Archive

არტურ კონან დოილი


ბასკერვილების ძაღლი

თავი I
მისტერ შერლოკ ჰოლმსი
მისტერ შერლოკ ჰოლმსი, რომელიც ჩვეულებრივ გვიან დგებოდა, თუ არ ჩავთვლით იმ არცთუ იშვიათ შემთხვევებს, როცა საერთოდ არ უხდებოდა ხოლმე დაწოლა, მაგიდას მისჯდომოდა და საუზმობდა. პატარა ნოხზე ვიდექი ბუხართან და ხელში იმ ჯოხს ვატრიალებდი, ჩვენს გუშინდელ სტუმარს რომ დარჩა. ეს იყო ბუნიკიანი კარგა მოზრდილი ჯოხი, – ერთი იმგვარ საგანთაგანი, რომელსაც `საფუძვლიან საბუთს~ უწოდებენ ხოლმე. ბუნიკის ქვემოთ მიჭედებულ გოჯის სიგანის ვერცხლის ფირფიტაზე ასეთი წარწერა იყო: `ჯეიმს მორტიმერს, ჩ. კ. ჰ. ო., მისი მეგობრებისგან ჩკლს-დან~, მერე კი თარიღი: `1884~. უწინდელ დროში ასეთ მაგარ, მძიმე, საიმედო ჯოხებს პატივცემული შინაური ექიმები ატარებდნენ.
– აბა, უოტსონ, რას იტყვით მაგ ჯოხზე? ჰოლმსი ზურგშექცევით იჯდა და მეგონა, რომ ჩემი მანიპულაციები მისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა.
Read More