ ური ჰიპი ხელისგულებს ისრესდა, თითქოს იმშრალებდა და ითბობდა მათ.
_ ძალიან კარგად ვიცი, რომ არარაობა ვარ, _ განაგრძო ური ჰიპმა მორჩილების კილოთი, _ დაე, სხვები ამაღლლდნენ, როგორც უნდათ და რამდენადაც უნდათ. ჩემი მოღვაწეობის ასპარეზი მეტად შეზღუდულია. დედაჩემი ჩემსავით მოკლებულია ყოველგვარ ნიჭს. ჩვენ ძალიან ღარიბად ვცხოვრობთ, უბრალო ქოხში, მაგრამ გულები მგრძნობიარე გვაქვს, მასტერ კოპერფილდ, და ვიცით მადლობის გადახდა. დიახ, სერ, ჩვენ მადლიერები ვართ. აი, მაგალითად, მაშ მადლიერი არ უნდა ვიყო ჩემი ბედისა, რომ მისტერ ვიკფილთან მომიხდა ცხოვრება?
_ იქნებ ოდესმე ამხანაგად შეუდგეთ თქვენს ახლანდელ პატრონს, _ ვუთხარი მე, რომ მესმიავმებინა მისთვის. _ და მაშინ ახლანდელი კანტორა იარსებებს საერთო ფირმით _ ვიკფილდი და ჰიპი.
_ ო, არა, მასტერ კოპერფილდ, არა! მე მეტად უმნიშვნელო არსება ვარ ამგვარი კარიერისთვის.
ამ სიტყვებთან უარყოფით გაიქნია თავი და დაღვრემილმა შემომხედა.
_ მისტერ ვიკფილდი მშვენიერი ადამიანია, მასტერ კოპერფილდ, _ მითხრა ურიმ. _ როცა ცოტა ხანს იცხოვრებთ მათთან, უკეთესად გაიცნობთ, ვიდრე სიტყვიერად შეიძლებოდეს ამის გადმოცემა. მე მგონია, თქვენ დიდხანს არ მოგიხდებათ აქ ცხოვრება, მასტერ კოპერფილდ?
ვუპასუხე, რომ პირიქით, ვაპირებ მისტერ ვიკფილდთან ცხოვრებას სკოლაში კურსის დასრულებამდე.
_ ო, მართლა! _ შესძახა ურიმ. _ მაშ თქვენ იქნებით და არა მე არ ფირმის ამხანაგი.
გამიკვირდა და უარზე ვიდექი, მაგრამ ურიმ დაიჟინა:
_ არა, იქნებით, იქნებით!
ბოლოს ჩაალაგა ყველა თავისი ნივთი და, როდესაც გასვლა დააპირა, მკითხა:
_ შემიძლია სანთელი ჩავაქრო, მასტერ კოპეფილდ?
_ რასაკვირველია. ისედაც ვიპოვი გზას.
ური ჰიპმა ჩააქრო სანთელი და გამომშვიდობებისას ხელი ჩამომართვა; ისევ მეჩვენა, თითქოს ჩემს ხელს სველი თევზი მოხვდა. შემდეგ გააღო ქუჩის კარები და გაძვრა ქუჩაში.
ჩემმა მღელვარებამ ცოტათი იკლო, როდესაც მეორე დღეს სკოლაში მივედი. მესამე დღეს უკეთესად ვიგრძენი თავი და შემდეგ, ერთი-ორი კვირის განმავლობაში, სრულებით შევეჩვიე დოქტორ სტრონგს ინსტიტუტს და ისე ვგრძნობდი თავს ახალი ამხანაგების წრეში, როგორც საკუთარ სახლში. შევუდექი მუშაობას უდიდესი გულმოდგინებით, რათა დამემსახურებინა ყველას თანაგრძნობა და პატივისცემა. მოკლე ხანში უწინდელი ჩემი ცხოვრება თითქმის სრულებით წარიშალა ჩემს მეხსიერებაში და თვითონაც აღარ მჯეროდა, რომ ოდესღაც ვმსახურობდი `მორდსტონისა და გრინბის~ ღვინის საწყობში. ახლანდელს ჩემს ცხოვრებას თანდათან საბოლოოდ შევეგუე ჩემი ჩვეულებებით, ასე რომ, მეჩვენებოდა, თითქოს დიდი ხანია, რაც ზრდილობიან ბავშვების წრეში ვარ-მეთქი.
ზოგიერთი უფროსი მოწაფე პანსიონერად ცხოვრობდა დოქტორ სტრონგთან, და მათგან საიდუმლოდ გავიგე ზოგიერთი რამ მისი პირადი ცხვრებიდან. ერთი წლის წინათ დოქტორ სტორნგმა შეირთო ცოლად ის მშვენიერი ყმაწვილი ლედი, რომელიც მის კაბინეტში ვნახე. სტრონგი მუდამ გართული იყო ბერძნული ძირების ძიებაში. უვიცმა ფილოლოგიური მეცვნიერების დარგში, ჯერ წარმოვიდგინე, თითქოს აქ ლაპარაკი ბოტანიკურ საგნებზე იყო, და ჩემს აზრს ის ადასტურებდა, რომ დოქტორი მუდამ თავჩაღუნული დადიოდა; მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ აქ ლაპარაკი იყო ბერძნული სიტყვების ძირებზე, რადგან ეს რამდენიმე ხანა, რაც დოქტორი სტრონგი შესდგომოდა ბერძნული ლექსიკონის შედგენას.
სასიამოვნო სანახავები იყვნენ დოქტორი და მისი ლამაზი ცოლი ერთად; იგი უალერსებდა და ანებივრებდა, როგორც ნამდვილი მამა. მისის სტრონგს, როგორცა ჩანდა, ძალიან უყვარდა ქმარი და ზრუნავდა მასზე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შევნიშნე, რომ ცხარე მონაწილეობა მიეღო მისი ქმრის ბერძნული ლექსიკონის შედგენის საქმეში.
მისის სტრონგი ძალიან მომწონდა მრავალ მიზეზთა გამო: ჯერ ერთი, მას შევუყვარდი იმ დღიდან, როდესაც პირველად ვნახე დოქტრ სტრონგის კაბინეტში; მეორეც ისა, რომ მუდამ მიალერსებდა და მონაწილეობას იღებდა ჩემს საქმეებში; და მესამეც, რომ მას ზალიან უყვარდა აგნესა და თიტქმის მუდამდღე დაიარებოდა ჩვენს სახლში. მაგრამ იყო რაღაც ძალდატანება მასა და ჩემს მასპინძელს შორის; მე ისიც კი მეჩვენებოდა, თითქოს მისის სტრონგს ეშინოდა მისტერ ვიკფილდისა, თუმცა არ ვიცი, რის გამო. მუდამ, როდესაც კი მისტერ ვიკფილდი წინადადებას აძლევდა, რომ სახლში გაეცილებინა, მისის სტრონგი მოკრძალებით უარს ეუბნებოდა და ჩემთან ერთად საჩქაროდ მიეშურებოდა სახლისაკენ. ასე რომ, მე ვიყავი მუდმივი თანამგზვარი დოქტორის მეუღლისა. ჩვენ ყოვეთვის ძალიან სწრაფად მივდიოდით და ყველას ვერიდებოდით გზაში, მაგრამ თითქმის ყოველთვის ისე გამოდიოდა, რომ შუა გზაზე, ქალაქის კოშკის ახლოს, ჩვენ შეგვხდებოდა ხოლმე მისტერ ჯეკ მალდონი, რომელიც ჩვეულებრივ განცვიფრებას გამოთქვამდა ჩვენი დანახვის გამო.
მისის სტრონგს ჰყავდა დედა, ხანშიშესული ლედი, მრავალმხრივ საინტერესო. მისი გვარი იყო მარკლჰემი, მაგრამ ინსტიტუტის მოწაფეებმა დაარქვეს მას ძველი ჰუსარი, მიიღეს რა მხედველობაში ის საკვირველი ხელოვნება, რომითაც იგი ამხედრებდა თავის მრავალრიცხოვან ნათესავებს დოქტორ სტრონგის წინააღმდეგ.
მე მქონდა შემთხევევა, ახლო მედევნებინა თვალყური ძველი ჰუსარისათვის ერთ დაუვიწყარ საღამოს განმავლობაში. საღამო გამართული იყო დოქტორის სახლში, ჯეკ მალდონის ინდოეთში გამგზავრების გამო, სადაც მას კარგი ადგილი უშოვეს მისტერ ვიკფილდის მეცადინეობით. მოხდა ისე, რომ ამავე დღეს დოქტორი სტრონგი დღესასწაულობდა თავის დაბადების დღეს.
როდესაც ჩვენ მივედით, ჯეკ მალდონი უკვე სასატუმროში იყო, სადაც ყველაზე ადრე მისულიყო. მისის სტრონგი, მორთული თეთრი კაბით, პირისფერი ბაფთებით, პიანინოს უჯდა. მისტერ მალდონი მისი სკამის უკან იდგა და ნოტების ფურცლებს აბრუნებდა.
_ ერთი შეხედვით, როგორ გადამივარდა გონებიდან, _ დაიწყო მისის მარკლჰემმა, როცა ყველანი დავსხედით. _ სრულებით დამავიწყდა, დოქტორო, მომელოცნა თქვენთვის დაბადების დღე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი მოლოცვა არ შეიძლება ჩაითვალოს კომპლიმენტად ჩემის მხრივ, სულით და გულით მოგილოცავთ, დოქტორო, და გისურვებთ მრავალი წლის სიცოცხლეს.
_ გმადლობთ, _ უპასუხა დოქტორმა.
_ მრავალი, მრავალი, მრავალი წელი! _ გაიმეორა `ძველმა ჰუსარმა~. _ იცოცხლეთ უამრავი წლები _ თქვენთვის, ანისთვის, ჯეკ მალდონისთვის, ყველა ჩვენთვის.
სტუმრებმა დაიწყეს მოსვლა. ყველაზე უწინ მოვიდა ორი მასწავლებელი. გაიბა საერთო საუბარი. უმთავრესად ლაპარაკობდნენ ჯეკ მალდონის შესახებ: მის შორ მოგზაურობაზე, იმ ქვეყანაზე, სადაც იგი მიდიოდა, და მის მრავალგვარ გეგმებზე. ჯეკ მალდონი იმავე ღამეს, ნავახშმევს უნდა წასულიყო საფოსტო ეტლით გრევზენდში, სადაც ოკეანეში მიმავალი გემი მოელოდა.
მისის სტრონგი ნამდვილი მსახიობივით მშვენივრად მღეროდა. ხშირად მომისმენია მისი სიმღერა, როდესაც იგი ფორტეპიანოს უჯდა ხოლმე სასტუმროში, მაგრამ ახლა, არ ვიცი, შეკრთა მრავალრიცხოვანი საზოგადოების წინაშე, თუ ხმა არ ემორჩილებოდა, სრულებით ვერ შესძლო სიმღერა. მისის სტრონგმა სცადა, ემღერა დუეტი თავის ბიძაშვილთან ერთად, მაგრამ ვერც კი დაიწყო. შემდეგ დათანხმდა საერთო თხოვნას და სცადა სიმღერა მარტომ; მან მშვენივრად დაიწყო მაგრამ უეცრად ხმა აუკანკალდა და დაუძლურებულმა მომღერალმა თვი კლავიშებზე დახარა. კეთილმა დოქტორმა შენიშნა, რომ მის მეუღლეს დროგამოშვებით ემართება ამგვარი ნერვიული სისუსტე, და ამის გამო სთხოვა სტუმრებს ბანქოს თამაშით გართულიყვნენ, თუმცა თვითონ იმდენივე ესმოდა ქარალდის თამაშისა, როგორც რაიმე საკრავზე დაკვრისა. `ძველმა ჰუსარმა~ იმწამსვე თავის ამალაში ჩარიცხა დოქტორი და თავის პარტნიორი უწოდა. თამაში დაიწყო და რამდენიმე წუთის შემდეგ მთელი ვერცხლის ფული დოქტორის ჯიბიდან მისი ვაჟკაცური სიდედრის ჯიბეში გადავიდა.
მაგრამ ეს არაფერი. ბანქოს თამაში გაგარძელდა ძალიან მხიარულად და დიდის აღფრთოვანებით. მისის სტრონგმა, ნერვიული სისუსტის გამო, უარი თქვა თამაშზე მთელი საღამოს განმავლობაში; მისმა ბიძაშვილმა მალდონმაც უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ნივთები ჰქონდა ჩასალაგებელი საგზაოდ. იგი გავიდა კიდეც ოთახიდან ამ მიზნით, მაგრამ ძალიან მალე დაბრუნდა და დაჯდა სოფაზე, თავისი ბიძაშვილის გვერდით. ისინი ლაპარაკობდნენ დაბალი ხმით. განმარტოებულნი სტუმრებისაგან. დროგამოშვებით მისის სტრონგი მიუახლოვებოდა ხოლმე თავისი ქმრის მაგიდას და უხსნიდა თამაშის წესებს.
იგი მეტად გაფითრებული იყო და ხელები უთრთოდა, როდესაც ქაღალდზე უჩვენებდა ქმარს. დოქტორი სტრონგი ბედნიერი იყო და არაფერს ამჩნევდა.
მაგრამ ვახშამზე საზოგადო მხიარულება ჩაიშრიტა. ყველა გრძნობდა, რა მძიმეა მაგვარი განშრება, და რაც უფრო ახლოვდებოდა იგი, მით უფრო ნაღვლიანნი ხდებოდნენ სტუმრები.
დოქტორი იმ დროს დარწმუნებული იყო, რომ მისი იქ ყოფნა დიდად სასიხარულოა მთელი საზოგადოებისათვის. იგი ბედნიერი იყო იმ აზრით, რომ მის გარშემო ყველანი მეტისმეტად მხიარულად იყვნენ.
_ ანი, ჩემო კარგო მეგობარო, _ უთხრა დოქტორმა მეუღლეს, შეხედა საათს და აივსო ჭიქა. _ აი უკვე დადგა წასვლის წუთი შენი ბიძაშვილისათვის. არ უნდა დავაყოვნოთ იგი. დრო და ზღვის მიმოქცევა თავისი გარდაუვალი წესით მიდიან და არ ელიან არც ადამიანს და არც მის მზადებას. მე თქვენ მოგმართავთ, მისტერ ჯეკ მალდონ! თქვენს წინ თვით მოგზაურობაა და სრულებით უცნობი და უცხო ქვეყანა. აბობქრებულმა ქარიშხალმა შთანთქა ოკეანის უფსკრულში ათასი გემი, დატვირთული ყველა ქვეყნის საუნჯით, მაგრამ მთელი მილიონები გემებისა უვნებლად ბრუნდებიან მდიდარი განძით. მშვიდობით, მისტერ მალდონ! _ დაამთავრა დოქტორმა სიტყვა, ადგა ადგილიდან და ჩვენც ყველანი ავდექით. _ გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას ოკეანის მღელვარე ზვირთებში, ბედნიერ მომავალს ოკეანეს იქით და ბედნიერ დაბრუნებას სამშობლოში.
ჩვენ ყველამ დავლიეთ ეს სადღეგრძელო და მხურვალედ გამოვემშვიდობეთ ჯეკ მალდონს, რის შემდეგ მან საჩქაროდ თავი დაუკრა ყველას და კარებისაკენ გაქიქცა. მე გავიქეცი ქუჩაში, სადაც იდგა საფოსტო ეტლი, და საერთო ალიაქოთში დავინახე, როგორ ჩაჯდა შიგ ჯეკ მალდონი. მთრთოლვარე ხელში მას ეჭირა რაღაც პირისფერი საგანი.
ამ გამოთხოვების ცერემონიის შემდეგ ინსტიტუტის მოწაფეებმა დაიძახეს `ვაშა~, ორჯერ _ დოქტორის პატივსაცემად და სამჯერ _ მისი მეუღლისა. შემდეგ ისინი იქით-აქეთ დაიფანტნენ. მე ისევ სასტუმრო ოთახში მოვხვდი. დოქტორი სტრონგი იდგა სასტუმრო ოთახის შუაში, სტუმრებით გარშემოხვეული. უეცრად მისის მარკლჰემმა დაიყვირა:
_ სად არის ანი?
არ არის ანი! ტყუილად ეძახდნენ მას ყველანი სხვადასხვა ხმით, იგი პასუხს არ იძლეოდა. ყველანი გაცვივდნენ დოქტორის მეუღლის საძებნელად და დარბაზში იპოვეს: მისის სტრონგი ეგდო იატაკზე და არავითარი ნიშანწყალი სიცოცხლისა აღარ ეტყობოდა. ატყდა საშინელი ალიაქოთი. ანი გულწასული იყო.
დოქტორმა დაიდო მუხლებზე მისი თავი, გადაუყარა სახიდან კულულები და თქვა ნაზი მხმით:
_ საბრალო ანი! როგორი ერთგული და ნაზი გული აქვს, მისთვის მეტად ძნელი ასატანია განშორება თავისი სიყმაწვილის ერთადერთი მეგობრისა, რომელიც მას ასე უყვარდა!
მისის სრტრონგმა აახილა თვალები. შემოგვხედა ყველას და დოქტორის დახმარებით ფეხზე წამოდგა; შემდეგ, ერთხელ კიდევ შემოგვხედა დარცხვენილი თვალებით და მიაყრდნო თავი დოქტორის მხარს, _ არ ვიცი, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სისუსტესა გრძნობდა გულის წასვლის შემდეგ, თუ იმიტომ, რომ დაეფარა აღელვება. ჩვენ დავაპირეთ სასტუმროში გასვლა და მისი დატოვება დედისა და დოქტორ სტრონგის ხელში, მაგრამ ანიმ განაცხადა, რომ ახლა გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს და რომ ჩვენთან უნდოდა ყოფნა. იგი გადაიყვანეს სასტუმროში და დივანზე დააწვინეს. მე შევნიშნე, რომ ძალიან გაფითრებული იყო.
_ ანი, ჩემო კარგო, _ უთხრა დედამ, როდესაც კაბას უსწორებდა. _ შენ, მგონია, ბაფთა დაგიკარგავს… დიახ, სწორედ დაგიკარგავს. ჯენტლმენებო, გაისარჯეთ, მონახეთ ანის ბაფთა _ პირისფერი ლენტებისა.
ამ პირისფერ ბაფთს მისის სტრონგი ჩვეულებრივად გულზე იკეთებდა. ჩვენ დავიწყეთ მისი ძებნა, _ მე ყველაზე მეტად ვცდილობდი, მაგრამ ვერავინ ვერ იპოვა.
_ ხომ არ გახსოვს, ანი, სადა გქონდა იგი უკანასკნელად? _ ჰკითხა დედამ.
ამ კითხვაზე სიკვდილისფერი მისის სტრონგის სახეზე შეცვალა ცოცხალმა ვარდისფერმა. მან უპასუხა, რომ, როგორც ახსოვს, რამდენიმე წუთის წინ იგი ხელში ეჭირა, მაგრამ თან დაუმატა, რომ არც კი ღირს მისი ძებნაო.
ჩვენ მივდიოდით სახლში ნელ-ნელა. აგნესა და მე მთვარეს შევცქეროდით, მისტერ ვიკფილდი ჩუმად მოდიოდა თვალებდახრილი. შესავალ კარებთან თავისი პატარა ხელის ჩანთა. გამეხარდა, რომ შემეძლო რითიმე გამომეჩინა ჩემი ყურადღება და უკან გავიქეცი.
შევედი სასტუმრო ოთახში, სადაც ჩანთა იყო დატოვებული. აქ არავინ იყო და ბნელოდა. კარი დოქტორის კაბინეტში ოდნავ ღია იყო და იქიდან სინათლე მოჩანდა. მე შევედი, რომ ამეხსნა ჩემი დაბრუნების მიზეზი და სანთელი ამეღო.
დოქტორი იჯდა დიდ, ვორტერისებურ სავარძელში ბუხართან, მისი ყმაწვილი ცოლი კი მის ფეხთით მოთავსებულიყო პატარა სკამზე. დოქტორი მოწყალე კილოთი, ღიმილით უკითხავდა ხმამაღლა რაღაც ხელნაწერებს, _ უეჭველია, ბერძნული სიტყვების ძირების დახლართული თეორიის შესახებ; მისის სტრონგს აეწია თავი და შესქცეროდა მას; მაგრამ სახე ისეთი გამომეტყველებით ჰქონდა სავსე, რომელიც არასოდეს არ მინახავს. მშვენივრ ქალს თვალები ფართოდ გაეხილა; წაბლისფერი კულულები ეყარა მხრებსა და თეთრ კაბაზე. რას მეტყველებდა ეს აღგზნებული თვალები? სირცხვილს, დამცირებას, სინანულს, სიამაყეს, სიყვარულს, ნდობას, იმედს, _ ყოველივე ეს ცხადად დავინახე მის თვალებში, მაგრამ ამის გარდა დავინახე წარმოუდგენელი შიშის გრძნობა, რომლითაც სავსე იყო მისის სტრონგი.
ჩემს შესვლაზე, როგორცა ჩანდა, იგი გონს მოვიდა, დოქტორი სტრონგიც იძულებული იყო შეეწყვიტა დაუსრულებელი ხელნაწერის კითხვა. როდესაც მეორედ შევედი სანთლის დასადგმელად, რომელიც მაგიდიდან, ავიღე, დოქტორი მამობრივი სინაზით თავზე ხელს უსვამდა ცოლს და სთხოვდა, დასაძინებლად წასულიყო. იგი ლანძღავდა თავის თავს და უწოდებდა უმოწყალო ბარბაროსს, რომელიც უსინდისოდ სარგებლობს სხვისი მოთმინებით.
მაგარამ მისის სტრონგი ეხვეწებოდა, ნება მიეცა დარჩენილიყო მასთან მთელ საღამოს. როდესაც, კაბინეტიდან გასვლისას, ერთხელ კიდევ მივიხედე, დავინახე, რომ მისის სტრონგს დაელაგებინა თავისი ხელები ქმრის მუხლებზე და ისევ დაშტერებით უცქეროდა მას, ოღონდ ახლა გაცილებით უფრო დამშვიდებული იყო.
ამ სურათმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, და შემდეგში არა ერთხელ დავბრუნებულვარ მას გონების თვალით, მრავალ მიზეზთა გამო, რომელთაც მკითხველი თავის დროზე გაიგებს.

თავი მეთექვსმეტე

მოულოდნელი შეხვედრა

დოქტორ სტრონგის ინსტიტუტში ყოფნის პირველ თვეებში მის ბეტსი ხშირად მოდიოდა კენტერბერიში და თითქმის ყოველთვის უდროო დროს, იმ განზრახვით, როგორც მგონია, რომ ენახა, რას ვაკეთებდი; მაგრამ, საბედნიეროდ, იგი მუდამ წიგნებში გართულს მხედავდა. ამიტომ მალე შეწყდა პაპიდაჩემის მოულოდნელი სტუმრობა. ახლა მე ვხედავდი პაპიდას მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ თვეში, შაბათობით, როდესაც დუვრში წასვლის ნება მეძლეოდა. სამაგიეროდ, მისტერ დიკი ყოველ კვირას მოდიოდა ოთხშაბათობით და მეორე დღის დილამდე რჩებოდა ჩემთან.
მისტერ დიკს განსაკუთრებით უყვარდა ზარდანჩოს ნამცხვარი. რომ უფრო სასიამოვნოყოფილიყო მისთვის ეს სტუმრობა, პაპიდამ დამავალა გამეხსნა კრედიტი მისტერ დიკისათვის საშქარლამოში, თუმცა ამავე დროს თვითონვე გასცა განკარგულება ამ დუქანში, რომ ნისია არ ყოფილიყო ერთ შილინგზე მეტი დღეში.
ერთხელ მისტერ დიკი მოვიდა ჩვეულებრივად ოთხშაბათს შუადღისას, შემოვიდა ჩემს ოთხახში რაღაც იდუმალი გამომეტყველებით და მითხრა:
_ ტროტვუდ, ხომ არ იცი, ჩემო კარგო, რა კაცი დადის ჩვენი სახლის გარშემო და აშინებს მას?
_ ვის? პაპიდას?
_ პირველად ის გაჩნდა… მოიცა… ათას ექვსას ორმოცდაცხრა წელს… თავი მოჰკვეთეს ჩარლზ პირველს. შენ ხომ თქვი, მგონი, ტროტვუდ, რომ ეს მოხდა ათას ექვსას ორმოცდაცხრა წელს?
_ დიახ, სერ.
_ საქმე როგორღაც ირევა, _ შეწუხებით თქვა მისტერ დიკმა და თავი დაიქნია. _ ნუთუ მე ამდენი წლისა ვარ? ან იქნებ აქ შეცდომაა რამე. ისე არაფერი, დიახ, ეს კაცი, მართლაც, პირველად გამოჩნდა მალე იმის შემდეგ, რაც ჩარლზ პირველის ტვინი გადმოვიდა ჩემს თავში. ჩვენ გამოვედით მის ტროტვუდთან ერთად სასეირნოდ ჩაის შემდეგ. ბინდისას, და სწორედ ამ დროს იგი გაჩნდა ჩვენი სახლის ფანჯრების წინ.
_ მერე, რას აკეთებდა ის კაცი?
_ როგორ თუ რას? იქ სრულებითაც არ იყო. ოღონდ მიეპარა უკანიდან მის ტროტვუდს და წასჩურჩულა… რა წასჩურჩულა, არ ვიცი. მის ბეტსი მიბრუნდა და შეტორტმანდა. მე ვიდექი და ვუქცეროდი. ის წავიდა..
_ და მას შემდეგ აღარ გინახავთ?
_ საქმეც იმაშია, რომ ვნახე, _ მიპასუხა მისტერ დიკმა და სიამაყით თავი დაიქნია. _ იგი არ გამოჩენილა წუხანდლამდის. ჩვენ ისევ სასეირნოდ გამოვედით, იგი ისევ მიეპარა უკანიდან, და მე იმწამსვე ვიცანი.
_ და ისევ შეაშინა პაპიდა?
_ იგი აკანკალდა, _ მითხრა მისტერ დიკმა.
შემდეგ მიამბო, რომ შუაღამისას მთვარის შუქზე დავინახე ფანჯარაში, როგორ ელაპარაკებოდა პაპიდა ამ კაცს ბაღის კარებთან და როგორ მისცა მას ფულიო. ყოველივე ეს ძალიან აწუხებდა მისტერ დიკს.
ჩემთან მოსვლა უდიდესი ბედნიერება იყო მისტერ დიკისათვის, და მეც ბედნიერი ვიყავი მასთან ერთად. მოკლე ხანში იგი მონაწილეობას ირებდა ყველა ჩვენს თამაშობაში და არა ერთხელ უშველია ჩვენთვის ფრანის ჰაერში გაშვება. ამ დროს იჩენდა საოცარ მოხერხებას და სიყოჩაღეს. ამ წუთებში მისტერ დიკს, როგორც ჩანდა, ავიწყდებოდა ჩარლზ პირველიც _ მისი ტანჯვით, მის ბეტსიც _ მისი გენიალური ნიჭით, და თავისი დაუსრულებელი მემუარებიც.
მალე იგი შეუყვარდა ჩემი სკოლის ყველა ამხანაგს. გადაყრილი ძვლებიდან მისტერ დიკი საოცარის ოსტატობით თლიდა ჭადრაკის ფიგურებს, ძველი სათამაშო ქაღალდიდან აკეთებდა რომაულ ეტლებს, ძაფის ცარიელი კოჭებიდან აკეთებდა მშვენიერ თვლებს, და ძველი მავთულიდან, რომელსაც სამზარეულოდან ჰყრიდნენ, ჰქმნიდა საოცარ გალიებს.
მისტერ დიკის სახელი იზრდებოდა დღითი დღე და ბოლოს თვით დირექტორის ყურებამდეც კი მიაღწია. ერთხელ დოქტორ სტრონგმა დამიბარა კაბინეტში და დაწვრილებით გამომკითხა მისტერ დიკის ამბავი. ვუამბე ყველაფერი, რაც კი ვიცოდი მის შესახებ მის ბეტსისაგან. დოქტორის ცნობისმოყვარეობა უაღრესად იყო გაღვიძებული და მთხოვა, გამეცნო მისთვის მისტერ დიკი, როგორც კი იგი მოვიდოდა შემდეგ ოთხშაბათს. გაცნობა მოხდა და მისტერ დიკმა მაშინვე დაიმსახურა დოქტორ სტრონგფის კეთილი განწყობინება.
ახლაც თითქოს თვალწინ მიდგას ეს ორი ექსცენტრული მეგობარი, რომლებიც წინ და უკან დადიან ჩვენი კლასის ფანჯარასთან; მისტერ სტრონგი ალერსიანი ღიმილით უკითხავს თავის ხელნაწერს და ხელების ქნევით უხსნის ბერძნული ძირების არსს. მისტერ დიკი, გატაცებული ფილოლოგიური ინტერესით, ყურს უგდებს სიამაყითა და სიტკბოებით, თითქოს ბერძნული ლექსიკონი უმშვენიერესი წიგნი იყოს ქვეყანაზე: თუმცა, ზოგჯერ, მისტერ დიკის აზრები, ვინ იცის, სად დაფრინავენ.
აგნესაც დაუმეგორბდა მისტერ დიკს, მაგრამ დიკისათვის მე მუდამ პირველი ადგილი მეჭირა. ჩვემი მეგობრობა, ცოტა არ იყოს, უცნაური იყო. იგი მოდიოდა კენტერბერიში, როგორც ჩემი მზრუნველი და მეთვალყურე, მაგრამ ნამდვილად და მე მიხდებოდა ზრუნვა და თვალყურის დევნა მისტერ დიკისათვის ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭირო იყო გონების ოდნავი ძალდატანება. მისტერ დიკი აუცილებლად ჩემს აზრს კითხულობდა და დაუყოვნებლივ ასრულებდა მას. იგი უზომოდ პატივს სცემდა ჩემს მაღალ ნიჭს, რომელიც, მისი შეხედულებით, ჩამომავლობით გამომყვა პაპიდასაგან.
ერთხელ, ხუთშაბათს დილით, როდესაც ინსტიტუტში წასვლის წინ ვაცილებდი მისტერ დიკს დილიჟანსების კანტორაში, გზაში შემხვდა ური ჰიპი და მომაგონა, რომ ოდესღაც დავპირდი, სტუმრად ვწვეოდი მათ ქოხში, სადაც თავის დედასთან ერთად ცხოვრობდა.
მე ვუპასუხე, რომ ვთხოვ მისტერ ვიკფილდს, და თუ ნებას დამრთავს, _ რაშიაც არავითარი ეჭვი არ იყო, _ დიდი სიამოვნებით გესტუმრებით ერთ ჭიქა ჩაიზე-მეთქი.
საღამოს ექვს საათზე, როდესაც კანტორაში გათავდა მუშაობა, გამოვუცხადე ურის, რომ მზად ვიყავი წასასვლელად.
_ ო, დედაჩემი დიდად იამაყებს ისეთი სტუმრით, როგორიც თქვენ ბრძანდებით, მასტერ კოპერფილდ! _ მითხრა ჰიპმა, როდესაც ქუჩაში გავედით.
_ თქვენ, მგონი, ძალიან მუყაითად მეცადინეობით ამ ბოლო დროს? _ ვკითხე მე, რომ საუბრის თემა შემეცვალა.
_ მე ვკითხულობ ცოტა-ცოტას, მასტერ კოპერფილდ, თქვენ მართალსა ბრძანებთ, მაგრამ განა შეიძლება მაგას მეცადინეობას ეწოდოს? მე ისევ და ისევ ტიდსა ვკითხულობ.
_ ეს მგონი, ძალიან ძნელად გასაგები მწერალია, _ შევნიშნე მე.
_ აი, ხედავთ, მასტერ კოპერფილდ, მისტერ ტიდს მართლაც აქვს ძნელად გასაგები ადგილები ისეთი მცირედი ნიჭის პატრონისათვის, როგორც მე ვარ.
_ მერე, რაში მდგომარეობს ეს სიძნელენი?
_ რაში მდგომარეობს ეს სიძნელენი?
_ მისტერ ტიდი ხშირად ხმარობს ლათინურ სიტყვებსა და ტერმინებს.
_ გინდათ, ლათინური ისწავლოთ, მისტერ ჰიპ? _ ვკითხე სწრაფად, _ დიდი სიამოვნებით გასწავლით.
_ ო, გმადლობთ, მასტერ კოპერფილდ, _ მიპასუხა ურიმ თავის ქნევით. _ იმედი მაქვს, რომ თქვენ წრფელი გულით მაძლევთ ამ წინადადებას, მაგრამ არ შემიძლია ვისარგებლო მით.
_ რატომ?
_ მე მეტად უმნიშვნელო ადამიანი ვარ, მასტერ კოპერფილდ.
_ რა სისულელეა! თქვენ მხოლოდ მოისურვეთY და ხვალვე გიჩვენებთ ზოგიერთ რამეს.
_ ო, ამაში სრულებით არავითარი ეჭვი არ მეპარება, მასტერ კოპერფილდ, არავითარი ეჭვი.
_ მაშ რაშია საქმე?
_ სულ ისევ იმაში, რომ მეტისმეტად უმნიშვნელო ადამიანი ვარ. თქვენ ისეთ სიმაღლეზე დგეხართ, რომ ვერ მიხვდებით ჩემს გრძნობას: არაფრის გულისთვის არ დავთანხმდები, გავიჩინო მტერი მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტათი უფრო განათლებული ვიქნები. დაე, იარონ თავიანთი გზით; მე კი ჩემი გზით წავალ, აი, ჩვენი საცოდავი ქოხიც, მასტერ კოპერფილდ!
ჩვენ შევედით დაბალს, ძველებური ყაიდის ოთახში. იქ დაგვხვდა მისის ჰიპი.
მისის ჰიპი შავებში იყო. მეუღლე უკვე დიდი ხანია გარდაცვვლოდა, მაგრამ იგი ისევ შავებში დადიოდა, უეჭველია, იმისათვის, რომ შავი ტანისამოსი ცხადი დამამტკიცებელი ყოფილიყო მისი თავმდაბლობისა. გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ მისის ჰიპის ფერადი თავსაფარი; ყველა დანარჩენი ტანისამოსი ისეთი შავი ემოსა, როგორც მისი მეუღლის გარდაცვალების პირველ დღეს.
_ ეს დღე, ჩემო ური, უნდა დავიხსომოთ, _ უთხრა შვილს მისის ჰიპმა. _ შენ, რასაკვირველია, არასოდეს არ დაივიწყებ, რომ მასტერ კოპერფილდმა გაგვაბედნიერა თავისი სტუმრობით.
_ არასოდეს არ არ დავივიწყებ, არასოდეს, დედილო, _ დაუდასტურა ურიმ.
_ ო, ნეტა მამაშენი მოსწრებოდა ამ დღეს! _ შესძახა მისის ჰიპმა. _ მაშინ სამივენი გავიხარებდით ამისთანა სტუმრით.
ყველა ეს ქათინაური, ცოტა არ იყოს, მეჩოთირებოდა, რადგან მეტად გადაჭარბებულად მეჩვენა, მაგრამ მაინც ის აზრი, რომ მე ამისთანა დიდ სტუმრად მთვლიან, ესიამოვნებოდა ჩემს თავმოყვარეობას, და გადავწყვიტე, მისის ჰიპი სასიამოვნო ქალია-მეთქი.
მისის ჰიპი ახლოს მოგვიჯა, ურიმ ჩემს პირდაპირ დაიდგა სკამი. ისინი მთავაზობდნენ საუკეთესო საჭმელს მაგიდაზე და ყოველ წუთს მეხვეწებოდნენ, რაც შეიძლება მეტი მეჭამა. საჭმელმა მაინცდამაინც არ მომტაცა თვალი, მაგრამ ვაფასებდი დედისა და შვილის ყურადღებას და სულით და გულით ვუხდიდი მადლობას. მათ დამიწყეს გამოკითხვა პაპიდის, დედის, მამინაცვალის შესახებ. როგორ შეუძლია ლურსმანს, წინააღმდეგობა გაუწიოს გაზს, ან ნორჩი კბილი როგორ გაუძლებს გამოცდილ კბილის ექიმს? ურიმ და მისის ჰიპმა ამომწოვეს ყველაფერი, რაც კი ესაჭიროებოდათ. ჩემდა სამარცხვინოდ, ვუამბე ისეთი რამეებიც, რის შესახებ წინასწარ ჩემს თავს სიტყვა მივეცი, კრინტი არ დამეძრა. ეს ბავშვური გულახდილობა მით უფრო სულელური იყო, რომ ჩემი გულუბრყვილობით, თავი წარმოდგენილი მქონდა ნამდვილ მფარველად ამ ორი ჩემი პატივცემულის მუსაუბრისა.
როდესაც აღარაფერი დარჩა საამბობელი ჩემს შესახებ, დედამ და შვილმა დაიწყეს ბაასი მისტერ ვიკფილდზე და აგნესაზე. ეს ბაასი, შეუდარებელი ხელოვნებით წარმართული, ჰგავდა ბურთის თამაშობას. ურიმ პირველმა გადაუგდო ბურთი თავის დედას, მისის ჰიპმა დაიჭირა იგი და უკან გადმოუგდო ურის. მას ეჭირა ბურთი ხელში რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ ისევ გადაუგდო მისის ჰიპს. ამგვარად ისინი ისროდნენ ამ ბურთს იმ დრომდის, სანამ სრულებით თავბრუ არ დამესხა და ვეღარ ვარჩევდი, ვინ და როგორ აგრძელებდა ამ თამაშობას. თვით ბურთი იცვლებოდა ყოველ წუთს და ყოველგვარ სახეს იღებდა. ეს ხან მისტერ ვიკფილდი იყო, ხან აგნესა, ხან მშვენიერი გული მისტერ ვიკფილდისა, ხან ჩემი და აგნესას ნაზი მეგობრობა, ხან პრაქტკული მუშაობა მისტერ ვიკფილდისა და მისი ყოველწლიური შემოსავალი, ხან ჩვენი შინაური ცხოვრება ნასადილევს, ხან პორტვეინი, რომელსაც მისტერ ვიკფილდი სვამდა, და რადა სვამდა, რა მიზეზით, და როგორ საწყენია, რომ სვამს. ჯადოსნური ბურთი იყო ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე, ხან ყველაფერი და ხან არაფერი. მე წამოვროშე ყველაფერი, რაც კი გულში მქონდა, თუმცა მეშინოდა ხმამაღლა ლაპარაკისა, რომ ამით შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა დედისა და შვილისათვის და მათი საკვირველი თავმდაბლობისათვის. არავითარი ეჭვი არ იყო, რომ ისინი სრული კმაყოფილები იყვნენ თავიანთი სტუმრით.
მაგრამ თვითონ ვიგრძენი უხერხულობა და უკვე დავაპირე შინ წასვლა, როდესაც ჩემი ყურადღება მიიპყრო რაღაც ფიგურამ, რომელმაც გაიელვა ღია კართან ქუჩის მხარეს. იგი გაქრა, ერთი წუთის შემდეგ ისევ გამოჩნდა, კარებში შემოჰყო თავი და ბოლოს დაიძახა ხმამაღლა:
_ კოპერფილდ! ნუთუ ეს თქვენა ხართ?
ეს იყო მისტერ მიკობერი!. თვით მისტერ მიკობერი, თავისი ლორნეტით სერთუკის ზედა ღილზე, შავი ხის ჯოხით, ამაყი შეხედულებით და სასიამოვნო ინტონაციით.
_ ძვირფასო კოპერფილდ! _ მითხრა მისტერ მიკობერმა და ხელი გამომიწოდა. _ როგორი მოულოდნელი შემთხვევაა! ამგვარი შეხვედრა უნებურად აფიქრებინებს ადამიანს, როგორი ცვალებადი და უსაფუძვლოა ადამიანის ყოველგვარი მოღვაწეობა, საქმე და სურვილი… კოპერფილდ, ძვირფასო მეგობარო, როგორ ხართ?
არ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამეხარდა მისტერ მიკობერის ნახვა აქ, ჰიპებთან; მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მესიამოვნა მისი ნახვა. მაგრად ჩამოვართვი ხელი და მოვიკითხე მისის მიკობერი.
_ გმადლობთ, ძვირფასო მეგობარო, _ მითხრა მისტერ მიკობერმა, _ ფიზიკური სხეული ჩემი მეუღლისა დამაკმაყოფუებელ მდგომარეობაშია. ტყუპები, ეს რამდენიმე ხანია, რაც აღარა სწოვენ საკვებ სითხეს ბუნების წყაროდან… ერთი სიტყვით, მისის მიკობერი ძუძუს აღარ აწოვებს ბავშვებს და ახლა მოგზაურობს ჩემთან ერთად. მას მეტად ესიამოვნება, კოპერფილდ, ნაცნობობის განახლება კეთილშობილ ყმაწვილთან, რომელიც სავსებით ღირსი გამოდგა მეგობრობის საკურთხეველთა სამსახურისა.
მე ვუპასუხე, რომ დიდად მოხარული ვიქნები, პირადად მივესალმო მისის მიკობერს-მეთქი.
_ რას აკეთებთ, კოპერფილდ?
მე ავიღე ქუდი და ვუპასუხე, რომ ვსწავლობ ახლა დოქტორ სტრონგის ინსტიტუტში-მეთქი.
_ სწავლობთ? _ თქვა მისტერ მიკობერმა და წარბები ასწია. _ ეს ამბავი აღტაცებით ავსებს ჩემს სულს!
_ ხომ არ წავიდეთ მისის მიკობერთან, სერ? _ ვუთხარი მე, რომ მალე გამეყვანა ამ სახლიდან.
_ დიდი სიამვნებით, ძვირფასო მეგობარო, თუ თქვენ გსურთ ასეთი პატივი სცეთ ჩემს მეუღლეს, _ მიპასუხა მისტერ მიკობერმა. _ აი, აქ, თქვენი ახალი მეგობრების წინაშე, შემიძლია გულახდილად ვაღიარო, რომ ვეკუთვნი იმ ადამიანტა რიცხვს, რომელნიც იძულებულნი არიან, მრავალ წელთა განმავლობაში გამოსცადონ მძიმე ბრძოლა ფინანსურ დაბრკოლებებთან… ამის შემდეგ მან დაიღიღინა რაღაც ახალმოდური არია, ხელი ხელში გამიყარა და ქუცაში გავედით.
მეორე დღეს, დილის თერთმეტ საათზე, მე გამომიწვიეს კლასიდან მისაღებ ოთახში, სადაც მისტერ მიკობერი დამხვდა. იგი ძალიან მხიარულად იყო და სადილად დამპატიჟა.
იმ საღამოს ფანჯრიდან დიდი გაოცებით და აღელვებით დავინახე ქუჩაში მისტერ მიკობერი, ხელიხელგაყრილირი ჰიპთან. ისინი დასეირნობდნენ ქვაფენილზე და, როგორც ჩანდა, ძალიან საინტერესო ბაასი ჰქონდათ. ური მდაბრად თავს უკრავდა და მადლობას უხდიდა იმ პატივისცემისათვის, რომელიც მას ამ ნაცნობობით აკუთვნეს; მისტერ მიკობერი დიდებულ პოზაში იდგა და მზად იყო მფარველობა გაეწია ური ჰიპისათვის, მაგრამ ამით არ გათავებულა ეს ამბავი, როდესაც მეორე დღეს, ოთხ სათზე, მე მივედი რესტორანში სადილად მისტერ მიკობერთან, მან შემატყობინა, რომ წინა საღამოს სტუმრად იყო მისის ჰიპთან და იქ პუნშით გაუმასპინძლდნენ.
_ აჰ, ჩემო კოპერფილდ! _ მითხრა მისტერ მიკობერმა. _ თქვენს მეგობარს, ჰიპს, დიდი ნიჭი აქვს, და დარწმუნებული ვარ, თავის დროზე მთავარი ვექილი გამოვა. თქვენ ხომ იცით, მე ფიზიონომისტი ვარ და ძნელად შევცდები მაგგვარ საქმეში. მე რომ გამეცნო ეს ყმაწვილი კაცი იმ უბედურ დროს, როდესაც საბოლოო კრიზისი მოხდა ჩემს საქმეებში… მე ვხედავ, რომ შეიძლებოდა სხვანაირად მოვქცეოდი ჩემს მოვალეებს.
სადილი საუცხოო იყო. ჩვენ მოგვართვეს მშენივრად მომზადებული თევზი, ხბოს შემწვარი თირკმლები, ძეხვები, ხოხობი და პლუმ-პუდინგი. ღვინო და შოტლანდიური ლუდი საკმარისი იყო. ნასადილევს მისის მიკობერმა საკუთარი ხელით მოგვიმზადა თითო ჭიქა პუნში.
მისტერ მიკობერი ძალიან მხიარულად იყო, ჯერ არასოდეს არ მენახა იგი ასეთ მშვენიერ გუნებაზე. სახე უბრწყინავდა პუნშისგან, თვალები უელავდა და შუბლი ისე უპრიალებდა, თითქოს ლაქი ჰქონდა წასმული. მისი სიტყვით ისა და მისი მეუღლე მშვენივრად იყვნენ მოწყობილნი სასტუმროში, _ ისე, როგორც კი შეიძლებოდა ენატრა განათლებულ მოგზაურს, და იგი არასოდეს არ დაივიწყებს იმ სასიამოვნო დროს, კენტერბერიში რომ გაატრა. შემდეგ წარმოითქვა ჩემი სადღეგრძელო. მისტერ მიკობერმა მოიგონა წარსული დრო და ჩვენი პირველი ნაცნობობა ყველა წვრილმანით: როგორ ვშველოდი ჭურჭლისა, წიგნებისა და ავეჯის გაყიდვაში.
ერთი სიტყვით, მე არასოდეს არ მენახა ადამიანი, აღსავსე ასეთი გულწრფელი მხიარულებით, რომელიც იმ საღამოს გამოკრთოდა მისტერ მიკობერის სახის ყველა ნაკვთში. ჩვენ გავშორდით ერთმანეთს საუკეთესო მეგობრებად, და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ბედმა მართლაც გაუღიმა ამ კეთილ ხალხს.
მეორე დღეს, დილის შვიდ სააათზე, მივიღე მისტერ მიკობერისაგან წერილი, რომელიც, როგორც თარიღიდან ჩანდა, დაწერილი იყო წინა საღამოს, ათის ნახევარზე, ესე იგი, ჩემი წამოსვლის თხუთმეტი წუთის შემდეგ. ადვილი წარმოსადგენია ჩემი გაოცება, როდესაც წავიკითხე შემდეგი სტრიქონები:
`ჩემო ყმაწვილო მეგობარო, ძვირფასო კოპერფილდ!
წილი უკვე ვყარე _ და ჩემი ბედი გადაწყდა! ყველაფერი დაიღუპა! მე ვმალავდი სიკვდილის შხამს, გულს რომ მიგლეჯდა, ნაძალადევი მხიარულების ნიღაბქვეშ. მე მინდოდა შემეტყობინებინა თქვენთვის ამ საღამოს, რომ არ არის არავითარი იმედი ფულის მიღებისა. ამგვარ დამამცირებელ მდგომარეობაში მყოფმა, დიდი სიძნელით დავიყოლიე აქაური სასტუმროს პატრონი, რომ ფულის მაგივრად გამოერთმია ჩემთვის ხელწერილი, რომლის ძალით ეს ფული უნდა გადავიხადო ლონდონში, პეტონვილში, სადაც ახლა ჩემი მუდმივი რეზიდენციაა. ფულის გადახდის ვადა დანიშნულია თოთხმეტი დღის შემდეგ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ არც ერთი პენსი არ მექნება არც იმ დროისთვის და არც თითხმეტი თვის უკან. შედეგი _ დაღუპვა. ღრუბელი მოგროვდება, იელვებს ელვა, დაიჭექებს _ და ხე წაიქცევა.
დაე გამოადგეთ ჭკუის მასწავლებელთ გაკვეთილად, ჩემო კარგო კოპერფილდ, საცოდავი ბედი იმ ადამიანისა, რომელმაც ათრთოლებული ხელით გამოსახა ეს მომაკვდინებელი სტრიქონები. ამ მიზნით აიღო მან ხელთ კალამი. და თუ ამ მიზანს მიაღწია, იქნებ ოდესმე მზის შუქმა გაანათოს მისი უკანასკნელი დღენი შეხუთულს საპყრობილეში, სადაც მას უწერია, სულიერ ტანჯვათა შორის, საბოლოოდ განშორდეს ამ საცოდავ სიცოცხლეს.
ამ უკანასკნელ წერილს, ჩემო კარგო კოპერფილდ, თქვენ იღებთ ბედისაგან მოკლულის, თქვენი უბედური მეგობრის
ვილკინს მიკობერისაგან~.
თავზარდაცემულმა შევწყვიტე დილის მეცადინეობა და თავპირისმტვრევით გავიქეცი სასტუმროში, რომ რაიმე ნუგეში მეცა უბედური მისტერ მიკობერისათვის. შუაგზაზე შემხვდა ლონდნის დილიჟანსი და მის იმპერიალზე გაკვირვებით დავინახე ჩემი მეგობრები. მისტერ მიკობერი წარმტაცად იღიმებოდა, შესცქეროდა მეუღლეს ისეთი თვალებით, რომლებშიც ადამიანი ადვილად წაიკითხავდა ნეტარებასა და სიმშვიდეს. ისინი ორივენი თხილსა ჭამდნენ. მისტერ მიკობერის ჯიბიდან ბოთლს ამოეყო თავი.
მათ ვერ დამინახეს და გადავწყვიტე, რომ უკეთესი იყო, გვერდზე გამევლო და არ დამერღვია მათი აღუშფოთებელი მშვიდობიანობა.
შევუხვიე უახლოეს შესახვევში და სახლში შეუსვლელად წავედი დოქტორ სტრონგის ინსტიტუტში. დიდი ტვირთი მომეშვა გულიდან და მიხაროდა მათი წასვლა, თუმცა მაინც ძალიან მიყვარდა ეს ხალხი.

თავი მეჩვიდმეტე

განვლილი გზა

სად გაჰქრით, სად გაფრინდით ჩემი სასკოლო ცხოვრების წარსულნო დღენო? არავითარი კვალი არ დარჩა თქვენგან, და იქ, სადაც უწინ მიიჩქაროდა ღრმა და სწრაფი მდინარე, მე ვხედავ მხოლოდ ვიწრო ღელეს, ბალახით დაფარულს…
მაინც ვეცდები მოვიგონო ის შორეული ხანა.
მე უკანასკნელი მოწაფე აღარა ვარ დოქტორ სტრონგის ინსტიტუტში. რამდენიმე თვის განმავლობაში მოვახერხე ბევრი ამხანაგისთვის გამესწრო წინ, მაგრამ პირველი მოწაფე, ვინმე ადამსი, ჯერ ისევ ეხატება ჩემს წარმოდგენას, როგორც სხვა ჯიშის უძლიერესი ქმნილება. აგნესა ტყუილად მარწმუნებს, რომ მოვა დრო, როდესაც მეც ავალ კლასიკური სიბრძნის იმავე საფეხურზე. მე ვუპასუხებ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან პირველი მოწაფე დოქტორ სტრონგის ინსტიტუტში დიდებული გენიოსია და ყველაფერს ერთი სწრაფი თვალის გადავლებით ხვდება. იგი არ არის ჩემი მფარველი, როგორც სტირფორდი, და არ ითვლება ჩემს მეგობართა შორის, მაგრამ პატივსა ვცემ მთელი ჩემი არსებით და მაოცებს მისი ნიჭი. რა გამოვა მისგან, როდესაც კურსის დამთავრების შემდეგ დასტოვებს დოქტორ სტრონგის ინსტიტუტს? არ ადგილს მოუმზადებს მას კაცობრიობა? აი ის კითხები, რომლებიც მაინტერესებენ, როდესაც ვფიქრობ ჩვენი ინსტიტუტის პირველ მოწაფეზე.
მაგრამ ვისი სახე გამოჩნდა უეცრად ჩემი გონების თვალწინ? ეს არის მის შეპერდი, რომელიც მე მიყვარს.
მის შეპერდი სწავლობს ორი დის, პეტინგოლების პანსიონში, მე ვაღმერთებ მის შეპერდს. იგი ჯერ ისევ ბავშვია და მოკლე კაბით დაიარება. მაგრამ მე ვაღმერთებ მის შეპერდს. მას მრგვარი სახე აქვს და ხუჭუჭი თმა, რბილი, როგორც აბრეშუმი. დები პეტინგოლების მოწაფენი იქვე დადიან სასეირნოდ კვირაობით, სადაც ჩვენც დავდივართ. მე თვალი ვერ მომიშორებია მის შეპერდისათვის და შინ დაბრუნებისას ათასჯერ ვიმეორებ აღტაცებით: `ო, მის შეპერდ, მშვენიერო მის შეპერდ!~
რამდენიმე ხნის განმავლობაში ეჭვი მაქვს მის სეპერდის გრძნობების შესახებ, მაგრამ, ბოლოს, ბედმა შემიბრალა და ჩვენ შევხვდით ერთმანეთს საცეკვაო სკოლაში. არის თუ არა საჭირო ლაპარაკი იმაზე, თუ ვისთან ვცეკვავდი მე? ვეკარები მის შეპერდის ხელთათმანებს და ვგრძნობ, როგორ მივლის მთელ ტანში უნებური თრთოლვა. არა მითქვამს-რა განსაკუთრებული, მაგრამ ჩვენ გვესმის ერთმანეთის. მის შეპერდი და მე ვცხოვრობთ ახლა მხოლოდ იმისთვის, რომ შევერთდეთ განუყრელი კავშირით, რა წამსაც გამოვალთ სასწავლებლიდან.
რად მივეცი, კაცმა რომ მკითხოს, მის შეპერდს ერთი დუჟუნი ბრაზილიის კაკალი? კაკალი, ყოველ შემთხვევაში, არ შეიძლება იყოს ჩემი სიყვარულის ემბლემა, რადგან ზეთის გემო აქვს და ისეთი მაგარია, რომ მისი გატეხვა დიდი სიძნელით შეიძლება კარებსა და ჩარჩოს შუა. მაინც ვგრძნობ, რომ უნდა მიმეცა მისთვის ეს კაკალი. ამას გარდა, მე მივართვი მას ერთი გირვანქა საუცხოო კამფეტი და აუარებელი ფორთოხლები. ერთხელ კიდევაც ვაკოცე მალულად მის შეპერდს, _ ეს მოხდა დიდი საცეკვაო საღამოს შემდეგ, დერეფანში; მაგრამ რა კალამი აღწერს ჩემს აღშფოთებას, როდესაც მეორე დღეს გავრცელდა ხმა, თითქოს დებმა პეტინგოლკებმა კუთხეში დააყენეს მის შეპერდი იმის გამო, რომ მას წესიერად ვერ ეჭირა ფეხის წვერები რომელიღაც პოზაში.
დიდხანს იყო მის შეპერდი ჩემი სიცოცხლის ერთადერთი ოცნება და მიზანი, და ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ არავითარ ძალას ამქვეყნად არ შეეძლო ჩვენი კავშირის დარღვევა. მაგრამ ჩვენს შორის ხდება განხეთქილება, თუმცა ვერც კი წარმომიდგენია, როგორ მოხდა ეს. მის შეპერდი და მე საკმაოდ გულგრილი გავხდით ერთიმეორისადმი. ჩემს ყურამდე მოაღწია ხმამ, თითქოს მის შეპერდს ეთქვას ერთხელ, რომ შემდეგში აღარ გავბედო მასზე თვალების შტერება. მალე მე მესმის, რომ მის შეპერდი გარკვეულად უპირატესობას აძლევს მისტერ ჯონსს! ეს კი მეტისმეტია! ჯონსი სრულებითაც არ არის რითიმე შესანიშნავი ბიჭი! კიდევ რამდენიმე დღე _ და ჩვენს შორის მთელი უფსკრული გაიხსნა. ერთხელ, სეირნობის დროს, მე შევხვდი მის პეტინგოლების მთელ პანსიონს. როდესაც ჩემს გვერდით ჩაიარა მის შეპერდმა, მან ტუჩი ამიკრა და შემდეგ ღიმილით გადახედა თავის ამხანაგს. ჩვენს შორის ყველაფერი გათავებულია! მე მზად ვიყავი მისთვის სიცოცხლე შემეწირა, იმან კი!..
ახლა აღარავინ არღვევს ჩემს სულიერ სიმშვიდეს და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ წინ, კლასიკური განათლების გზით. უკვე აღარ ვაქცევ არავითარ ყურადღებას პეტინგოლების პანსიონის ყმაწვილ მოწაფე ქალებს, დაე, ორჯერ ან სამჯერ მეტნი იყვნენ და ყოველი მათგანი სილამაზისა და მშვენიერების ნიმუში იყოს: ახლა მე დიოგენის თვალსაზრისით ვუყურებ მთელს მდედრობით სქესს. ცეკვის გაკვეთილები საშინლად მობეზრდა. რატომ მარტონი არ ცეკვავენ ეს გოგონები და თავს არ დაგვანებებენ? მე მშვენივრად ვწერ ლათინურ ლექსებს და სრულებით ყურადღებას აღარ ვაქცევ ჩემს ტანისამოსს. დოქტორი სტრონგი ყველგან და ყოველთვის ლაპარაკობს ჩემს შესახებ, როგორც ყმაწვილ კაცზე, რომელიც ბრწყინვალე იმედებს იძლევა. მისტერ დიკი თრთის აღტაცებულისაგან; პაპიდა საჩუქრად გინეას მიგზავნის.
აი ჩემს თვალწინ ისახება ყმაწვილი ყასბის სახე, როგორც მოჩვენება მუზარადიანი თავისა მაკბეტში. ვინ არის ეს ყმაწვილი ყასაბი? მთელი კენტერბერის ბიჭების შიშისა და თავზარის დამცემი. ჩვენს შორის დადის ხმა, თითქოს ხარის ქონი, რომელსაც იგი თმაზე ისვამს, მას ანიჭებს არაჩვეულებრივ ძალას და ამის გამო, ვაჟკაცებთანაც კი შეუძლია ჭიდაობა. ყმაწვილ ყასაბს განიერი სახე აქვს, სქელი და მოკლე კისერი, წითელი ლოყები და საზიზღარი ენა, მისი მთავარი საქმეა _ დამცირება და გაბიაბრუება დოქტორ სტრონგის ახალგაზრდა მოწაფეებისა. საჯაროდ აცხადებს, რომ ინსტიტუტის მოწაფეებს დიდხანს ეხსომებათ იგი, ზოგიერთ ჩვენგანს, და მეც მათ შორის, იგი ასახელებს და იქადის, რომ გალახავს ყველას. იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ერთი ხელი ზურგზე ექნეს გაკრული. მისთვის ერთი ხელიც საკმარისია, _ მარჯვენა იქნება იგი თუ მარცხენა, სულ ერთია. იგი უსაფრთება პატარა მოწაფეებს და თმებით ათრევს. არაერთხელ გამიწვია საბრძოლველად ქუჩაში.
ყველა ესა და მრავალი სხვა, ერთად აღებული მიზეზი, მაიძულებენ გამოვიდე საჭიდაოდ ყმაწვილ ყასაბთან.
დრო _ ზაფხულის საღამო; ასპარეზი _ მწვანე კორდი კედელს უკან; მოქმედნი პირნი _ მე და ყმაწვილი ყასაბი. თან მახლავს ინსტიტუტის რამდენიმე მოწაფე; ყასაბის მოწმენი არიან _ დუქნის ბიჭი და მილების მწმენდავის ქარგალი. ბრძოლის პირობები წინასწარვე გამორკვეულია. მე და ყასაბი ერთიმეორის პირდაპირ ვდგავართ. ერთი წუთი და ყასაბმა ისე მითაქა, რომ ათი ათასი სანთლის ნაპერწკალი გადმომცვივდა მარცხენა თვალიდან. კიდევ ერთი წუთი _ და აღარც ვიცი, სად არის აქ კედელი, სადა ვარ მე, სად ჩემი ამხანაგები. ძლივს ვარჩევ, რომელი ვარ მე და რომელი _ ყასაბი. ჩვენ ვუტრიალებთ, ვუვლით ერთმანეთს და გამწარებით ვიბრძვით მწვანე ბალახზე. ხანდახან ვხედავ ყასაბს ნაცემს, დასისხლიანებულს, მაგრამ მხნეობით აღსავსეს; ხანდახან არაფერს ვხედავ, ვზივარ ჩემი სეკუნდანტის მუხლებზე და სულს ძლივს ვითქვამ. მაგრამ უეცრად ისევ გამოვდივარ ასპარეზზე და მლავებდაკაპიწებული, გაშმაგებული ვებრძვი ჩემს მოწინააღმდეგეს, რომელიც მაინც კლდესავით მაგარია. ბოლოს, გონებას ვკარგავ და ვეცემი მწვანე ბალახზე; მე ხელში მიყვანენ და თვალს ვახელ, როგორც მძიმე ძილის შემდეგ. ყასაბი ქურთუკს იცვამს და სახლში წასვლას აპირებს. დუქნის ბიჭი და მილების მწმენდავი ესალმებიან ამხანაგს და გამარჯვების ყიჟინით ავსებენ ჰაერს. აქედან ვასკვნი, რომ გამარჯვება ყასაბის მხარეზეა.
მე სახლში ვარ, ჩემს ოთახში, საბრალო მდგომარეობაში. თვალებზე უმ ხორცს მადებენ. მკერდსა და სახეზე არყისა და ძმრის ტილოები მადევს; ზედა ტუჩზე უშველებელი თეთრი ბუშტი მაზის. სამი თუ ოთხი დღის განმავლობაში ჩემს ოთახში ვზივარ დასახიჩრებული, საზარელი სანახავი ვარ; გასიებული ლოყები, წითელ-ყვითელი რგოლები თვალების გარშემო ნამდვილ მახინჯად მხდიან, ძალიან მოვიწყენდი, აგნესა რომ არ იყოს, რომელიც დის მაგივრობას მიწევს. იგი მივლის, თანამიგრძნობს, სწუხს ჩემთან ერთად, ხმამაღლა მიკითხავს. ამგვარად, დრო მალე მირბის. მე ბედნიერი ვარ აგნესას საზოგადოებაში. არასდეს და არაფერს არ ვუმალავ აგნესას. ამბავი ყასაბისა და ცხარე ბრძოლისა მწვანე კორდზე მან დაწვრილებით იცის. აგნესა მეთანხმება, რომ მართლაც ყოვლად შეუძლებელი იყო უარის თქმა ბრძოლაზე, მაგრამ გული უსკდება და თრთის, როდესაც წარმოიდგენს, რომ მე გავბედე ამისთანა საშინელი გმირობის ჩადება.
თვეები და წლები მიჰქრიან. პირველი მოწაფე ინსტიტუტში უკვე ადამსი აღარ არის. დიდი ხანია, რაც მან დაასრულა კურსი. როდესაც მისტერ ადამსი მოდის სადარბაზოდ დოქტორ სტრონგთან, ბევრნი ვეღარა სცნობენ მას, ჩემს გარდა. ადამსი იურიდიულ საქმეებს სწირავს თავს; მისი მიზანია ვექილობა და პარიკის ტარება. გაკვირვებული ვარ, რომ მისტერ ადამსი წყნარი, მორიდებული ყმაწვილი კაცია და არაფერი განსაკუთრებული არ არის მის პიროვნებაში. აქამდის მას არ მოუხდენია რაიმე თვალსაჩინო გავლენა მსოფლიოს საქმეებზე. ეს ძალიან, ძალიან მაკვირვებს.
ახლა მე ვარ პირველი მოწაფე დოქტორ სტრონგის ინსტიტუტში. რა არარაობას წარმოადგენენ ის ბიჭები, უმცროს კლასში რომ სხედან უკანა სკამებზე! მაგრამ მე არა ვარ ამაყი და თავბრუ არ მეხვევა ამ, ჩემთვის წინათ მიუწვდომელ სიმაღლეზე დგომით, გულწრფელ მონაწილეობას ვიღებ პატარა მოწაფეების ბედში და ყოველი ახალი მოწაფე მაგონებს იმ ბავშვს, რომელიც ოდესღაც თვითონ ვიყავი ამ სკოლაში შემოსვლისას! ო, რა დიდი ხანია მას აქეთ!.. პატარა კოპერფილდი წარმოდგენილი მყავს, როგორც სრულებით განსაკუთრებული არსება, რომელიც მე არაფრით არ მგავს. მართლა კი ვიყავი როდისმე პატარა? არა, მე დავტოვე პატარა კოპერფილდი ჩემს უკან, ცოხვრების შარაგზაზე, ჩაცუარე გვერდით და ახლა ვიგონებ მას, როგორც ერთ იმ ახალ მოწაფეთაგანს, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო დოქტორ სტრონგის ინსტიტუტის პირველ მოწაფესთან.
ის პატარა გოგონა რაღა იქნა, რომელიც დამხვდა მისტერ ვიკფილდის სახლში, პირველად რომ მოვედი? ის აღარ არის! მისტერ ვიკფილდის სახლში ახლა დიასახლისობს იმ პორტრეტის ორიგინალი, რომელიც სასტუმრო ოთახში ბუხრის თავზე ჰკიდია, და აღარაფერი ბავშვური აღარ არის მის სახეში. აგნესა, ჩემი ძვირფასი და, როგორც ვუწოდებ მას ჩემს ოცნებაში, ჩემი ნუგეშისმცემელი, მრჩეველი, მეგობარი, მუდამ თავგამოდებული, აგნესა _ დასრულებული ქალია.
მაშ ასე, მე გავიზარდე, დავვაჟკაცდი, შევიძინე კლასიკური განათლება. ხომ არ არის-რა ჩემში კიდევ რამე ცვლილება? როგორ არა! ახლა მე ვატარებ ოქროს საათს ძეწკვით, ოქროს ბეჭედს მარცხენა ნეკზე, განიერსა და გრძელკალთებიან ფრაკს და, ამას გარდა, დათვის ქონს ვისვამ თმაზე. ყოველივე ეს, ერთად აღებული, ბეჭედთან ერთად, არაფერ სიკეთეს არ მოასწავებს. ნუთუ ისევ შეყვარებული ვარ? დიახ, მე ვაღმერთებ უფროს მის ლარკინსს.
უფროსი მის ლარკინსი უკვე ბავშვი აღარ არის. სრულიადაც არა! იგი მაღალია, ტანწერწეტი, შავგვრემანი, შავთვალწარბა, მაშასადამე _ მშვენიერი. მას არ შეიძლება ეწოდოს ნორჩი, რადგან მისი უმცროსი დაც კი გამოვიდა ამ ასაკიდან და იგი სამი თუ ოთხი წლით მაინც არის უმცროსი ჩემი გრძნობის საგანზე. უფროსი მის ლარკისი, ჩემი აზრით, ერთი ოცდაათი წლისა მაინც არის და ჩემი სიყვარული მისდამი აღემატება ყოველივე აღწერას.
უფროსი მის ლარკისი ბევრ ოფიცერს იცნობს ამ ქალაქში. ეს საშინელებაა და ყოვლად აუტანელი. ხშირად ვხედავ, როგორ ელაპარაკება იგი ოფიცრებს. ისინი განგებ გაჩერდებიან ხოლმე ან გზას გადმოდიან, როდესაც ქვაფენილზე თვალს მოჰკრავენ უფროსი მის ლარკისის ქუდს, რომლის გვერდითაც ჩანს მეორე ქუდი _ მისი უმცროსი დისა. უნდა შევნიშნო, რომ უფროს მის ლარკისს მშვენიერი გემოვნება აქვს და ყოველთვის საუცხოო ქუდები ჰხურავს. იგი უღიმის ოფიცრებს, ძალიან მხიარულად ელაპარაკება მათ, და ყველაფრიდან ჩანს, რომ ოფიცრების საზოგადოება განსაკუთრებით მოსწონს მის ლარკისს. ჩემი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ახლა ქალაქში სეირნობას ვანდომებ და ვცდიობ, წინასწარვე გამოვარკვიო, სად უფრო მოსალოდნელია მის ლარკინსის შეხვედრა. მთელი დღის განმავლობაში ბედნიერი ვარ, თუ ერთხელ მაინც მომეცა საშუალება მას თავი დავუკრა; ეს არ არის ჩემის მხრივ თავხედობა, რადგან ბედნიერება მაქვს ვიცნობდე მის ლარკისის მამას. დროგამოშვებით ისიც გამაბედნიერებს ხოლმე თავის დაკვრით. აი, დანიშნულია დიდი საცეკვაო საღამო და ვიცი, რომ მის ლარკინსი ოფიცრებთან იცეკვებს. რა წამები შეედრება იმ სულიერ ტანჯვას, რომელსაც გავიცდი ამ საღამოს წინ?
გრძნობა მიკარგავს მადას და მაიძულებს ვატარო ახალი აბრეშუმის ყელსახვევები. ჩემი ერთადერთი ნუგეშია ახლა სარკის წინ მორთვა ჩემს საუკეთესო ტანისამოსში; ჩექმებს ვიწმენდ დილით, შუადღისას და საღამოს, ძილის წინ. მორთულს და დავარცხნილს, განსაკუთრებული ფასი მედება ჩემს თვალში და მეძლევა იმედი, დავისახურო მის ლარკინსის თანაგრძნობა. ყველაფერი, რაც კი მას ეკუთვნის ან რაიმე დამოკიდებულება აქვს მასთან, ძვირფასია ჩემთვის.
როგორა მწყინს, რომ ასეთი ახალგაზრდა ვარ! ტყუილად ვითვლი ჩემს წლოვანებას ხან ასე, ხან ისე, მაინც გამოდის, რომ მხოლოდ ჩვიდმეტი წლისა ვარ და, მაშასადამე, შესაძლებლობის თეორიით, ამ ასაკში არ ვვარგივარ მის ლარკინსის მეუღლედ. რა ვუყოთ მერე! მოვა დრო, _ და ძალიან მალეც, _ როდესაც ოცდაერთი წლისა შევსრულდები. ამ მოსაზრებით მე ყოველ საღამოს დავსეირნობ მისტერ ლარკინსის სახლის წინ, თუმცა გული მტკივნეულად მეწურება და სევდისგან მიკვდება, როდესაც აქ ოფიცრებს ვხედავ ამ მესმის მათი ხმები სასტუმრო ოთახში, სადაც უფროსი მის ლარკინსი არფაზე უკრავს. სტუმრები წავიდნენ, სანთები ჩაქრა, მთელს ოჯახს სძინავს, მე კი ისევ დავდივარ სახლის წინ და ვცდილობ, მივხვდე, რომელ ოთახში სძინავს უფროს მის ლარკინსს. ხომ შეიძლება, რომ ამ სახლს უეცრად ცერცხლი წაეკიდოს? ხანძრის ალი მეტად და მეტად მძვინვარებს, აუარებელი ხალხი მორბის და გაშტრებული უცქერის, როგორ ანადგურებს ყველაფერს აბობქრებული სტიქიონი. ყველანი პანიკური შიშით არიან გაქვავებულნი. ამ დროს გაბედულად ვადგამ კიბეს საწოლი ოთახის ფანჯარას, სადაც წევს ჩემი გულწასული სატრფო, ვიხუტებ მას გულში და სიფრთხილით ვეშვები ჩემი ტვირთით მიწაზე. მერე ისევ იმავე კიბით ავდივარ მისი ნივთების გადასარცენად და გმირული სიკვდილით ვიღუპები ალში! როგორც ჰხედავს მკითხველი, ჯერ კიდევ შემეძლო მაშინ უანგარო სიყვარული, ჩემი ნატვრა იყო, რითიმე მესახელებინა თავი უფროსი მის ლარკინსის წინაშე და შემდეგ _ მომკვდარყავი მის ფერხთით.
მაგრამ ყოველთვის არა ვარ ასეთი უანგარო. აი, ამ დღეებში ლარკინსები დიდ საცეკვაო საღამოს მართავენ, რაც მე უკვე სამი კვირის წინ ვიცოდი. მშვენიერი ჩვენება ირევა ჩემს ოცნებაში. ორი საათით ადრე ვილამაზებ თავს სარკის წინ და ოცნება მიმაფრენს ფანტაზიის სამეფოში. წარმოდგენილი მაქვს, რომ ამ საღამოს ვიკრებ მთელს ვაჟკაცობას და სიყვარულს ვუცხადებ უფროს მის ლარკინსს. იგი აენთება გაკვირვებისაგან, მხარზე მომაყრდნობს თავს და მეტყვის:
_ ო, მისტერ კოპერფილდ! ნუთუ ეს მართალია?
ყველაფერი გათავდა. მეორე დილას, ჯერ ისევ ლოგინში ვარ, როდესაც მოდის მისტერ ლარკინსი და მეუბნება:
_ ძვირფასო კოპერფილდ! ჩემმა ქალმა ყველაფერი მიამბო. სიყმაწვილე არ არის დაბრკოლებს, მე თანახმა ვარ. აი ოცი ათასი გირვანქა სტერლინგი, _ ბედნიერი იყავით.
პაპიდა ჯერ მიჯავრდება ასეთი უეცარი გადაწყვეტილებისათვის, მაგრამ შემდეგ ისიც მოლბება და დალოცავს ჩვენს კავშირს. მისტერ დიკი და დოქტორი სტრონგი ესწრებიან ქორწილს. მე გრძნობით აღსავსე, მაგრამ მორიდებული ვარ (ესე იგი, ასეთი ვიყავი იმ შორეულ ხანაში); მიუხედავად ამისა, მთელი ეს თავხედური ოცნება თავბრუს მახვევს და გულს სიხარულით მივსებს.
ბალი გაჩაღებულია. მუსიკა, ყვავილები, ეპოლეტები, და ამათ შორის _ უფროსი მის ლარკინსი, რომელიც ყველას ჩრდილავს თავისი ბრწყინვალე სილამაზით. იგი ცისფერ კაბაშია გამოწყობილი და თავზე ცისფერი ყვავილი უკეთია. მისი მშვენიერების დავიწყება ყოვლად შეუძლებელია!
ჩემს სიცოცხლეში პირველად ვარ ამგვარ დიდს საღამოზე, უფროსებს შორის, და თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. მე აქ არ ვეკუთვნი არც ერთ წრეს და, როგორცა ჩანს, არავის სურს მომაქციოს რაიმე ყურადღება. მხოლოდ მისტერ ლარკინსი მიახლოვდება და მეკითხება: რა არის ახალი ჩვენს ინსტიტუტში და როგორ არიან ჩემი ამხანაგები. უცნაური კითხვებია! ნუთუ იმისთვის მომიწვიეს, რომ შეურაცხყოფა მომაყენონ! რამდენიმე ხნის განმავლობაში უძრავად ვდგავარ კედელთან და ჩემი თვალები მოუშორებლივ მიმართულია ჩემი გულის მბრძანებელზე. ბოლოს, _ ო, სიხარულო! _ მე შემნიშნა მის ლარკინსმა, თვითონ მან, უფროსმა მის ლარკინსმა!
_ თქვენ ცეკვავთ? _ მეკითხება მის ლარკინსი, მომხიბლავი ღიმილით.
_ თქვენთან, თუ ნებას მიბოძებთ, _ ვუპასუხე მდაბალი ტავის დაკვრით.
_ და სხვა არავისთან?
_ მე არ მინდა სხვებთან ცეკვა.
მის ლარკისი იღიმება და წითლდება, ესე იგი, მე მომეჩვენა, რომ იგი გაწითლდა.
_ ძალიან კარგი, _ მეუბნება მის ლარკინსი, _ დიდი სიამოვნებით, მზად ვარ ვიცეკვო თქვენთან, ოღონდ კადრილის შემდეგ: ახლა მე უკვე ანგაჟირებული ვარ.
მე ვთვლი წამებს, და ბოლოს, სანატრელი წუთი დადგა. დაუკრეს ვალსი. ვუახლოვდები მის ლარკინსს.
_ განა თქვენ ცეკვავთ ვალსს? _ მეკითხება ეჭვით მის ლარკინსი. _ თუ არა ცეკვავთ, კაპიტანი ბეილი…
მაგრამ მე ვცეკვავ ვალსს და შემიძლია ვთქვა, რომ ურიგოდ არ ვცეკვავ. მე ხელსა ვკიდებ მის ლარკინსს და ამაყად მიმყავს იგი კაპიტანი ბეილის წინ. იგი, რასაკვირველია, ცოფებსა ყრის სიბრაზით, მაგრამ მე არ მენაღვლება. მე ხელსა ვხვევ უფროსი მის ლარკინსის წელს და ჩვენ ვტრიალებთ… სად, როგორ, რა საგნებს შუა, დიდხანს თუ მცირე ხანს, _ არაფერი არ ვიცი, და მეჩვენება, თითქოს დავცურავ დაუსრულებელ სივრცეში, მივფრინავ ვარსკვლავთა სფეროში, ბურუსში გახვეული, მოხიბლული, მოჯადოებული, დაბრმავებული ცისფერი ფერიის მშვენიერებით. მაგრამ, აი, ჩვენ მარტონი ვართ პატარა ოთახში და სოფაზე ვსხედვართ. მის ლარკინსი აღტაცებაში მოდის ყვავილისაგან, რომელიც ჩემი ფრაკის კილოში მიკეთია, _ ეს იყო პირისფერი იაპონური კამელია, რომელშიც ნახევარი კრონა მივეცი. სიხარულით ვთავაზობ ამ ყვავილს და ვეუბნები:
_ სამაგიეროდ, მე ვთხოულობ ფასდაუდებელ ჯილდოს, მის ლარკინს.
_ მაინც რას?
_ ყვავილს თქვენი თაიგულიდან. მე გავუფრთხილდები მას, როგორც ძუნწი _ თავის საუნჯეს.
_ თქვენ გაბედული ყმაწვილი ხართ, _ მეუბნება მის ლარკინსი. _ ინებეთ.
იგი მაწვდის ყვავილს, ასე მეჩვენება _ კეთილგანწყობილების ღიმილით. მე მიმაქვს იგი ჯერ ტუჩებთან და შემდეგ ჩემს გულთან. მის ლარკინსი ძალიან მხიარულად იცინის, მიწვდის ხელს და მეუბნება:
_ აბა, ახლა კი წამიყვანეთ კაპიტან ბეილტან.
მე ჯერ გონს ვერ მოვსულვარ ნეტარებისაგან, ვალსისა და გამარტოებული ლაპარაკის გამო, როდესაც მის ლარკინსი ისევ მიახლოვდება და თან მოჰყავს ხნიერი, სრულებით უმნიშვნელო ჯენტლმენი, რომელიც მთელი ამ საღამოს განმავლობაში ქაღალდს თამაშობდა.
_ აი ეს, ჩემი გაბედული მეგობარი, _ ამბობს მის ლარკინსი. მისტერ ჩესტლს თქვენი გაცნობა სურს, მისტერ კოპერფილდ.
დიდად მოხარული ვარ, რადგან ვხვდები, რომ ეს ხანშიშესული ჯენტლმენი მის ლარკინსის ოჯახის ძველი მეგობარია.
_ გემოვნება, სერ, მშვენიერი გქონიათ, რაც სასახელოა თქვენთვის, _ მეუბნება მისტერ ჩესტლი. _ ოღონდ იმედი მაქვს, რომ თქვენი სურვილები ძალიან შორს არ მიდის, რადგან შეიძლება სხვებმა დაგასწრონ, ყმაწვილო, ყოველშემთხვევაში მესიამოვნა თქვენი გაცნობა. თუ როდისმე მოგიხდეთ ყოფნა ჩვენს მხარეს, აშფორდის მიდამოებში, გთხოვთ, მობრძანდეთ ჩვენსას და გვესტუმროთ, რამდენი ხნითაც გსურდეთ.
გულწრფელ მადლობას ვუხდი მისტერ ჩესტლს და მაგრად ვართმევ ხელს. ჩემი ოცნება უფრო შორს მიფრინავს. ერთხელ კიდევ ვცეკვავ ამ საღამოს განმავლობაში უფროს მის ლარკინსთან, და იგი მეუბნება, მშვენივრად ცეკვავ ვალსსაო.
წარმოუდგენელი ნეტარება სახლშიც თანა მსდევს, მისტერ ვიკფილდის განმართოებულს ოთახში მთელი ღამის განმავლობაში ცეკვავს ჩემი ოცნება, და მთელი ღამის განმავლობაში ვეხები წელსზე ცისფერ ფერიას. ჩემი ნეტარება რამდენიმე დღეს გრძელდება; მაგრამ მე აღარსად ვხედავ მის ლარკინსს. იგი არა ჩანს არც ქუჩაში, არც თვაის სახლის ფანჯრებთან. სევდა მეპარება, მაგრამ დამჭკნარი ყვავილი მანუგეშებს ჩემი გულის მბრძანებლის უნახაობას.
ერთხელ, ნასადილევს, როდესაც ჩვეულებრივად ვისხედით ზემო სართულის სასტუმრო ოთახში, აგნესამ მომმართა და მითხრა:
_ იცით, ტროტვუდ, ვინ თხოვდება ამ დღეებში?
_ არა, არ ვიცი, ვინ?
_ თხოვდება ერთი არსება, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ.
_ ვინ არის ეს? თქვენ ხომ არა, აგნესა?
_ მე? გესმით, მამილო, რას ლაპარაკობს?.. არა, ტროტვუდ, თქვენ ვერ გამოიცანით. თხოვდება უფროსი მის ლარკინსი… აბა, მიხვდით, ვისზე?
_ კა…კა. კაპიტან ბეილზე, _ ვამბობ მე და სულს ძლივს ვითქვამ.
_ არა, კაპიტანზე კი არა, მისტერ ჩესტლზე, რომელსაც სვია მოჰყავს აშფორდის მიდამეობში.
საშინელი სევდა მიღრღნის გულს და ერთი-ორი კვირის განმავლობაში მკვდარივით დავდივარ. აღარ მიბრწყინავს ოქროს ბეჭედი ნეკზე და დათვის ქონით აღარ მიკრიალებს თმა, ახალი ტანისამოსი შენახულია. მე ძველ სერთუკს ვატარებ ახლა და ხშირად ცხარე ცრემლებს ვაფრქვევ გამხმარ ყვავილზე. ამგვარი მდგომარეობა აუტანელია ჩემთვის, და გამეხარდა, როდესაც უტიფარმა ყასაბმა ისევ გამიწვია საბრძოლველად. მე მივაგდე გამხმარი ყვავილი, მედგრად გავედი მტრის წინააღმდეგ და ამ ჯერზე ყასაბი დავამარცხე!

თავი მეთვრამეტე

აღმოჩენა

არ ვიცი ნამდვილად, გამეხარდა თუ მეწყინა, როდესაც ბოლო მოეღო ჩემს მეცადინეობას სკოლაში. მგონია, ძალიან ბედნიერი ვიყავი ინსტიტუტში, ღრმად პატივს ვცემდი ჩემს დირექტორს და ყველას ვუყვარდი. ამიტომაც მწყინდა ინსტიტუტის მოშორება და გულით ვნაღვლობდი. მაგრამ მრავალი სხვა მიზეზის გამო მიხაროდა კურსის დამთავრება. იქ, ამ სკოლის კარებს იქით, ბუნდოვანს სივრცეში, მეხატებოდა ნათელი გზა საზოგადო მოღვაწეობისა, აღსავსე ბრწყინვალე იმედებით.
ჩემი ბავშვობის გამოცდილება და დაკვირვებანი არაფრად გამომადგა და ვუცქეროდი სიცოცხლეს, როგორც ჯადოსნულ ზღაპარს, რომლის წაკითხვაც, მე როგორც ფანტასტიკური ქვეყნის გმირს, მომიხდებოდა გატაცებითა და აღტაცებით.
პაპიდამ და მე საერთო თათბირზე დიდხანს ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ რაგვარ ცხოვრებას შევდგომოდი სკოლის დამთავრების შემდეგ. თითქმის ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი, მეპასუხა ჩემი თავისთვის მთავარ საკითხზე: რა დარგისკენ უფრო მიმიწვს გული განსაკუთრებით? მაგრამ რამდენიც არ ვიმტვრიე თავი, ბოლოს ყოველთვის გამოდიოდა, რომ ჩემში არ იყო რაიმე გადაჭრილი მიდრეკილება რომელიმე გარკვეული მეცნიერებისაკენ.
მისტერ დიკი, როგორც ჩემი მეთვალყურე და მზრუნველი, აუცილებლად ესწრებოდა ყველა ამ თათბირს.
_ იცი რა, ტროტ? _ მითხრა პაპიდამ ერთხელ დილით, უქმეებში როდესაც უკვე გამოვედი ინსტიტუტიდან. _ ამდენი ხანია ვლაპარაკობთ ამ საკითხზე და მაინც ვერც ერთი ნაბიჯით ვერ წავწიეთ წინ. მე მგონია, ურიგო არ იქნება, თუ ცოტას მოვითმენთ და დავიცდით. შენ კი, ამ ხნის განმავლობაში, ეცდები, ახალი თვალსაზრისით შეხედო ქვეყანას, არა როგორც მოწაფემ. ყმაწვილი კაცისთვის მეტი არ არის ხალხის გაცნობა და ამავე დროს თავის მდგომარეობაში გარკვევა, გესმის?
_ მესმი, პაპიდა.
_ მე აზრად მომივიდა, ტროტ, რომ პატარა მოგზაურობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა შენთვის. თანახმა ხარ?
_ სავსებით თანახმა ვარ, პაპიდა.
_ ვთქვათ, პირველად თუ მოისურვებდი გასეირნებას ძველი ადგილებისაკენ, იქ, სადაც ცხოვრობს ის დედაკაცი, უმსგავსი სახელით, _ რა ჰქვია? _ იკითხა პაპიდამ და ცხვირი მოიფხანა.
უნდა შევნიშნო, რომ პაპიდამ ვერ აპატია პეგოტის მისი უმსგავსი სახელი.
_ ო, ამაზე უკეთესს თქვენ ვერაფერს მოიფიქრებდით, პაპიდა! _ წამივიძახე მე აღტაცებით.
_ ძალიან კარგი! დიდი ხანია ვფიქრობ მაგაზე. ჯერ აზრად მქონდა, რომ მოგზაურობაში შენთვის აუცილებელია მისტერ დიკის თანხლება, მაგრამ როდესაც კარგად მოვისაზრე, გადავწყვიტე, რომ მისტერ დიკი სახლში უნდა დარჩეს და მე მომიაროს.
მისტერ დიკმა ერთი წუთით მოიწყინა და თავი ჩაჰკიდა, მაგრამ მას ისევ გაუბრწყინდა სახე, როდესაც გაიგო, რომ უნდა გაუფრთხილდეს და დაიცვას ყველაზე საოცარი ქალი დედამიწის ზურგზე.
ყველა თავისი გეგმა და სურვილი პაპიდას საოცარი სისწრაფით მოჰყავდა სისრულეში. ახლაც, როგორც კი გათავდა ჩვენი წინასწარი მოლაპარაკება, ჩემი ჩემოდანი დაუყოვნებლივ მოამზადეს სამგზავროდ, და მე მივიღე პაპიდასაგან ოქროებით მაგრად გატენილი ქისა. გამომშვიდობებისას პაპიდამ დამაჯილდოვა კეთილი რჩევით და უნაზესი კოცნით. ერთხელ კიდევ გაიმეორა, რომ ჩემი მოგზაურობის მიზანი მხოლოდ ქვეყნის გაცნობაა და ჩემი მდგომარეობის აწონ-დაწონვა. ამიტომ პაპიდა მირჩევდა რამდენიმე დღე გამეტარებინა ლონდონში, სუფოკლიდან დაბრუნებისას, ან, თუ მსურს, სუფოკლში წასვლის წინ. მისი ანგარიშით ჩემი მგზავრობა უნდა გაგრძელებუიყო სამი კვირა ან ერთი თვე. მთელი ამ ხნის განმავლობაში სრული თავისუფლება მეძლეოდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ წესიერად, კვირაში სამჯერ წერილი მიმეწერა პაპიდასათვის.
მე, უპირველეს ყოვლისა, წავედი კენტერბერიში, რომ საბოლოოდ გამოვთხოვებოდი აგნესას, მისტერ ვიკფილდს და ინსტიტუტის პატივცემულ დირექტორს. აგნესას ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა და მითხრა, რომ ჩემი წასვლის შემდეგ მათი სახლი აღარ ჰგავს წინანდელს.
_ მით უმეტეს, მე აღარ ვგავარ ჩემს თავს, აგნესა, თქვენთან განშორების შემდეგ, _ ვუთხარი მე. _ უთქვენოდ, აგნესა, თითქოს მარჯვენა ხელი მაკლია. მეტსაც ვიტყვი: უთქვენოდ ძლივს მესმის, რომ თავი თანზე მებას. თქვენი რჩევა ძვირფასია ყველასთვის, ვინც კი ერთხელ გაგიცნოთ, აგნესა!
_ მე კი მგონია, რომ ყველა ჩემმა ნაცნობმა პირი შეკრა ჩემს გასანებივრებლად და გაზვიადებულ ქათინაურებს მეუბნებიან, რადგან ისინი სრულებით არ დამიმსახურებია, _ მიპასუხა აგნესამ ღიმილით.
უეცრად აგნესაც მომაპყრო შეწუხებული თვალები და მითხრა აღელვებულიხმით:
_ ტროტვუდ, მე უნდა გკითხო რამე ერთ საქმეზე, რომლის შესახებ, იქნებ, შემდეგში ვეღარ მოვახერხო ლაპარაკი. ხომ არ შეგიმჩნევიათ, ეს რამდენიმე ხანია, რაიმე ცვლილება მამაში?
დიდი ხანია, რაც შევნიშნე ეს ცვლილება და ხშირად მიკვირდა, როგორ არ ამჩნევდა ამას აგნესა.
ეს გაკვირვება, როგორცა ჩანს, ახლაც გამოიხატა ჩემს სახეზე, იმიტომ რომ აგნესამ დახარა თვალები და მის წამწამებზე ცრემლები შევნიშნე.
_ ამიხსენით, რაშია საქმე? _ მითხრა ოდნავ გასაგონი ხმით.
_ მე მგონია, აგნესა, მასში თანდათან დაიმკვიდრა იმ უბედურმა ჩვევამ, რომელიც ადვილად შევნიშნე თქვენს სახლში შემოსვლისთანავე; და ეს ჩვეულება სიკეთეს არ მოუტანს მისტერ ვიკფილდს. იგი ხშირად აღელვებული არის ხოლმე და… თუმცა, შეიძლება, ვცდებოდე…
_ არა, ტროტვუდ, არა, თქვენ არ სცდებით, _ მითხრა ყმაწვილმა ქალმა თავის ქნევით.
_ ხელები უკანკალებდა, ენა სრულებით არ ემორჩილება და სულ უბრალო სიტყვაც ვერ გამოუთქვამს, თვალები უელავს რაღაც არაჩვეულებრივი ცეცხლით, და შევნიშნე, რომ სწორედ ამ უბედურ წუთებში მასთან აუცილებლად მოდიან რაიმე საქმის გამო.
_ მოდის ური, _ მითხრა აგნესამ.
_ დიახ, ადვილი შესაძლებელია, რომ იმ დროს იგი სრულებით მოკლებულია საქმის ჩაკვირვების უნარს; ყოველ შემთხვევაში, მას სწყინს, რომ უცხო ხალხი ხედავს მას ამგვარ მდგომარეობაში. ამის გამო მეორე დღეს უფრო ცუდად გრძნობს თავს, მესამე დღეს _ უფრო უარესად, და თანდათან ეცემა სულით, დაღვრემილი და მოღუშული ხდება.
მე ჯერ არ დამემთავრებინა ლაპარაკი, რომ ყმაწვილი ქალი მივარდა კარებს მამის მისაგებებლად და ყელზე მოეხვია მას.
დილით საბოლოოდ უნდა გამოვთხოვებოდი ძველ სახლს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში იყო განათებული ჩემთვის აგნესას კეთილი განწყობილებით. გულსევდიანმა დავიწყე ჩალაგება ჩემი ტანისამოსისა და იმ ძველი წიგნებისა, რომელიც ჩემი წასვლის შემდეგ უნდა გაეგზავნათ დუვრში, პაპიდასთან. ჩემი სევდა შენიშნა ური ჰიპმაც კი, რომელიც ჩალაგებას მშველოდა. იგი ისეთი გულმოდგინებით ფათურობდა ჩემს გარშემო, რომ უნებურად თავში მომივიდა აზრი _ ური ჰიპს ძალიან უნდოდა ჩემი აქედან წასვლა.
ბოლოს, გამოვეთხოვე აგნესას და მის მამას და ამ შემთხვევაში სრულებით მოვახერხე გამომეჩინა ის სულის სიმტკიცე და ხასიათის ძლიერება, რომელიც, ჩემის აზრით, უმთავრესი თვისება უნდა ყოფილიყო ვაჟკაცისა. მე გავემართე ფოსტის კანტორაში და დავჯექი ლონდონის დილიჟანსის იმპერიალზე.
როცა დილიჟანსი დაიძრა ადგილიდან და ქალაქგარეთ გავიდა, ჩემი პირველი საზრუნავი იყო _ მიმეღო სრულწლოვანი, დარბაისელი ჯენლტმენის შეხედულება, და ამ მიზნით გადავწყვიტე, უსათუოდ ბოხი ხმით მელაპარაკა. ეს ძალიან ძნელი იყო ჩემთვის, მაგრამ დავარწმუნე ჩემი თავი, რომ ბოხი ხმა შეადგენს ყველა დინჯი ჯენტლმენის აუცილებელ კუთვნილებას. მეეტლემ პირველმა დამიწყო ლაპარაკი.
_ თქვენ, სერ, ბოლომდის მიბრძანდებით? _ მკითხა მას.
_ დიახ, ვილიამს, _ ვუპასუხე მოწყალების კილოთი (მეეტლე ჩემი ძველი ნაცნობი იყო). _ მე ლონდონში მივდივარ და იქიდან სუფოკლში ვაპირებ წასვლას.
_ სანადიროდ, სერ?
ეს კითხვა იმას უდრიდა, რომ ეკითხა ჩემთვის _ ხომ არ მიდიხართ ვეშაპების დასახოცადო; მაგრამ ძალიან მესიამოვნა, როდესაც დავინახე, რომ მეეტლე ისეთ ჯენტლმენად მთვლის, რომელსაც ნადირობა შეუძლია.
წელში გავიმართე და ვუპასუხე:
_ არ ვიცი, ვილიამს, ვინადირებ თუ არა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს.
_ ფრინველები, ამბობენ, ძალიან ფრთხილები არიან ახლა, _ შენიშნა ვილიამსმა.
_ სხვაფრივ შეუძლებელიც არის ამ დროს, _ ვუპასუხე მე.
_ თქვენ სუფოკლში დაიბადეთ, სერ?
_ დიახ, სუფოკლი ჩემი სამშობლოა.
_ მართალია, სერ, რომ თქვენსას, სუფოკლში, საუკეთესო პუდინგებს ამზადებენ? _ მკითხა ვილიამსმა.
არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მინდოდა ჩემი სამშობლოს კეთილი სახელის დაცვა; ამიტომ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ვაგრძნობინე, რომ სუფოკლის პუდინგებს სამართლიანად აქვთ დამსახურებული თავისი კარგი სახელი.
ჩვენ გავჩერდით ჩერნიკოსთან, `ოქროს ირმის~ სასტუმროში. სასტუმროს მსახურმა შემიყვანა საერთო დარბაზში; მოახლე ქალმა მიჩვენა ჩემი პატარა საწოლი ოთახი, გაჯღენთილი თავლის სუნით, ვიწრო და შეხუთული სამარესავით. არც აქ, არც ქალაქში არავინ მცემდა სათანადო პატივს და ვხედავდი, რომ ყველანი ისევ ბავშვად მთვლიდნენ. სასტუმროს მოახლე ქალი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ჩემს სიტყვებს, ლაქია კი ისე ფამილარულად მექცეოდა, რომ რამდენიმე მეგობრული რჩევაც კი მომცა.
ნასადილევს კარგ გუნებაზე დავდექი და გადავწვიტე თეატრში წასვლა. ჩემი არჩევანი კოვენტგარტენის თეატრზე შეჩერდა. თამაშობდნენ `იულიუს კეისარს~. უდიდესი სიამოვნებით და აღტაცებით ვუცქეროდი კეთილშობილ რომაელებს, რომელთაც ხორცი შეისხეს ჩემს თვალწინ. სულ ახლახან არ იყო, რომ ისინი მაწვალებდნენ ინსტიტუტის აუდიტორიიის კედლებში? ახლა გაჰქრა მათი ჩვეულებრივი სიმკაცრე და ისინი აღსდგნენ სამარიდან ერთადერთი მიზნით, _ ესთეტიკური აღტაცება გამოეწვიათ ყოფილი მოწაფის გულში. წარმოდგენა თორმეტ საათზე გათავდა. როდესაც თეატრიდან ბნელ, წვიმიან ქუჩაში გავედი, მომეჩვენა, თითქოს უეცრად ღრუბლებიდან დავეშვი ჭუჭყიან და ჟრიამულიან ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ საბრალო არსებანი, რომელთაც უწერიათ მუდამ აჭყაპუნონ ტალახში კალოშები და უმსგავსი ქოლებით შეებრძოლონ კოკისპირული წვიმის მსხვილ წვეთებს.
მექანიკურად გავწიე სასტუმროსაკენ. აქ, საერთო დარბაზში ვახშმის დროს, სიამოვნებით ვიგონებდი ყველა იმ მშვენიერებას, რომელიც ვნახე და გავიგე კოვენტგარტენის თეარში.
შევნიშნე, რომ საერთო დარბაზში შემივიდა მშვენიერი ყმაწვილი კაცი, უკანასკნელ მოდაზე და დიდი გემოვნებით ჩაცმული, თუმცა მთელ მის ტანისამოსში გამოსჭვიოდა გარკვეული უზრუნველობა, რაც, როგორც ვიცით, განსაკუთრებულ ელფერს აძლევს კოხტაობას. იგი ჩემს შორიახლოს დაჯდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
როდესაც წამოვდექი ოთახში წასასვლელად და გვერდზე ჩავუარე ამ უცნობს, უნებურად შევხედე სახეში, _ შევხედე დაადგილზე გავშეშდი.
_ სტირფორდ! ნუთუ შენ გხედავ?
მან შემომხედა, მაგრამ შევამჩნიე, რომ ვერ მიცნო.
_ დაგავიწყდით, მისტერ სტირფოდრ! _ ვუთხარი წყენით.
_ აჰ! ეს ვინ არის! _ შესძახა მან გაოცებით. _ ნუთუ ეს პატარა კოპერფილდია? როგორ გაჩნდი აქ?
_ მე მხოლოდ დღეს ჩამოვედი აქ კენტერბერის დილიჟანსით. იმ მხარეს ცხოვრობს პაპიდაჩემი, იმან შემიფარა. დავამთავრე კურსი ერთ-ერთ ინსიტუტში. შენ როგორა ხარ, სტირფორდ?
_ მე დიდი ხანია, რაც პანსიონი დავამთავრე და ახლა, როგორც ხედავ, ოქსფორდში ვარ, უნივერსიტეტში. იქ მაწვალებენ სემესტრიდან სემესტრამდე, პერიოდულად… აი, ახლა შვებულება ავიღე და დედასთან მივდივარ. დედა აქ ახლოს ცხოვრობს, ქალაქგარეთ; მაგრამ ისეთი საძაგელი გზებია და სახლში კიდევ ისეთი საშინელი მოწყენილობა, რომ გადავწყვიტე, ამ სასტუმროში გავათიო ღამე.
დაუძახა სასტუმროს პატრონს, რომელიც უკვე კარგახანია, დიდი ყურადღებითა და ცნობისმოყვარეობით შემოგვცქეროდა. ახლა იგი მოწიწებით მოგვიახლოვდა.
_ სად მოათავსეთ თქვენ ჩემი მეგობარი კოპერფილდი? _ ჰკითხა სტირფორდმა.
_ გთხოვთ, გვაპატიოთ, სერ… მისტერ კოპერფილდს უჭირავს ორმოცდამეოთხე ნომერი.
_ მერე, რა ეშმაკმა მოგაფიქრებინათ მისი მოწყობა ამ სოროში?
_ გვაპატიეთ, სერ… ჩვენ არ ვიცოდით… ვერ მივხვდით, რომ მისტერ კოპერფილდს ესაჭიროებოდა წესიერი ოთახი. თუ გვიბრძანებთ, ახლავე გადავიტანთ მის ბარგს სამოცდამეთორმეტე ნომერში; ეს სწორედ თქვენს გვერდით იქნება, სერ, _ გნებავთ?
_ რასაკვირველია, მნებავს, _ პასუხა სტირფორდმა. _ ახლავე გადაიტანეთ.
ჩემი ახალი საწოლი ოთახი, სუფთა და მშვენიერი, არაფრით არ ჰგავდა უწინდელ ჭუჭყიან სოროს. ოთახის შუაგულში მშვენიერი ფართო ლოგინი იდგა, რომელზედაც, გაჭირვებისას, თავისუფლად დაეტეოდა ხუთი ან ექვსი ადამიანი. ჩავიძირე ბალიშებში და მალე ღრმასა და ტკბილ ძილს მივეცი თავი.

თავი მეცხრამეტე

სტირფორდის სახლი

_ დაწვრილებით უნდა გავიგო, რას აკეთებ, სად მიდიხარ, _ გავიგო ყველაფერი, რაც კი შენ შეგეხება. ისე მგონია, თითქოს მე მეკუთვნი მთლიანად, განუყოფელად და უცვლელად, _ მითხრა სტირფორდმა მეორე დილით, თავის ოთახში, საუზმის დროს.
გახარებულმა ამ უეცარი აღმოჩენით, რომ ჩემი ძველი მეგობარი ასე გულმხურვალედ მეკიდებოდა, ვუამბე ყველაფერი და ბოლოს ისიც ვუთხარი, როგორ მოიგონა პაპიდამ ჩემთვის ეს მგზავრობა.
_ აქედან ჩანს, _ დაასკვნა სტირფორდმა, _ რომ შენ საშური არა გჭირს-რა, ამიტომ შენ წამოხვალ ჩემთან ჰაიგეტში და მესტუმრები ორი-სამი დღით.
პირველი საქმე საუზმის შემდეგ ის იყო, რომ გავედი ჩემს ოთახში და წერილი მივწერე პაპიდას: ავუწერე მას სრულებით მოულოდნელი შეხვედრა ძველი ამხანაგისა და მეგობრისა, რომელთანაც ორი-სამი დღით სტუმრად მივდიოდი.
შემდეგ ჩავსხედით ეტლში და წავედით ლონდონის შესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად. ჩვენ ვნახეთ პანორამა, სამხეცე, ვიყავით მუხეუმში. გამაოცა, რომ ყველგან ყველა საგნის შესახებ, სტირფორდი იჩენდა საკვირველ ცოდნას, რომელსაც იგი სრულებით არ აფასებდა, როგორც ჩანდა.
უკვე ბინდი იყო, როდესაც ჩვენი ეტლი გაჩერდა ჰაიგეტში, ძველი ქვის შენობის კარებთან, რომელიც მაღალი ბორცვის თავზე იდგა. ჩვენ მოგვეგება ხაშიშესული, თუმცა არც ისე მოხუცებული ლედი, ამაყი შეხედულებით და მშვენიერი სახლით. მას `საყვარელი ჯემსი~ უწოდა სტირფორდს და გულში ჩაიკრა. ეს იყო მისი დედა, რომელსაც სტირფორდმა ჩემი თავი გააცნო, როგორც თავისი საუკეთესო მეგობარი. მისის სტირფორდი მომესალმა ალერსიანად, მაგრამ ღირსებით.
ეს იყო ძველებური, თავადების სახლი, განმარტოებული და მდიდრული. ჩემი ოთახის ფანჯრებიდან დავინახე ლონდონი, რომელიც ამ სიშორეზე ადგილ-ადგილ ცეცხლის წერტილებით დაჩითულ რაღაც სქელ ღრუბელსა ჰგავდა. როდესაც სადილისთვის ვიცვამდი, თვალი მოვავლე ავეჯს და ძველებურ სურათებს, რომლებზედაც გამოსახული იყვნენ წარჩინებული ქალბატონები, კორსეტებში გამოწყობილნი, დაპუდრული თმებით. ისინი ზოგან ნათლად, ზოგან მუქად ჩანდნენ ბუხრის მოციმციმე შუქზე.
შევედი სასადილოში. იქ, დიასახლისის გარდა, დამხვდა მეორე ლედი, შავგვრემანი, პატარა ტანისა, სრულებით არამიმზიდველი სახისა. კუპრივით ჩავი თმა ჰქონდა და სავი თვალები საოცარი ცეცხლით ენთო. იგი ძალიან წვრილი იყო, და შენიშნე ჭრილობის ნიშანი, რომელიც იწყებოდა ზედა ტუჩთან და ნიკაპამდე ჩადიოდა. ჭრილობა შეხორცებოდა, მაგრამ კვალი აჩნდა და დაემახინჯებინა ზედა ტუჩი. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ქალი უკვე გადაცილებულია ოცდაათ წელს და გათხოვება უნდა-მეთქი. იგი ჰგავდა სახლს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გასაქირავებლად არის, მაგრამ ყოვლად უშედეგოდ.
იგი გამაცნეს როგორც მის დარტლი, თუმცა სტირფორდი და მისი დედა მის როზას ეძახნენ. გავიგე, რომ მის დარტლი უკვე დიდი ხანია, რაც ამ სახლში ცხოვრობს, როგორც მისის სტირფოდის კომპანიონი. ყველაზე თვალსაჩინო მის დარტლის მოქმებაში ის იყო, რომ არასოდეს არ მოგმართავდათ პირდაპირ; ცდილობდა გადაკვრით გამოეთქვა თავისი აზრი და პასუხის მაგივრად ყოველთვის კითხვას იძლეოდა.
მისის სტირფორდმა მკითხვა, რად მივდიოდი სუფოკლში, ვუპასუხე, რომ მივდივარ ჩემი მოხუცი გადიასი და მისტერ პეგოტის ოჯახობის სანახავად.
_ როგორი ბედნიერი ვიქნებოდი, სტირფორდ, შენც რომ წამოსულიყავი ჩემთან ერთად! _ განვაგრძე მე და ჩემს მეგობარს მივმართე. _ შენ ნაწილობრივად უკვე იცნობ ამ ოჯახს. გახსოვს ის მენავე, პანსიონში რომ მოვიდა ჩემთან? მაშინ საჩუქრად ზღვის კიბოები მომიტანა.
_ მგონია, მახსოვს, _ მიპასუხა სტირფორდმა. _ ზორბა, მოხეშავი ვაჟკაცი, ტლანქი მიმოხვრით. იგი მაშინ თავის ვაჟთან ერთად იყო.
_ არა, ეს მისი ძმისწული იყო, რომელიც იშვილა. მისტერ პეგოტის დისწულიც ჰყავს, მშვენიერი ყმაწვილი ქალი, რომელსაც იგი ზრდის, როგორც საკუთარ ქალიშვილს. დარწმუნებული ვარ, ძალაიან გესიამოვნება ამ ოჯახის ნახვა.
_ მართლაც, ეს, ალბათ, სრულებით ორიგინალური ოჯახია, _ მითხრა სტირფორდმა. _ ურიგო არ იქნება გასეირნება და ამ ჯიშის ხალხის გაცნობა. წავიდეთ, დევი, შენთან ერთად, ყოველ შემთხვევაში, არ მივიწყენ.
გული ამითამაშდა სიამოვნებისაგან, როდესაც წარმოვიდგინე ეს ჩვენი მგზავრობა; მაგრამ მის დარტლმა, რომელიც დიდი ყურადღებით უსმენდა ჩვენს საუბარს, თითქოს მონახა საგანი თავისი გონებამახვილობისათვის სტირფორდის სიტყვებში, როდესაც მან მისტერ პეგოტის ოჯახი გაუფრთხილებლად მიაკუთვნა ადამიანთა განსაკუთრებულ ჯიშს.
_ მაშ, აი, რაში ყოფილა საქმე! _ შესძახა მის დარტლმა. _ ნუთუ მართლა?
_ რა მართლა? _ ჰკითხა სტირფორდმა.
_ ხალხის ეს ჯიში, სერ, როგორც თქვენ ბრძანეთ! მაშ ისინი მართლაც ეკუთვნიან ადამიანთა განსხვავებულ ჯიშს და არა აქვთ რა საერთო ჩვენთან? ეს მართლაც საინტერესო უნდა იყოს!
_ ტყუილად გიკვირთ, მის როზა, ისეთი ფრაზები, რომელშიაც არ არის არავითარი დაფარული აზრი, _ უთხრა სტირფორდმა წყნარად. _ ჩვენ მართლაც ძალიან ცოტა რამ გვაქვს საერთო ამ ხალხთან. დავიწყოთ თუნდაც იქიდან, რომ გრძნობიერება მათში გაცილებით უფრო ნაკლებად არის განვითარებული, ვიდრე ჩვენში. ისინი საოცარი სიმძიმით ითვისებენ რაიმე შთაბეჭდილებას და ძნელია მათი დელიკატობის შეურაცხყოფა.
_ ნუთუ მართლა? რას ბრძანებთ! რა ბრძნულად არის ყოველივე ეს მოწყობილი! _ უპასუხა მის დარტლმა. _ თქვენ მანუგეშეთ და დამამშვიდეთ, მისტერ სტირფორდ. სასიამოვნოა თქვენის პირით დარწმუნდეს ადამიანი, რომ ეს ხალხი უგრძნობელია თავის ტანჯვაში. ხშირად მოხდებოდა ხოლმე, რომ ძალიან მებრალებოდა ხალხის ეს ჯიში; მაგრამ ახლა, თქვენი წყალობით, სრულებით აღარ ვფიქრობ ამ ხალხზე. რაც არ ვიცოდი უწინ, ახლა იგი ჩემთვის მზესავით ნათელია. სწორი მოგახსენოთ, გაცილებით უფრო ხელსაყრელია კითხვა, ვიდრე პასუხის გაცემა… ასე არ არის?
მეგონა, რომ სტირფორდი ხუმრობით ლაპარაკობდა ყოველივე ამას, ერთადერთი მიზნით, რომ გაებრაზებინა მის დარტლი, და ველოდი, რომ მისი ოთახიდან გასვლის შემდეგ ამიხსნიდა თავის აზრს. მაგრამ ეს არ მოხდა. როდესაც ნასადილევს ორივე ლედი გავიდა თავ-თავის ოთახსში და ჩვენ მარტონი დავრჩით ბუხართან, სტირფორდმა მკითხა მხოლოდ, რა აზრის ხარ ჩემი დედის კომპანიონის შესახებო.
_ როგორი საკვირველი ჭრილობის ნიშანი აქვს ტუჩზე, _ ვუთხარი მე.
სტირფორდს სახე მოეღრუბლა და ერთი წუთით ჩაფიქრდა.
_ ეს ნიშანი, კოპერფილდ, _ მითხრა მან, _ ჩემი ხელის ნამოქმედარია.
_ რა საშინელი გაუფრთხილებლობლობაა!
_ არა, ეს გაუფრთხილებლობით არ მომხდარა. როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მის დარტლმა ერთხელ მოთმინებიდან გამომიყვანა და მას ჩაქუჩი ვესროლე.
ძალიან მეწყინა, რომ ამ საგანს შევეხე, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ნათქვამ სიტყვას უკან ვერ დაიბრუნებ.
_ იმ დროიდან, _ განაგრძო სტირფორდმა, _ იგი ატარებს ამ ნიშანს თავის სახეზე და, რასაკვირველია, ატარებს მას წარუშლელად, სამარემდე… თუკი ეღირსა სამარეში მოსვენება. იგი შვილია მამაჩემის ბიძაშვილისა და აღზრდილია უდედოდ. დედამისი გარდაიცვალა მისი დაბადების შემდეგ სულ მალე. როდესაც მისი მამაც გარდაიცვალა და მთლად ობლად დარჩა, დედამ, რომელიც სწორედ იმ დროს დაქვრივდა, აიყვანა იგი კომპანიონად. მშობლებმა დაუტოვეს მას მემკვიდრეობა, ორი ათასი გირვანქა. ეს ფული ბანკში შეიტანა და არასოდეს არ იღებს სარგებელს, ისე რომ მისი თანხა სწრაფად იზრდება. აი მთელი ბიოგრაფია მის როზა დარტლისა.
_ უეჭველია, შენ უყვარხარ, როგორც ძმა, _ ვუთხარი მე.
_ ჰმ! _ ჩაახველა სტირფორდმა და თვალები ბუხარს მიაპყრო. _ ყველა ძმის ხვედრი არ არის დების სიყვარული, და ზოგჯერ ისეთი დებიც არიან რომ… თუმცა, აი, ჩვენ წინ მშვენიერი ღვინოა, დავლიოთ შენი სადღეგრძელო და შემდეგ ვნახოთ, რა გამოვა აქედან.
ჭმუნვის ღრუბელი ერთ წამში მოშორდა მის სახეს. ეს სადღეგრძელო მხიარული კილოთი იყო წარმოთქმული, და ამ წუთიდან სტირფორდი ისევ ჩვეულებრივი იყო.
სრულებით არ მიკვირდა, რომ მისის სტირფორდს ასე უზომოდ უყვარდა თავისი ვაჟი. იგი მუდამ თავის შვილზე ლაპარაკობდა და, როგორ ჩანდა, მხოლოდ მასზე ფიქრობდა. მისის სტირფორდმა მაჩვენა მედალიონი თავისი ვაჟის სურათით, როდესაც იგი ბავშვი იყო, ამავე მედალიონში იყო მისი სიყრმის თმები; შემდეგ მაჩვენა მეორე სურათი, გადაღებული იმ დროს, როდესაც პირველად შევხვდი მას; ბოლოს გავიგე, რომ მისი სტირფორდი გულთან ატარებდა შვილის სურათს, მისი ახლანდელი სახით.
შვილისაგან მიღებული ყველა წერილს იგი ინახავდა მშვენიერ ყუთში, რომელიც მუდამ მის გვერდით იდგა. იგი სიხარულით წამიკითხავდა ამ წერილებს, შვილი რომ წინ არ აღდგომოდა მის სურვილს.
_ ჯემსმა მითხრა, მისტერ კოპერფილდ, რომ თქვენ მისი უახლოესი მეგობარი ხართ და რომ გუშინ, მასთან შეხვედრის დროს, თქვენ სიხარულის ცრემლებიც კი დაღვარეთ. არ მინდა ვითვალთმაქცო და პირდაპირ გეტყვით. რომ ამგვარი გრძნობები, რომელსაც ჩემი შვილი სხვებში იწვევს, სრულებით არ მაკვირვებს; მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არ შემიძლია გულგრილი დავრჩე იმ პირთადმი, რომელნიც ღირსეულად აფასებენ ჩემი შვილის გონებრივსა და ზნეობრივ მაღალ ღირსებებს. დიდად მოხარული ვარ, რომ ჩემს სახლში გხედავთ, მისტერ კოპერფილდ, და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემს შვილს გულწრფელად უყვარხართ. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იმედი გქონდეთ მისი მფარველობისა.
საღამოთი, ბუხართან, სტირფორდი დამპირდა, სერიოზულად მოეფიქრა ჩვენი საერთო მოგზაურობის შესახებ სუფოკლში.
_ საჩქარო არაფერია, დეზი, _ მითხრა მან, _ ერთი კვირა, ან დაახლოებით ამდენი ჩვენ შეგვიძლია ჰაიგეტში გავატაროთ.
სტუმართმოყვარე მისის სტირფორდმა დაადასტურა შვილის სიტყვები. სტირფორდმა დეზი მიწოდა და ამან ისევ გამოიყვანა სცენაზე მის დარტლი.
_ აჰ, მართლა, მისტერ კოპერფილდ? _ მითხრა მან. _ ნუთუ თქვენ ასე გიწოდებენ? და რად გიწოდებთ იგი ვარდ-გვირილას? ნუთუ მართლა იმიტომ, რომ ჯერ მეტად ყმაწვილად და უმანკოდ გთვლით? ამიხსენით, ღვთის გულისათვის, არ მესმის.
გავწითლდი და ვუპასუხე, რომ მგონია, მისი აზრი სწორი უნდა იყოს.
_ ა, მაშ ასე! _ განაგრძო მის დარტლმა. _ ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში მაინც არ შევცდი. სწორედ იმიტომ ვკითხულობ, რომ შეცდომაში არ შევიდე. იგი უმანკოდ და ყმაწვილად გთვლით, ამიტომ თქვენ მისი გულითადი მეგობარი ხართ! ო, ეს შესანიშნავია!
ამ სიტყვებით მის დარტლი წავიდა თავის საწოლ ოთახში. მისის სტირფორდიც მალე გავიდა. ჩვენ კიდევ დავრჩით ბუხართან დაახლოებით ერთი საათი; ვლაპარაკობდით ტრედელსზე და სალემის სასწავლებლის სხვა მოწაფეებზე. ამის შემდეგ ჩვენც ზევით წავედით.
ცეცხლი მხიარულად გიზგიზებდა ჩემს ოთახში. ჩავჯექი ღრმა სავარძელში ბუხრის წინ და ოცნებაში წავედი ჩემი ბედნიერების შესახებ. რამდენიმე ხანს უძრავად ვიჯექი და ვტკბებოდი სიწყნარით, როდესაც უეცრად, მის დარტლმა მომაშტერა თვალები ბუხრის თავიდან.
სურათი საოცარ მსგავსებას წარმოადგენდა, ოღონდ მხატვარს საჭიროდ არ დაენახა ჭრილობის ნიშნის დახატვა. მე დავუმატე იგი ჩემს წარმდგენაში და ახლა ვაქცერდებოდი ყველა მის ცვალებადობას. იგი ხან მხოლოდ ზევითა ტუჩზე იყო, როგორც მე პირველად შევნიშნე, სადილის დროს, _ ხან იწეოდა ჩემს თვალწინ მთელ სიგრძეზე და ამხელა ჭრილობის პირვანდელ ზომას, როგორც ეს შევამჩნიე, როდესაც მის დარტლი გაჯავრდა.
რად დამიკიდეს, კაცმა რომ თქვას, ეს სურათი ჩემს ოთახში? მის დარტლის სურათის თავიდან მოსაშორებლად საჩქაროდ გავიხადე, ჩავქარე სანთელი და ჩავწექი ლოიგინში; მაგრამ ბნელაშიც მის დარტლი მიცქერდა თავისი მწველი თვალებით და მესმოდა, როგორ კითხულობდა იგი: `ნუთუ? მართლა? სწორედ ასე კია?~ ღამე, მოუსვენარი ძილით შეწუხებული, ვეკითხებოდი ყველას: `ნუთუ? მართლა კია?~ თუმცა თვითონაც არ მესმოდა, რაზე იყო ლაპარაკი და რა სიმართლეს ვთხოულობდი სხვებისგან.

თავი მეოცე

პატარა ემი

ამ სახლში იყო მსახური, რომეიც პირველ შეხვედრაზე რესპექტაბელობის ნიმუშად მეჩვენა. იგი ემსახურებოდა ჯემს სტირფორდს და თან ახლდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. იგი დადიოდა უსათუოდ ფეხის თითებზე, იყო მორიდებული, ჩუმი, დინჯი, ყურადღებიანი, მუდამ იქვე იყო, როდესაც მას კითხულობდნენ, და არასოდეს არ გეჩხილებოდათ თვალში, როცა არ იყო საჭირო. ლაპარაკობდა ძალიან დაბალი ხმით, თითქოს ჩურჩულით, მაგრამ გარკვევით და მკაფიოდ, ყველაფერი თვით მასზე და მის გარშემო აუცილებლად წესიერს, რესპექტაბელურ სახეს იღებდა. ბუნებას რომ მისთვის ცხვირი ძირაღმა გადაებრუნებინა, ეს ცხვირიც კი მის სახეზე, წესიერ ფორმას მიიღებდა. ეს ლაქია წარმოსადეგი და სერიოზული იყო ყველა თავის მოძრაობაში. მისი გვარი იყო ლიტიმერი, და, რასაკვირველია, ვერავინ მომსახურეთაგანი ლიტიმერს სიტყვას ვერ შეუბრუნებდა.
ლიტიმერს მოჰყავდა ჩვენთვის შეკაზმული ცხენები და სტირფორდი, რომელმაც ყველაფერი იცოდა ქვეყანაზე, ცხენზე ჯდომას მაჩვევდა. ლიტიმერს მოჰქონდა ჩვენთვის საფარიკაო რაპირები და სტირფორდი ფარიკაობას მასწავლიდა. ლიტიმერი გვაწვდიდა ხელთათმანებს და სტირფორდი მასწავლიდა ბოქსს, მე სრულებით არ მრცხვენოდა სტირფორდისა, რომელიც ხედავდა ჩემს სრულ უმეცრებას ყველა ამ ხელოვნების დარგში, მაგრამ ვერასგზით ვერ გავბედე გამომემჟღავნებინა ჩემი უმეცრება ამ რესპექტაბელური მსახურის წინაშე, თუმცა არაფერი არ მაფიქრებინებდა, რომ თვით ლიტიმერი კარგი მცოდნე იყო ყველა ამ ხელოვნებისა; მას არავითარი საბუთი არ მოუცია ამგვარი ეჭვისათვის, და მაინც, როდესაც იგი ესწრებოდა ჩვენს ვარჯიშობას, სირცხვილისაგან ვიწვოდი და სრულ უვიცად ვგრძნობდი თავს.
განგებ გავაგრძელე ლაპარაკი ამ შესანიშნავ ადამიანზე, რადგან შემდეგში მას მნიშვნელოვანი როლი ჰხვდება წილად.
სტირფორდმა საბოლოოდ გადაწყვიტა გამგზავრება ჩენთან ერთად სუფოკლში. მალე ჩვენი გამგზავრების დღეც დადგა.
ჩვენ გამოვემშვიდობეთ ორივე ლედის, სულითა და გულით გადავუხადე მადლობა მისის სტირფორდს მისი სტუმართმოყვარეობისა და ჩემდამი ყურადღებისათვის.
ლონდონში დილიჟანსში გადავსხედით და იარმაუთისაკენ გავემგზავრეთ. არ შემიძლია გამოვთქვა ჩემი გრძნობები, რომელნიც განვიცადე ამ ძველი ნაცნობი ადგილების დანახვაზე. მახსოვს _ ჩემთვის ისეთი სათუთი იყო იარმაუთის კეთილი სახელი, რომ, როცა ეტლი ამ ქალაქის ბნელი ქუჩებით სასტუმროსკენ მიგვაქროლებდა და სტირფორდმა მითხრა _ ჩემის აზრით, ეს მივარდნილი კუთხე არც ისე ურიგო უნდა იყოსო, _ დიდად გამახარა მისმა სიტყვებმა. იმავე სასტუმროში გავათიეთ ღამე, სადაც ოდესღაც მოველოდი ლონდონის დილიჟანსს. დილით, უკვე კარგა მოგვიანებით, ვისაუზმეთ საზოგადო დარბაზში.
_ აბა, ახლა საით აპირებ? მე მგონია, შენი მოხუცი გადიას სანახავად წახვალ? _ მკითხა სტირფორდმა.
_ დიახ, უწინარეს ყოვლისა, მე პეგოტი უნდა ვნახო.
_ მომეცი მისი მისამართი, ორ საათში იქ გავჩნდები და გავითამაშებ მის წინ კომიკურ ან სენტიმენტალურ სცენას, როგორც გაგიხარდება.
ზამთრის მშვენიერი დღე იყო. მიწა გამაგრებულიყო ყინვებისაგან; ლაჟვარდი ზღვა უძრავად იდგა და მას ცის სივრცე დაჰყურებდა. ძალაგამოლეული მზე ირგვლივ აბნევდა სინათლის ტალღებს. ყველგან ხალისი იგრძნობოდა. მე ისეთ სიხალისესა და სიცოცხლეს ვგრძნობდი მთელს ტანში, რომ მზად ვიყავი შემეჩერებინა ქუჩაში ყველა გამვლელ-გამომვლელი და მეგობრულად ხელი ჩამომერთმია.
როდესაც დავაკაკუნე, პეგოტიმ გამიღო კარები და მკითხა _ რა გნებავთო. მე შევხედე ღიმილით, მაგრამ მან არ გამიღიმა საპასუხოდ. ჩვენი მიწერ-მოწერა არ შეწყვეტილა ბოლო დრომდე, მაგრამ უკვე შვიდმა წელმა განვლო, რაც ერთმანეთი არ გევნახა.
_ შინა ბრძანდება მისტერ ბარკისი, ქალბატონო? _ ვკითხე ბოხი ხმით.
_ შინ გახლავთ, სერ; ოღონდ ნეკრესის ქარებით იტანჯება და ლოგინში წევს, _ მიპასუხა პეგოტიმ.
_ განაგრძობს თუ არა მოგზაურობას ბლონდერსტონში?
_ დიახ, სერ, როდესაც ჯანმრთელად გახლავთ.
_ თქვენ, მისის ბარკის, ახლაც დადიხართ ბლონდერსტონში?
მან ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და გაუბედავად ხელები ასწია.
_ პეგოტი! _ შევძახე მე.
_ დევი, ჩემო საყვარელო!
გადავეხვიეთ ერთმანეთს და ორივემ ტირილი დავიწყეთ.
_ ბარკისს ისე გაუხარდება შენი ნახვა, ჩემო თვალის სინათლევ, რომ ეს ყველა წამალზე მეტად უშველის, _ მითხრა პეგოტიმ და წინსაფრით ცრემლები მოიწმინდა. _ ხომ არ ვუთხრა, რომ აქ ხარ? ან ხომ არ გინდა, შენ თვითონ ახვიდე ზევით და ინახულო?
მისტერ ბარკისმა დიდი სიხარულით მიმიღო. იგი საშინლად იტანჯებოდა ყველა სახსრის ტეხვით და არ შეეძლო ხელი გამოეწოდებინა ჩემთვის, მაგრამ მთხოვა, მეგობრობის ნიშნად, ჩამომეწია ჩაჩის ფოჩი, რომელიც თავზე ეხურა. დიდი სიამოვნებით ავასრულე ეს თხოვნა. როდესაც საწოლის ბოლოზე ჩამოვჯექი, მისტერ ბარკისმა მითხრა, რომ მისთვის დიდი სიხარულია იმის მოგონება, როგორ მატარებდა იგი ბლონდერსტონის გზაზე. იგი იწვა ზურგზე, პირაღმა, და თავიდან ფეხებამდე შეხვეული თბილ საბანში, მეტად უცნაურ სანახაობას წარმოადგენდა.
_ გახსოვთ თუ არა, მისტერ დავით, ვისი სახელი დავწერე მე ოდესღაც ჩემი ეტლის კოფოზე? _ მკითხა მისტერ ბარკისმა და თან ცდილობდა, მხიარული ღიმილი გამოეხატა ტანჯულ სახეზე.
_ როგორ არ მახსოვს, მისტერ ბარკის!
_ მე სიამოვნებით მოგახსენებთ, სერ, რომ კლარა პეგოტი ბარკისი ყველაზე გულკეთილი და ყველაზე უკეთესი დედაკაცია მთელს ქვეყანაზე. არ არის ისეთი ქება, რომლის ღირსიც არ იყოს, სამართლიანად, კლარა პეგოტი ბარკისი. შენ გაისარჯე, გენაცვალე, საუკეთესო სადილი მოამზადე; ძვირფასი სტუმარი ჩვენთან ერთად ისადილებს. ღვინოც მოამზადე, ჩემო კარგო.
მე გავაფრთხილე პეგოტი სტირფორდის მოსვლის შესახებ. ჩვენ ძალიან ცოტა ხანს მოგვიხდა მისი ლოდინი. წინათვე ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი ამხანაგი მიღებული იქნებოდა, როგორც ჩემი მფარველი, და ამიტომ, როგორც ჩემი გადიას საუკეთესო მეგობარი; მაგრამ ის, რაც ნამდვილად მოხდა, აღემატებოდა ყველა ჩემს მოლოდინს. სტირფორდის დაუშრეტელმა გონებამახვილობამ, უდარდელმა მხიარულებამ, თავისუფალმა მოქცევამ, მშვენიერმა გარეგნობამ და იშვიათმა ნიჭმა ყოველნაირი როლის შესრულებისა ისა ჰქნა, რომ ხუთი წუთის შემდეგ სავსებით დაიპყრო პეგოტის ყურადღება, და გულწრფელად მჯერა, რომ იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ ორივემ დავაპირეთ წამოსვლა მისი სახლიდან, იგი გაგიჟებული იყო ჩემი მეგობრისთვის.
პეგოტის უნდოდა, აუცილებლად მის სახლში გამეთია ღამე, იმ პატარა ოთახში, რომელსაც `პატარა დევის ოთახი~ ერქვა. გაუბედავად შევხედე სტირფორდს და არ ვიცოდი, მიმეღო თუ არა ჩემი გადიას წინადადება.
_ რასაკვირველია, რასაკვირველია, _ მითხრა მან, _ შენ აქ დაიდძინე, მე კი ჩემს ნომერში წავალ.
ბევრი ვიუარე, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი.
ქარი სევდიანად და საზარლად ზუზუნებდა, როდესაც ჩვენ, საუკუნო მეგობრობის რომანტიკული გრძნობით გამსჭვალულნი, მივუახლოვდით მისტერ პეგოტის ფანტასტიკურ ბინას.
_ საკმარისად უდაბური ადგილია, არა სტირფორდ, რას იტყვი? _ ვუთხარი მე.
_ დიახ, ვერასგზით ვერ იტყვი, რომ ძალიან მხიარული ადგილი იყოს, მეტადრე ღამე. გესმის, როგორ ღრიალებს ზღვა? მას თითქოს ჩვენი შთანთქმა უნდა. მგონია, აგერ რაღაც გემზე სანთლები ბჟუტავს.
_ სწორედ ეგ არის მისტერ პეგოტის სახლი.
_ მეც სწორედ ასე ვიფიქრე. დღეს დილას აქ ვსეირნობდი და ინსტიქტურად პირდაპირ მაგას მივადექი.
მეტი ხმა აღარ ამოგვღია დანარჩენი მანძილის გავლისას. ჩვენ მივეპარეთ სახლს და ვცდილობდით, არავოთარი ხმაურობა არ აგვეტეხა. მე ვუთხარი სტირფორდს, რომ მომყოლოდა, და შეჩვეული ხელით შევაღე კარი.
როდესაც ოთახში შევედით, ვიღაცამ ტაში დაუკრა. მისტერ პეგოტი იცინოდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, და ხელებგაშლილი იდგა, თითქოს გულში უნდა ჩაეკრა პატარა ემი. შემკრთალ ქამს, მრავალგვარი გრძნობებით აღსავსე, ეჭირა ემილიას ხელი, თითქოს აპირებდა მის მიყვანას მისტერ პეგოტისთან. პატარა ემი, დარცხვენილი და აღელვებული, მაინც, როგორც ჩანდა, იზიარებდა თავისი ბიძის აღტაცებას, და ჩვენ სწორედ იმ წუთს შევესწარით, როდესაც იგი გამოსხლტა ქამის ხელიდან და უნდოდა გულში ჩახუტებოდა მისტერ პეგოტის. ჩვენს შესვლაზე შეჩერდა, რადგან მან პირველმა შეამჩნია მოულოდნელი სტუმრები. ასეთი იყო სურათი, რომელმაც გაგვაოცა, როდესაც ჩვენ ღამის წყვდიადის შემდეგ, უეცრად გავჩნდით ფანტასტიკური სახლის თბილ და გაჩაღებულ ოთახში.
მაგრამ ჩვენი მისვლისთანავე ყველაფერი გამოიცვალა და აირია ერთ წუთში, თითქოს არასოდეს არც ყოფილიყოს ეს ცოცხალი სურათი. მე პირდაპირ მივედი მისტერ პეგოტისთან და ხელი ჩამოვართვი. პირველი გაოცების შემდეგ ქამმა დაიყვირა მთელი ძალღონით:
_ მასტერ დევი! ერიჰა! ეს ხომ მასტერ დევია!
ყველა ახმაურდა და დაფაცურდა. ჩვენ ხელს ვართმევდით ერთმანეთს, ვკითხულობით ერთმანეთის ამბავს, სიხარულს გამოვხატავდით ამ მოულოდნელი შეხვედრის გამო. ყველანი ერთად, გაუჩერებლივ ვლაპარაკობდით; უცხოს რომ შემოეხედა ამ დროს ამ სანახაობისათვის, შეეძლო ის დასკვნა გამოეტანა, რომ ჩვენ ყველანი გავგიჟდით.
მისტერ პეგოტიმ თვითონაც არ იცოდა, რას სჩადიოდა ან რას ლაპარაკობდა. იგი ყოველ წუთში მოდიოდა ხან ჩემთან, ხან სტირფორდთან, ხან ორივესთან ერთად; ხელს გვართმევდა, თავს გვიკრავდა, თვალებს ახამხამებდა, უჩეჩავდა აბურძგვნილ თმას, ხარხარებდა და ათასჯერ იმეორებდა, რომ ჩვენ ნამდვილი დღესასწაული გავუმართეთ მას.
_ ორი ჯენტლმენი, დიდი ჯენტლმენი… ორი ჯენლტლმენი, _ დაიწყო მისტერ პეგოტიმ, _ ორი ჯენტლმენი გვესტუმრა… არასოდეს ჩემს სიცოცხლეში არ მომხდარა… ჩემს ჭერქვეშ… ემი, _ განაგრძო მისტერ პეგოტიმ, _ მოდი ახლოს… შეხედე… ეს მასტერ დევის მეგობარია, სწორედ ის, რომლის შესახებ ამდენს ვლაპარაკობდით; ორი ჯენტლმენი! ეს, სერ, პატარა ემია… იგი ჩემი ქალიშვილი არ არის, _ მე არა მყოლია შვილები, მაგრამ გარწმუნებთ, არც ერთ მამას არ უყვარს თავისი შვილი ისე, როგორც მე მიყვარს პატარა ემი. თუმცა იგი აღარ არის პატარა, _ ახლა იგი გასათხოვარი ქალია, თქვენ თვითონაც ჰხედავთ! _ არის ერთი კაცი, რომელიც იცნობდა ჩვენს პატარა ემის ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი მამა დაიღუპა. იგი ხელზე ატარებდა მას, როცა ემი ბავშვი იყო, ეთამაშებოდა, როცა პატარა გოგონა იყო, და ახლა თვალს აღარ აშორებს, როცა იგი გასათხოვარი ქალია. ეს ყმაწვილი, ისევე როგორც მე, ტლანქია ზღვის ზღარბივით, მაგრამ გული საგულეს აქვს და, რაც უმთავრესია, უპატიოსნესი ადამიანი.
ქამმა გაიღიმა და ალერსიანი თვალებით შემომხედა, იმის აღსანიშნავად, რომ ლაპარაკი მის შესახებ იყო.
_ მაშ თქვენ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ემილია გასათხოვარი ქალია; თქვენ თვითონაც ჰხედავთ ამას. აქედან გამომდინარე, რომ მე მინდა დავაბინავო ემილია, მინდა დავუკავშირო მისი ბედი ისეთ ადამიანს, რომელიც დაიცავს, როგორც თავის კანონიერ მეუღლეს.
_ ერთ საღამოს, ჯენტლმენებო, ემილია, თავისი დღიური მუშაობის დამთავრების შემდეგ, გამოდის მაღაზიიდან და ეს ყმაწვილიც, უნდა მოგახსენოთ, თან მოსდევს. ამაში ჯერ არა არის რა განსაკუთრებული; მაგრამ, მოითმინეთ, შემდეგ, რა გამოვა, მან მოიყვანა ემი ხელიხელგაყრილი და დამიყვირა: _ `შეხედე ბიძია დან! აი ჩემი მომავალი პატარა ცოლი!~ იგი შეკრთა, საყვარელი გვრიტი, შერცხვა, თან იცინის, ტან ტირის და მეუბნება: _ `დიახ, ბიძია, თანახმა ვარ, ცოლად გავყვე მას, თუ თქვენც გნებავთ!~ _ მეც მნებავს! _ დაიყვირა მისტერ პეგოტიმ და აღტაცებით აიჩეჩა აბურძგვნილი თმა, _ მეც მნებავს! მაშ რა იყო ჩემი ერთადერთი სურვილი მთელი სიცოცხლის განმავლობაში? მობრძანდით, ძვირფასო სტუმრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გაიცანით ჩემი დისწულის საქმრო.
მე აღელვებული ვიყავი სულით და გულით.
_ მისტერ პეგოტი, _ უთხრა სტირფორდმა, _ თქვენ უღირსეულესი ადამიანი ხართ და ღირსი ხართ ყოველნაირი ბედნიერებისა; აი, ჩემი ხელი, ქამ, მომილოცავს, ჩემო მეგობარო, მოიტა ხელი. დევი, მოურიე ბუხარში ცეცხლს და დაე ახალმა ალმა გაანათოს ჩვენი საერთო სიხარული. რა იქნა თქვენი მშვენიერი დისწული, მისტერ პეგოტი? დაბრუნდეს და დაიჭიროს ეს ცარიელი ადგილი კუთხეში, თორემ არც ერთი წუთი აღარ გავჩერდები ამ სახლში. ყველა ბედნიერი უნდა იყოს ამ საღამოს, და მე არავინ, მით უმეტესად ყმაწვილი ქალი, არ მინდა შევაწუხო ჩემი აქ ყოფნით.
მისტერ პეგოტი წავიდა ჩემს უწინდელ პატარა საწოლ ოთახში ემილიას მოსაყვანად და, როდესაც ყმაწვილი ქალი გაჯიუტდა, მაშინ ქამიც წავიდა. ისინი მალე დაბრუნდნენ, მოიყვანეს ემიც და ბუხართან დასვეს. ემილია ჯერ დარცხვენილი და მორიდებული იყო, მაგრამ თანდათან გადიყარა მორცხვობა და გასწორდა. სტირფორდი მოწიწებით და ზრდილობით ექცეოდა. მან გააბა ბაასი მისტერ პეგოტისთან ნავებზე, გემებზე, ზღვის მიქცევასა და მოქცევაზე, თევზის ჭერაზე; შემდეგ მომმართა და მოიგონა ის დრო, როდესაც პირველად ნახა მისტერ პეგოტი სალემის სასწავლებელში. ჩვენ თანდათან შევყევით მას მისი დაუშრეტელი მჭერმეტყველების ჯადოსნურ რკალში, და შემდეგ ყველა დაურიდებლად ლაპარაკობდა, რაც სურდა.
ემილია ყველაზე ნაკლებად ლაპარაკობდა ამ საღამოს განმავლობაში. იგი აკვირდებოდა ახალ სტუმარს და ყურს უგდებდა დიდი გულისყურით. სახე ვარდისფრად ანთებოდა და მშვენიერი იყო.
ჩვენმა სტუმრობამ, რამდენადაც მახსოვს, თითქმის შუაღამემდე გასტანა. ვივახშმეთ ორცხობილით და გამხმარი თევზით, ამას გარდა, წინდახედულმა სტირფორდმა თან მოიტანა ერთი ბოთლი ღვინო, რომელიც ჩვენ, ვაჟკაცებმა, დავლიეთ. (ახლა კი, მგონია, უკვე უფლება მაქვს, ჩემს თავს ვაჟკაცი ვუწოდო). ჩვენ ძალიან მხიარულად გავშორდით ერთმანეთს. მთელი ოჯახი მოგროვდა კარებთან, რომ მოენათებინათ ჩვენთვის, როდესაც გზაზე გავდიოდით. ემილია ცისფერი თვალებით მოგვჩერებოდა, თავისი წკრიალა ხმით გვიმეორებდა, რომ ძალიან ფრთხილად ვყოფილიყავით გზაში.
_ მშვენიერი ქალია! _ თქვა სტირფორდმა და ხელი ხელში გამიყარა. _ მართალი ხარ, დევი, შენი მეგობრები მართლაც ძალიან ორიგინალური ხალხია, და ამ ფანტასტიკურ საზოგადოებაში რაღაც უცნაური გრძნობები გებადება.
_ რა კარგია, რომ შევესწარით მათ ოჯახურ ბედნიერებას! _ ვუპასუხე მე. _ ჯერ არ შევხვედრილვარ ასეთ ბედნიერ ხალხს. რა სასიამოვნოა მონაწილეობის მიღება მათ საერთო სიხარულში!
_ თუმცა, მე მგონია, ეს სულელი ღრეჭია სრულებით შესაფერისი არ არის ისეთი ლამაზი გოგონასათვის, არა? _ მკითხა სტირფორდმა.
ამ ცივმა და ყოვლად მოულოდნელმა კითხვამ სრულებით თავბრუ დამასხა, როდესაც მოვიგონე, რა ყურადღებით და ალერსით ეპყრობოდა სტირფორდი ყმაწვილი ქალის საქმროს. სწრაფად მივუბრუნდი მას, მაგრამ შევნიშნე ეშმაკური ღიმილი თვალებში და ვუპასუხე ყოველგვარი წყენის გარეშე:
_ აჰ, სტირფორდ, როგორ შეიძლება ასეთი ხუმრობა საბრალო ხალხზე! შენ შეგიძლია ავარჯიშო შენი გონებამახვილობა მის დარტლზე ან ჩემზე. თუ გსურს, შეგიძლია, რამდენიც გნებავს, დაცინვის ნიღაბით დამალო შენი ნამდვილი გრძნობები, მაგრამ მე ხომ ვერ მომატყუებ… ვიცი შენი კეთილი გულის ამბავი. გაცილებით უფრო უკეთესად გიცნობ, ვიდრე შენ ფიქრობ. ვიცი, რომ შენ არ შეგიძლია დარჩე გულცივი ამ ბუნების შვილთა ბედისადმი, _ ნაღვლობენ ისინი, ტირიან თუ მხიარულობენ… ამისათვის, სტირფორდ, ათასჯერ მეტად მიყვარხარ და პატივს გცემ.
იგი გაჩერდა, შემომხედა სახეში და მითხრა:
_ დევი! მე მგონია, ამას შენ სერიოზულად ლაპარაკობ, ჩემო მეგობარო, და ვხედავ, რომ მართლაც კეთილი გული გქონია. ნეტავი ყველა ჩვენგანი შენ გგავდეს!
და ერთი წუთის შემდეგ მხიარულად დაიწყო მეთევზეების სიმღერა.

თავი ოცდამეერთე

ახალი თვალით დანახული ძველი მეგობრები

ორ კვირაზე მეტი გავატარეთ მე და სტირფორდმა იარმაუთში. მას უყვარდა უშუალო მონაწილეობის მიღება მეზღვაურების ცხოვრებაში. მე კი არ გამომიჩენია ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული მისწრაფება. ამიტომ იმ დროს, როცა სტირფორდი ნავით დადიოდა მისტერ პეგოტისთან ერთად, მე ჩვეულებრივად ნაპირზე ვრჩებოდი, ჩემს მეგობართა შორის. ამას გარდა, სტუმართმოყვარეობა ჩემი კეთილი გადიასი, რომელმაც მაიძულა მეცხოვრა მასთან, ერთგვარად ჰბორკავდა ჩემს მოქმედებას, მაშინ, როდესაც სტირფორდი სრულებით თავისუფალი იყო. ვხედავდი, როგორი გულმოდგინებით უვლიდა პეგოტი თავის ავადმყოფ ქმარს და ამის გამო არ შემეძლო დიდხანს დავრჩენილიყავი სტუმრად საღამოობით, იმის შიშით, რომ არ დამეფრთხო ჩემი დიასახლისის ძილი; ჩემი უდარდელი მეგობარი კი, რომელიც სასტუმროში ცხოვრობდა, მოქმედებდა თავისი სურვილისა და შეხედულების თანახმად. ამგვარად, ერთხელ ჩემს ყურამდის მოაღწია, რომ ჩემმა მეგობარმა გაუმართა ქეიფი მისტერ პეგოტისა და მის მეგობრებს სასტუმრო `მხიარულ თავში~; რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ გავიგე, რომ სტირფორდმა მეზღვაურის ტანისამოსი ჩაიცვა, მთელი ღამე გაათია ნავში ზღვაზე, მთვარიან ღამეში და მხოლოდ გათეებისას, დილის მოქცევის დროს დაბრუნდა შინ.
ჩვენ ვშორდებოდით ერთმანეთს კიდევ იმიტომ, რომ ხშირად ბლონდერსტონში დავდიოდი. ამგვარად სამჯერ თუ ოთხჯერ, რამდენადაც მახსოვს, გავშორდით ერთმანეთს საუზმის შემდეგვე და შევხვდით მხოლოდ საღამოს, გვიანი სადილის დროს. როგორ ატარებდა სტირფორდი დროს ამ ხნის განმავლობაში, არ ვიცოდი და არც მინდოდა გამეგო; მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემმა მეგობარმა სახელი გაითქვა იარმაუთის მეზღვაურებს შორის და ახერხებდა ათასნაირ გასართობის პოვნას იქ, სადაც სხვა ერთსაც ვერ მოახერხებდა.
სიამოვნება და სევდა ერთმანეთს ებრძოდა ჩემს გულში, როდესაც ჩემი სამშობლოს ნაცნობ ადგილებში დავსეირნობდი. ზამთრის მზის ჩასვლისას უკვე იარმაუთში უნდა დავბრუნებულიყავი; ამ დროისათვის სტირფორდი უკვე მელოდა თავის ადგილას, გაშლილ სუფრაზე, აგიზგიზებულ ბუხართან. სადილის დროს არაჩვეულებრივ სიხარულს ვგრძნობდი, რომ მშობლიური ადგილები ვინახულე. ეს გრძნობა თან მდევდა ჩემს პატარა, სუფთა საწოლშიც, პეგოტის სახლში, სადაც პატარა მაგიდაზე იდო წიგნი ნიანგების შესახებ. მეასედ ვფურცლავდი ამ შესანიშნავ წიგნს და უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი თავს. გულაჩვილებული, ბედს ვუმადლოდი, რომ მომივლინა ძვირფასი მეგობრები სტირფორდი და პეგოტი, რომლებიც ზრუნავდნენ ჩემს მყუდროებაზე და სავსებით მიწევდნენ პაპიდას, მის ბეტსის მაგიერობას.
ორ კვირაზე მეტმა გაიარა. უკანასკნელად ვიყავი ბლონდერსტონში და საბოლოოდ გამოვეთხოვე ჩემი გულის ძვირფას ადგილს. მოღრუბლული, ბურუსიანი საღამო იყო. მისტერ პეგოტის სახლში, სადაც მე და სტირფორდი ერთმანეთს უნდა შევხვედროდით, ჩვეულებრივზე უფრო გვიან მივედი. სტირფორდი მარტოდმარტო იყო მთელ სახლში და ჩაფიქრებული იჯდა ბუხართან. იგი ისე ღრმად იყო წასული ფიქრებში, რომ ვერ შენიშნა ჩემი მისვლა, თუმცა გასაგები იყო, რადგან ქვიშაზე სრულებით არ ისმოდა ფეხის ხმა, მაგრამ სტირფორდმა მაშინაც კი ვერ შემამჩნია, როცა შევაღე კარი, ოთახში შევედი და მის გევრდით დავდექი. იგი იჯდა ბუხართან შეკრული წარბებით, ღრმად ჩაფიქრებული.
როდესაც მხარზე ხელი დავადე, იგი შეკრთა.
_ როგორ შენაშინე! ისე გამომეცხადე, როგორც საიქიოდან მოსული სული, _ მითხრა მან თითქმის გაჯავრებით.
_ რა ვქნა, ჩემო კარგო! _ ვუპასუხე მე. _ ხომ უნდა გამომეფხიზლებინე რითიმე.
_ მე შევყურებდი ფანტასტიკურ სახეებს, რომელნიც ისახებიან აქ, ცეცხლში, _ მითხრა სტირფორდმა.
_ მერე რაღად შლი მაგ სახეებს? _ შევნიშნე მე, როდესაც მან აიღო მაშა და აურია ნაკვერჩხლები, _ განა არ გინდა, რომ მეც ვნახო ისინი შენთან ერთად?
_ შენ ვერ დაინახავდი მათ. როგორ მეჯავრება ეს ბინდი, _ აღარც დღეა, არც ღამე! რად დაიგვიანე დღეს, დევი! სად იყავი?
_ ჩემს სამშობლოს ვეთხოვებოდი, როგორც იცი…
_ მე კი ვიჯექი აქ, _ მითხრა სტრფორდმა და ოთახს მოავლო თვალი, _ ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ მოვა დრო, ადრე თუ გვიან, როდესაც ეს ხალხი, ასეთი მხიარული და უდარდელი ჩვენი პირველი მოსვლისას, გაიფანტება იქით-აქეთ. ზოგი მოკვდება, ზოგი ქვეყნის მეორე ბოლოში წავა, ზოგიც… რა ვიცი, ცოტა სისულელე მოგივა ადამიანს თავში, როდესაც არავინ არის შენს გარშემო? როგორ მწყინს, დევი, რომ ჩემი სიცოცხლის ამ პირველი ოცი წლის განმავლობაში არ მყავდა მკაცრი და დარბაისელი მამა!
რაღაც ღრმა სევდის ამოძახილმა მის ხმაში გამაოცა და დამაფიქრა. ამ წუთში სტირფორდი სრულებით არ ჰგავდა თავის თავს. იგი ადგა, დაეყრდნო ბუხრის თავს და განაგრძო უცნაურის აღელვებით:
_ სჯობდა, ღარიბი მეთევზე ვყოფილიყავი, ვინმე დანიელ პეგოტი, ამ მისი სულელი ძმისწული, ვიდრე ის, რაც მე ვარ… მდიდარი და ჭკვიანი, როგორც ამბობენ; მაგრამ რა გამოვიდა ამ სიმდიდრისა და ჭკუისაგან, როდესაც ხშირად იძულებული ვარ წარმოუდგენელი ზნეობრივი ტანჯვა განვიცადო?.. სად არის ისეთი საუნჯე, რომელსაც შეუძლია ამინაზღაუროს ის ჯოჯოხეთური ფიქრები, რომელნიც, მაგალითად, მტანჯავდნენ ამ ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ მარტოკა ვიჯექი ამ საცხოვრებელ ნავში?
მე გავშრი. მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ მთელი სახის ნაკვთები საშინლად გამოეცვალა. იგი იდგა ჩაფიქრებული და თვალები ბუხარში მოციგლიგე ალისთვის მიეყრო. ბოლოს დავუწყე ხვეწნა მეგორობის მთელი გატაცებით, რომ აეხსნა ჩემთვის თავისი იდუმალი ფიქრები.
_ რასაკვირველია, არ შემიძლია გირჩიო რაიმე, სტიფორდ, _ ვუთხარი მე, _ მაგრამ ჩემში შენ შეიძლება იპოვო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მზად არის გაინაწილოს შენი მწუხარება.
მაგრამ, ვიდრე ლაპარაკს გავათავებდი, სტირფოემა გაიცინა და მალე მისმა სახემ თავისი ჩვეულებრივი, მხიარული და უდარდელი გამომეტყველება მიიღო.
_ სისულელეა, ჩემო კარგო დეზი! _ მიპასუხა მან. _ მგონი, მე მითქვამს შენთვის ლონდონში, რომ დროგამოშვებით მეზარება ჩემი თავი. უეცრად მომეჩვენება, რომ ყოვლად უმსგავსი ბიჭი ვარ, რომელიც მხეცებმა შეჭამეს ცელქობისთვის. ყველა ეს საშინელება, უსაქმო დ